„პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“

საშური საქმე

მოსაზრება ასეთი წიგნის შექმნის თაობაზე საზოგადოებრივ მოძრაობა „წინ საქართველოში“ დაიბადა 2005 წლის დასაწყისში.

ამ მოძრაობის მთავარი კომიტეტის წევრები: მამუკა არეშიძე, ირაკლი ბათიაშვილი, გიორგი კობახიძე, ჰამლეტ მელაძე, ნუკრი ქანთარია, მიხეილ ქურდიანი, დავით ჭეიშვილი, მერაბ ჯიბლაძე და მე – თემურ შაშიაშვილი ამ აზრამდე ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ, ქვეყნის მომავლის ხედვამ მიგვიყვანა. მიგვიყვანა იმ რეალობამ, რომ პოლიტიკაში მომძლავრდნენ და ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყნის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდეს ყალბი ეროვნული პათოსის, დემოკრატიით მოთამაშე, სოციალური დემაგოგიისა და პოლიტიკური კორუფციით სავსე პოლიტიკოსებმა.

ცნობილმა მოღვაწემ, ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანმა, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტმა, გელათის აკადემიის პრეზიდენტმა, მართლაც დიდმა ქართველმა მიხეილ ქურდიანმა, ამ იდეით აღტაცებულმა, იგი პროგრამულ განაცხადად აქცია და გამოაქვეყნა კიდეც 2005 წლის ივლისში.

რაც დრო გადის, ასეთი წიგნის, უფრო სწორად, ასეთი ფუნდამენტური კვლევის აუცილებლობა კიდევ მეტად იზრდება და მისი გამოცემის აუცილებლობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

ჩვენ, “თეთრები” ვთვლით, რომ დღეს, როცა საქართველოში დიდი პოლიტიკური ომია, რომელსაც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჰქვია: “ყველა – ყველას წინააღმდეგ”, როცა ვისაც რა უნდა იმას ამბობს ნებისმიერ სხვაზე – განმკითხავი კი არ ჩანს… როცა, როგორც დიდი ილია ამბობდა: “გულჭუჭყიანთა”, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომელთათვისაც დასმენა ჩვეულებრივ ამბად იქცა – პოლიტიკაში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა… როცა ქართული პოლიტიკიდან გონება გაიდევნა და ჭორმა სიმართლე გადაფარა, როცა ტყუილზე და ჭორზე აგებულ ხელისუფლებას აწყობს, რომ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსი გასვაროს, ყველა კორუმპირებული იყოს, ყველას მაფიოზი და ჭორიკანა ერქვას – ანუ ყველა ისეთი იყოს, როგორიც არის დღევანდელი ხელისუფლება, როგორიც არის დღევანდელი პრეზიდენტი – ასეთი წიგნის შექმნას, მართლაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის მომავლისათვის

სამწუხაროდ, მიხეილ ქურდიანი დღეს ცოცხალი არ არის. მისი ღვაწლის შეფასება იყო საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გადაწყვეტილება, მიხეილ ქურდიანის მცხეთაში, სამთავროს მონასტრის ეზოში, ცნობილი სასულიერო და საერო მოღვაწეთა გვერდით დაკრძალვის შესახებ. ნათელი დაადგეს ამ კეთილი კაცის ხსოვნას.

ახალი პოლიტიკური ძალის, „თეთრი მოძრაობის“ („თეთრები“) გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნის“ კონცეფციას განხილვისა და განსჯისათვის.

ჩვენ მივესალმებით ყველა ჯგუფს, ვისაც ასეთ წიგნზე მუშაობის სურვილი ექნება. ვფიქრობ, ამის თაობაზე კონკურსის გამოცხადებაც კი შეიძლება. ეჭვი არ მეპარება, საქართველოს დღევანდელობისა და მისი მომავლისათვის ამ საშურ საქმეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება როგორც მის შექმნაში მონაწილეობის, ასევე დაფინანსების თვალსაზრისითაც.

თემურ შაშიაშვილი,
25 თებერვალი, 2011 წელი.

 

პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი

თანამედროვე საზოგადოების პრობლემა შერჩევითი სიბრმავის, სიყრუისა და ყოვლისმიმტევებლობის გარდა გულმავიწყობაცაა..

პოლიტიკოსებს პირადი სიმპათია – ანტიპათიიის მიხედვით უვიწყებენ წარსულის შეცდომებსა თუ ცოდვებს.

მე ფართო საზოგადოებრიობაზე ვლაპარაკობ, თორემ თავად პოლიტიკოსები და მათი თანაპარტიელები ორმაგი სტანდარტებითა და დემაგოგიით ცდილობენ საკუთარი ლიდერების პერმანენტული უზნეობის გამართლებას თუ დაფარვას, ან დავიწყების ბურუსში გახვევას – ეს უწესობა მათი ცხოვრების წესია და პასუხი მხოლოდ დამარცხების შემთხვევაში მოეთხოვებათ.

სწორედ ფართო საზოგადოებრიობის ზნეობის გადასარჩენად, მისთვის თავის გასამართლებელი ვირეშმაკური, ამაზრზენი და უპასუხისმგებლო ფრაზის: – „ეს არაფერი არ ვიცოდი, თორემ მხარს როგორ დავუჭერდიო“ გამოყენების შანსის მოსასპობად მე გადავწყვიტე შევადგინო და გამოვცე წიგნი“

„ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში“

(რჩეული პოლიტიკური ბიოგრაფიები ფაქტებითა და ციტატებით)

რომელშიც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე საქართველოს ყველაზე გახმაურებული პოლიტიკოსის ზედმიწევნითი ფაქტობრივი ბიოგრაფია, როგორც საზოგადოებრივი, ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი და მათი დოკუმენტირებული გამონათქვამები სახელმწიფოსათვის ყველა საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.

ერმა, თუ მას სუვერენული და განვითარებული სახელმწიფოს აშენება უნდა, თავის ფავორიტებზე დოკუმენტირებული სიმართლე უნდა იცოდეს. უნდა ახსოვდეს, ვინ როგორ იქცეოდა და რას ამბობდა ქვეყნისათვის საბედისწერო მომენტებში, ვის უჭერდა მხარს ვის, ან რის სამსახურში იდგა, რას აძლევდა ხმას, როგორ აფასებდა სხვების საციელს, რამდენად მართალი და გულწრფელი იყო მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე, როგორ იცვლიდა კანსა და პრინციპს, რა გზით შოულობდა ფულს, მართლდება თუ არა მათ მიერ საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიისათვის საფუძვლად დადებული მითოლოგიები და ა.შ.

ასეთი წიგნის შედგენაზე გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა დამარწმუნა არა მხოლოდ მის აქტუალურობაში, არამედ მის სასიცოცხლო აუცილებლობაში.

ადამიანი პოლიტიკოსობაზე რომ თანხმდება, ის უკვე მხად არის შინაგანად თუ სრული სიცრუის არა, ყოველ შემთხვევაში ნახევარი სიმართლის სათქმელად და გასამართლებლად მაინც.

ჩვენს თვალწინ მოხდა ცოდვამრავალი შევარდნაძის ფავორიტების მიერ შევარდნაძის დამხობა და ახლა სწორედ ისინი ემიჯნებიან მას და მის პოლიტიკას, ვინც ამ პოლიტიკის იდეოლოგები და „მოქკავშირის“ შემოქმედნი იყვნენ – ვინც შევარდნაძის ხელდასმით ხდებოდა მოქკავშირის გენერალური მდივანი, პარლამენტარი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრი და ა.შ. და ა.ა

ჩვენს თვალწინ პატიოსნებას იჩემებს და სხვას მოუწოდებს პატიოსნებისკენ კაცი, რომელმაც იუსტიციის მინისტრობის დროს თავის მოადგილედ დანიშნა განათლებით ბიოლოგი მეგობარი ქალი და მას პენიტენციალური სისტემის კურატორობა ჩააბარა და როდესაც ეს ქალბატონი იმისათვის, იმის გამო, რომ მკვლელობისათვის ძებნილი საკუთარი ძმა მის სახლში, მისივე თანდასწრებით დაიჭირეს, იძულებული გახდა გადადგომაზე დაეწერა განცხადება. მინისტრმა ის სამსახურიდან არ გაათავისუფლა, რადგან მისი კლანის წევრი იყო. ის, ვინც სამართალი, ზნეობა და საზოგადოებრივი ჯერ კიდევ მინისტრობის დროს დაიკიდა ფეხზე. რატომ გაუწევს ყოველივე ამას ანგარიშს პრეზიდენტის რანგში ყოფნისას? და ა.შ. და ა.ა.

არავის არ უნდა ეგონოს, რომ კანონზე მაღლა შეუძლია დადგომა, არავის არ უნდა ჰქონდეს იმედი დანაშაულებრივი საქციელის დავიწყებისა.

დავაფიქსიროთ ყველაფერი და მომავალ თაობებს დავუტოვოთ ტრადიციად ახალი წიგნის შექმნა – დაე, პოლიტიკოსები ძრწოდნენ იმის შიშით, რომ მათი ყოველი ანგარებიანი და არასწორი ნაბიჯი იქნება საჯაროდ გამოაშკარავებული, მხილებული..

შეცდომის დაშვების უფლება ადამიანს არჩევანის უფლებასთან ერთად უფლისაგან აქვს მინიჭებული. პოლტიკოსებიც ადამიანები არიან, მაგრამ თანაგრძნობას იმსახურებს მხოლოდ ის, ვინც ინანიებს ცოდვებსა და შეცდომებს და არა ის, ვინც თავის მართლებას ცდილობს. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ არავისი მსაჯულები არ ვართ , არავის განვიკითხავთ, ჩვენ მხოლოდ ყველაფერს აღვნუსხავთ, კარგსაც და ცუდსაც, მონანიებულსაც და მოსანანიებელსაც, რადგან „არა არს რა დაფარული, რაც არ გაცხადდება“

შემფასებლად და მსაჯულად მათ ხალხი და ისტორია ეყოლებათ. ყველა პოლიტიკოსი, ჩვენი მათდამი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავად – ამ წიგნში მართლად, როგორც სარკეში უნდა აისახოს, თორემ თუ ვინმეს რაიმე შეენდო, ამ წიგნს მკითხველი აღარ ენდობა.

მივმართავ ყველას, ვისთვისაც სიმართლისა და ჭეშარიტების მსახურება ჯერ კიდევ ფასეულობას წარმოადგენს, ვინც ცხოვრობს პრინციპით: „მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად“ … უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებს საინფორმაციო ბაზათა მფლობელებს – გახდნენ ამ წიგნის თანაავტორები, ამოუდგნენ მხარში ამ იდეას – ვითანამშრომლოთ, მოვიძიოთ საჭირო ფოტოები და დოკუმენტები, რათა ვეღარასოდეს გაბედოს საქართველოში უზნეო და უპრინციპო პოლიტიკოსმა მთელი ერის მოტყუება, ქვეყნისთვის თვალებში ნაცრის შეყრა – ჩვენ ვთქვათ დოკუმენტირებული სიმართლე, ვთქვათ ისე დასაბუთებულად, რომ მათი ფანატებისა და მანიაკების გარდა ყველასთვის ცხადი და სანდო იყოს, რასაც ვიტყვით.

მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ჩემი ქვეყნის ის შვილი ვარ, რომელმაც თავზე ყველაზე უსიამო მისია აიღო – არასოდეს ეცრუოს თავისი სამშობლოს და ყოველთვის მხოლოდ სიმართლე უთხრას, რაგინდ მწარეც არ უნდა იყოს ის, როგორც სამშობლოსთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც.

მიხეილ ქურდიანი,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი „წინ საქართველოს“ მთავარი კომიტეტის წევრი, დამფუძნებელთა საბჭოს სპიკერი.

2005 წლის ივლისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *