(კვირის ქრონიკა)თემურ შაშიაშვილი: “ქვეყანას ჰყავს ჯიბის სასამართლო…”

kublaashvilnbi-150x150`სააკაშვილმა არ იცის, დღეს გივი თარგამაძეს რა ბინები აქვს?.. სააკაშვილმა არ იცის, სად ცხოვრობს და რა სასახლე აქვს ბარამიძეს ბარათაშვილის აღმართზე?.. სააკაშვილმა არ იცის, მიხეილ მაჭავარიანმა მეზობლების ბინები როგორ შემოიერთა და რა რემონტი გააკეთა? არ იცის სააკაშვილმა, ცისკარიშვილი სად და როგორ ცხოვრობს? ან ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა ამ ბოლო დროს რა სასახლე წამოჭიმა?.. ესენი ვის ელაპარაკებიან?!.~

`იცით, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში რატომ გახდა იძულებული, რომ განცხადება დაეწერა და სამსახური დაეტოვებინა? ეს ამბავიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის აღვირახსნილობასთან…~

დიტო ჩუბინიძე

_ ხელისუფლების უმაღლეს ჩინოსანთა სასახლეებთან აქციების მოწყობა ჩემი თვითმიზანი არ გახლავთ და იცით, რატომ მოვაწყვეთ პირველი აქცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის _ კოტე კუბლაშვილის სახლთან? იმიტომ, რომ ვინც უნდა იყოს ქვეყანაში სამართლიანობის გარანტი, ის უსამართლობაზე ზის მთელი თავისი ოჯახით. გამოვიდა ქიბარ ხალვაში და თქვა, რომ 15 ათასი მარკა გადაურიცხა კოტე კუბლაშვილს და კაცს არც ერთი მარკა დეკლარაციაში არ აქვს ნაჩვენები. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ, თურმე, სასამართლოს თავმჯდომარეს სტუდენტმა ცოლისდამ აჩუქა უზარმაზარი სასახლე… ასეთი კაცი რომ იქნება სასამართლოს სათავეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ჰყავს ჯიბის სასამართლო. მე ხელთ მაქვს ახალთახალი და დღემდე უცნობი კომპრომატები, რომელსაც დროდადრო ჩვენ გამოვაქვეყნებთ და დამერწმუნეთ, ხალხი აღმოჩნდება შოკში იმის გამო, თუ კორუფციის რა მასშტაბებზეა საქართველოში საუბარი! თბილისში, პრაქტიკულად, ყველაფერი პირდაპირი მიყიდვის წესით იყიდება და ყოველივე ამის უკან დგას უგულავა. უგულავა წყვეტს იმას, თბილისის მარჯვენა სანაპიროზე რომელმა ფირმამ უნდა დადგას სარეკლამო ბანერები და რომელ ფირმას ეკუთვნის მტკვრის მარცხენა სანაპირო. ჩვენ გავშიფრავთ, ვინ დგას ფირმა `აპოლო გ.ს.~-ს უკან, რომელიც პირდაპირი მიყიდვის წესით არიგებს მიწებს.

_ ბატონო თემურ, თქვენ უკრაინის არჩევნებთან და იქ წარგზავნილ ქართველებთან დაკავშირებით ახალი, სკანდალური ინფორმაცია გამანდეთ!..

_ დიახ, ეს ინფორმაციაც უკავშირდება დიდ სახელისუფლებო კორუფციას. ჩემი kublashvili-2-150x150ინფორმაციით, იგი ზუსტია, უკრაინაში არჩევნების `დასაკვირვებლად~ სააკაშვილს გაგზავნილი ჰყავდა თბილისის დასუფთავების უფროსი, ტარიელ ხიზანეიშვილიც. ვინ არის ეს ტარიელი?.. ეს არის კახა თარგამაძის დროინდელი პოლიციელი, რომელსაც სააკაშვილი ვითომ ებრძვის… ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეს ხიზანეიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამეურნეო სამსახურის უფროსად დანიშნა, ხოლო როცა ჭიაბერაშვილი მერი გახდა, მან ტარიელ ხიზანეიშვილი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად გადმოიყვანა. ხიზანეიშვილი ამის შემდეგ გახდა თბილისის დასუფთავების სამსახურის უფროსი, შექმნა ზონდერბრიგადა თავისნაირი ხალხისგან, _ ყოფილი პოლიციელებისგან და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 7 ნოემბრის დარბევაში. ესენი აწყობდნენ ღამით მომიტინგეების დატერორებას, ესენი აწყობდნენ ცემა-ტყეპას და აი, ასეთი კაცი _ ტარიელ ხიზანეიშვილი _ სააკაშვილმა გაგზავნა უკრაინაში არჩევნების `დასაკვირვებლად~…

_ ყოჩაღ, უგულავას მენაგვეებს, დახეთ, სადამდე `გაქაჩულან~!..

_ თბილისში ბევრი კარგი მენაგვეა და მე ბევრ მათგანს ქუჩაში ხელს ვართმევ, მაგრამ აქ მე ვლაპარაკობ მენაგვეთა მხოლოდ ხუთ პროცენტზე. ტარიელ ხიზანეიშვილს უკრაინაში თან ახლდა თავისი მოადგილეც… ხიზანეიშვილისა და ბადრი ბასიშვილის ზონდერჯგუფის გარდა, ზონდერჯგუფი ასევე შექმნილია სააღსრულებო სამსახურშიც… ახლა კი ყველაზე მთავარი: ბიუჯეტში 33 მილიონი იყო თბილისის დასუფთავებისთვის გამოყოფილი და ეს არის კოლოსალური თანხა…

_ მაინტერესებს, სოფლის მეურნეობისთვის რამდენია გამოყოფილი?..

_ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილია ბევრად მცირე, ვიდრე მარტო თბილისის დასუფთავებისთვის, მაგრამ ახლახან გამოვიდა უგულავა, ვისაც დასუფთავების ფული არ ჰქონდა გადახდილი, მას აპატიეს ყველაფერი და იმ 33 მილიონის გარდა, საარჩევნოდ ამ ტარიელ ხიზანეიშვილს დამატებით გამოუყვეს 20 მილიონი, ანუ სულ ხიზანეიშვილის ბიუჯეტში 53 მილიონია. გარწმუნებთ, რომ ამ თანხის მესამედითაც კი ორჯერ უკეთესად დასუფთავებული იქნება თბილისი, მაგრამ ეს თავიდან ბოლომდე არის კორუფციული ფული. სააკაშვილმა არ იცის, დღეს გივი თარგამაძეს რა ბინები აქვს?.. სააკაშვილმა არ იცის, სად ცხოვრობს და რა სასახლე აქვს ბარამიძეს ბარათაშვილის აღმართზე?.. სააკაშვილმა არ იცის, მიხეილ მაჭავარიანმა მეზობლების ბინები როგორ შემოიერთა და რა რემონტი გააკეთა? არ იცის სააკაშვილმა, ცისკარიშვილი სად და როგორ ცხოვრობს? ან ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა ამ ბოლო დროს რა სასახლე წამოჭიმა?.. ესენი ვის ელაპარაკებიან?!. მე მივმართავ მათ: გახსენით თქვენი სახლების კარები და ანახეთ ხალხს, სად ცხოვრობთ!.. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა ყველგან… აი, კვლევის შედეგები, თუ რა დღეშია ჩვენი ქვეყანა და ხალხი… საქართველოში მინიმალური ხელფასი მსოფლიოში ყველაზე დაბალია და იგი შეადგენს 18 ევროს, მაშინ, როცა ლუქსემბურგში ეს მაჩვენებელი 1570 ევროს შეადგენს. სააკაშვილმა ამ დღეებში უკრაინისა და საქართველოს ეკონომიკა შეუპირისპირა ერთმანეთს და ილაპარაკა გაუგონარი ტყუილები. მე გეტყვით თქვენ, სინამდვილეში როგორ ცხოვრობს უკრაინა: შუქი უკრაინაში ღირს 5 თეთრი, ჩემი მეგობარი უკრაინაში ოთახნახევრიან ბინაში ცხოვრობს და გაზის გადასახადი ჩვენს ფულზე 1 ლარი უწევს თვეში, 2 ლარზე მეტი გადასახადი არ მისვლია. ცხელი და ცივი წყალი მთელს ოჯახს ერთი თვის განმავლობაში 15 ლარი უჯდება… სახლის მომსახურების ფულს იხდიან უკრაინაში, 15-17 ლარი ღირს თვეში და ჩამოგითვლით, რა შედის ამ მომსახურებაში: სახურავის შეკეთება, სახლის შეღებვა, ეზოს დასუფთავება, სადარბაზოს დასუფთავება, ლიფტის გამართვა და რაც მთავარია, სახლში რაც კომუნიკაცია დაზიანდება, მისი შეკეთება, ყველაფერი უნდა აღადგინონ!.. გესმით, რაზეა ლაპარაკი?.. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ სააკაშვილმა უკადრებელი იკადრა და იუშჩენკო, თავისი ძმაკაცი, როგორც კი წავიდა, გალანძღა, ფაქტობრივად…

_ ბატონო თემურ, 7 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თქვენ გელათში იყავით… როგორც ვიცი, უბრალო ხალხს შეხვდით და გაოგნებული ხართ ნანახით და გაგონილით!..

_ 1989 წელს საქართველოში 2 მილიონ 800 ათასი ამომრჩეველი იყო… იმის შემდეგ დაიქცა და დაინგრა საქართველო, 2 მილიონი კაცი ქვეყნიდან გადაიხვეწა და ესენი გვიმტკიცებენ, 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველიაო!.. ვის სჯერა ამის?.. ვის სჭირდება ეს სიყალბე?.. ისეთი რამეები მითხრეს, ყურს რომ არ გაეგონება… თუ ეს მართალია, ამას როგორ ვიტყვი?!.

_ რას გულისხმობთ?..

_ თუ რატომ გახდა იძულებული საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, რომ განცხადება დაეწერა და სამსახური დაეტოვებინა, ამას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ამბავიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის აღვირახსნილობასთან. ეს მითხრა პიროვნებამ, რომელიც თბილისიდან იყო გელათში ჩამოსული და რომლის ერთ-ერთი ახლობელიც იქ მუშაობს საელჩოში…

_ ბატონო თემურ, რა მიზეზით წამოვიდა ჩვენი ელჩი ბაქოდან?..

_ ამის თქმა როგორ შეიძლება?!. არ მინდა, ამაზე ლაპარაკი!.. ხალხს ოპოზიციაზე საერთოდ დაკარგული აქვს წარმოდგენა… ხალხმა მითხრა, რომ არა მარტო ჩინელებით, არამედ ინდოელებითაც გაივსო ქუთაისი, ხოლო ფოთში მთელი თევზჭერა ჩინელებმა იგდეს ხელთ. ბათუმში ერთი ქუჩა თურქეთიდან ჩამოსულმა პიროვნებამ იყიდა… ერთმა კაცმა, იცით, რა მითხრა?.. _ მე რა ვუთხრა იმ პენსიონერს, რომელსაც პენსიის აღება უხარია, რადგან ეს ფული საქართველოს ნაწილ-ნაწილ გაყიდვით შემოსული ფულიაო!.. მეტალურგიული კომბინატი, რომელიც ქუთაისში ინდოელებმა გახსნეს, ის ინდოელები არიან, რომლებიც ჩემ დროს ჩამოვიდნენ ქუთაისში და მე ამის გახსნა მთხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი!.. ქუთაისში მე მათ მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებისკენ მოვუწოდე… ქუთაისის რკინა-ბეტონის ქარხანა გადააკეთეს მეტალურგიულ წარმოებად და როგორც მეუბნებიან, იქ არავითარი რამ არ არის დაცული!.. ბატონი კეპულაძე, რომელიც წესიერი კაცი იყო და ამ ხელისუფლებას შემორჩა, ალბათ, უკვე აღარ არის წესიერი, რადგან ზესტაფონში, ჭიათურაში მასზე ცუდი რამ მესმის. ქუთაისის განაპირა რაიონში _ ბაკისუბანში, სადაც მე გავიზარდე და ეს რაიონი ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით, ბაღჩეული პროდუქტებით მდიდარი, დღეს ინდოელების თავშესაფრად ქცეულა… გავიხედე და ჩემს მეზობლად ერთ-ერთი სახლიდან 20 ინდოელი გამოვიდა `კასკებით~… თურმე, მათ ჰქონიათ დაქირავებული სახლები საცხოვრებლად. ქუთაისში ტაქსში ჩავჯექი და მძღოლმა მითხრა, _ მე მივედი მეტალურგიულ კომბინატში სამუშაოდ, თავიდან 900 ლარს დამპირდნენ, მერე თქვეს, 400 ლარი გექნებაო!.. ტყუის პრეზიდენტი, ტყუის!.. ეს ხელისუფლება ებრძვის ქურდებს?.. ქუთაისში ახლა მთელი ბიზნესი ხელში აქვს ჩაგდებული სამ-ოთხ კაცს, რომლებიც ტარიელ ონიანთან იყვნენ და არიან დაკავშირებულნი. გაოცებული ვარ, პირდაპირ!.. შემდგომ მე თქვენ გაჩვენებთ სასახლეების ფოტოებს, რომლებიც ეკუთვნის ქურდებს და გეტყვით, რომელი ჩამოართვეს ქურდებს, რომელი არ ჩამოართვეს და რატომ არ ჩამოართვეს?.. პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, _ ქუთაისში ავეჯის კომბინატი გაიხსნაო!.. ტყუილია, ფაქტობრივად, სახერხია, ჩინელებმა გახსნეს ე. წ. თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, _ გადასახადს არ იხდიან. ამ საწარმოდან 200-300 მეტრში მართლაც არის ქუთაისის ავეჯის ქარხანა, უნიკალური სპეციალისტებით, დანადგარებით, რომელიც არის მკვდარი. უფრო მეტსაც გეტყვით: როგორც ხალხმა მითხრა, ქუთაისში ეგვიპტური წარმოების გახსნაც ტყუილი ყოფილა, _ საწარმოს გახსნის დროს `ელიტ ელექტრონიქსიდან~ გამოუტანიათ ბევრი რამ… თურქეთს ლიმიტი აქვს დაწესებული ევროპაში პროდუქციის გატანაზე. თურქეთიდან მოდის ეს პროდუქცია, რომელსაც ქართულწარწერებიან შეფუთვას უკეთებენ და წავიდა, მეტი არაფერი!..

_ ბატონო თემურ, თქვენ ქუთაისში მოკალათებული ახალაიას კადრებზეც გინდოდათ საუბარი!..

_ ფულის საშოვნელ ადგილებზე ქუთაისლები მიჰყავთ სხვა რეგიონში, ხოლო ქუთაისში მოჰყავთ სხვა რეგიონებიდან. ასე მაგალითად, იმერეთის გუბერნატორს თან დაჰყვება კაცი _ გვარად ჯიქია, რომელსაც კაცმა არ იცის, რა თანამდებობა აქვს, მაგრამ ეგ არის ყველაფერი!.. იმერეთის გუბერნატორის სახლს თქვენმა კორესპონდენტმა ქუთაისში ძლივს მიაგნო და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს სახლი, თურმე, ორი წლის წინათ უშიშროებას ჰქონია დაქირავებული!.. ქუთაისი ახალაიას კადრებით გაივსო და ქუთაისი განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის, რადგან ქუთაისიდან ვართ სამი პიროვნება: მე, გუბაზ სანიკიძე და ნინო ბურჯანაძე…

_ გავიგე, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი _ მიშა ჩოგოვაძე _ ჩინეთშია საქორწინო მოგზაურობაში და რომ ჩამოვა, ახალ თანამდებობაზე დანიშნავენო!..

_ მე გუბერნატორზე არაფერს ვილაპარაკებ, მაგრამ ფაქტს გიდასტურებთ… ჩოგოვაძე ჩინეთში მიიწვია ხალხმა, რომლებმაც საავტომობილო ქარხნის ტერიტორია იყიდეს და ეს ფაქტია თავად უკვე კორუფციის მაჩვენებელი. გელათში იციან ეს და აქ ვერ გაიგეს, რომ ჩოგოვაძეს ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანლად ნიშნავენ?.. ქუთაისში მეუბნებოდა ხალხი იმას, რომ ქალმა, რომელმაც ასლან აბაშიძე გაძარცვა და ახლა პარლამენტში ზის, `მარშრუტკები~ ჩამოიყვანა და უმძიმეს დღეში ვართ, მაგ ქალის ახლობლებმა ჩაიგდეს მთელი `მარშრუტკების~ ბიზნესი ხელშიო!..

_ ეკა ხერხეულიძეზეა ლაპარაკი?..

_ ხალხი ამას მეუბნებოდა, _ ოცი `მარშრუტკა~ ჩამოიყვანა ახლახანო!.. რა უნდა გაგიკვირდეს, დიტო ბატონო, მაშინ, როცა გამოცხადდა, _ ქუთაისში და ფოთში შტორმია მოსალოდნელიო, სააკაშვილი მიდის ვანკუვერში, ოლიმპიადაზე, სადაც მიწვეული არ არის და ეს უსინდისოები აცხადებენ, _ პრეზიდენტი ტურისტული ინფრასტრუქტურის შესასწავლად წავიდა ვანკუვერშიო!.. იმდენად ცუდი ფეხი აქვს, რომ ჩინეთის ოლიმპიადა გაიხსნა თუ არა, ომი დაიწყო და ამდენი ხალხი დაგვეხოცა, ხოლო ახლა ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა ოლიმპიადაზე!.. დეპოში ვართ თუ რა უბედურებაა, ეს?..

_ ბატონო თემურ, ლაურა ღაჭავა და მისი შვილები _ კოდუები _ მართლა გაიქცნენ საქართველოდან?

_ მე ეს ხალხი მეცოდება… სააკაშვილი მათ ყველას გაწირავს და ეს ყველამ იცოდეს!.. ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ ამ ოჯახის სასახლეების ჩამონათვალს, `პირიმზის~ მიმდებარე ტერიტორიიდან დაწყებული, მეოთხე სამმართველოს შენობებით დამთავრებული, რომელსაც `კოდუების სახლი~ აწერია… ვიმეორებ: ამ ხალხს მძიმე ბედი ელის და მე ისინი მეცოდებიან სააკაშვილის ხელში.

_ მართლა ასე აწერია: `კოდუების სახლი~?

_ ჩემი ინფორმაციით, კი!.. ჩვენ ფოტოებს გამოვაქვეყნებთ!..

_ მიპასუხეთ, არიან თუ არა კოდუები გაქცეულები?

_ ძალიან ცუდი ამბები მესმის… სააკაშვილი თავის გადასარჩენად გაწირავს ყველას და კიდევ ერთხელ გეუბნებით, _ მე ეს ხალხი მეცოდება!..

_ დაბოლოს, ორი წელი გავიდა ბადრი პატარკაციშვილის საიდუმლოებით მოცული და ტრაგიკული გარდაცვალებიდან, რას იტყვით?..

_ დრომ დაადასტურა, რომ ბადრი პატარკაციშვილი საქართველოსთვის მომართული კაცი იყო, მას უდიდესი პროგრამები ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ხელისუფლებამ მას არ აპატია სიკეთე და მის გუნდში მოძებნა გამყიდველი ვინმე ქეი!.. ქეიმ მიხეილ სააკაშვილს ორჯერ უმასპინძლა, _ ერთხელ ისრაელში და მეორეჯერ _ ამერიკაში. სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას აწყობთ სწორედ მოღალატესთან კავშირი… უკადრებელი იკადრა ქეიმ ამ დღეებში, როცა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დააბრალა მის მეუღლეს _ ინა გუდავაძეს!.. ვინც ოდნავ იცნობს ბადრის და მის ოჯახს, ყველამ კარგად იცის, რომ ქალბატონი ინას სახით ოჯახს ჰყავს საუცხოო რძალი!.. ქეის ამ განცხადების შემდგომ, ვინც ქეისთან ურთიერთობას გააგრძელებს, ისეთივე უზნეო იქნება, როგორც თვითონ ქეი!.. ბადრი პატარკაციშვილის დედა, დები, ოჯახი, შვილები, საქართველოსთვის კეთილად მომართული ადამიანები არიან და მჯერა, რომ ყველა მოაზროვნე ქართველი პასუხს გასცემს ქეის და მისთანებს!.. ვისაც ბადრი პატარკაციშვილი არ მიხმარებია, მათ გულწრფელად მიაგეს პატივი 13 თებერვალს მის ხსოვნას, ხოლო ისინი, ვინც ბადრის ჯიბეში იქექებოდნენ და ამით გამდიდრდნენ, ხელისუფლებას შეეკრნენ, მათ მის საფლავთან მისვლის უფლება არ აქვთ!.. კიდევ უფრო ტრაგიკულია ის ამბავი, რომ ზოგიერთი ასეთი უღირსი დღეს მთელ ქვეყანას მოძღვრავს და საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე მათ პათეტიკას წამოეგო!..
დაბოლოს, საქართველოში დაბრუნდა კათოლიკოს-პატრიარქი და როგორც თითოეული ჭეშმარიტი ქართველი და მოქალაქე, მეც იმედიანად ვარ, გვფარავდეს ღმერთი!..

კვირის ქრონიკა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *