განსხვავებული პოზიცია, რასაც სხვები ხმამაღლა ვერ, ან  არ  ამბობენ და რომელსაც ხიშტით შეხვდებიან მიტინგების მოყვარული პოლიტიკოსები

ნამდვილი და ქართული სულის  პოლიტიკოსისთვის მიუღებელია  მიტინგებით ქვეყნის მართვა  - ეს ყალბ,  გაკოტრებულ და  სოროსის სკოლაგავლილ პოლიტიკოსთა გზაა!

 

კაცობრიობამ იცის მასობრივი პროტესტის გამოხატვით გამარჯვებული, მაგრამ არ იცის მიტინგებით კრიზისიდან გამოყვანილი ქვეყნები.  კაცობრიობამ იცის, რომ მიტინგი არის  პროტესტის ყველაზე  მდაბიო ფორმა დღევანდელი მსოფლიოსათვის არაცივილიზებული და სრულიად მიუღებელი. კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს, რომ  მიტინგი არის უმცირესობის აზრის მოხვევა  უმრავლესობის სწორი  აზრის დასათრგუნად

 კარგად გავიხსენოთ და გავაანალიზოთ, თუ რატომ ლაპარაკობენ ყოველ მიტინგზე მთელი საქართველოს სახელით და რატომ ამტკიცებენ ყოველ მიტინგზე, რომ მიტინგი არ ემსახურება რომელიმე პარტიის და  მით უფრო, რომელიმე ე.წ. ბელადის ინტერესებს.

დიდი ანალიზი არ არის საჭირო დარწმუნდე იმაში, რომ ყოველი მიტინგი სწორედ იმის საწინააღმდეგოა, რასაც მისი ორგანიზატორები ხალხს და საზოგადოებას უმტკიცებენ და ამის ტირაჟირება ხდება ფულზე გაყიდული ტელევიზიების საშუალებით.

საქართველოს ნგრევა დაიწყო მაშინ, როცა მიტინგებმა საერთო-სახალხო რეფერენდუმის ფუნქცია აიღეს. არადა, აშკარად და პირდაპირ ჩანს, რა გადაწყვეტილებასაც ხალხის სახელით აცხადებენ მიტინგზე, სრულიად სხვაა, ვიდრე ამას რეალური რეფერენდუმი დაადგენდა.

რეფერენდუმი  რომ  ჩატარებულიყო, დღეს საქართველოში  საპარლამენტო კი არა, ის საპრეზიდენტო მმართველობა იქნებოდა, რომელიც ნამდვილად ეროვნულმა და დამოუკიდებლობის აღმდგენმა პარლამენტმა  მიიღო, და არა ის, რომელიც ჩუმად, მიტინგების განწყობით შეცვალეს  ჯერ „ნაციონალებმა“ და მერე „ქართულმა ოცნებამ“. რეფერენდუმით რომ მიგვეღო საქართველოს კონსტიტუცია, დღეს გვექნებოდა ხალხის ინტერესების დამცველი და გამომხატველი და არა ზეპარტიული კონსტიტუცია, რომლის გაგრძელებაა ის, რაც დღეს არსებული კონსტიტუციის მიღების შემდგომ ხდება ქვეყანაში.

დღეს  რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს დაუჭერს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების  გაუქმებას, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას და ხალხისთვის, მის  მიერვე არჩეული დეპუტატისთვის გაწვევის უფლების მინიჭებას,  პარტიების კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად დაყოფის გაუქმებას, წინააღმდეგი იქნება რუსეთის ასეთი ლანძღვა-გინების, არა იმიტომ რომ რუსეთს თანაუგრძნობს, არამედ იმიტომ რომ საქართველო უყვარს, ქვეყნის მომავალზე ფიქრობს და იცის, რუსეთის ასეთი ლანძღვა-გაღიზიანება  საზიანოა ჩვენი სამშობლოსთვის, ეს აწყობს რუსეთის ხელისუფლებას – აძლევს მას ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების საბაბს… ეს იცის მთელმა მსოფლიომ და ამიტომაა, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი ყოველი ხელისუფლება და ოპოზიცია სიფრთხილით და უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდება რუსეთთან ურთიერთობას.  ჩვენი უპასუხისმგებლობის შედეგი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, მეტიც, მოაზროვნე საზოგადოებამ იცის, რომ თუ ასე გაგრძელდა,  საბოლოოდ  დავემშვიდობოთ სოხუმსა და ცხინვალს, კიდევ უარესი, 2-3 წელიწადში, შესაძლოა ისევ დავკარგოთ ტერიტორიების 20-30 პროცენტი.

აქ განსაკუთრებულად მინდა შევეხო პროპორციული არჩევნების სისტემას. ეს სისტემა რომ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, აირჩიოს და არჩეულ იქნას – ეს ფაქტია. პროპორციული საარჩევნო სისტემა გამორიცხავს დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის არსებობას, ანუ თუ პარტიულ სიაში ვერ შეხვალ, ისე კენჭს ვერ იყრი. ეს თავისთავად,  ქვეყნისთვის საჭირო ბევრ ადამიანს უკარგავს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. არ ჩაეწერება პარტიულ სიაში. ეს მისთვის ღირსების შელახვაა რადგან სახეზე გვაქვს, რომ   პოლიტიკურ პარტიებში დღეს ზნეობის დეფიციტია და ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებლობა.

ვინმეს წარმოუდგენია, პროპორციული არჩევნები და ტერიტორიული მთლიანობა? აქვს გააზრებული ეს საკითხი? იცის, როგორი იქნება სოხუმისა და ცხინვალის დამოკიდებულება? დღეს ჩემთვის უკვე ცნობილია, როგორც სეპარატისტულად მომართული  აფხაზების, ასევე საქართველოსადმი კეთილგანწყობილთა აზრი. პირველს ეს უხარია, იცის, რომ საქართველოსადმი კეთილგანწყობილიც აფხაზებიც კი ხვდებიან, რომ  პროპორციული არჩევნების საქართველოში აფხაზეთის ადგილი არ არის. ასეთივეა ოსების დამოკიდებულებაც.

გვიფიქრია კი იმაზე, თუ რატომ არის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში (კიდევ რომელი ქვეყნების მაგალითი გინდათ ან სიდიდით, ან დემოკრატიით, ან პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით), რატომ არის მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები? პირდაპირ გეტყვით: იმიტომ, რომ ამერიკა შედგება შტატებისგან, დიდი ბრიტანეთიც და საფრანგეთიც მსგავსი სახელმწიფოებია. ანუ რომ გავაგრძელო, პროპორციული არჩევნები ძირითადად იმ ქვეყნებშია, სადაც ტერიტორიული მოწყობის სირთულეები არ არის, არ აქვთ  სეპარატიზმის ნაღმი ტერიტორიულ მოწყობაში. ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც ერთი პრობლემა ჰქონდათ –  რუსი ეროვნების წარმომადგენელთა სიმრავლე და ეს დაძლიეს იმ კანონით, რომელიც ამ ქვეყნების მოქალაქეობას უკრძალავს ნებისმიერს, ვინც არ იცის იმ სახელმწიფოს ენა, რომელშიც ცხოვრობს.  განა ვინმეს გაუაზრებია ჩვენი ისტორიული წარსულის სეპარატისტული დინებები?

როპორციული არჩევნების ყველაზე საშინელი შედეგი შეიძლება იყო პარტიების შექმნა რეგიონების მიხედვით და პარტიების შექმნა ეროვნული პრინციპით, კიდევ უფრო უარესი, პარტიების შექმნა რელიგიური პრინციპით. აქ გვეტყვიან, რომ პარტიას საქართველოს ყველა რეგიონში უნდა ჰქონდეს ოფისი, და რა პრობლემაა ეს? ამის რეალური სიმწარე ნახა უკვე საქართველომ. ასლან აბაშიძის „აღორძინებით“  გაღიზიანებული არაერთი იმერელი (მათ შორის ერთ-ერთი, ვინც გავრილოვს თავს დაესხა), მთხოვდა დაგვეფუძნებინა პარტია იმერეთში ცენტრით – ქუთაისში და საქართველოს ყველა ქალაქში შეგვექმნა 5-10 კაციანი დანაყოფი.

ამაზე მეტი სეპარატიზმი გინახავთ?!

ამ სეპარატისტული განწყობის გაძლიერებას იძლევა სწორედ პროპორციული სისტემა. მეტიც, საქართველო იცლება ქართველებისგან, სამაგიეროდ, უამრავი შემოვიდა ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც, არ არის გამორიცხული, რომ თავიანთი მზაკვრული მიზნები ჰქონდეთ. ვინმე აცნობიერებს დღეს, რომ შესაძლოა შენიღბული წესით შეიქმნას პარტიები რელიგიური და ეროვნული პრინციპით?! გარწმუნებთ, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტსა და, ზოგადად, ხელისუფლებაში, ქართველზე მეტი სხვა ეროვნებები იქნებიან.

გაიხსენეთ მე-20 საუკუნის დასაწყისი, ვის ხელში იყო თბილისი და საქართველოს არაერთი რეგიონი. საერთოდ, ვაცნობიერებთ კი, რომ კავკასია დღეს მთელი მსოფლიოს დაინტერესების ცენტრია   და საქართველო დღეს ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონდომებით, ყველაზე დესტრუქციულ როლს ასრულებს კავკასიის ერთიანობის საქმეში, მაშინ როცა დღევანდელობა საპირისპიროს ითხოვს. ანუ საქართველომ უნდა შეასრულოს, (შეუძლია კიდეც) ყველაზე კონსტრუქციული როლი კავკასიის შეკვრის თვალსაზრისით. გარე ძალებს აწყობთ დასუსტებული ამიერკავკასია, უპირველესად,  მასში შემავალ სახელმწიფოთა დასუსტებით. ჩვენ  გვჭირდება გლობალური და ეროვნული აზროვნების ერთმანეთთან დაკავშირება და არა დაპირისპირება. მე არ ვამბობ იმას, რომ ამას მაჟორიტარული არჩევრები სრულად უზრუნველყოფს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ პროპორციული არჩევნები  მხოლოდ სირთულეებს შექმნის. იქნებ, ჩვენ  სწორედ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა გვაწყობს, რომ მეტად შევებრძოლოთ ჭილ-ყვავებივით გამრავლებულ დესტრუქციულ ძალებს.

ეს რომ ასეა, კარგად იციან მიტინგის მოყვარულმა პოლიტიკოსებმა,მაგრამ თუ მას არ გააკეთებენ,  რასაც აკეთებენ, ანუ თუ დესტრუქციულები არ იქნებიან, დაფინანსებას ვერ მიიღებენ იმათგან, ვინც ამას უკვეთავს და ვისაც აწყობს ის, რაც დღეს ხდება საქართველოში..

საუბარია სოროსსა და მასონურ წრეებზ, რომელთათვისა აუტანელია ცივლიზაციის სათავეებიდან მომავალი, ტრადიციებისა და რელიგიისადმი  პატივისცემელი ქვეყნები (ისინი განსაკუთრებულად ებრძვიან მართლმადიდებლობას) მათ  საქართველოს ძლიერება კა არ აინტერესებთ, არამედ მისი დამონება და გამოყენება, როგორც მართლმადიდებლობის, ქართული ცნობიერების, რაც მთავარია, რუსეთის წინააღმდეგ..

პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე ვამბობ:ეს მიტინგი დღეს აწყობს რუსეთს.. ნახეთ ჩვენთან „რუსეთი ოკუპანტია“ – ს  ძახილის ფონზე,  მისი ორი  ძლიერი საერთაშორისო გამარჯვება, მხარდაჭერილი იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც სიტყვით  მეგობრობას გვიმტკიცებენ და გვეფიცებიან,  რუსეთი დაბრუნდა ევროპარლამენტში  და აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა,  შედგა და აღიარებაც მიიღო.    გულწრფელად გამიკვირდა ერთიც და მეორეც,  მით უფრო რომ ეს ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს.  მეტიც,  პრესაში დასახელდა სახელმწიფოები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. როგორც ჩანს, საქართველო საერთოდ არ ყოფილა მათი საუბრის დღის წესრიგში.

კარგად დავაკვირდეთ და სერიოზული ანალიზი გავაკეთოთ რუსეთის ევროპარლამენტში დაბრუნების კენჭისყრისა, მე ბევრმა რამემ შემაშინა და ჩემთვის რუსთაველზე მიმდინარე მიტინგის არაერთი მოთხოვნა გახადა ნათელი.  ღმერთმა ქნას,მე ვცდებოდე.

 კიდევ ერთხელ  და მეტი დარწმუნებით ვამბობ: ყველაფერი ის, რაც ჩვენთან ხდება რომ  რუსეთს აწყობს, ამას მიტინგების სულისკვეთებაც ადასტურებს  და ისიც,რომ  მთავარ ფიგურათა  შორის ვხედავ არაერთს, რომელთაც არასდროს ქართული საქმე არ უკეთებიათ, რუსულისთვის კი სახედამალულად  ბეჭი აქვთ შედგმული. ვხედავ ე.წ.პოლიტიკოსს, პარტიის თავმჯდომარეს,  რომელიც 2011 წლის მაისში ,ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოში შემოსაჭრელი რაზმების მომზადებას ხელმძღვანელობდა და რომ „სახალხო კრებას“ მიგვეღო გადაწყვეტილება ავლაბარში მათ მიერ დანიშნულ მიტინგთან მიერთებისა, რუსეთის სპეცსამსახურებით შეიარაღებულ-გამაგრებული ეს რაზმები საქართველოს წალეკავდნენ.

დღეს დამაფიქრებლად ვიხსენებ იტალიის ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის (მასში რომიც შედის),  ლაციოს პრეზიდენტის სიტყვებს,  ვენეციაში ევროპის რეგიონთა ასამბლეის საბჭოს სხდომაზე, ჩემ მიერ რუსეთის უმკაცრესი კრიტიკის შემდეგ რომ მითხრა: „არ დაიღალეთ, თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით“ დააკვირდით,  რუსეთის უმკაცრესი კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებად ჩამითვალა. მეტიც, მითხრა: სერიოზული პოლიტიკოსი მეგონეო. ადრეც და მით უფრო ამ იტალიური გაკვეთილის შემდგომ, ეჭვით ვუყურებ ყველას, ვინც რუსეთს ლანძღვა-გინებით აღიზიანებს და რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ისინი საქართველოს ებრძვიან  და რუსულ  საქმეს აკეთებენ საქართველოში.

 ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველაზე მეტად აკრიტიკებდა და დღესაც აკრიტიკებს რუსეთს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, ყველა სტრატეგიული  ობიექტი რუსეთის ხელში აღმოჩნდა და „კაგებე“-ს გენერალ გენერალოვის ხელისბიჭი ნაყოფია არა მარტო ამ მთავარ სიმდიდრეთა მფლობელია, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის მთავარი დამფინანსებელი, მეტიც, სწორედ მისი ოჯახი ფლობს რუსეთის ყველაზე მეტად მლანძღავ-მაგინებელ „რუსთავი 2“ -ს აქციების საკონტროლო პაკეტს,  და ამ დროს ,   რუსეთში გამდიდრებული და რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში მყოფი „რუსთავი -2“, დემოკრატიის შუქურად სწორედ რუსეთის ლანძღვის გამოა აღიარებული. მე არ მახსოვს ჯერ დასავლური  სახელმწიფოთა მიერ  პროტესტი იმ ბილწსიტყვაობისა და კანიბალური განცხადებების  გამო, რომლითაც გამორჩეულია „რუსთავი 2“-ს  დირექტორი, ვის მიმართაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ასაღებენ.

კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ. დავფიქრდეთ, ვინც გამსახურდიას რიგებში რუსეთის მიმართ უსასტიკეს სიტყვებს გამოიყენებდა, უმეტესობას დღეს რუსეთის ხეისუფლებისგან მხარდაჭერილი ბიზნესი აქვს რუსეთში.

არ გვაფიქრებს, რომ ძმები ბერძენიშვილები გამსახურდიას ეძახდნენ „კაგებე“-ს აგენტს,   რუსეთიდან ჩამოსულ მილიარდერთან  კომფორტულად გრძნობდნენ თავს ერთ პარტიაში და როცა ივანიშვილმა ისინი საარჩევნო სიაში აღარ შეიყვანა, უკვე მათთვის ივანიშვილია რუსეთის აგენტი.

ან არ გვაფიქრებს ის, რომ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი და დღეს უკვე ამ პარტიის თავმჯდომარე იყო პიროვნება, რომლის მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე რუსეთთანაა დაკავშირებული და დიპლომატიურ და სამხედრო ვერტიკალში ისეთი პოსტები ეჭირა,რომ ეს „კაგებე“ -სთან თანამშრომლობის გარეშე, წარმოუდგენელია. მით უფრო, მისი პირველი მეუღლე ჯერ კიდევ კომუნისტური რუსეთის სახელისუფლებო კარის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბანკირის ოჯახიდან იყო.

ხალხს, პრაქტიკულად არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია. რამდენიმე ტელევიზიის მიერ ზომბირებულია ქართული საზოგადოება და აშკარაა, რომ რაც მეტია ტელევიზია და გაზეთი, მით უფრო დააბნიეს ხალხი და დაიკარგა სიმართლე.

ე დღეს სინანულით  ვამბობ, რომ გულწრფელად ვიდექი  2011 წლის 26 მაისს მიტინგზე და დღეს, როცა ვაცნობიერებ,  თურმე რა ხდებოდა მიტინგს მიღმა, მომავალში არავის , არც მტერსა და არც მოყვარეს  არ ვუსურვებ მიტინგზე დგომასა და მიტინგთან კავშირს საერთოდ. მით უფრო, სწორედ იმ პიროვნებებს ვხედავ მიტნგზე,  უკვე პოლიტიკოსთა და პარტიათა თავმჯდომარეების რანგში,  რომლებიც იმ მზაკვრულ  პროგრამას ედგნენ  შემსრულებლებად  2011 წლის  26 მაისისთვის და რომ არა დიდი ქალბატონის – ნონა გაფრინდაშვილის და „სახალხო კრების“ მთავარი საბჭოს ეროვნული განწყობა, ძნელი წარმოსადგენია, მოვლენები  როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო, მით უფრო,  რომ  მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება იყო, რაც მან უკვე დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დღეებში.

ვიმეორებ, მიტინგი არ არის ის, რასაც მიტინგზე გამომსვლელები საუბრობენ. ეს ის ნაწილია, რომელიც ხალხს მოსწონს. მაგრამ ხალხმა არ იცის, რომ მიტინგი არის ის, რაც მის კულუარებში ხდება. და სწორედ ის, რაც მიტინგის კულუარებში ხდება, არის მზაკვრული, გარედან დაკვეთილი, უკვე კარგად გამოწვრთნილი სპეცების შესრულებით.  არასრული ინფორმაციით, რევოლუციების მოწყობის სპეციალური სწავლება საქართველოდან 2000 – ზე მეტ კაცს აქვს გავლილი. ეს ხალხი უარესია, ვიდრე ყბადაღებული „კაგებე“ – ს აგენტი.  ორთავე ერთად და კიდევ უამრავი სხვა ქვეყნის  სპეცსამსახურებთან ერთად – ეს დამანგრეველი ძალაა. მით უფრო, რომ მათ ფულის და დაფინანსების პრობლემა არ აქვთ. ეს კარგად სჩანს იმის  მაგალითზე, რა ფული იხარჯება მიტინგებზე და რა ფული ილექება მიტინგების ორგანიზატორთა ჯიბეებში.

ეს დიდი თემაა. მინდა გავიხსენო 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ , რომელიც არნახულად დააფინანსეს სოროსმა და მასონურმა წრეებმა. ეს ყველაფერი გამჟღავნდა , მაგრამ ბევრი რამ ხალხამდე არ მივიდა. ზოგიერთი რამ კი, ხალხს დაავიწყდა. ერთს ხომ ყველანი ვხედავთ: ერთი სახელმწიფო მიწებს გვართმევს, მეორე სახელმწიფოდან დიდი ნაწილის ინტერესებიდან გამომდინარე , ე.წ. ულტრალიბერალული, ხაზს ვუსვამ, ულტრალიბერალური, ანუ დამახინჯებული ლიბერალური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, ქართულ ცნობიერებას ანგრევს, ქართულ სულს ართმევს ხალხს და ქვეყანას.

2003 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები დიდი  ნიშანსვეტი გახდა, გაასმაგებული მასშტაბები მიეღო საქართველოში ბინძურ პოლიტიკას. იმ არჩევნებმა პრაქტიკულად, უარი უთხრა „მოქკავშირსა“ და მის ნაგლეჯებს, ამოცანა იყო რევოლუციის გზით ულტრალიბერალებისგამარჯვება. ეს ფუნქცია შეასრულა 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ .

პარალელი დღევანდელთან: დიდი ანალიზი არ არის საჭირო იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ხალხს არც „ქოცები უნდა და არც  ნაცები.  სწორედ  ეს არის შემაშფოთებელი  მათი გარე პატრონებისთვის. აქედან იკვეთება მიმდინარე პროცესების მიზანი: საქართველოში საერთოდ დასამარდეს ეროვნული განწყობა, დასრულდეს ეროვნული სულისკვეთების პოლიტიკოსები, ვისაც მოისყიდიან და გადაიყვანენ თავიანთ ბანაკში, მათ სასათბურე პირობებს შეუქმნიან, დანარჩენები განწირულია პოლიტიკური ტყვიისთვის. ამიტომ ასრულებს ეს მიტინგი პოლიტიკური ტანკის როლს . ჩემთვის სასაცილოა საუბარი იმ მოთხოვნებზე, რომელიც ჰქონდათ მომიტინგეებს და დარჩათ გახარიას  გადადგომა. ყველაფერი რომ ისეთი გულწრფელი იყოს, როგორი გულწრფელობითაც მომიტინგეთა 90% დგას ქუჩაში, ისეთვე გულწრფელობა რომ იყოს მიტინგის კულისებსა და კულუარებში, გახარია მოსახსნელია (და არა უნდა გადადგეს), ისევე როგორც დასაჭერია  ის პოლიტიკოსები, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებები გააკეთეს.  და, გადასაწყვეტია მთავარი: ბიძინა ივანიშვილი რეალურად წავიდეს პოლიტიკიდან. მისი პოლიტიკაში ყოფნა მასაც ვნებს და ქვეყანასაც.

მაგრამ დღეს ამისი დრო აღარ არის. დღეს იმის დროა, რომ გონება დავაბრუნოთ ქვეყანაში და გავაკეთოთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე მსოფლიო პროცესების სერიოზული, მასშტაბური, მართლაც, მეცნიერული ანალიზი.  ჩვენ დღეს ჰაერივით გვჭირდება კარდინალური ცვლილებები როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. და რაც მთავარია, შესაცვლელია ქვეყნის მართვის სტილი.

როგორ ვიმოქმედოთ?

პოლიტიკა არის ის, რომ შენი ქვეყანა არ აქციო ზესახელმწიფოების დაპირისპირების ცენტრად.  მიტინგებზე სწორედ ეს ხდება:   არ გვაქვს  მეცნიერების და ეროვნულ მოღვაწეთა მიერ ჩამოყალიბებული, შემდგომ, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის იქნებოდა  იმის ნიშანსვეტი, თუ  რას ნიშნავს ქართული ინტერესი.  რომ ჩვენ ყველა სახელმწიფოსთან ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ სფეროსა და იმ მიმართულებებში, რომელიც ემთხვევა ქართულ ინტერესს. ჩვენ არც ის გვაქვს , როგორ არ ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების  ცენტრად.  დიდი განათლება და დიპლომატია არ უნდა ერთის ლანძღვას მეორის სასარგებლოდ. ეს პრიმიტიული პოლიტიკაა და რაც დრო გადის, პრიმიტივიზმი ქართულ პოლიტიკაში ძლიერდება.  ქვეყნის პოლიტიკას დღეს ე.წ. ულტრალიბერალები და ულტრანაციონალისტები წარმართავენ. პირველის უკან დასავლეთის სოროსულ-მასონური წრეები და მეორის უკან – რუსული შვინისტური ძალები დგანან. ერთიც მაგრად ფინანსდება და მეორეც. ქვეყანაზე კი არა, საკუთარ სკამსა და ძალაუფლებაზე ფიქრობენ ისინი, ვინც ფეხქვეშ დასავლეთსა და ამერიკას ეგებიან  და ისინიც, ვინც გადარჩენას რუსეთში ხედავენ.

საქართველოს მომავალი სწორედ  ქართულ ინტერესშია , საქართველოშია  და არა რუსეთსადა ამერიკაში… იმაშია, რომ ვიმოქმედოთ გონებით, დახვეწილი დიპლომატიით, არავინ არ გავაღიზიანოთ,  არც არავის გავეგოთ ფეხქვეშ, მაგრამ მეგობრობა და ნორმალური ურთიერთობა შევძლოთ მთელ სამყაროსთან.  ეს შესაძლებელია , თუ ღვთითბოძებულ  ჩვენს  გეოგრაფიულ მდგომარეობას ვაქცევთ პოლიტიკად. ეს შეუძლია არა ემოციას და აგრესიას, რომელიც ტრადიციულად მოდის მიტინგებიდან, არამედ გონების პოლიტიკას,  მეცნიერებას , მოსახლეობასთან გულწრფელი დიალოგის სისტემას. ეს შეუძლიათ იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ  რაც რუსთაველმა გვითხრაგველსა  ხვრელით ამოიყვანს,ენა ტკბილად მოუბარი.

 კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი: მიტინგი არის ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დაკანონება.რომელ ქვეყანაში არ იქნებოდა დღეს დაპატიმრებული ის,ვინც საჯაროდ თქვა:”24 საათში დავამხობთ ამ ხელისუფლებასო”,ან ვინც პარლამენტში შეჭრის მოწოდება გააკეთა,რასაც ხელისუფლების სისასტიკე მოჰყვა და არაერთი ჩვენი თანამემამულე დასახიჩრდა.

ძალადობას მოჰყვა ძალადობა. პოლიტიკოსი არის ის, რომელიც ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამ დღეებში ჩვენ გვაქვს ორმხრივი ძალადობა. ძალადობა, წარმოქმნილი პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შედეგად  და ძალადობა, წარმოქმნილი ხელისუფალთა არასწორი გადაწყვეტილებებიდან.  ხელისუფლება არ აღიარებს თავის ძალადობას და ოპოზიცია – თავისას. სახეზე ორთავეა. ქუჩაში შეკრებილი ხალხი  შეგნებულად თუ შეუგნებლად, მხოლოდ სახელისუფლებო ძალადობას ებრძვის და იცავს მოძალადე პოლიტიკოსებს. ეს არც სამართლიანობაა და არც სახელმწიფოს შექმნის გზა.  ეს ქვეყნის ნგრევის გზაა.  ეს ყველაფერი უპირველესად  იმ ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, ვინც არც ძალადობას უჭერენ მხარს და არც ამ ძალადობის ფსიქოლოგიით მომართულ მიტინგებში მონაწილეობენ.

ჩემი პოზიცია კატეგორიულია: პარტია, რომელიც  მოძალადეა, უნდა აიკრძალოს! 

მოძალადეობის კლასიკური ნიმუშები ვნახეთ 7 ნოემბერს და 26 მაისს – ეს ნაცმოძრაობას უკავშირდება, მოძალადეობის კლასიკური ნიშანია ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ორთავე მხარეს მოძალადეები დგანან. „ნაცმოძრაობაც“ და ‘ქართული ოცნებაც“ დღეს ხალხის თვალში ორთავე მოძალადე პარტიებია და თუ არ ვკრძალავთ, ერთ არჩევნებში მაინც ვერ უნდა იღებდნენ მონაწილეობას და ეს კანონმდებლობით უნდა იყოს განმტკიცებული. ეს პრინციპული საკითხია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ქვეყნის სახელისუფლებო დროშა მოძალადე პარტიებს უჭირავთ.  არც იმას უნდა დიდი მტკიცება, რომ მოძალადე პარტიების მთავარი ინსტრუმენტი ქუჩა და ქუჩაში ხალხის გამოყვანაა.

დააკვირდით ჩვენს ისტორიას, ხალხი ქუჩაში ხელისუფლებას და გაბოროტებულ-რევანშისტულ ოპოზიციას გამოჰყავს.მიტინგზე 90 პროცენტზე მეტი დგას გულწრფელად.. დგას ან გაჭირვების,ან იდეის გამო.მათ იყენებენ თვითკმაყოფილი ხელისუფლება და გაბოროტებული ოპოზიცია.ეს მიტინგები რომ მართულია და მართულია ნაცებისა და მისი ნამსხვრევებისგან,მარტივად ჩანს : არ შეიძლება საუბარი,არც 7 ნოემბერზე,არც 26 მაისზე, არც იმ ბოროტებაზე,რაც ხალხს და ქვეყანას მოუტანა „ნაცმოძრაობამ“.

ქართული პარადოქსი:  ნაც-ქოცების გაუკუღმართებული პოლიტიკის გამო,მიტინგზე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის არც ანალიზი ჩანს,არც იმის სურვილი,რომ ნამდვილ მეცნიერებს,სახელმწიფო კაცებს ეთათბირონ,მოიწვიონ მიტინგზე დამოუკიდებელი ექსპერტები.. ნაცმოძრაობა ისე გამოდის,თითქოს ეხლა ნახეს პირველად დარბევა, სისასტიკე,რეზინის ტყვიები…

მე მაშინ დავიჯერებდი მიტინგის წამყვანთა გულწრფელობას,რომ ამბობდნენ იმას,რაც მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს უნდა: არ ნაცი და არც ქოცი მომავალ ხელისუფლებაში. ეს არის ხალხის აზრი, ჩავატაროთ რეფერენდუმი და ამაში დავრწმუნდებით.

დამანგრეველია ის ქება-დიდება ,რასაც უამრავი ადამიანისგან ტელევიზიით ვისმენ მომიტინგეთა მიმართ,  პირად საუბრებში სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ!

ეს არ არის ჩემი მხოლოდ დღევანდელი მოსაზრება. ჩემი პოზიცია დღემდე ჩატარებული ყოველი მიტინგის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. მე  ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ვთქვი, ვერ ვიტყოდი  და არც ამის უფლება მექნებოდა, რომ ვინმეს ბოლო წლების განმავლობაში რომელიმე მიტინგზე ვენახე, გამომსვლელის კი არა, მონაწილის რანგშიც კი.

მახსოვს, 2003 წელს,  როცა თბილისში, რუსთაველზე მთელი საქართველოდან ჩამოჰყავდათ ხალხი, ერთადერთი მე ვიყავი, რომელმაც უარი ვთქვი იმერეთიდან მიტინგზე ხალხის გაგზავნაზე. ერთი, რომ ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფა იქნებოდა, ვისაც ამას შეთავაზებდი, მეორეც – ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირების გზა და კაცმა არ იცის, იქნებ სახელისუფლებო მიტინგი რომ არ შემდგარიყო მაშინ, და ხალხი ძალით არ ჩამოეყვანათ, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას მიტინგზე,  შეიძლება ჩვენ დღეს  სხვა საქართველოში გვეცხოვრა – ხალხის და ქვეყნის გაცილებით უკეთესი მდგომარეობით. პოზიციას არ ვიცვლი.   ბევრმა შეიძლება გაიხსენოს ჩემ მიერ გამოქვეყნებული მძიმე განცხადება ბატონ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ მიტინგებთან დაკავშირებით.  არ ვადასტურებ,მაგრამ არც გამოვრიცხავ, რომ ამმიტინგმა ბევრი გააღიზიანა ქვეყანაშიც და განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ და შეიძლება ამიტომ მიიღო ასეთი მასშტაბი „გავრილოვის ეფექტმა“, რომელიც თავისთავად, ბევრ ეჭვს ბადებს.

ამ დღეებში  უამრავმა ადამიანმა  მომმართა  კონტრაქციის, ანუ საპირისპირო მიტინგის ჩატარების თაობაზე. ოდნავაც არ ვეჭვობ, რომ აქ გაცილებით მეტი , რამდენჯერმე მეტი ადამიანი შეიკრიბება, მაგრამ ეს სიმშვიდეს კი არ მოიტანს, არამედ დაძაბულობას  – სამოქალაქო ომამდე მიიყვანს ქვეყანას.  ეს უნდა გაცნობიერდეს დღევანდელ მომიტინგეებშიც და კონტრმიტინგის მსურველთა შორისაც.  მე პირადად იმ ადამიანებთან ვდევარ, როგორც რიგითი ჯარისკაცი,  რომელთაც მიტინგი კი არა, ქვეყნის მომავალი აინტერესებს.

 კიდევ ერთხელ  გამოკვეთილად ვამბობ:  მიტინგი არის დიქტატურის, გზა, გულწრფელი ადამიანების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გზაყალბი ბელადების შექმნის გზა… ხელისუფლებაში ქუჩის პოლიტიკოსების მოყვანის გზა, მიტინგებით მოჰყავთ და მიტინგებით ამხობენ მოყვანილს...ასე გაუკეთეს ზვიად გამსახურდიას, შემდეგ  – ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს.ასე უკეთებენ ბიძინა ივანიშვილს. უამრავი ვიცი, ვინც საჯაროდ თუ პირად საუბრებში ინანიებს ხელისუფლებების დამხობებში მონაწილეობას.

ისევ ქუჩა,ემოცია,აგრესია , სპეკულირება გაჭირვებული ხალხით,გულწრფელ იდეურთა გამოყენება…ამას დიდი ხანია აკეთებენ გაკოტრებული პოლიტიკოსები.ინტელიგენცია დუმს.

მიტინგების ასე მომძლავრების მიზეზი  ისიცაა  რომ, სამწუხაროდ,  ხელისუფლებას დესტრუქციულთან ომი და კამათი ურჩევნია კონსტრუქციულთან თანამშრომლობას. საზოგადოების ავტორიტეტული წარმომადგენლები ხელისუფლებას სთხოვენ შეხვედრას და დიალოგს – პასუხი არ არის. დადგა საკითხი მთავრობის თავმჯდომარესთან შექმნილიყო დიასპორის საბჭო, პასუხი არ არის. ახალგაზრდები ითხოვენ, პრემიერ მინისტრთან ახალგაზრდობის საბჭოს შექმნას – პასუხი არ არის. 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ორი წლის დაძაბული მუშაობის შედეგად, ორასამდე მეცნიერის მონაწილეობით, პირადად ჩემი კოორდინაციით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების კინცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, მიღებულ იქნა პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“  . სამი თვის წინ, ეს დოკუმენტები, სერიოზული მეცნიერების ხელმოწერით, პირადად გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს. სრული უყურადღებობა…

უფრო ადრე, 2017 წლის ბოლოს, პარტია „თეთრებმა“ ღია წერილით მივმართეთ ხელისუფლებას, რომელშიც მოვუწოდებდით , რომ ქვეყანაში სიტუაცია მძიმდებოდა და საჭირო იტყო მოსახლეობასთან ღია და გულწრფელი დიალოგის სისტემა. სათაურშივე ჩავწერეთ: „ამის არგაკეთებას არც დრო და არც ხალხი არ გვაპატიებს“… არ აპატიეს… პოლიტიკამ ქუჩაში გადაინაცვლა… პოლიტიკამ გონება დაკარგა… ამ დროს, ხელისუფლების მაღალი ჩინები ბ-ნი ივანიშვილის ჩათვლით შეხვედრებსა და დიალოგზე იწვევენ დესტრუქციულ პოლიტიკოსებს და საერთოდ, რა დიალოგია საჭირო იმ ხალხთან, ვინც პარლამენტში ჰყავთ. ეს პარლამენტი სალაყბოს გარდა სხვა ფუნქციას არ ასრულებს და სურთ ლაყბობად აქციონ შეხვედრები ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

ყველაფერი ამის გამო, ამ დღეებში, მეცნიერებმა იხუმრეს კიდეც: ეს ხელისუფლება აკადემიურ საუბარს გაურბის, მხოლოდ ქუჩის აქციის მონაწილეებს ხვდება და ჩვენც გავიდეთ ქუჩაშიო.

როდემდე უნდა გაგრძელდეს აკადემიურის, ანუ კონსტრუქციულის უგულებელყოფა და იგნორირება და დესტრუქციულთან დიალოგი? სწორედ ესაა ყალბი გმირების შექმნის გზა! დამაფიქრებელია, როცა ეს განწყობა დიდი ხანია, უკვე სახელისუფლებო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ეს პოზიცია ვერ მიდის საზოგადოების დიდ  ნაწილამდე , რადგან ის მიუღებელია როგორც ხელისუფლებისთვის და მისი მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებისთვის, ასევე   ოპოზიციური ძალებისა და მათი მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებისთვის. საქართველოში კი თავისუფალი ტელევიზია პრაქტიკულად არ არსებობს და საინფორმაციო სივრცეში ცოტა დარჩა მართალი და მიუკერძოებელი გაზეთი.

ყველა დასმულ საკითხთან დაკავშირებით მზად ვარ ნებისმიერ პოლიტიკოსთან კამათისა და დიალოგისთვის. ჩვენთვის მთავარია ჭეშმარიტება  და არა მიტინგების მოწყობით დამოკრატიის თამაში, მიტინგებზე გამოსვლით ყალბი ეროვნული პათოსი და ხალხის მაამებელი სოციალური დემაგოგია, რისი შედეგია ელიტური კორუფცია, შედეგია ის, რომ ქვეყანა დიდი ხანია ცხოვრობს სიყალბეში და მას მართავს პოლიტიკური მაფია.

 ვიცი ბევრი არ გაიზიარებს ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას, მაგრამ 

მირჩევნია რამდენიმე პროგრესული კაცი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს.  

 ეს არის ჩემი გულწრფელი პოზიცია. მიტინგი დღეს პოლიტიკური ტანკის როლს ასრულებს. პოლიტიკური ტანკი იცავს სიყალბეს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ და პოლიტიკურ მაფიას, რომელიც პრაქტიკულად მართავს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ.

მარტივად ვამბობ, ამ ზომის სიყალბე და ამ მატყუარა და ამპარტავანი პოლიტიკოსები თუ გინახავთ, რასაც ამ დღეებში ვისმენთ. თურმე 1990 წლისან მოყოლებული, ყველა ყოფილა პროპორციული არჩევნების მომხრე. რა უტიფარი უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი ტყუილი აკადრო საკუთარ ხალხს?! თუ ნაცმოძრაობა ამის მომხრე იყო, 10 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდათ, ვინ დაგიშალათ? თუ „ქართული ოცნება“ მომხრე იყო, 7 წელია საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვთ, ვინ დაგიშალათ? ყველამ ვიცით, რომ ქართული მოდელი, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, უძლიერესი მეფის ინსტიტუტიდან გამომდინარე, არის ან საპრეზიდენტო მმართველობა, ან კონსტიტუციური მონარქია, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიაროთ ცივილიზებული სახელმწიფოს გზით.

დიახ, საპრეზიდენტო მმართველობა ორპარატიული პარლამენტით, სოხუმის, ცხინვალისა და ბათუმის ინტერესების სრული დაცვით და საქართველოს ყველა რეგიონისადმი პატივისცემით მიღებული საარჩევნო-საკანონმდებლო სისტემა. სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო 1991 წელს საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა პარლამენტმა – უზენაესმა საბჭომ, რომელმაც საპარლამენტო მმართველობა შეცვალა საპრეზიდენტო მმართველობით. იმდენად ბევრი მტერი ჰყავდა ამას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში დამხობა-გადატრიალებები არ დაგვკლებია და მომავალი დაადასტურებს, რომ ყველაზე დიდი დამხობა არის ჩვენი ტერიტორიული მოწყობის პრინციპების გაუთვალისწინებლობა  ჩვენი ისტორიის და მსოფლიო გამოცდილების, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნების : აშშ, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გაუთვალისწინებლობა.

ყველაზე დიდი ტრაგედია იმაშია, რომ პოლიტიკოსთა დიდმა ნაწილმა იცის, რომელი მოდელია სწორი და კარგი საქართველოს მომავლისთვის, მაგრამ ირჩევს იმას, რომელიც მას სკამს და ძალაუფლებას უნარჩუნებს და ამას დახვეწილი შენიღბვით ახერხებს მიტინგებით და მიტინგებზე ვითომდა ხალხის სახელით მიღებული გადაწყვეტილებებით.

ნამდვილი და ქართული სულის  პოლიტიკოსისთვი მიუღებელია  მიტინგებით ქვეყნის მართვა ეს ყალბ,  გაკოტრებულ და  სოროსის სკოლაგავლილ პოლიტიკოსთა გზაა!

ღმერთო, დაიფარე საქართველო  ამათგან!

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

22-27 ივნისი, 2019 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *