თავისუფალი აზრის დარბაზი (ივლისი 2005წ)

თავისუფალი აზრის დარბაზი
ივლისი 2005 წელი
სტენოგრეფიული ჩანაწერი #6

_MG_0736სისხლი არამარტო იღვრება, არამედ – შრება. საქართველოს კლავენ დღეს ქართული სისხლის გაშრობით.

პოლიტიკოსებს უნდა აერთიანებდეს არა ქუჩა და სიძულვილი, არამედ მოლაპარაკების მაგიდა, რწმენა და სიყვარული.

კარგია, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტმა კამათი გამოიწვია. მინდა გავაკეთო რამდენიმე განცხადება და ორიოდე სიტყვა ვთქვა დამატებით. დიქტატორს და დიქტატურას ებრძვიან თავისუფალი ადამიანები. საქართველოში თავისუფალი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა და როდესაც მონური ფსიქოლოგიის ადამიანები ჭარბობენ, ეს უკვე კატასტროფაა. დღეს საქართველოშო ხალხი შეცვლიდა ამ დიქტატურას, რომ არ იყვნენ მონური ფსიქოლოგიის მილიონრები. აი ეს უშლის დღეს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარებას. რაც მთავარია, ამ მილიონრებს არც დიდი განათლება გააჩნიათ, არც დიდი კულტურა, არც ეროვნულობა და პრაქტიკულად ხელს უწყობენ, რომ ხალხი ასეთ მონურ მდგომაარეობაში იყოს.

მე მათ წინააღმდეგ გამოსვლას არ ვაპირებ, არც მათთან დაპირისპირებას. დაპირისპირება სუსტების მოგონილია. ჩვენი მოძრაობის სურვილი არ არის , ვინმეს დაუპირისპირდეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ უშუალოდ გარკვეული პრინციპების წინააღმდეგი ან მომხრე. ჩვენი პოლიტიკა აქცენტირებული უნდა იყოს არა დაპირისპირებაზე, არამედ სამართლიანობით, რწმენითა და სიყვარულით ძლიერი სახელმწიფოს შენებაზე. ჩვენ უნდა ვამხილოთ დამნაშავე და არა პიარითა და დემაგოგიით ვიცხოვროთ.

ჩვენ ვაძლიერებთ სააკაშვილს, როდესაც ყოველ წინადადებაში მის სახელს ვახსენებთ. შევარდნაძემ სააკაშვილი მოიყვანა პრეზიდენტად იმიტომ, რომ მთავრობის სხდომებს ვერ ატარებდა, რამდენიმეჯერ რომ არ ეხსენებინა მისი სახელი. მე ერთხელ მთავრობის დახურულ სხდომაზე ვუთხარი, ვის გვარასაც სისტემატურად ასახელებ და ეწინააღმდეგები, ის მოვა პრეზიდენტად და ამიტომაც ვუჭერ მხარს-თქო. პასუხად მეუბნებოდა: ხელს მიშლიო, მაშინაც, როცა ვუმტკიცედი აფხაზეთთან დაკავშირებით პოზიცია უნდა შევიცვალოთ მეთქი, ის ამტკიცებდა, მთელი მსოფლიო მეხმარება და აფხაზეთს ვიბრუნებთ, შენ კი მეუბნები პარტიზანული ჯგუფები გავაძლიეროთო, ხელს ნუ მიშლიო… – მე კი ვთვლიდი, თუ მთელი ყურადღება, ხელისუფლების პრაქტიკული მოქმედება არ იქნებოდა კონცეტრირებული – თბილისი ქვეყნის შიდა დაპირისპირების ცენტრად გადაიქცეოდა. ეს უკანასკნელი აწყობდა მოქ. კავშირის ჯგუფს სააკაშვილის ხელმძღვანელობით. დრომ დაადასტურა ჩემი პოზიციის სისწორე.

და დღეს, როდესაც ჩვენ ჩვენს პრინციპებზე ვლაპარაკობთ, ერთხელ მინდა მხარი დავუჭირო დღევანდელ პრეზიდენტს, რადაგან მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორად ილაპარაკა (რასაც დღეს აქ აკრიტიკრბდა ბ-ნი ყრღანაშვილი). პრეზიდენტმა თქვა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით, იმ სისტემით რაც დღეს გვაქვს, ვინც არ უნდა აირჩიოთ ქალაქის მერად – დისკრედიტირებული იქნება ერთ კვირაში. ხანდახან ეს კაცი მართალს ლაპარაკობს – და ეს სიმართლეა ქვეყნის უბედურება.
საქართველოში არის სუპერცენტრალიზებული ეკონომიკა და სუპერცენტრალიზებული ფინანსები, რაც არ ყოფილა არასდროს. აი რა გაკეთა დღევანდელმა ხელისუფლება. (ტელევიზიითაც იგივე განაცხადეს). წამოიღო გადასახადები ცენტრალურ ბიუჯეტში და ახლა მასწავლებლებს და კულტურის წარმომადგენლებს ცენტრი ურიგებს ხელფასს. თქვენ გესმით, როგორ გაპარტახდება ქალაქები და რაიონები? ნებისმიერ ქალაქსა თუ რაიონში მასწავლებლებმა იციან, რომ მათ რაიონზე არ არის დამოკიდებული მათი არც ხელფასი და არც არაფერი, ყველაფერს უკეთებს ცენტრი. ისინი ბუნებრივად ცენტრზე ხდებიან დამოკიდებული. საჭიროა ფინანსების, ეკონომიკის დეცენტრალიზება, თუ გვინდა ვილაპარაკოთ ჯანსაღ და მომავლის მქონე საქართველოზე. ცხადზე უცხადესია და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენს მიერ არჩეული პოზიციის სისწორეში, აქ მთავარია არა ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლა – ეს კიდე უფრო ანგრევს და კორუმპირებულს ხდის ქვეყანას, – არამედ ჯანსაღი სისტემის შექმნა. ჯანსაღი სისტემა ეძებს ჯანსაღ ინტელეტუალურ კადრებს, ავადმყოფი სისტემა, ავადმყოფ კადრებს, დაკომპლექსებულთა, ურწმუნოთა და უთვისტომოთა, პირდაპირ ვთქვათ ავადმყოფი აზროვნების კადრებს, მანიაკებს.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ასეთია: რატომ ვართ ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგნი, ან რატომ ვართ ოპოზიციის ერთი ნაწილის წინააღმდეგნი, იმ ოპოზიციისა, რომელიც დაეთანხმა ეკონომიკის, ფინანსების სრულ ცენტრალიზაციას, ეს არ ნიშნავს, რომ იბრძვის ხელისუფლების მოქმედებათა, პირველ რიგში ფინანსურ გამჭვირვალებისათვის – არა არის სერიოზული.

თქვენ ამჩნევთ, როგორი დახურული და არატრანსპარენტულია ჩვენი ხელისუფლება? კონკრეტული მაგალითია, თუ რა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ჭიათურ-მანგანუმის პრივატიზებათან დაკავშირებით? მთელი საჩხერის რაიონი, რომელთა მიკარება საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი ვერ შეძლეს, რადგან ეს არის უმდიდრესი მხარე, ხელისუფლებამ რუსული ფილმის სასარგებლოდ ხელი მოაწერა მემორანდუმს, როლის მიხედვითაც საჩხერეში იწყება მიწისზედა (ხაზს ვუსვამ, მიწის ზედა) დამუშავება – მარგანეცის ამოღება.
ჩვენ ეს ფაქტი არ ვიცოდით, მაგრამ პარლამენტარებს ის მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ მიიღეს კანონი ექსპროპრიაციის შესახებ. ანუ ხელისუფლებას უფლება აქვს, ჩამოართვას ქონება (სასყიდლის მიცემით, ან უსასყიდლოთ), თუ ამას ჩათვლის საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
ყოველივე ამის შემდეგ, მართლაც რეალური იქნება გამოიცეს, როგორც ბატონი მიხეილ ქურდიანი აპირებს, წიგნი სახელწოდებით “რეალური პოლიტიკური ბიოგრაფიები”.
ეს იქნება იმ 10-15 კაცის ბიოგრაფია (მათ შორის ჟვანიასი), ვინც ახლა ხელისუფლებაშია, თუ მის გარეთ. რას ამბობდნენ ისინი ამ ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ შესაძლებელია ამაზე “პროსტიტუციული” განცხადებები. ეს იქნება უნიკალური წიგნი, ეჭვი არ მეპარება, ხალხი, რომელიც შევარდნაძის ქება-დიდებით (ფეხზე კალოშები რომ ეცვათ) გახდნენ ვეებერთელა ხელმძღვანელები და შემდეგ იგივე შევარდნაძის ლანძღვა გინებით – პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავჯდომარე, მთავრობის წევრი.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლა. ეს დარბაზი უიმედობის დარბაზი კი არ არის, ეს დარბაზი იმედის დარბაზია. რამდენიმეჯერ ითქვა სექტემბერ-ოქტომბერში რაღაც მოხდებოდაო, მე ეს არ მიხარია – ეს ტრაგედიაა. ჩვენი ხალხი ყველაფერში უნდა გაერკვეს კარგად, ჩამოყალიბდეს და შემდეგ გადაიდგას რიალური ნაბიჯები. საქართველოს ტრაგედია დღემდე იყო იმაში, აბსოლუტურედ შეუთავსებელ პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში აღებისთვის ხდებოდა ქუჩაში. ქვეყანა გადარჩება მაშინ, როცა პოლიტიკური ძალები პროგრამებით და პრინციპებით გაერთიანდებიან აუდიტორიაში, გაერთიანდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და დაიწყებენ შეთანხმებულ მოქმედებას, თუნდაც ქუჩაში. პოლიტიკოსებს უნდა აერთიანებდეს, არა ქუჩა და სიძულვილი, არამედ – მოლაპარაკების მაგიდა, რწმენა და სიყვარული.

მე რევოლუციის წიააღმდეგი ვარ, არც ,,ხავერდოვანი~ რევოლუცია მესმის და არც მეგულება მსოფლიოში ჭკვიანი კაცი, რევოლუციას რომ უჭერდეს მხარს. ბატონმა ირაკლი წერეთელმა აღნიშნა ე.წ. “ვარდების რევოლუცის” დროს სისხლი არ დაღვრილაო. არც ოქტომბრის რევოლუციის დროს დაღვრილა სისხლი. მთავარი ეს არ არის – ადამიანისათვის ყველაზე მძიმე სისხლის გაშრობის პროცესია. სისხლი არა მარტო იღვრება, არამედ – შრება. საქართველოს კლავენ დღეს ქართული სისხლის გაშრობით. ზოგჯერ სისხლი როცა იღვრება ის იმდენად ჯანსაღია, რომ ქვეყანას ფეხზე აყენებს – 9 აპრილს, რომ სისხლი არ დაღვრილიყო, შეიძლება საქმე სხვაგვარად წარმართულიყო, მაგრამ ის იყო ჯანსაღი სისხლი, ის იყო წმინდა სისხლი. მთელმა საქართველომ უნდა იამაყოს და პატივი მიაგოს მათ სულბს. მნიშვნელობა არ აქვს ვიცნობდით თუ არა მათ, ან რა პიზიცია გაგვაჩნდა მაშინ (ტაში დარბაზში).

ბავშვობაში, მახსოვს ყველაზე დიდი წყევლა იყო, რომ იტყოდნენ – “შენ გაგიშრა სისხლიო”, ხოლო ყველაზე შეურაცხმყოფელი – თავმოყვარე ადამიანს თვითმკვლელობის სურვილსაც რომ უჩენდა “შე ცხვირმოუხოცავოო”… (სიცილი დარბაზში,) დიდი მადლობა, ხომ ყველანი მიხვდით რაც გულისხმება – მძიმეა, როცა გეტყვიან – შენი ქვეყნის პრეზიდენტი ცხვირმოუხოცავი არის და არც მისი მოხოცვა იცის. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა …

რაც შეეხება არჩევნებისათვის ხელისუფლების მზადებას – იგი ფართო ფრონტით მიმდინარეობს – ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ცვლილებებით დაწყებული ფინანსური მაქინაციებითა თუ პოლიტიკური კორუფციით დაწყებული.

საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწყებული და თბილისის მერით დამთავრებული, უპრეცენდენტოდ ანტიდემოკრატიულია, პირდაპირ ვთქვათ, ანალოგი არა აქვს მსოფლიო პრაქტიკაში. საინტერესოა, რატომ დუმს ბატონი მაილსი და ბევრი სხვა უცხოელი, რომლებიც ე.წ. რევოლუციას დემოკრატიზაციისათვის და თავისუფალი საქართველოსათვის ბრძოლით ამართლებდნენ.
ასევე უპრეცედენტოა პოლიტიკური კორუფციის მაშტაბები. საქართველოს ისტორიაში მე-20-ე საუკუნის, შეიძლება ითქვას მეორე ათასწლეულის ყველაზე დიდი აფიორაა და კორუფცია იყო მოქკავშირის მიერ ჩატარებული ნულოვანი პრივატიზაცია. კაპიკებში იყიდეს და ამის გამო მონებად აქციეს პრივატიზაციის მონაწილეები. მოკვდა ეკონომიკა, ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე ჯართად გაიყიდა.

21-ე საუკუნის და ალბათ ჩვენი პროგნოზით მთელი ათასწლეულის ყველაზე დიდი აფიორა იყო ნულოვან აუქციონზე კაპიკებად მიყიდული ქონების წილების ჩამორთმევა “ვარდების რევოლუციის” მონაწილეთა მიერ. ოფიციალური სტატისტიკა ამბობს, რომ ე.წ. რევოლუციიდან ერთი წლის განმავლობაში 4000- ჯერ გაიზარდა სამეწარმეო სუბიექტთა რაოდენობა, მაშინ, როცა დასაქმებულთა რაოდენობა 15%-ზე მეტით შემცირდა. ეს იყო წილების ჩამორთმევისა და წილებში ჩაჯდომის უპრეცედენტო მაშტაბები, ალბათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის გაუგონარი. ყველაფერი ამის შემოქმედი – სახე შეცვლილი “მოქალაქეთა კავშირია”, ნაციონალებად გადაკეთებული და მისი იდეოლოგები.

ალბათ ისტორია ყველა დროის უპრეცედენტო პოლიტიკოსთაგან პირველად აღიარებს ძველ მოქკავშირელთა და დღევანდელ ნაციონალთა, ედუარდ შევარდნაძის მიერ პოლიტიკაში მოყვანილთა, მის მოსწავლეთა (რომელთაც პოლიტიკური მამის ღალატით ჩაიგდეს ხელში პოლიტიკური მამის პოსტი – პრეზიდენტობა) მიერ 1995 წელს დამკვიდრებული პრინციპს: “არჩევნებს იგებს არა ხალხი და არა პოლიტიკური ძალა, არამედ ის, ვინც ხმებს ითვლის”, ითვლიდა მოქკავშირი – იგებდა. ერთხელ არ დაათვლევინეს არჩევნების გაყალბების მოქკავშირის ჯგუფს – წააგეს, არ დაემორჩილნენ, რევოლუცია მოახდინეს და ამით გადაირჩინეს თავი, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც. მომავალი დაადასტურებს ჩვენს პოზიციას. აი, რა მძიმე “მოქკავშირული” მემკვიდრეობა და “ნაციონალური” გამაგრებული მდგომარეობა გვაქვს წინ. თუნდაც ის რად ღირს, რასაც ფასადებისა და გზების მოწესრიგება ჰქვია. ერთის მხრივ, გაკეთებულით იგებენ ამომრჩევლის გულს, მეორეს მხრივ ეს არის დიდი ფინანსური მზადება არჩევნებისათვის. გაოგნდება ნებისმიერი, ვინც გაიგებს რა თანხები იხარჯება. დახარჯულის 60% პრაქტიკულად სახელისუფლებო ძალების მიერ წაგლეჯილი ფულია, რომელიც შემდგომ ყველანაირ არჩევნებს მოიგებს.

ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს ხალხს, რომ ყველამ გაიგოს, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. ხალხი აქციეს მონებად და იმდენად დაამშიეს და დააუძლურეს, რომ მათი საფიქრალი მხოლოდ ის გამხდარა, თავი როგორ გაიტანოს. ვერ მოსთხოვ ამ ადამიანებს ვერაფერს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ამ დარბაზის მეშვეობით შემოვიკრიბოთ ძლიერი სულიერების, მაღალი ეროვნული მრწამსის ადამიანები, რომლებიც თავის სათქმელს იტყვიან, ამბავს გაიტანენ ამ დარბაზიდან, მოსახლეობას თვითშეფასებას აუმაღლებენ, ბრძოლის ჟინს შემატებენ, ამქვეყნიურობას დაუბრუნებენ. სულ ერთია ვინ იქნება ის – მეგობარი, მეზობელი, ნათესავი … მხოლოდ ასე გავძლიერდებით, აი ამაში მდგომარეობს ჩვენი დარბაზის ფუნქცია, მხოლოდ ამ გზით მივალთ ჩვენ დასახულ მიზნამდე.

ხალხს უნდა გავაგებინოთ, როგორ ებრძვიან განათლებას, მეცნიერებას, კულტურას. როგორ უგდებენ ხელში მართვის სადავეებს “კმარელებს”, “თავისუფლების უნსტიტუტს”, “სოროსელებს”… როგორ მუშაობენ ეს ურწმუნოები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდე. მართლაც გამაუგნებელია ის სისტემები და პრინციპები, როგორც მომავალში აპირებენ შეებრძოლონ ჩვენს რელიგიას, იმ სექტების გასამაგრებლად, რომლებიც შიმშილით სიკვდილის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ლუკმა-პურის ფასად ყიდულობენ და უსინდისოდ აერთიანებენ სექტებში. სქემები აქვთ დახაზული, თუ რელიგიას როგორ უნდა დაარტყან – რომელი გზით, განსაკუთრებით – ტელევიზიით, ,,საზოგადოებრივი ტელევიზიით~.
ჩვენ ვაპირებთ “თავისუფალი აზრის დარბაზის” სახელით წერილი გავუგზავნოთ აშშ-ს კონგრესის წევრებს, სადაც იქნება მონაცემები, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორია დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყნის ჩვენეული შეფასება. ქართველისათვის არასოდეს ეროვნული პოზიციის მხარდაჭერა არ ნიშნავდა ზოგადსაკაცობრიოს წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოში ყოველთვის კაცი თუ იყო ეროვნულ პოზიციაზე, ამავე დროს იყო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელიც. ეს არის ჩვენი სიძლიერის უპირატესობა, და როგორ შეიძლება ჩვენ ეს არ გამოვიყენოთ.
ყველას ჰგონია, თუ ამერიკა მოიყვანს ხელისუფლებას სათავეში, ეს ამერიკისთვის იქნება კარგი, და თუ რუსეთი მოიყვანს – რუსეთისთვის. არა ბატონებო, ეს ორივე ტრაგედიაა. საქართველოში უნდა მოვიდეს საქართველოს მოსახლეობის მიერ უშუალოდ არჩეული ხელისუფლება და მაშინ ყველაზე მეტად იქნება დაცული არა მარტო ქართული, არამედ ამერიკული და რუსული ინტერესები. მე არ მინდა ამ ტრიბუნიდან ერთ სახელმწიფოს ვებრძოლო მეორე სახელმწიფოს სახელით… ამ დარბაზში დასწრება თავისუფალია და ეს ტრიბუნაც თავისუფალ აზრს ემსახურება, მაგარამ, მაინც – განსაკუთრებით მიუღებელია ჩემთვის, როცა მიდის ანტიამერიკული პროპაგანდა.

ჩემი ერთადერთი სურვილია ამ დარბაზში იყოს კეთილი განწყობა ყველა ქვეყნისადმი. ჩვენი მიზანია და სერიოზული მოთხოვნაა – ერთხელ და სამუდამოდ ქართველ ხალხს მიესცეს საშუალება, სხვათა ჩარევის გარეშე აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და აი მაშინ, ნახავთ ნამდვილ ქართულ, ეროვნულ, დემოკრატიულ, თავისუფალ მართლმადიდებელ ქვეყანას, რომელიც იქნება ტოლერანტული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი.

ყველაფერთან ერთად, დღევანდელი ჩვენი ქვეყნის უბედურება ის არის, რომ განათლებული, უფულო მოსახლეობა გაუნათლებელ ფულიანთა სამართავი გახდა და რომ არა ხელისუფლების მიერ შემუშავებული ეს ვერაგული გათვლა, მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდოდა. მას ეძლევა ის საარსებო მინიმუმი, რომელზე ნაკლებიც უკვე საერთო პროტესტს გამოიწვევდა. ჩვენ უნდა დავარღვიოთ ეს გაუწონასწორებელი მდგომარეობა და, როდესაც ჩვენ ამას დავარღვევთ, უკვე გადავალთ ბუნებრივ მდგომარეობაში – როდესაც ხალხი იქნება განწყობილი არა ვინმეს წინააღმდეგ, ან ვინმეს მხარდასაჭერად, არამედ საბრძოლველად შემართული – თავისუფალი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსათვის, ძლიერი სახელმწიფოსათვის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *