(ასავალ-დასავალი) ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართულ ოცნებაში ” ბევრს აწყობს სააკაშვილის პრეზიდენტობა

me2კოალიცია ერთსულოვნებამ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მილიონი ხელმოწერა შეაგროვა და 2013 წლის 20 იანვარს ავლაბრის რეზიდენციასთან გამართულ ღირსების შეკრებაზე ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ოფიციალურად გამოაცხადა ვადაგასულ პრეზიდენტად. ამ საკითხებზე ვესაუბრებით კოალიციის წევრს, პარტია თეთრების ლიდერს, თემურ შაშიაშვილს.

– ბატონო თემურ, 2013 წლის 20 იანვარს სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და მისი გადადგომის მოთხოვნით ავლაბრის რეზიდენციასთან აქციაც კი გამართეთ, მაგრამ როგორც იტყვიან – შეაყარე კედელს ცერცვი, სააკაშვილი ისევ აგრძელებს პრეზიდენტობას და ევროსაბჭოს ასამბლეაზეც გამოვიდა გრძლი სიტყვით. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– სააკაშვილის მეორე პრეზიდენტობის ვადა 2013 წლის 20 იანვარს ამოიწურა. მაგრამ ახლა აპელირებენ კონსტიტუციის იმ ჩანაწერით, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. კი ბატონო, ჩატარდეს ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, რომ ოქტომბრამდე სააკაშვილი უნდა იყოს პრეზიდენტი!
მსოფლიოს არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს უფლება კონსტიტუციურ ვადას ერთი საათიც გადააცილოს. ის, რაც მთელი მსოფლიოსათვის მიუღებელია, საქართველოში რატომ უნდა მოხდეს? ის, რასაც ამერიიკელები არ დაუშვებდნენ თავიანთ ქვეყანაში, რატომ უნდა დავუშვათ საქართველოში?

ზოგიერთი იმასაც გვეუბნება, სააკაშვილი უკვე დამარცხებულია და აღარაფერს წარმოადგენს და ოქტომბრამდე გინდ ყოფილა, გინდა არაო. არ არის ეგრე, ბატონებო! კონსტიტუციაში ისეთი პუნქტებია ჩადებული, რომელთა მიხედვითაც, სააკაშვილს შეუძლია თავისი მთავრობა დააბრუნოს და მას ჩაატარებინოს საპრეზიდენტო არჩევნები. რეალურად არსებობს იმის საფრთხე, რომ 2013 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები მერაბიშვილმა და მისმა კაბინეტმა ჩაატარონ!

მწირი ფინანსური და ორგანიზაციური რესურსებით მოვახერხეთ და ორ თვეში შევაგროვეთ მილიონზე მეტი ხელმოწერა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. საქართველოში მილიონი ადამიანი თვლის და ხელს აწერს იმას, რომ 2013 წლის 20 იანვრიდან სააკაშვილი პრეიზდენტი აღარ არის!

მილიონი ადამიანი ამ ქვეყანაში თვლის,რომ სააკაშვილი არის დესტრუქციული ელემენტი, ავანტურისტი, რომელიც ქართული სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მე არ მესმის, ახალი პარალმენტი, რომლესაც შეუძლია სააკაშვილის დე ფაქტო პრეზიდენტობის დასრულება, რატომ არ აკეთებს ამას და რატომ იღებს პასუხისმგებლობას იმ მძიმე შედეგებზე, რაც შეიძლება მოუტანოს ქვეყანას?!

სანამ სააკაშვილს პრეზიდენტი ერქმევა, ქვეყანაში არც ინვესტიციები შემოვა, არც ეკონომიკა განვითარდება და არც ხალხი დასაქმდება. პარალმენტში ეს კარგად იციან და რატომ იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას?!

– როგორც ამბობენ, ამერიკა და ევროპა გაგებით არ მოეკიდებიან სააკაშვილის გადაყენებას.

სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მაინც და მაინც 21 იანვარს გამოიყვანეს, ანუ მეორე დღეს, როცა მისი საკონსტიტუციო ვადა ამოიწურა. ეს იმის ხაზგასმა იყო, რომ სააკაშვილის უკან დგანან მძიმე ძალები, რომლებსაც არ აწყობთ საქართველოში სიმშვიდე, არ აწყობთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენს ქვეყანაში უნდათ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ დაკვეთებს შეასრულებს. ამიტომ, ქართველები კარგად უნდა დავფიქრდეთ, ვინ არის რეალურად ქვეყნის გარეთ ჩვენი მეგობარი.

– გასაგებია, რომ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მილიონი ხელმოწერა შეაგროვეთ მაგრამ ამ ხელმოწერებს იურიდიული ძალა მიეცემა?

– ეს მილიონი ხელმოწერა უბრალო ხელმოწერა კი არ არის – ადამიანები წერენ თავიანთ გვარს, სახელს, პირადობის ნომერს, მისამართს, ტელეფონის ნომერს. მილიონი ადამიანი ამას რომ გააკეთებს, ეს უირიდიული კ არა, უდიდესი ზნეობრივი აქტია. ეს არის ერის ღირსების გამოძახილი!

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომელიც ევროპაში მაღალი რანგის იურისტადაა აღიარებული, ყოველთვის ამბობდა, რომ სააკაშვილს 2013 წლის იანვარში ეწურება საპრეზიდენტო ვადა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გაზეთში დაწერა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება იანვარში მთავრდება და ამის მერე ერთი დღეც არ შეიძლება, პრეზიდენტი იყოსო. დღეს სხვანაირად ლაპარაკობენ და მაინტერესებს, რაშია საქმე? ვიღაცა გვაწვება, გარედან გვაჩოქებს? დაჩოქებული არც პრეზიდენტი ვარგა და არც პარლამენტი!

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართულ ოცნებაში ” ბევრს აწყობს სააკაშვილის პრეზიდენტობა, რათა მერე თავი იმართლონ – კარგი წინასაარჩევნო პროგრამა გვქონდა, მაგრამ დანაპირები იმიტომ ვერ შევასრულეთ, რომ სააკაშვილი გვიშლიდა ხელსო!

ჩვენ ძლიერი საქართველო გვჭირდება, საქართველო კი ძლიერი მაშინ იქნება, როცა შესრულდება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიწონა და 1 ოქტომბერს ხმა მისცა!

დიახ, ამ პროგრამის განსახორციელებლად არის საჭირო სააკაშვილის დე ფაქტო პრეზიდენტობის დასრულება, ხოლო შემდეგ საქართველოს მოსახლეობა უნდა ჩადგეს ოპოზიციის როლში და გააკონტროლოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულოს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *