დამოუკიდებელ საქართველოში „მერე რა“ გაბატონდა, დამარცხებისა და მონობის ფორმულად იქცა

 

ხვალ კი 26 მაისია…

shhhპოლიტიკოსთა რადიკალიზმით დაპირისპირებულ და პარტიულ სამთავროებად დაქუცმაცებულ  საქართველოში „მერე რა ?! “  გაბატონდა, დამარცხებისა და მონობის ფორმულად იქცა.

ჯერ შევარდნაძისა და „მოქკავშირ -აღორძინების“ ათწლიანმა, შემდეგ  მათი იდეური მემკვიდრის, სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მმართველობის ათწლიანმა ეპოქამ  „მერე რა“ ყველა უბედურებათა გამამართლებელ ფორმულად აქცია.  ხალხის დიდი ნაწილი „მერე რა“ – თი ამართლებდა ყველაფერს – პირტიტველა ბიჭების დახოცვით დაწყებული,  ომის დროს  მთავარსარდლის გორში მიწაზე ფორთხვით გაგრძელებული, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ქართულ ცნობიერებასა და ტრადიციაზე  შეტევით დამთავრებული.

„მერე რამ“ დაგვღუპა., ღირსება წაგვართვა, დაგვამშია და დაგვაუძლურა  და სამწუხაროდ, მართლაც რომ სამწუხაროდ, „ნაციონალების“ ეპოქის ეს დამანგრეველი ფორმულა „მერე რა“ კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა „ქართული ოცნების“ ეპოქაში.

სწორედ „მერე რამ“ შეგვაჩვია ხელისუფალთა მაღალ ხელფასებს ხალხის გაღატაკების ფონზე. „მერე რა“ – თი ვხსნით იმასაც, რომ თითქმის მთელი სახელისუფლო ვერტიკალი „თავისუფლების ინსტიტუტიდან“,  სოროსის ფონდიდან და გარედან მართვადი პოლიტიკური ძალებიდან მოდის, სწორედ „მერე რა“ – თი ვამართლებთ მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების აგდებულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას საქართველოსადმი.

იმდენად მოგვწამლეს, რომ ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ეგუება და ამბობს,  „მერე რა“ რომ  აბსოლუტურად ქვეყნის გარედან მართვადი, ძირითადად ანტიქართული განწყობის „რესპუბლიკური პარტია“ იღებს მართვის სადავეებს ქვეყანაში. ტრაგედიაა, რასაც ქართული ჯარის უმაღლეს ეშელონებში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით ვითმენთ. ტრაგედია, სწორედ რომ ტრაგედიაა რომ ისტორიულად მებრძოლი სულის ქართულ ჯარს ჯერ მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალი, დღეს კი ანტიქართული სულის „თავისუფლების ინსტიტუტის“ შემქმნელ-დამფუძნებლები უდგანან სათავეში.

რა უნდა იყოს იმაზე უარესი, როცა არათუ ვპატიობთ მოღალატეობას, ერთი პარტიიდან მეორეში მომთაბარეობას, არამედ ვეგუებით ქვეყანაში იმათ ყოყლოჩინობას, ვინც ჯერ გამსახურდიას უღალატეს და ქვეშევრდომობა შევარდნაძეს გამოუცხადეს, მერე შევადრნაძეს უღალატეს, სააკაშვილს ემონენ, სააკაშვილის დამარცხებაში მონაწილეობაში მონაწილეობა მიიღეს და დღეს ივანიშვილს ეგებიან ფეხქვეშ… და ყველაფერ ამას „მერე რა“ – თი ვამართლებთ.

სწორედ „მერე რა“-ს შედეგი იყო როგორც  2008 წლის აგვისტოს ომი, ასევე  2011 წლის 26 მაისის   სასაკლაო.  ერთიც და მეორეც კარგად გამოიყენა ხელისუფლებაში მოსვლისთვის „ქართულმა ოცნებამ“ და მერე არათუ დაივიწყა, არამედ მათ ავტორებს ყველაფერი აპატია და სწორედ ის ხალხი დაგვსაჯა, ვინც ამ ველურებისა და ველურობის გამო სიკვდილს თვალებში ვუყურეთ.

მწამს და მჯერა, ვიდრე თავს არ დავიხსნით ეროვნული სულის მომაკვდინებელი „მერე რა“ – საგან ვიდრე ვინმეს ვაპატიებთ იმას, რისი პატიებაც არ შეიძლება, ვიდრე კახაბერს ვუწოდებთ იმას, ვინც არ ჰგავს კახაბერსა, ჩვენ მომავალი არ გვექნება.

ქართული განწყობით მოქმედების დროა!

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

25.05.2015წ

„მერე რა…“ დამარცხებისა და მონობის ფორმულა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *