„თეთრების“ მოთხოვნები პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ
თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 8 ივლისს „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო შეაჯამებს პარტიაში მიმდინარე დისკუსიას პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით.
„დღეს ცნობილია სამი მოთხოვნა, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუყენებთ პრეზიდენტობის კანდიდატს, – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა, – პირველი: მართვის ისეთი სისტემის დამკვიდრება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნას; მეორე: რეჟიმის გასამართლება; მესამე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
მეორესა და მესამეს განმარტების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რაც შეეხება პირველს, ვიტყვი მოკლედ: საქართველოში მართვის სისტემა არის ავადმყოფი და კორუმპირებული და იგი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. მართვის სისტემის ფუნქციაა არა ხალხზე უფროსობა, არა სამეურნეო პროცესებში ჩართვა, არამედ ქვეყანაში კონკურენტული გარემოს დამკვიდრება, რაც თავისთავად გულისხმობს სვლას ნიჭის ძალაუფლებისაკენ; მხოლოდ კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი ადამიანის მიერ საკუთარი თვის რეალიზება. ეს არის თავისუფლების მწვერვალი. დღეს, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის არსებობისათვის და ამან დააჩლუნგა ქართული განწყობა, ჩვენ გვჭირდება სისტემა, როცა ადამიანს ექნება ყველა პირობა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის.”
„თეთრების“ თავმჯდომარის განმარტებით ასეთია პარტიის მოთხოვნები პირველ ეტაპზე. საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდება 8 ივლისს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შეკრებაზე და გაცხადდება 9 ივლისს სპეციალურ ბრიფინგზე.
პრეს-ცენტრი
02.07.2013წ