პაატა ცნობილაძე: როდის გასდის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა – იანვარში თუ ოქტომბერში

konsუამრავ ადამიანს აინტერესებს, როდის გასდის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა: იანვარში თუ ოქტომბერში? სიმართლე გითხრათ, ისეთი აჯაფსანდალი გააკეთეს კონსტიტუციისაგან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ თავადაც უჭირთ გარკვევა, ბატონი ბიძინა კვერნაძის არ იყოს, ვისი ვიოლინო ვის როიალშია.

ერთი მხრივ, ამასთან დაკავშირებული ნორმები წინააღმდეგობრივია, თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერ იურიდიულ ანალიზს მივყავართ ერთადერთ დასკვნამდე: სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა იწურება იანვრის თვეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში შეიქმნება ხელისუფლების მითვისების კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელიც ნამდვილად არ წაადგება არც კოჰაბიტაციისა და არც ეროვნული თანხმობის პროცესს. უფრო მეტიც, კიდევ უფრო გაღრმავდება ამჟამად არსებული საკონსტიტუციო კრიზისი.

სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ის კი არ არის საგანგაშო, რომ ხელში შეგვრჩება თვითმარქვია რიგითი მოქალაქე, რომელიც ოქტომბრამდე ისარგებლებს პრეზიდენტისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით, რაც თავისთავად აბსურდულია, არამედ უხეშად დაირღვევა სახელმწიფოს მშენებლობის ყველა სხვა სამართლებრივი საწყისი.

ძალიან ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ამით არაფერი დაშავდება. იყოსო ოქტომბრამდეო, იძახიან ოფიციალური წრეებიდანაც კი. ვერ იქნება, იმიტომ, რომ ის ხალხმა აირჩია 5 წლით და არა უმეტეს. ცივილიზებულ სამყაროში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ხალხის ნების გარეშე არჩევითმა სახელისუფლებო ინსტიტუტმა თავისით გაიგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, თუნდაც ერთი დღით. იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო, ანუ მისი შექმნის ინიციატორი, არის ხალხი და არა ერთი პირი ან თუნდაც პირთა ჯგუფი. ძალიან მინდა, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩვენც გავხდეთ ამ სამყაროს სრულფასოვანი წევრები და თანაც არა 10 თვის ან თუნდაც 5 თვის შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. მე მგონი უმრავლესობის აზრი სწორედ ასეთია.

ამიტომ, როგორც არ უნდა ატრიალონ კონსტიტუციის ტექსტი, ეს არაფერს ცვლის. სააკაშვილმა იანვარში უნდა დაასრულოს თავისი “მოღვაწეობა”. ამას ითხოვს თავად კონსტიტუცია. იურიდიული არგუმენტი კი საკმარისზე მეტია.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *