(geotimes.ge) თემურ შაშიაშვილი: უბედურებაა, როცა ხალხი ბელადების ხათრით აკეთებს არჩევანს

ghnარჩევნები – ბედნიერება გერმანიისათვის და უბედურება საქართველოსათვის, – ასე აფასებს პარტია „თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი საქართველოსა და გერმანიაში მოახლოებულ არჩევნებს.
როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნების შედეგები ნათლად ადასტურებს, რომ რაც დრო გადის საქართველოს სახელისუფლებო განწყობა კიდევ უფრო სცილდება ევროპასა და დასავლეთს.

მისი განცხადებით, გერმანიაში ლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალამ პირველად ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და ბუნდესტაგში ვერ მოხვდა. საქართველოში კი მთავარი ლიბერალები – „რესპუბლიკელები” ბიძინა ივანიშვილის შემწეობით განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკას.

„გერმანიაში „ქრისტიან-დემოკრატებმა” ყველაზე მაღალ შედეგებს მიაღწიეს უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში, ანუ პუტინის მეგობრის, ანგელა მერკელის პოლიტიკურმა ძალამ წარმოუდგენლად მაღალი შედეგები აჩვენა არჩევნებზე. გერმანია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა რუსეთთან, ახერხებს იმას, რომ არათუ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები რუსეთთან, არამედ ყველა დონეზე არნახულად უფრთხილდება, რათა არ მოხდეს ამ ურთიერთობების დაძაბვა. ამას აკეთებს ევროპის მთავარი ქვეყანა. ჩვენთან კი ცუდ ტონად ითვლება საუბარი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაზე” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი და აღნიშნავს, რომ გერმანელებს უყვართ თავიანთი ქვეყანა და იციან რუსეთთან ურთიერთობის ფასი. საქართველოში კი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსეთის ლანძღვა-გინებასა და მასთან დაპირისპირებაში.

მისივე მტკიცებით, მსოფლიოს ეშინია გაღიზიანებული რუსეთის, საქართველოს „ნაციონალური” ხელისუფლება კი მიზნად ისახავდა რუსეთის გაღიზიანებას და ამისგან თავისუფალი არც „ქართული ოცნებაა”.

„მსოფლიო შეაზანზარა იმ ფაქტმა, რომ გერმანიაში სამი თვის წინ შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ „ევროსკეპტიკები”, ამ არჩევნებში 5% მიიღო. დემოკრატიიულმა მსოფლიომ არ იცის ერთი ფაქტიც კი, ასეთ მოკლე დროში ასეთი მაღალი შედეგის მიღწევისა და რამდენად დამაფიქრებელია მსოფლიოსათვის, რომ ამას აკეთებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთიანი ევროპის და ერთიანი ევროპული ვალუტის წინააღმდეგ გამოდის. გერმანელი ხალხი პრაგმატულია, ხელისუფლებაც პრაგმატული ჰყავს და შედეგიც საუკეთესო აქვს” – აცხადებს შაშიაშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, ეჭვი არ ეპარება, რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში ქართველი ხალხი ზუსტად იმავე განწყობას დაადასტურებდა, რაც გერმანელებმა საპარლამენტო არჩევნებში გამოხატეს .

„ზუსტად ასე მოხდებოდა ჩვენთანაც: 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდნენ „რესპუბლიკელები”, როგორც ეს მოხდა გერმანიაში გერმანელ ლიბერალებთან დაკავშირებით. განსხვავება იმაშია, რომ გერმანელები არ ირჩევენ ბელადების ხათრით და არც გერმანელი პოლიტიკოსები აყენებენ შეურაცხყოფას საკუთარ ხალხს – თავისუფალნი არიან ბელადომანიისაგან. ჩვენ მუდმივად ვიღაცის, ძირითადში ბელადის ხათრით ვირჩევთ, ეს კი ნიშნავს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას” – მიიჩნევს პარტია „თეთრების” თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, გერმანიაში იმ პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომლებიც უპირველესად საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობენ და აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკა მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.

„საქართველოში „ნაცმოძრაობამ” შექმნა ქვეყნიდან ძირძველი მოსახლეობის გაყვანის და ქვეყანაში არაქართული ცნობიერების მოსახლეობის შემოყვანის ინდუსტრია. არათუ პატარა, დიდი ქვეყანაც ვერ გაუძლებდა საკუთარი მოსახლობის 30%-ის ქვეყნის გარეთ გასვლას და ქვეყანაში არაბული ქვეყნების, ირანის, თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის წარმომადგენელთა ასეთ მასობრივ შემოდინებას. აშკარაა, რომ ხელისუფალთა უაზრო პოლიტიკით საქართველო მძიმე აზიური განწყობის ქვეყანა ხდება უმძიმესი ურბანული პრობლემებით.
ბედნიერებაა გერმანიისათვის, რომ იქ ხალხი არჩევნების დროს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და უბედურებაა საქართველოსათვის, რომ არჩევნების დროს ხალხი ნაცნობ-მეგობრობით და კიდევ უფრო უარესი, ბელადების ხათრით აკეთებს არჩევანს” – აცხდებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *