ასეთი შეთავაზების განსაკუთრებულ აუცილებლობას ვხედავ… ეს დრომ მიკარნახა…

2000 წელში, ორი ათასწლეულისა და ორი საუკუნის გასაყარზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ასეთი ხაზგასმა გავაკეთე: „21 -ე სუკუნეში მსოფლიოს ერთი მეფე ეყოლება და ეს მეფე განათლება იქნება!“
არ ვიცი, ვინ როგორ იზიარებს ჩემს ამ შეფასებას, მაგრამ გაუნათლებლობა რომ დამანგრეველი გახდა, ეს ბევრისთვის, მით უფრო, მოაზროვნე ადამიანებისთვის, არ არის საკამათო. მისი გაძლიერება დიდწილად განაპირობეს მუდმივმა ე.წ. „განათლების რეფორმებმა“, წიგნთან დაცილებამ და სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შემოთავაზებულმა ფეისბუქებმა, ზოგადად, სოციალურმა ქსელებმა. როგორც საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, პირველ ეტაპზე, ამ უკანასკნელთ, ანუ სოციალურ ქსელებს, 30-40 % ჰქონდათ პოზიტიური, მეორე ეტაპზე პოზიტიური 10%-ის ფარგლებში რჩებოდა, მესამე ეტაპზე კი 10% რჩება ნეგატიური, დანარჩენი სწორედ რომ პოზიტიურია. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ მეორე ეტაპზე ვართ, არც ჩანს მისი დასრულების კონტურები.
ბიბლიასა და ბიბლიური პრინციპებზე ასეთი შეტევა კაცობრიობის ისტორიამ არ იცის. 21-ე საუკუნეში ყველანი ერთად ვწერთ ახალ “დეკამერონს“ : სიძულვილი გამეფდა. სიკეთე გათითოკაცდა, ღალატი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ან როგორც ერთი კარგი პოეტი წერს: „ბიბლია გვაქვს და რწმენა კი არა“
„გიყვარდეს მტერი შენი” – გვასწავლის ბიბლია, ფეისბუქზე ვმეგობრდებით და ერთმანეთისთვის გონებისთვის მიუწვდომელი მტრები ვხდებით! სოციალური ქსელი იქცა განდიდების მანიით შეპყრობილთა ასპარეზად, სადაც ყველა მართალია, სინანული პრაქტიკულად არ არის, ყველა ყველას ებრძვის, ანგარიშსწორება აპოგეას აღწევს. შენზე შეიძლება ისეთი რამ მოისმინო და წაიკითხო, რომ ჟან-ჟან რუსოსი არ იყოს, ცხოვრება აღარ მოგინდეს!
არასდროს სხვა აზრი არ მქონია: ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის მართალია, რომ სიმართლე ის არის, რაც მისგან მოდის, უკვე ტყუის! აქამდე ვიცოდი, რომ შენს კაიკაცობაზე სხვები უნდა ლაპარაკობდნენ და არა თვითონ. უკვე კარგად ვხვდები, რომ მეცნიერება და მეცნიერული ანალიზი ცოტას თუ აინტერესებს. სიმართლეს დრო და მეცნიერება ადასტურებს და არა შენი საუბარი შენს სიმართლესა და სამართლიანობაზე.
კონსტანტინე გამსახურდია გენიალურად წერდა, თუ ადამიანი გინდა მოსპო, დააბრალე ის, რასაც ებრძვის და თავი იმართლოსო. გენიალურად მეჩვენება დღეს ფრიდრიხ ნიცშეს ნათქვამი:
„ … შურიანები ხშირად მსჯელობენ იმაზე, რაც არ იციან და აკრიტიკებენ მათ, ვის დონესაც ვერასდროს მიაღწევენ“
ვიცი, ბევრს გაგიკვირდათ ასეთი შესავალი, თუმცა არაერთი მეთანხმებით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ასე, ანუ როგორც დიდი ფილოსოფოსები ამბობენ: „რა ბედნიერებაა უცოდინარობა – ყველაფერი იცი“. ბედნიერია ადამიანი, რომელიც სხვაზე გამარჯვებას კი არ ცდილობს, არამედ საკუთარ თავთან არის ბრძოლაში და იმარჯვებს. ეს რომ შეძლო, ნებისმიერ ადამიანში, თუნდაც შენთვის მიუღებელში, კარგი უნდა ეძებო და ასე დაეხმარო მას სხვა სიმახინჯეების დამარცხებაში.
დღეს ჩემი დაბადების დღეა.
ცხოვრებამ უმძიმესი გაკვეთილები მომცა. ბევრჯერ გამლახა, წამაქცია, მაგრამ ფეხზე დადგომაც მასწავლა და სიკეთით გამარჯვების გემოც გამასინჯა.
ვიცი, კარგია ფანჯარაში ყურება, მაგრამ ხანდახან სარკეში თუ არ ჩავიხედეთ, შეიძლება სიმახინჯედ ვიქცეთ. სულხან-საბა კარგად ამბობს: „სინდისი არის გონებაი მამხილებელი“. სწორედ “გონებაი მამხილებელია” ადამიანური სარკე. მამა გაბრიელს ვიხსენებ რომელიც საოცარი სიზუსტით გვეუბნება: “კარგად დაიმახსოვრეთ: ვინ სად გარბის შენი საქმე არ არის, შენ დადექი და შენს ცოდვებზე იფიქრე“. რა ბედნიერებაა დღეს ასეთი ადამიანები.
ჩემი კრედო იყო და რჩება: მირჩევნია რამდენიმე პროგრესული ადამიანი მიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდნენ ტაშს!
ცხოვრებამ მთავარი სიბრძნე მასწავლა: სიძულვილის კენჭი რომ გესროლონ, სიყვარულის ლოდი დაახვედრე!
სწორედ ეს განწყობაა ჩადებული ჩემს დღევანდელ შემოთავაზებაში. ყველაზე ადვილი მტრობაა, ყველაზე ძნელი სიყვარულით ცხოვრებაა. დღეს ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ შენს თავში დაამარცხო სიძულვილი და იცხოვრო სიყვარულით. დღეს ის არის პოლიტიკოსი, ვინც კარგად აცნობიერებს დათა თუთაშხიას ზნეობრივ პრინციპს: როცა სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული, მთავარია გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრა და ბოროტებაზე სიყვარულით, ხაზს ვუსვამ, სიყვარულით გამარჯვება! სწორედ ამიტომ ვამბობ: სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ და ამ განწყობით მაქვს რამდენიმე შემოთავაზება:
პირველი, ყველას, ვისაც ჩემგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ან აქვს რამე არგუმენტირებული ფაქტი, ვიწვევ პირდაპირ ეთერში, მინიმუმ ხუთ თანამოაზრესთან ერთად- ფეისბუქზე ,ან ჩემს საავტორო გადაცემაში ტელეკომპანია “ქართულ TV”-ზე, რომელიც ყოველ სამშაბათს მიდის 21:00 საათზე პირდაპირ ეთერში…
წინასწარვე ვაცხადებ: თითოეულს შეკითხვებისა და მოსაზრების გამოთქმისთვის დრო გვექნება თანაბრად – შეკითხვის დასმისთვის ერთი წუთი, პასუხისთვის-3 წუთი..
აუცილებელი პირობებია: ხუთივე ოპონენტის თანამოაზრე და შეტყობინება მინიმუმ ორი დღით ადრე მაინც…
მეორე: მინიმუმ ხუთკაციან ჯგუფს, რომლის სამი წევრი მანც არის მეცნიერი და აქვთ “მეცნიერთა კონგრესის”- გან განსხვავებული პოზიცია, გავუწევ რეკომენდაციას საბჭოს წინაშე,რომ ჰქონდეთ საავტორო გადაცემა „ქარტული ტვ“ -ს პირდაპირ ეთერში, სწორედ “მეცნიერთა კონგრესის” დროში. ვიმეორებ. არ არის აუცილებელი, ხუთივე მეცნიერი იყოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ეს “მეცნიერთა კონგრესის” დროა, აუცილებელია, ხუთიდან სამი მაინც იყოს მეცნიერი.
მესამე: მეცნიერთა ყოველ ჯგუფს,რომელსაც აქვს კონკრეტული პროგრამა,პირადად გავუწევ რეკომენდაციას, რომ მისი განხილვა შედგეს კონრგესის გაფართოებულ სხდომაზე ,პირდაპირი ეთერში..
მეოთხე: ჩემი ყველა ინტერვიუ,მოხსენება, ანალიტიკური და პროგრამული დოკუმენტი, გამოქვეყნებულია საიტებზე: www.tetrebi.org www.civilizebuli.ge
აქ შეგიძლიათ ნახოთ 30-40 წლის განმავლობაში შექმნილი დოკუმენტები., მოსაზრებები კონკრეტულ პიროვნებებზე…
ჩაწერეთ საძიებელში ნებისმიერი პიროვნება, ყოფილი თუ დღევანდელი ხელმძღვანელები და მიიღებთ მათზე ჩემი მოსაზრების გამომხატველ ტექსტებს
მეხუთე: შესაძლებლად ვთვლი სპეციალურ ღია შეხვედრას ქუთაისში,ან ჩემი ოპონენტის ქალაქში… ანუ,სწორედ იქ,სადაც გაცილებით უკეთ გვიცნობენ…ასეთი შეხვედრა შეიძლება იყოს ღია-თავისუფალი დასწრებით,ან დახურული – დამსწრეთა შემადგენლობას აკომპლექტებს ჩემი ოპონენტი.
ვიქნებოდი ბედნიერი, თუ თანამდებობის პირებიც პოლიტიკოსებიც, ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მით უფრო, რომ ტელევიზია „ქართული ტვ“ -ს დირექტორატი მათ სთავაზობს ასეთ შესაძლებლობას.
მეექვსე: კიდევ ერთი ხაზგასმა, დიდი ხანია, “მეცნიერთა კონგრესის” დროში, ტელევიზია ქქართულ ტვ-ზე, ყოველ სამუშაო დღეს, 19:00 -დან 23:00 საათამდე, ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მოვიდეს 2 წუთის ფარგლებში დასვას კითხვა, ან გააკეთოს კომენტარი. ეს, მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ანალოგი არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ აქვს.
მეშვიდე ქართულ ტვ- ზე „მეცნიერთა კონგრესის“ დროში იქნება პირდაპირი სტელეფონო კონტაქტის საშუალება „მეცნიერთა კონგრესის“ წევრებთან და უახლოეს პერიოდში ყოველდღე იქნება დრო, როდესაც „მეცნიერთა კონგრესის“ წევრი პირდაპირ ეთერში უპასუხებს შეკითხვებს და ყოველი თვის დასაწყისში გამოქვეყნდება რომელ დღეს რომელ მეცნიერთან იქნება პირდაპირი სატელეფონო კონტაქტის საშუალება.
მერვე: უახლოეს პერიოდში „მეცნიერთა კონგრესი“ იწყებს გასვლებს რეგიონებში კონკრეტული პროგრამების განხილვის მიზნით. ეს განრიგი წინასწარ გამოქვეყნდება. ასევე შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ჯგუფის წინადადება მათთვის სასურველ საიკითხებზე შეხვედრის თაობაზე.
მეცხრე: ჩვენ ერთგული ვართ ამ წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში მიღებული გადაწყვეტილებების, რომელთა ნახვაც აქ შეგიძლიათ (გელათი – 2026) . განსაკუთრებულ ხაზგასმას ვაკეთებთ – ქვეყნისთვის პრინციპულზე პრინციპულია იმის შესრულება, რითაც გელათის კონგრესმა მიმართა ხელისუფლებას, ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკოსებს.
ჩემს ამ წერილში სრულად გთავაზობთ ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტს და დასკვნის გაკეთება თქვენზეა.
მიმართვა ხელისუფლებას გელათიდან, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიული კედლებიდან
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო დეპუტატებო, ბატონო მთავრობის წევრებო!
“მეცნიერთა კონგრესმა” შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მიუხედავად დაძაბული პოლიტიკური ბატალიებისა, არ იქცა მხარედ, არ შეუერთდა ოპოზიციას ქმედებებში – “ყველა ერთის წინააღმდეგ”, არც ხელისუფლებისგან წამოსული დაპირისპირების პოზიცია გაიზიარა. იყო და რჩება ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამომხატველ ინტელექტუალურ ძალად, რომელსაც მიაჩნია, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს, რომ სისტემური ცვლილებების გარეშე ბრძოლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნისადმი ერთგულებით ბრძოლას. ჩვენ ვთვლით, სისტემური ცვლილებები რომ განხორციელდეს, საჭიროა მინიმუმ, სამი რამ:
პირველი – ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიუკერძოებელი და ობიექტური ანალიზი გაკეთებული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ;
მეორე – ქვეყნის ინვენტარიზაცია, ანუ ქვეყნის შესაძლებლობათა ანალიზი;
მესამე – მოქმედების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროგრამა: ამ მდგომარეობის ქვეყანაში, თუ როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში მისი პოტენციალი.
ჩვენ ერთიც გვაქვს, მეორეც და მესამეც. მაგრამ არ ვთვლით, რომ ისინი სრულყოფილია და უკეთესის გაკეთება არ შეიძლება, ეს გამოკვეთილად ვთქვით, გასული წლის ივნისში, დიდ კონფერენციაზე, რომელსაც წარვუდგინეთ 800-გვერდიანი კვლევა “საქართველოს სიმდიდრეები – საქართველოს ინტეგრალური რესურსები” ამ დოკუმენტმა მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სამწუხაროდ, სრულიად უყურადღებოდ დატოვეთ ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ყველა რგოლს პატივისცემით გამოგიგზავნეთ ეს უნიკალური დოკუმენტი.
დავივიწყოთ ურთიერთპრეტენზიები და ვიფიქროთ მომავალზე. დავიწყოთ, როგორც თქვენ თვითონაც გაიმეორეთ, ჩვენს მიერ 20 წლის წინ შემოთავაზებული წინადადება: “დავიწყოთ აკადემიური, დინჯი საუბარი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით”. ჩვენ გთავაზობთ დიდ კონფერენციას და საჯარო საუბარს მომავლის საქართველოსთან დაკავშირებით. ის უნდა შედგეს პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის (სოფლის გამგებლით დაწყებული, პრემიერ-მინისტრით და პრეზიდენტით დამთავრებული, საკრებულოების წევრებით დაწყებული, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებით დამთავრებული), ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის (დოქტორანტით დაწყებული, აკადემიკოსით დამთავრებული), პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის საშუალებების მონაწილეობით.
ამ უნიკალურ საჯარო შეხვედრაზე, ხელისუფლებამ წარმოადგინეთ თქვენი ხედვა. სასურველი იქნება, რომ თავისი ხედვა წარმოადგინოს მეცნიერებათა აკადემიამ, გვინდა ვიფიქროთ, რომ მიიღებთ ჩვენს წინადადებას, რომ “მეცნიერთა კონგრესმა” წარმოადგინოს თავისი ხედვა. ყველას მიეცეს საშუალება, წარმოადგინონ პროგრამული დოკუმენტები. ეს უნიკალური მოვლენა იქნება და არა მარტო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. რა გვაქვს დასამალი ხალხისთვის? ყველას ექნება საშუალება, გააკეთოს დასკვნა, ვინ როგორ ხედას ქვეყნის მომავალს! შეხვედრა დავამთავროთ იმით, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით, შეიქმნას დიდი ჯგუფი, რომელიც გაანალიზებს წარმოდგენილ მოსაზრებებსა და წინადადებებს და წარმოადგენს ქვეყნის მომავლის პროგრამას. გავხადოთ ის ცნობილი საზოგადოებისთვის და საბოლოო დოკუმენტი წარვუდგენოთ დასამტკიცებლად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასეთ მიდგომას შეუძლია დაასრულოს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა, დაასრულოს ქუჩის რევოლუციები და დაიწყოს ინტელექტუალური რევოლუცია, რომლის მიზანი იქნება ფულისუფლების ქვეყნიდან გადავიდეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში.
გთხოვთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო მთავრობის წევრებო, ბატონო დეპუტატებო, განიხილოთ ჩვენი წინადადება. ჩვენ, “მეცნიერთა კონგრესი” გთავაზობთ ხელისუფლებას საჯარო დისკუსიას ამ წინადადებასთან დაკავშირებით.
ამ წინადადების უარყოფას არც დრო და არც ხალხი არ გვაპატიებს, ისე როგორც არ გვაპატია ოცწლიანი იგნორირება “მეცნიერთა კონგრესის” წინადადებისა სისტემური ცვლილებების თაობაზე. შედეგად მივიღეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ქვეყანა, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული საზოგადოება, პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების მაღალი ჩინებით სავსე ციხეებით.
ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენი ერთობა სჭირდება მომავლის საქართველოს! “
დიახ, ბატონებო, ასეთი მომავალზე ორიენტირებული და მშვიდობის განწყობის მომტანი წინადადება შეთავაზა “მეცნიერთა კონგრესმა” ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს მეექვსე თვე მიდის, ისევ იგნორირება… ისევ ყრუ კედელი…
კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი ჩემი და პარტია „თეთრების“ შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვებ.გვერდზე www.tetrebi.org და “თეთრების” ფეისბუქის გვერდზე (
ყველაფერი “მეცნიერთა კონგრესის“ თაობაზე ნახეთ ვებ.გვერდზე www.civilizebuli.ge და ფბ.გვერდზე “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ”. მეცნიერთა კონგრესის წევრთა გამოსვლები ტელევიზია “ქართულ TV” -ს ფეისუქის, იუთუბის ინსტაგრამის და ტიკ-ტოკის გვერდებზე
ტრადიციულად, ჩემი დაბადების დღეს, 1997 წლიდან, ვაქვეყნებ ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს:
ჩემს ხელწერილს და ამ მასალას:
“ეს მე ვარ – მე არც წარსულის და არც მომავლის არ მეშინია” .
არც ეხლა ვღალატობ ტრადიციას და ყველას, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ არის ჩემდამი განწყობილი, გთხოვთ, ვიდრე ჩემზე რამეს იტყოდეთ, გაეცანით ამ მასალებს, ჩადით ქუთაისში, სადაც მე ყველაზე მეტად მიცნობენ და სადაც მე “კენჭიც კი მიყვარს” და აზრი ჰკითხეთ ხალხს.
ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ქვეყნის მომავალი არც ქუჩასთან, არც ქუჩის რევოლუციებთან, არც ქუჩის პოლიტიკოსებთან, არც ქუჩის ბელადებთან, არც მდიდრებთან, მით უფრო ოლიგარქებთან არ არის დაკავშირებული. მომავლის საქართველო მეცნიერებასთან, მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან, ინტელექტუალურ რევოლუციასთან, სუფთა, პატიოსან და გაბედულ პოლიტიკოსებთან და იმ ხალხთანაა დაკავშირებული, რომლებიც ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ფასეულობებით ცხოვრობენ.
დიახ, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის და ვიქნები იმ ადამიანებთან ერთად, რომელთათვისაც მთავარია ბრძოლა პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების დასრულებისთვის და მეცნიერების ერის დამკვიდრებისთვის.
- მადლობა უფალს, ჩემი განვლილი გზისთვის. მადლობა იმისთვის, რომ კრიტიკულ მომენტებში მომცა ძალა სწორი გადაწყვეტილებები მიმეღო. მადლობა იმისთვის, რომ 1997 წლის 13 ივნისს, მე როგორც ქალაქის მერს და გუბერნატორს, პარლამენტის ტრიბუნიდან მათქმევინა: “თქვენ, პარლამენტმა, “მოქკავშირმა”, ქვეყანაში შექმენით კორუფციული სისტემა და ნუ ებრძვით პიროვნებებს, შეცვალეთ მართვის სისტემა”.
- მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ძალა, რომ როგორც გუბერნატორს, 1999 წელს მთავრობის გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან, 700 კაციანი აუდიტორიის წინაშე მეთქვა პრეზიდენტისთვის: დასვით ამ დარბაზში წესიერი ხალხი და ქვეყანაში წესრიგი იქნება-თქო
- მადლობა უფალს და ქუთაისს, იმერეთს რომ 2001 წელში ქუთაისში მოწვეული მთელი მთავრობის შემადგენილობისთვის მესხიშვილის თეატრის სცენიდან მეთქვა: “კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!”
- მადლობა უფალს, რომ მომცა ძალა თანამდებობიდან გადავმდგარიყავი და პრეზიდენტისთვის ბორჯომის სანატორიუმ “ლიკანში” გადაცემულ წერილში ჩამეწერა: “ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მაფიოზების რკალში ხართ. მოიკრიბე ძალა, გაარღვიე ეს რკალი და დადექი ხალხთან, თუ ამას გააკეთებ, საქართველოს ისტორიაში დარჩები მასშტაბურ პიროვნებად და თუ ამას ვერ გააკეთებ, თქვენი პრეზიდენტობის ეპოქა არარაობად დარჩება!”
- მადლობა უფალს, რომ მომცა ძალა, 2003 წელს ღია წერილით მიმემართა პარლამენტარებისთვის: “სოციალური დემაგოგია მომავალს უკარგავს ქვეყანას მას ქვეყნის სათავეში ანტიქართული ძალები მოჰყავს”
- მადლობა უფალს, რომ 2000 წელს, ჩემს მიერ მეცნიერთა სახელით წარდგენილ პროგრამულ დოკუმენტს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ “მომავლის დოკუმენტი” უწოდა. მისი განხილვა და საბოლოო სახით, დასამტკიცებლად წარდგენა პლენარული სხდომისთვის დაევალა პარლამენტის კომიტეტებს. ჩემგან მოითხოვეს “მოქკავშირში” შესვლა. ღმერთმა მომცა ძალა, რომ ამ უკანასკნელზე უარი მეთქვა. და სამწუხაროდ, “მოქკავშირი” ამ დოკუმენტს შემდგომში არ დაუბრუნდა.
- მადლობა უფალს, რომ მომცა ძალა, ყველა ეს მასალა გამომექვეყნებინა პრესაში, გამომეცა ბროშურებად, რამეთუ დღეს ბევრი არ დაიჯერებდა რომ ყველაფერი ეს სწორედ მაშინ ვთქვი. როგორც დღეს ბევრს არ სჯერა, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის და “მოქკავშირის” გენერალური მდივნის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახების ერთობლივ ბიზნესის (ზესტაფონის “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი”) წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მივმართე ორჯერ, მე – როგორც პიროვნებამ და გუბერნატორმა და ორივეჯერ მოვიგე. ერთხელ – 1,3 მლნ. დოლარი და მეორედ – ნულოვან აუქციონზე კაპიკებად გაყიდული 1 მლრდ. დოლარის ღირებულების საწარმოები (საავტომობილი, სატრაქტორო, ელექტრომექანიკური, ლითოფონი, “ავანგარდი”, “ზარია” და ა.შ.) სახელმწიფოს დავუბრუნე. სამწუხაროდ, პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა მისი ინაუგურაციიდან ერთ თვეში, 2004 წლის 20 თებერვალს, ორთავე გადაწყვეტილება გააუქმებინა სასამართლოს და როგორც შემდგომში მისი გუნდის წევრმა თამარ კინწურაშვილმა ამ გადაწყვეტილებას სააკაშვილის პოლიტიკური სასამართლო განაჩენი უწოდა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველა ეს მასალა გამოქვეყნებულია და ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია ნახოს.
იფიქრებთ და სწორადაც, რატომ ვაქვეყნებ ყველაფერ ამას?
იმიტომ რომ არაფერი არ შეცვლილა. ყველაფერი ისე გრძელდება, რომლის წინააღმდეგაც გამოვდიოდი. შედეგი ის არის, რომ მე გავხდი ყველაფერი ამის მსხვერპლი და პრაქტიკულად, მიუღებელი ვარ ყველა პოლიტიკური ძალისთვის. არ ვნანობ. ღმერთმა დამიფაროს ასეთ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობისგან. განვიცდი იმას, რომ მე მეცნიერებთან ერთად გააზრებული პროგრამებით და პოზიციით ვიდექი ყველა ტრიბუნასთან და გამოდის, მე კი არა, მეცნიერების არ მოუსმინეს და მივიღეთ ის, რომ დღეს მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად. რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ს არ აქვს საშუალება, მიიღოს სიცოცხლისთვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი. რომ საქართველოს ბიუჯეტი მმართველი პარტიების ბიუჯეტად იქცა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ბიუჯეტში შესული ერთი ლარი 10-15 თეთრის საქვეყნო საქმეს თუ აკეთებს.
დიახ, ბატონებო, დღეს კი არა, 1995 წლიდან ვაკეთებ ხაზგასმას, რომ ქვეყნის უბედურება დგას ოთხ საყრდენზე:
პირველი – ყალბი ეროვნული პათოსი,
მეორე დემოკრატიის თამაში,
მესამე – სოციალური დემაგოგია
მეოთხე – ელიტარული კორუფცია
რაც დრო გადის, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე არ სუსტდება, სამწუხაროდ, ძლიერდება და სწორედ ეს ოთხეული გახდა მართვის კორუფციული სისტემის მთავარი საყრდენი.
დაბოლოს, ყველა ჩემს პოზიციას ძალაში ვტოვებ და იგივე მოწოდებებს ამ განცხადებით ვაკეთებ ბიძინა ივანიშვილის მიმართ: მეცნიერების მოსაზრებები თუ არ გაითვალისწინეთ, უარესი გელოდება წინ, ვიდრე ეს შევარდნაძესა და სააკაშვილს დაემართათ.
ყველას, ვისაც “მეცნიერთა კონგრესის” იდეები მოგწონთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ მაინც არაფერი გამოვა, პირდაპირ მინდა გითხრათ: ყველაფერი გამოვა. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მომავალი არ გვექნება. როგორც სვანეთიდან წამოსული დიდი სიბრძნე ამბობს:
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
დავდგეთ მომავლის საქართველოსთვის, ვუგუშაგოთ ჩვენს სამშობლოს!
ჩემგან ღალატი არ იქნება!
მახარებს, რომ ეს განწყობაა “მეცნიერთა კონგრესის” აბსოლუტურ უმრავლესობაში. რომ “მეცნიერთა კონგრესი” არ იქცა მხარედ და შეიმუშავა უნიკალური კონცეფცია “ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა” და მისი რეალიზაციის მთავარი მექანიზმი: “ეროვნული თანხმობის პარლამენტი”, რომლის შექმნაში ყველა პარტია მონაწილეობს და საბოლოო სიტყვა ხალხისაა. ხაზგასმით და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვამბობთ: ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ – „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“ , ჩვენ გვაქვს 60-ზე მეტი კონკრეტული პროგრამა, რომელთა უმრავლესობა 6 თვეში მოდის მოქმედებაში და მოსახლეობის 95%-ზე მეტს ხდის მოტივირებულს. დიახ, მოტივირებული ადამიანია თავისუფალი ადამიანი, დიახ, მოტივირებული ადამიანია ქვეყნის მომავლის საყრდენი და რა ბედნიერებაა, რომ არსებობს “მეცნიერთა კონგრესი“, რომელიც ამბობს, რომ ქვეყნის მომავალი იმ პოლიტიკურ ძალებთანაა დაკავშირებული
- რომლებიც ხელისუფლების შენარჩუნებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ, მეცნიერებთან დათათბირებით და ხალხის მხარდაჭერით ადგენენ სისტმური ცვლილებების პროგრამას და გაბედულად მოჰყავთ მოქმედებაში.
- , რომლებსაც არ ეშინიათ მონაცვლეობის – ხელისუფლებიდან წასვლის და გამარჯვების შემთხვევაში, მზად არიან ორი წლის თავზე ჩაატარონ „ნდობის რეფერენდუმი“ და თუ ხალხი არ დაუდასტურებს ნდობას, გადადგებიან.
და კიდევ ერთი ხაზგასმა, ეს უკვე ხალხისთვის, რადგან პარტიები ხელისუფლებაში, თუ მის ფარგლებს გარეთ ამ პუნქტს არ ეთანხმებიან. „მეცნიერთა კონგრესმა“ ჩამოაყალიბა ფორმულა „რას ნიშნავს „ხელისუფლება“ და გამოკვეთილად თქვა: ძალაუფლების დათმობის ეშინია კორუმპირებულ პოლიტიკურ ძალას. და თუ რომელიმე პარტია, მისული ხელისუფლებაში, არ თვლის თავს კორუმპირებულად და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის არის ქვეყნის და ხალხის ერთგული, მაშინ შეიძლება დაუჯერო, თუ ის აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს: “საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს და არის გარანტი,რომ დაცული იქნება ადამიანის ბუნებითი უფლებებს
● სიცოცხლის უფლება;
● სიტყვის თავისუფლების უფლება;
● საკუთრების უფლება;
● უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება
სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, ადამიანს გარანტირებულად ექნება:
● საცხოვრისი ;
● საარსებო მინიმუმი ;
● სამედიცინო მომსახურება ;
● განათლების მიღების თანაბარი უფლება
ხელისუფლება,რომელიც ამას ვერ ,ან არ აკეთებს ,კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავს,ანტიკონსტიტუციური ხდება.
გამოდის, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართველოს არ ჰყოლია მისი მსახური ხელისუფლება.
რა ხდება? რატომ გვიჭირს ყველაფერი ამის გააზრება და მოქმედებაში მოყვანა?
იმიტომ რომ „მეცნიერთა კონგრესი“ ამბობს: დღეს პარტიების დრო არ არის, დღეს პიროვნებების დროა. რომ კრიზისის ერთ-ერთი მძლავრი განმაპირობებელი არის ის, რომ პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ზნეობრივ ადამიანებში კი პარტიების მიუღებლობა. რომ პოლიტიკოსები არ გვეთანხმებიან იმაში, რომ ერთი საარჩევნო პერიოდი მაინც გავიწიოთ გვერდზე, პროფესიონალებს მივცეთ საშუალება, განახორციელონ სისტემური ცვლილებები, რომელთა გარეშე “მეცნიერთა კონგრესს” ვერ წარმოუდგენია საქართველოს მომავალი. დიახ, პარტიები და პოლიტიკოსები, ხელისუფალნი არ გვეთანხმებიან მთავარ შეფასებაში: პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი, ვიდრე პარტიებში. და თქვენ წარმოიდგინეთ, პარტიებმა იმდენად მოუგეს ხალხს, რომ ხალხი მხარს უჭერს იმ კანონს, რომელსაც ხელისუფლების სათავეში მხოლოდ პარტიები მოჰყავს. იმ კანონს, რომლებმაც უგულებელყვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები: აირჩიოს და არჩეული იყოს. არ ხარ პარტიის წევრი, ხელისუფლებაშიც ვერ იქნები. ეს კატასტროფაა!
რისი იმედი გვაქვს?
ხალხის. ზნეობრივი ადამიანების. იმის, რომ როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, პოლიტიკისათვის ყველაზე კარგი “თვალებახილებული” ხალხიაო. მადლობა ღმერთს, რომ „|თვალებახილების“ პროცესი დაწყებულია. დღეს ეს მხოლოდ ურწმუნო თომას არ სჯერა. სწორედ „თვალებახილებული“ ხალხი შინებს ხელისუფლებას და პოლიტიკოსებს. რომლებიც კარგად გრძნობენ თავს მშიერი ხალხის გარემოცვაში. სიყალბეში ცხოვრების მთავარ საყრდენად, მათი ინტერესების გამომხატველი ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებების შექმნა აქციეს. სწორედ მათი საშუალებით აცხოვრებენ ადამიანებს სიყალბეში. სიყალბეში ცხოვრების დასრულება შეუძლია ხალხს და მხოლოდ ხალხს! დღეს ამოცანა სწორედ ეს არის: სიყალბეში ცხოვრება უნდა დასრულდეს და დასრულდება კორუფციაც, გვეყოლება ხალხის მსახური ხელისუფლება და არც ისე დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში!
ასე ფიქრობს და ნაფიქრალი რეალურად მიაჩნია “მეცნიერთა კონგრესს”, რომელიც რჩება ხალხთან, რომლისთვისაც მთავარია არა ის, როგორ ცხოვრობს ხელისუფალი და ხელისუფლება, არამედ სწორედ ის, როგორ ცხოვრობს ხალხი.
არჩევანი ყველამ უნდა გავაკეთოთ: ვრჩებით ხალხთან, თუ საკუთარ თავზე შეყვარებულ,.თვითკმაყოფილ და გაბოროტებულ ხელისუფლებასთან. პირველი სიკეთით გამარჯვების და ბედნიერებით სავსე ცხოვრებისკენ მიმავალი გზაა. მეორე -დუხჭირი და მონური ცხოვრებისკენ, 21-ე საუკუნის ფეოდალიზმისკენ.
დასკვნის სახით, ჩემი მთავარი ხაზგასმა
გაგიკვირდებათ, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილ მასალაში, არაერთი რამ გავიხსენე და ყველაფერი სიტყვასთან, ტრიბუნიდან ნათქვამთან არის დაკავშირებული. არც კი მიხსენებია ტანკების წინ გადადგომა, აფხაზეთისკენ მიმავალ იმ თვითმფრინავში შესვლა, რომლის გადარჩენის შანსი ნოლს უტოლდებოდა… რატომ? არც ერთი ფიზიკური ტანკი არ არის საშიში. საშიშია პოლიტიკური ტანკი. რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს სწორედ ის იარაღი, რომლითაც ვხოცავთ ერთმანეთს. ტრაგედიაა, რომ პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის ყველა მმართველი პოლიტიკური პარტია საქართველოს წინააღმდეგ მომართულ პოლიტიკურ ტანკად იქცა. პოლიტიკური ტანკის დროს მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდბა, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება.
მწარე რამეს ვამბობ, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. მხოლოდ პოლიტიკურ ტანკს შეეძლო გაეტანა ქალაქის ცენტრიდან, გადაეადგილებინა პატრიარქის ნაკურთხი ადგილიდან წმინდანი მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი. და პოლიტიკური ტანკის როლს ასრულებს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც არც თბილისში და არც ქუთაისში მეფეთმეფის ძეგლს არ აბრუნებს იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა ეკლესიის მიერ იყო ნაკურთხი, ან იმას მაინც არ ცდილობს, ის ადგილი იკურთხოს, სადაც ამჟამადაა აღმართული წმინდანი მეფის ძეგლი. ეს არის ცოდვა და ის არის ცოდვა, რომ „ქართულ ბიბლიად“ და „ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული „დიდების მემორიალი“ ააფეთქეს ქუთაისში და ამას დედა-შვილის სიცოცხლეც კი შეეწირა.
დიახ, საშიშია პოლიტიკური ტანკი. ომებში სახელმწიფოები ერთმანეთს იარაღით და ტანკებით ებრძვიან. პოლიტიკურ ტანკს ამარცხებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ხმას აძლევს გონებით და სინდისით. ვინც ხმას ყიდის, ის, პოლიტიკურ ტანკში ზის, ვინც ხმას ყიდულობს ქვეყანას გვიყიდის. არჩევანი ადვილია: არ ჩაჯდე პოლიტიკურ ტანკში და გწამდეს და გჯეროდეს: შენი სწორი გადაწყვეტილებით, ქვეყანას ათავისუფლებ პოლიტიკური ტანკისგან და ადამიანსაც და ქვეყანასაც, აძლევ თავისუფლებას!
როგორც ამას იოანე ოქროპირი ამბობს: “საკუთარი სისხლით გაგვათავისუფლა უფალმა და ნუ ვიქნებით ადამიანთა მონები!”
გაუნათლებლობაა მონობა და განათლებულობა მეფობა. საქართველო უფლის ქვეყანაა, საქართველო ინტელექტის ქვეყანაა და საქართველოში მხოლოდ ერთი ძალაუფლება უნდა იყოს – ნიჭის ძალაუფლება!
„მეცნიერთა კონგრესს“ მიაჩნია, მხოლოდ ნიჭის ძალაუფლების პოლიტიკაა ქართული. და ამიტომ ამბობს გაბედულად: „ქართული, მხოლოდ ქართული გზა. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არსებობს!“ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა ფული და პატრონები!
გულწრფელად განვიცდი, რომ ყველაფერმა იმან, რაც ზემოთ ვთქვი, ჯერჯერობით ვერ მიიღო მხარდაჭერა არა მარტო პოლიტიკურ ძალებში, პოლიტიკოსებში და ხელისუფლებებში, არამედ ხალხშიც. პოლიტიკოსებს არ მოწონთ ჩემი პოზიცია პარტიებთან დაკავშირებით. ხელისუფლება „მეცნიერთა კონგრესის“ პროგრამებს ვერ უარყოფს, მაგრამ მათზე საუბარს გაურბის და გაუგონარ იგნორირებას უკეთებს.
რა ვქნათ? გავჩერდეთ და ამით სიყალბის მხარდამჭერებად ვიქცეთ? ეს გამორიცხულია! ჩვენ ვფიქრობთ ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც დაპირისპირებაზე კი არ იქნება ორიენტირებული, რომლის მიზანი სხვაზე გამარჯვება არ იქნება. ჩვენ ვფიქრობთ ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომლის მიზანი იქნება არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ სიკეთით გამარჯვება. ჩვენ ვფიქრობთ ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომლის მთავარი მიზანი იქნება მეცნიერთა, პოლიტიკურ ძალთა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მცხოვრებ მამულიშვილთა შესაძლებლობების შეერთება ქვეყნის უნიკალური პოტენციალის მოქმედებაში მოსაყვანად.
დიახ, შესაძლებლობათა შეერთებით, საქართველო, როგორც უფლის ქვეყანა, როგორც მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, დაიწყებს მისი საერთაშორისო სულიერი მისიის შესრულებას. ეს რეალურზე რეალურია და მის უგულებელყოფას არც ხალხი, არც პროგრესული მსოფლიო და არც მომავალი არ გვაპატიებს!
გამარჯვებით ვიყოთ!
თემურ შაშიაშვილი
20 ივნისი, 2026 წელი



