(გეონიუსი)თემურ შაშიაშვილი ვადამდელ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს

4პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. “ჯეონიუსი” გთავაზობთ “თეთრების” ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„ქვეყანაში 1 ოქტომბრიდან განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, განსაკუთრებით 19 აპრილის პოლიტიკურმა თავხედობამ, პარტია „თეთრები“, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური ძალა და სერიოზული პოლიტიკოსი, მიიყვანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლად ჩატარების დასკვნამდე. სასიცოცხლოდ მიგვაჩნია ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებიც.

ჩვენის აზრით, ეს არის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის სისტემური პოლიტიკური კრიზისის დაძლევას, რომელშიც წლებია ჩათრეულია ქვეყანა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაცმოძრაობის“ აქციამ.

დრო არ ითმენს სამი მარტივი რამის გამო:

პირველი – არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ჩასაფრებულის როლში – ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1 ოქტომბრის მონაპოვარის განადგურებას, ხალხში გაჩენილი იმედის ჩაკვლას;

მეორე – თუ დამნაშავე პარტიას არ გავასამართლებთ და მას მივცემთ დროს და საშუალებას, იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით გარკვეული პერიოდის შემდგომ მის ხელისუფლებაში მობრუნებას… ვეთანხმებით ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას… ვეთანხმებით სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე არსებულ მწვავე კრიზისს.

მესამე, და განსაკუთრებული – საზოგადოებაში არის აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდსაც მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლო და კომტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს. ეს ერთხელ კიდევ ასაბუთებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას“, – ნათქვამია „თეთრების“ თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თემურ შაშიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *