მილოცვა შოთა ზოიძეს

ცნობილ ქართველ პოეტს და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოსთვის გულანთებულ მამულიშვილს, ბატონ შოთა ზოიძეს პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ ულოცავს 70 წლის იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს.

გთავაზობთ „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის მილოცვის ტექსტს:

„…გულზე მაჩნია განაჩენი დრიოს და სივრცის“

იმ უამრავ ადამინთა შორის ვარ, ვისაც თითქმის ყველაფერი აქვს წაკითხული შოთა ზოიძის. ვამაყობ ამით.

ვამაყობ, რომ გადაწყვეტილებას მისთვის ნიკო ნიკოლაძის პირველი პრემიის მინიჭების თაობაზე, მთელი იმერეთის სახელით მოვაწერე ხელი მწერალთა კავშირის თვამჯდომარესთან ერთად 1996 წელში.

მახსოვს, როგორი სიამაყით მითხრა ირაკლი აბაშიძემ ბატონ შოთაზე – კარგი პოეტი და მოღვაწე კაციაო – ეს 1991 წელი იყო. მანამდე, 1988 წელში, რეზო თაბუკაშვილმა – სულით და ხორცით პოეტიაო.

ამ ორი დიდი ქართველის შეფასებაც საკმარისია ნებისმიერი კაცისთვის. როგორც იტყვიან, ამად ღირდა ცხოვრება.

რომ არაფერი წამეკითხა წარსულში, საკმარისია მისი ორი სონეტი – პირველი და მეორე, რომ პირდაპირ ვთქვა, ეს ის კაცია, ვისზეც ილია ჭავჭავაძე იტყოდა:

„პოეზია მადლია, ნიჭია… მაგრამ… იგი დიდი ტვირთიც არის“.

მთელი ეპოქის სუნთქვაა ჩადებული მეორე სონეტის ოთხ სტრიქონში:
„გულზე მაჩნია განაჩენი დროის და სივრცის
წლები რომლებიც, ამ უჟამო ჟამში გავლიე,
ავსილი ჯამით საწამლავი ბერი დავლიე,
უჟმური ჟამი რას მიქადის არავინ იცის?!“

მთელი ეპოქის სუნთქვაა ჩადებული მეორე სონეტის ამ ოთხ სტრიქონში. რას უქადის უჟამური ჟამი არ იცის, მაგრამ…

„და მინც ვდგევარ ფეხშიშველი და თმაგაშლილი,
ჩემი ჰობია ჩემს მღელვარე დროსთან კავშირი,
დროსთან, რომელიც ყოველივეს გადააფასებს!“

მართლაც, რა მადლია, რა ნიჭია ამ სტრიქონებში და ის, რომ ყველაფერი ეს მძიმე ტვირთია.

შოთა ზოიძე საქვეყნო ტვირთით ცხოვრობს, ცხოვრობს მღელვარე დროსთან კავშირში და ამიტომ არის დიდი პოეტი, დიდი მოღვაწე, სახელწიფო კაცი.

საქართველოს ყავს კაცი, – შოთა ზოიძე, – ქართულად დატვირთული, ქართულად მოაზროვნე და საკაცობრიო იდეალების ერთგული…
კაცი, რომლის „ შემწე ყოვლისშემძლე მხოლოდ ღმერთია“.
კაცი, რომელიც პატარა სოფოში ხედავს:
„ჩემი სიცოცოხლის გაგრძელებას, ჩემი ცის გახსნას,
ჩემი ცხოვრების გაკვეთილის ფრიადზე ახსნას…“
კაცი, რომელიც დედით ცხოვრობს დღესაც, 70 წლის ასაკში:
„დედაჩემის სულიც აქ არის,
მისი ლოცვები, მისი კალთა გვფარავს და ხარობს.“
კაცი, რომელიც უფალს მიმართავს:
„ჰა, წიგნი ჩემი დანატოვარი
და ჩემი ძვლებით სავსე ტომარა!“
ახლა მისი წინასწარმეყველება:
„მოდიდან გავა ყალბი ტაში, ყალბი ტიტული,
ხელში შეგვრჩება ზოგიერთის მხოლოდ ფიტული
და გაეხსნება ასპარეზი მრავალ ათასებს…“

ათასები ასიათასების განწყობით, სულისკვეთებით და ხელში შერჩენილი ხელისუფლების ფიტულით ვიდექით 21 მაისს, ბათუმის ერას მოედანზე. თავისუფლებით იყო გაჟღენთილი ბათუმის გული. სიტყვით გამოსვლისას, სიღრმეში ამაყად მდგომი პოეტი დავინახე. დავასრულე სიტყვა და მისკენ გავეშურე. ჩვენს ძმურ გადახვევას ირგვლივ მყოფნი ტაშით შეხვდნენ. ბატონი შოთა შეწუხდა.

მაშინაც გითხარით, ბატონო შოთა, და დღესაც ვადასტურებ – ამ ქვეყნის გადარჩენა ნიჭის ძალაუფლებას და არა პოლიტიკოსებს შეუძლიათ. პოლიტიკოსი არის ის, ვინც იცის მოაზროვნის ფასი, ვინც იცის, რომ უნდა ემსახუროს მოაზროვნეს. ასე მოვიდა საქართველო… იმით იზომებოდა, რამდენი „მთქმელი ყავდა“…
ვამაყობ თქვენით, თქვენთან მეგობრობით… თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ
„თუ რამდენი რამე ჭირდება ნამდვილ პოეტს და რაინდს!“

რწმენით, იმედით
თეიმურაზ შაშიაშვილი
იანვარი, 2012 წელი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *