(newspress.ge)„სახალხო კრება“ არათანაბარი საარჩევნო პირობების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპკორპუსს მიმართავს

577721_10201170517968638_2135000864_nსახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო, არათანაბარი საარჩევნო პირობების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ კრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღმასრულებელი საბჭოს განცხადებითვე, მათ ამ საკითხზე პარლამენტს უკვე მიმართეს, თუმცა მათგან არანაირი რეაგირება არ მიუღიათ.

„მიმდინარე წლის 19 სექტემბერს „სახალხო კრებამ“ , პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას, საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის სატელევიზიო სივრცეში შექმნილი უსამართლო და არათანაბარი პირობების გამოსწორების მოთხოვნით წერილით მივმართეთ.

დღემდე ჩვენს წერილს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ძალიან სამწუხაროა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ტრადიციებით, „სახალხო კრების“ სამართლიანი მოთხოვნების იგნორირება დაიწყო.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისა და ყველა კანდიდატისათვის თანაბარი პირობების შექმნის შესახებ თითოეული ჩვენგანისათვის იმედის მომცემი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ეს დაპირებები დღემდე მხოლოდ განცხადებებად რჩება, ვინაიდან პარლამენტმა საარჩევნო გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის არავითარი საკანონმდებლო ცვლილება არ განახორციელა.

ჩვენ, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა ორ სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატს ერთმნიშვნელოვნად უპირატეს პირობებში აყენებს. დღეს არსებული მდგომარეობა ქმნის თანაბარ პირობებს მხოლოდ ორი სახელისუფლებო კანდიდატისთვის, რაც აჩენს ეჭვს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ყველასათვის მიუღებელი და გაუგებარი კოჰაბიტაცია უკვე მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდა

ორი სახელისუფლებო პარტია საარჩევნო კომისიებს სრულად აკონტროლებს, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ჰყავთ 40 ათასზე მეტი დამკვირვებელი, რაც პრაქტიკულად მთელი არმიაა. ასევე, ერთ შემთხვევაში მინისტრები, ხოლო მეორე შემთხვევაში გამგებლები ჩართულები არიან მათ წინასაარჩევნო კამპანიებში. ამ პირობებში კი, თანაბარ და სამართლიან წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი წარმოუდგენელია.

სახელისუფლებო პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისედაც, რბილად რომ ვთქვათ, არ განიცდიან ფინანსებისა და ე.წ. შემოწირულობების სიმწირეს, ხოლო ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსავლები გაიოთხმაგეს, დამატებით სარგებლობენ უფასო სარეკლამო დროით ტელევიზიებში. ამ ფონზე საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს საკუთარი ხმის, საკუთარი გზავნილების მისაწვდენად საქართველოს მოსახლეობისათვის, წუთში რამდენიმე ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალმა პარტიებმა, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ჯერ „რვიანის“, ხოლო შემდეგ „ექვსიანის“ ფორმატში სთხოვდნენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაფერი გააკეთეს თავიანთივე მაშინდელი მოთხოვნების აღსასრულებლად. ვინ გიშლით ხელს ბატონებო, რომ წლების მანძილზე, თქვენივე შემუშავებული მოთხოვნები ახლა უკვე ხელისუფლებაში მყოფებმა განახორციელოთ?

„სახალხო კრება“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„სახალხო კრება“ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან, რომ გამოასწოროს არსებული უსამართლობა, სასწრაფოდ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი საარჩევნო პირობები და არ იყოს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებული ნინო ბურჯანაძე. ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს ჰქონდეს საკუთარი გზავნილების ამომრჩევლამდე მიტანის საშუალება, ხოლო ხალხს გააზრებული არჩევანის გაკეთების უფლება. მით უფრო, რომ ყველა დასავლურ სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩაყენება საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა და იმპერატიული ნორმაა“ – ნათქვამია სახალხო კრების განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *