(ასავალ-დასავალი) თეიმურაზ შაშიაშვილი: ამაზე მეტი სეპარატიზმი გინახავთ?!

განსხვავებული პოზიცია, რასაც სხვები ხმამაღლა ვერ, ან  არ  ამბობენ 

 

 პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელზეც დღეს ამდენს ლაპარაკობენ,  არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, აირჩიოს და არჩეულ იქნას  – ეს ფაქტია. იგი გამორიცხავს დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის არსებობას, ანუ თუ პარტიულ სიაში ვერ შეხვალ, ისე კენჭს ვერ იყრი. ეს თავისთავად,  ქვეყნისთვის საჭირო ბევრ ადამიანს უკარგავს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. არ ჩაეწერება პარტიულ სიაში, ეს მისთვის ღირსების შელახვაა, რადგან სახეზე გვაქვს, რომ პოლიტიკურ პარტიებში დღეს ზნეობის დეფიციტია და ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებლობა.

პროპორციული არჩევნების ყველაზე საშინელი შედეგი შეიძლება იყოს პარტიების შექმნა რეგიონების მიხედვით და პარტიების შექმნა ეროვნული პრინციპით. ასლან აბაშიძის „აღორძინებით“  გაღიზიანებული არაერთი იმერელი (მათ შორის ერთ-ერთი, ვინც გავრილოვს თავს დაესხა), მთხოვდა დაგვეფუძნებია პარტია იმერეთში ცენტრით – ქუთაისში. ამაზე მეტი სეპარატიზმი გინახავთ?! ამ სეპარატისტული განწყობის გაძლიერებას იძლევა სწორედ პროპორციული სისტემა. მეტიც, საქართველო იცლება ქართველებისგან, უამრავი შემოვიდა ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც არ არის გამორიცხული, რომ თავიანთი მზაკვრული მიზნები ჰქონდეთ.

ვინმე აცნობიერებს დღეს, რომ შესაძლოა შენიღბული წესით შეიქმნას პარტიები რელიგიური და ეროვნული პრინციპით?! გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტსა და ზოგადად,ხელისუფლებაში, ქართველზე მეტი სხვა ეროვნებები იქნებიან.

გაიხსენეთ მე-20 საუკუნის დასაწყისი, ვის ხელში იყო თბილისი და საქართველოს არაერთი რეგიონი.

გარე ძალებს აწყობთ დასუსტებული ამიერკავკასია, უპირველესად,  მასში შემავალ სახელმწიფოთა დასუსტებით. ჩვენ  გვჭირდება გლობალური და ეროვნული აზროვნების ერთმანეთტან დაკავშირება და არა დაპირისპირება. მე არ ვამბობ იმას, რომ ამას მაჟორიტარული არჩევრები სრულად უზრუნველყოფს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ პროპორციული არჩევნები  მხოლოდ სირთულეებს შექმნის. იქნებ, ჩვენ  სწორედ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა გვაწყობს, რომ მეტად შევებრძოლოთ ჭილ-ყვავებივით გამრავლებულ დესტრუქციულ ძალებს.

ეს რომ ასეა, კარგად იციან მიტინგის მოყვარულმა პოლიტიკოსებმა,მაგრამ თუ იმას არ გააკეთებენ  რასაც აკეთებენ, ანუ თუ დესტრუქციულები არ იქნებიან, დაფინანსებას ვერ მიიღებენ იმათგან, ვინც ამას უკვეთავს და ვისაც აწყობს ის, რაც დღეს ხდება საქართველოში..

პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე ვამბობ:ეს მიტინგი დღეს აწყობს რუსეთს.. ნახეთ ჩვენთან „რუსეთი ოკუპანტია“  ძახილის ფონზე,  მისი ორი  ძლიერი საერთაშორისო გამარჯვება, მხარდაჭერილი ჩვენი მეგობრების მიერ, იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც სიტყვით  მეგობრობას გვიმტკიცებენ და გვეფიცებიან,  რუსეთი დაბრუნდა ევროპარლამენტში  და აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა,  შედგა და წარმატებულის აღიარებაც მიიღო.    გულწრფელად გამიკვირდა ერთიც და მეორეც,  მით უფრო რომ ეს ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს.  მეტიც,  პრესაში დასახელდა სახელმწიფოები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. როგორც ჩანს, საქართველო საერთოდ არ ყოფილა მათი საუბრის დღის წესრიგში. 

ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველაზე მეტად აკრიტიკებდა და დღესაც აკრიტიკებს რუსეთს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, ყველა სტრატეგიული  ობიექტი რუსეთის ხელში აღმოჩნდა და კაგებე-ს გენერალ გენერალოვის ხელისბიჭი ნაყოფია არა მარტო ამ მთავარ სიმდიდრეთა მფლობელია, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის მთავარი დამფინანსებელია, მეტიც, სწორედ მისი ოჯახი ფლობს რუსეთის ყველაზე მეტად მლანძღავ მაგინებელ „რუსთავი 2“ -ს აქციების საკონტროლო პაკეტს. და ამ დროს ,   რუსეთში გამდიდრებული და რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში მყოფი რუსთავი 2, დემოკრატიის შუქურად სწორედ რუსეთის ლანძღვის გამოა აღიარებული.

იმაზეც დავფიქრდეთ, ვინც გამსახურდიას რიგებში რუსეთის მიმართ უსასტიკეს სიტყვებს გამოიყენებდა, უმეტესობას დღეს რუსეთის ხეისუფლებისგან მხარდაჭერილი ბიზნესი აქვს რუსეთში.

არ გვაფიქრებს, რომ ძმები ბერძენიშვილები გამსახურდიას ეძახდნენ კაგებეს აგენტს,    რუსეთიდან ჩამოსულ მილიარდერთან  კომფორტულად გრძნობდნენ თავს ერთ პარტიაში და როცა ივანიშვილმა ისინი საარჩევნო სიაში აღარ შეიყვანა, უკვე მათთვის ივანიშვილია რუსეთის აგენტი.

ან არ გვაფიქრებს ის, რომ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი და დღეს უკვე ამ პარტიის თავმჯდომარე იყო პიროვნება, რომლის მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე რუსეთთანაა დაკავშირებული და დიპლომატიურ და სამხედრო ვერტიკალში ისეთი პოსტები ეჭირა,რომ ეს კაგებესთან თანამშრომლობის გარეშე, წარმოუდგენელია. მით უფრო, მისი პირველი მეუღლე ჯერ კიდევ კომუნისტური რუსეთის სახელისუფლებო კარის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბანკირის ოჯახიდან იყო.

ხალხს, პრაქტიკულად არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია. რამდენიმე ტელევიზიის მიერ ზომბირებულია ქართული საზოგადოება და აშკარაა, რომ რაც მეტია ტელევიზია და გაზეთი, მით უფრო დააბნიეს ხალხი და დაიკარგა სიმართლე.

მე დღეს სინანულით  ვამბობ, რომ გულწრფელად ვიდექი  2011 წლის 26 მაისს მიტინგზე და დღეს, როცა ვაცნობიერებ,  თურმე რა ხდებოდა მიტინგს მიღმა, მომავალში არავის , არც მტერსა დ ა არც მოყვარეს    არ ვუსურვებ მიტინგზე დგომასა და მიტინგთან კავშირს, რადგან  მიტინგი არის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დაკანონება.რომელ ქვეყანაში არ იქნებოდა დღეს დაპატიმრებული ის,ვინც საჯაროდ თქვა:”24 საათში დავამხობთ ამ ხელისუფლებასო”,ან ვინც პარლამენტში შეჭრის მოწოდება გააკეთა,რასაც ხელისუფლების სისასტიკე მოჰყვა და არაერთი ჩვენი თანამემამულე დასახიჩრდა. .

ამ დღეებში  უამრავმა ადამიანმა  მომმართა  კონტრაქციის, ანუ საპირისპირო მიტინგის ჩატარების თაობაზე. ოდნავაც არ ვეჭვობ, რომ აქ გაცილებით მეტი , რამდენჯერმე მეტი ადამიანი შეიკრიბება, მაგრამ ეს სიმშვიდეს კი არ მოიტანს, არამედ დაძაბულობას  – სამოქალაქო ომამდე მიიყვანს.  ეს უნდა გაცნობიერდეს დღევანდელ მომიტინგეებშიცდა კონტრმიტინგის მსურველთა შორისაც.  მე პირადად იმ ადამიანებთან ვდევარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი,  რომელთაც მიტინგი კი არა, ქვეყნის მომავალი აინტერესებს.

 კიდევ ერთხელ  გამოკვეთილად ვამბობ:  მიტინგი არის დიქტატურის, გზა,გულწრფელი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გზაყალბი ბელადების შექმნის გზა… ხელისუფლებაში ქუჩის პოლიტიკოსების მოყვანის გზა, მიტინგებით მოჰყავთ და მიტინგებით ამხობენ მოყვანილს...ასე გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას, შემდეგ ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს.ასე უკეთებენ ბიძინა ივანიშვილს. უამრავი ვიცი, ვინც საჯაროდ თუ პირად საუბრებში ინანიებს ხელისუფლებების დამხობებში მონაწილეობას.

მიტინგების ასე მომძლავრების მიზეზი  ისიცაა  რომ სამწუხაროდ,  ხელისუფლებას დესტრუქციულთან ომი და კამათი ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლები ხელისუფლებას სთხოვენ შეხვედრას და დიალოგს – პასუხი არ არის. დადგა საკითხი მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილიყო დიასპორის საბჭო, პასუხი არ არის. ახალგაზრდები ითხოვენ, პრემიერ მინისტრთან ახალგაზრდობის საბჭოს შექმნას – პასუხი არ არის. ამ დროს, ხელისუფლების მაღალი ჩინები ბ-ნი ივანიშვილის ჩათვლით შეხვედრებსა და დიალოგზე იწვევენ დესტრუქციულ პლიტიკოსებს.

სამწუხაროა, რომ ჩემი ეს პოზიცია ვერ მიდის საზოგადოების დიდ  ნაწილამდე , რადგან ის მიუღებელია როგორც ხელისუფლებისთვის და მისი მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებისთვის, ასევე   ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებისთვის. საქართველოში კი თავისუფალი ტელევიზია პრაქტიკულად არ არსებობს და საინფორმაციო სივრცეში ცოტა დარჩა მართალი და მიუკერძოებელი გაზეთი.

ვიცი ბევრი არ გაიზიარებს ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას, მაგრამ მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს.  

გამოქვეყნებულია გაზეთ “ასავალ-დასავალის” 1 ივლისის ნომერში

იხ. თემურ შაშიაშვილის წერილი სრულად:განსხვავებული პოზიცია, რასაც სხვები ხმამაღლა ვერ, ან  არ  ამბობენ და რომელსაც ხიშტით შეხვდებიან მიტინგების მოყვარული პოლიტიკოსები

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *