გავერთიანდეთ არა   ერთის ან ერთმანეთის  წინააღმდეგ,  არამედ სამშობლოსათვის!

პარტია „თეთრების“ მიმართვა პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებისადმი (საგაზეთო ვარიანტი)

 

ბატონებო,

მაქვს პატივი, მეცნიერთა დიდი ჯგუფის მოსაზრებებზე დაყრდნობით, წარმოგიდგინოთ პარტია „თეთრების“ ხედვა მართვის სისტემასა და არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მეცნიერთა  ის ჯგუფია, რომელმაც ორწლიანი მუშაობის შედეგად, შექმნა და ერთი წლის წინ  წიგნებად გამოსცა  ქვეყნის განვითარების კონცეფცია: „: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი ,ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ  გადავრჩეთ, რომლებიც დაეგზავნა ყველა პოლიტიკურ პარტიას

დასაწყისშივე მინდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტები გაგრძელებაა დიდი მამულიშვილების, მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის ინიციატივითა  და ცნობილ მეცნიერთა მონაწილეობით  შექმნილი დოკუმენტისა „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ რომელსაც თავიდან ხელი მოაწერეს ცნობილმა მოღვაწეებმა: ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, რომან რურუამ, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, ომარ მხეიძემ, თემურ გუგუშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა. შემდგომ კი გელათში, სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, რუსთაველის თეატრში, „მეფე დავითის“ კომპლექსში, თბილისსა და  რეგიონულ ცენტრებში გამართულ მეცნიერთა კონგრესებზე  და ინტერნეტის საშუალებით მას შეუერთდა 20 ათასზე მეტი ადამიანი.

სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობითა და ხალხის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა „ხალხის წერილი ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად“, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი შეუერთდა და რომელიც ჩაბარდა ხელისუფლების ყველა შტოს პირველ პირს.

მეცნიერებს მიაჩნიათ:

– ქვეყნის ყველაზე დიდი პარადოქსია, რომ  დიდი ინტელექტის, მდიდარი შესაძლებლობების ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად. რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. რომ უკიდურესად პოლარიზებულია საინფორმაციო სივრცე, უგულებელყოფილია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა პოლიტიკური უფლება – აირჩიოს და იქნას არჩეული…

– ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია და საარჩევნო ყუთთან მისული უმუშევარი, უფულო, დეპრესიული, პრაქტიკულად სოციალურად დაუცველი ადამიანი, არათუ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, არამედ, უკვე მერამდენედ გახდება სოციალური დემაგოგიის, მოსყიდვისა და საარჩევნო ფულის მსხვერპლი.

–  დღეს არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც, კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, შეეძლება სისტემური ცვლილებების განხორციელება, რადგან სამკვდრო-სასიცოცხლო პოლიტიკურ დაპირისპირებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა შიდა და გარე ვალდებულებებითაა დატვირთული.  ასეთ პირობებში და არსებული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებით, ძალიან დიდი ალბათობით, მივალთ ქუჩის აქციებამდე, ან დიქტატურისკენ მიმავალ საშიშ მშვიდობამდე, რაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, უმოკლეს დროშია მოსალოდნელი.

– მართვის დღევანდელი სისტემა არაჯანსაღია, ეყრდნობა არა სისტემურობას, არამედ პიროვნებას. ის გამორიცხავს ხალხის  გავლენას და ქმედით კონტროლს ხელისუფლების საქმიანობაზე. ამის შედეგია, რომ პიროვნებათა ხელისუფლების ნაცვლად, უკვე ოცდაათი წელია ვიღებთ ერთი პიროვნების პოლიტიკური გემოვნებით შექმნილ ხელისუფლებებს (პარლამენტის ჩათვლით).

– 30 წელია, ქვეყანაში არასამართლიანი საარჩევნო სისტემა და გარემოა… ვერა და ვერ მოხერხდა საარჩევნო სიების დაზუსტება, რის გამოც ვიღებთ პარადოქსულ სიტუაციას: ქვეყანაში ამომრჩეველთა რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობაზე მეტია დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩატარებული ყოველი არჩევნებით იმარჯვებენ პოლიტიკური პარტიები, თუ პოლიტიკური გუნდები და მარცხდება ხალხი!

– ვინ იზიარებს, ვინ ეთანხმება და ვინ არა, ამ მძიმე შეფასებას, სავალალო ფაქტია, 30 წლის განმავლობაში, პარტიებმა სრული დისკრედიტაცია განიცადეს ხალხის თვალში. დღეს, რეალურად, პარტიებში სამართლიანობისა და ზნეობის დეფიციტია რაც ზნეობრივ ადამიანებში, პარტიების მიუღებლობას იწვევს. სამწუხაროდ, დღეს პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საქვეყნო კაცია, ვიდრე პარტიებში. ეს ვითარება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, აპრიორი გვაძლევს ქვეყნისთვის მიუღებელ პარლამენტს.

   მეცნიერებს აქვთ გამოკვეთილი პოზიცია:

დღეს არსებითია ბრძოლა არა ძალაუფლებისათვის, არამედ მართვის სისტემის შესაცვლელად. ეს კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა იმ ვითარებამ, რომელშიც აღმოვჩნდით გლობალური პანდემიის გამო და გვიწევს ცხოვრება ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში. სისტემურ ცვლილებებზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველამ, მეცნიერებმაც, ინტელექტუალურმა ელიტამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ეს პროცესი უნდა წარიმართოს ხალხთან კავშირში. აქ პრინციპულია ერთი, ეს უნდა მოხდეს პოლიტიკურ პარტიათა ხელისუფლებაში მისვლამდე. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის სათავეში ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლების მისვლას, ისე, როგორც ეს გააკეთეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დემოკრატიულმა ქვეყნებმა.

მეცნიერთა პოზიცია ურყევია: საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ აკეთებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს და პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება.

 მეცნიერები მთავარ ამოცანად თვლიან ინტელექტუალური პოტენციალის მოქმედებაში მოყვანას, ქვეყნის შესაძლებლობათა მაქსიმუმზე ორიენტირებული მართვის სისტემის შექმნას და არნახულად დარღვეულ თაობათა ერთიანობის აღდგენას, დაპირისპირების პოლიტიკიდან თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე გადასვლას და თანამშრომლობას კაცობრიობის მიერ შემუშავებულ პროგრესულ პრინციპზე დაყრდნობით: „მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.

    ამ მიზნით, მეცნიერები გვთავაზობენ:

     პირველი –ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის იდეას, რაც ნიშნავს ამ ეტაპზე, დროებით, ორი, ან მაქსიმუმ, ოთხი წლით, უარის თქმას პარტიულ პარლამენტზე და პროფესიონალთა, პიროვნებათა პარლამენტის შექმნას. პარტიები თანხმდებიან ერთიანი საპარლამენტო სიის შედგენაზე, რომელშიც უნდა შევიდნენ მაღალი რეპუტაციის პროფესიონალები გაცილებით მეტი რაოდენობით, ვიდრე ასარჩევია, რათა ხალხს ჰქონდეს საშუალება, გააკეთოს არჩევანი. ეს სია უნდა გამოხატავდეს როგორც საქართველოს ყველა რეგიონის (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით),  უცხოეთში მცხოვრები ჩვნი თანამემამულეების, საქართველოში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების, სოციალური ფენის და ასაკობრივი ჯგუფების ინტერესებს. ასეთივე წესით, უნდა წარიმართოს მაჟორიტართა არჩევაც. მეცნიერებს დასაშვებად მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებმა დააყენონ თავიანთი კანდიდატურები მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

    მეორე – სამეცნიერო მიმართულების ყველა ინსტიტუტისა და დანაყოფის ჩართვით, უნივერსიტეტების როლის გამოკვეთით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და დარგობრივი  მეცნიერებათა აკადემიების პატრონაჟით, ჩამოყალიბდეს ქვეყნის განვითარების დეტალური პროგრამა. ეს უნდა იყოს ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე, შესაძლებლის მაქსიმუმზე მუშაობის პროგრამა. ხალხი ირჩევს პროფესიონალებს და ამტკიცებს მეცნიერთა მიერ შემუშავებულ  პროგრამას. ორი წლის თავზე ტარდება ნდობის რეფერენდუმი და თუ მოსახლეობა დარწმუნდება, რომ მის მიერ დამტკიცებული პროგრამა სრულდება, გაუგრძელებს ვადას პარლამენტს, თუ არადა, ცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნები.

 

   მესამე – ამ პერიოდში განსაკუთრებული უნდა იყოს პარტიების როლი, რომლებიც არ იქნებიან პარლამენტში, მაგრამ ერთიანდებიან „პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში“ (სახელწოდება პირობითია), სადაც მიმდინარეობს შეთანხმება ხალხის ინტერესების გამომხატველ კონსტიტუციასთან, „ქართულ დოქტრინასთან“ და ყველა იმ პროგრამულ კანონპროექტთან (განათლების პრიორიტეტულობა, საფინანსო და ეკონომიკური სისტემების დეცენტრალიზაცია, საბანკო სისტემის რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა) დაკავშირებით, რომელთა მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნა და ადამიანის დაცულობის უზრუნველყოფა.  „პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეის“ ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს ის, რომ ელექტორატმა რეალურად დაინახოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა პოზიცია აქვს და რას წარმოადგენს საერთოდ. ეს რეალურად, მართვის ახალ სისტემაზე გადასვლაა, რის გარეშეც ქვეყნის წინსვლა, პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

     მეოთხე – იქმნება „სახელმწიფო კაცების“ (ილია ჭავჭავაძე)  საკრებულო. მისი შექმნის  იდეა ეკუთვნის  საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს  ილია მეორეს,  რომელმაც ეს იდეა 2010 წელს შემოგვთავაზა ჩვენი  სამშობლოს ისტორიისა და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. საქართველოს პატრიარქსა და მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ჰყავს სუფთა წარსულის, ეროვნული აზროვნების  და ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგული უფროსი თაობის არაერთი წარმომადგენელი, რომელთა ერთობას სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ქვეყნის ცხოვრებაზე საერთოდ.  ასეთი ინსტიტუტის  შექმნა კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, ვისთვისაც განსაკუთრებულად ღირებულია უხუცესთა გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. პოზიცია საერთოა: ქვეყნის ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სწორედ ამ ინსტიტუტის მოსაზრებათა გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მეცნიერთა პოზიციას, დარწმუნებული ვართ, თქვენც იგივე აზრი გაქვთ, რომ ამ გეოგრაფიული, ბუნებრივი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსებისა და პოტენციალის ქვეყანაში დანაშაულია, ასე ვცხოვრობდეთ. ჩვენს წინაშე დღეს ორი შესაძლებლობაა: ვიბრძოლოთ საკუთარი გამარჯვებისთვის, რაც კრიზისს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ან ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მეორეს ავირჩევთ და ეს იქნება სწორედ ახალი პოლიტიკური განზომილება.

პარტია „თეთრები“ და მე, როგორც მისი თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა,რომ ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის, მძიმეა მეცნიერთა ეს შეფასებები, არათუ მხარს ვუჭერ მათ მოსაზრებებს, რომელთა გარკვეული ნაწილი აქ წარმოვადგინე, ამაში ვხედავ ქვეყნის გადარჩენის ბუნებრივ გზას და დიდი სურვილი მაქვს, რომ  არ შევხვდეთ უარყოფით მეცნიერთა ამ ნააზრევს. დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს არა მარტო კრიზისიდან, არამედ დღეს არსებული ხელოვნურიდან გადაიყვანს განვითარების ბუნებრივ გზაზე.

ამ მოსაზრებებს ვაყალიბებ  მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამებზე დაყრდნობით  და  იმ ადამიანთა უმრავლესობის სახელით, ვინც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოში იმ განწყობისა და იმედის დასაბრუნებლად, რომელიც სუფევდა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს და როცა დეპუტატები ხელს ვაწერდით დამოუკიდებლობის აქტს.

ყოველი ერის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ხალხმა და ქვეყანამ უნდა მიიღოს ეპოქალური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ დღეს სწორედ ეს მომენტი დგას ჩვენ წინაშე და ჩვენ, პარტიებს, შეგვიძლია, მეცნიერებთან და წინა პარლამენტების წევრებთან ერთად, ვიყოთ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორები. პირდაპირ მინდა გითხრათ, დამოუკიდებლობის აღდგნის შემდგომ, მიზანმიმართულად ბინძურდება ქართული პოლიტიკა, ის ძირითადად, ქუჩაში გადავიდა და ბიზნესად იქცა, ებრძვიან ავტორიტეტებს, გაფეტიშდა ფული, სახელისუფლებო პოზიციებს იკავებენ ძირითადად ისინი, ვინც გამდიდრდა ხალხის გაღარიბების ხარჯზე. ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, შეცვალოთ ეს სიტუაცია, გავაჯანსაღოთ პოლიტიკური პროცესი.

დღეს კიდევ არის შესაძლებელი, მეცნიერებთან და ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, გავაძლიეროთ პოლიტიკურ ასპარეზზე ძლიერი, წესიერი, ავტორიტეტული, ხალხის ნდობით აღჭურვილი ადამიანები და პროფესიონალები, ნაცვლად დღეს გაბატონებული სოციალური დემაგოგების, ჩასაფრებულების და გაბოროტებულებისა. დემოკრატიულია მხოლოდ ის ქვეყანა, სადაც მართავენ ინტელექტუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, ვაღიაროთ, რომ ბიუროკრატიული და ძალოვანი სტრუქტურების  ელიტის მმრთველობამ, ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით ხელისუფლებათა ფორმირების ოცდაათწლიანმა პრაქტიკამ დამანგრეველი როლი ითამაშა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი, ქართულ ცნობიერებაზე.

და კიდევ ერთი, მსოფლიო გამოცდილებიდან ცნობილია, რომ არაერთი ხელისუფლება, მათ შორის ბევრი თავიდან ხალხის ნდობით აღჭურვილი და პროგრესულად განწყობილიც, საბოლოოდ, დაღუპა ტაშისმკვრელთა, დითირამბების მომღერალთა და ქამელეონთა გარემოცვამ. ეს საფრთხე დღეს რეალურად იკვეთება, თუმცა, ჩვენ ყველას ერთად,  გვაქვს სიტუაციის რადიკალურად შეცვლის შანსი. ამ შესაძლებლობათა ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება საკუთარი ხალხისა და  ქვეყნის წინაშე.

გადავდოთ პირადი წყენა.  „სიმდაბლით ავმაღლდეთ“,  გავიმარჯვოთ სხვაზე კი არა, საკუთარ  თავზე. დავაჯეროთ საკუთარი თავი იმაში, რომ ყველანი საჭირო ვართ ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ სამშობლოს ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს  დასაკარგი. მთავარი წინას დამარცხება კი არა, არამედ ისაა, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ხალხის და ქვეყნის ცხოვრება. ყველაფრის, და მით უფრო წინას უარყოფის გზა დამანგრეველია. ყველა ხელისუფლებამ რაღაცით დატოვა კეთილი და პოზიტიური კვალი, რასაც აღიარება და დაფასება უნდა. ყველა ხელისუფლებაში იყვნენ და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. მათ პატივით უნდა ვეკიდებოდეთ. ყოველივე ამის უარყოფა დანაშაულიცაა და საკუთარი თავის უარყოფისკენ მიმავალი გზა. თავისუფლება სიმართლეშია და ის არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. არ შეიძლება, ყველა მართალი ვიყოთ, ყველა კარგად ვმუშაობდეთ, ქვეყანა კი ასე ცხოვრობდეს. ეს წარმოუდგენელია, და შესაბამისად, ტყუილია. ვტყუით ყველა, ვინც მივიჩნევთ, რომ ვამბობთ სიმართლეს. სიმართლე კაცობრიობის გამოცდილებასთან, მეცნიერებასთან და მეცნიერულ ანალიზთანაა დაკავშირებული. მივენდოთ მეცნიერებს, მივენდოთ კაცობრიობის გამოცდილებას, მივენდოთ ჩვენს ისტორიას. უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად.   გავერთიანდეთ არა  ერთის ან ერთმანეთის წინააღმდეგ,  არამედ სამშობლოსათვის. გადავდგათ ეს ნაბიჯი.  დრო ამას ითხოვს. ისტორია ამას დააფასებს!

 

პატივისცემით,

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე,

თეიმურაზ შაშიაშვილი

12 ივნისი, 2020 წელი

 

P.S. წერილის ვრცელი ვარიანტი განთავსდება ელექტრონულ სივრცეში დაეგზავნება საინფორმაციო  საშუალებებს.

 

მის. ქ.თბილისი, გრიბოედოვის ქ.6

ტელ.:597 57 04 19

e.mail.: tetrebigeorgia@gmail.com; teimuraz.g.shashiashvili@gmail.com

ვებ.გვერდი.:www.tetrebi.org

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *