მერაბ ჯიბლაძე: საქართველოს ანექსია ინვესტიციებით

merabსწორედ ეს ორი სიტყვა ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირზე ერთ დროს `ლეჩკომბინატად~ ცნობილ სამედიცინო ცენტრის რკინის ღობით შემორაზულ სივრცეს. ამ სივრცეში ძველი შენობის ფასადიდან შემორჩენილ ერთი მცირე კედელზე დიდი ფარდაგი ფრიალებს წარწერით `ლეჩკომბინატი”. იქ, სადაც სამკურნალო ცენტრი ფუნქციონირებდა, ვეებერთელა ორმოა, რომელის გარშემო მოწყენილი ასწლოვანი ხეებია.

თითქმის მთელი წელია, რაც ასე გამოიყურება შ.პ.ს `ლეჩკომბინატი #1″- ის მიერ ეს გაუბედურებული ადგილი, სადაც თურმე `სამედიცინო და ჯანდაცვის ობიექტი” უნდა აიგოს. ძველის დანგრევისთვის ამ შეპესეელებს ნგრევის ნებართვაც კი მიუღიათ მერიდიან და ამ განადგურებას `დემონტაჟი” უწოდეს. `მონტაჟი” კი ალბათ მაშინ დაიწყება, როდესაც `არქიტექტურის ლაბორატორია #3 ახლის პროექტირებას დაამთავრებს.

`შესვლა აკრძალულია”. საქართველოში ასეთ წარწერებს მრავალს ნახავთ. რაც ხალხს ეკუთვნოდა მპყრობელებმა თუ დამპყროლებლებმა მიიტაცეს, რომლებმაც მაგიურ სიტყვა `ინვესტიციას~ ამოეფარნენ.

ჩემთვის წარმოუდგენლად მძიმე იყო ბუცა ჯორბენაძის მიერ შექმნილი `საზეიმო რიტუალების სასახლის~ ბედი. ის არქიტექტორს მომავლის ტაძრად ჰქონდა ჩაფიქრებული, ტაძრად, რომელსაც მომავალი თაობები დაასრულებდნენ. ჩემს უცხოელ მეგობრებსაც ისე მოსწონდათ, რომ თბილისში ჩამოსვლისთანავე აეროპორტიდან სასტუმროში მისვლამდე ამ ტაძრის მონახულებას მთხოვდნენ.
ის საზეიმო რიტუალების სასახლე ჯერ წვრილმა მეპატრონეებმა გაინაწილეს, შემდეგ კი ზალზე მსხვილი მეპატრონეც გამოჩნდა და შეისყიდა ეს სასახლე. ვიფიქრე, ეშველებოდა ბუცას ქმნილებას, მის შესანიშნავ ფრესკებს და ხალხს დაუბრუნდებოდა. ის კი ჩაკეტილ კერძო საცხოვრებელ სახლად გადაიქცა წარწერით `შესვლა აკრზალულია~.

და დადგა ჟამი უთავბოლო, უსვინდისი, ნულოვანი პრივატიზაციისა და მხოლოდ ფაბრიკა-ქარხნები კი არ განადგურდა, მუსრი სამეცნიერო და კულტურულ დაწესებულებებსაც გაავლეს. ის, რომ ხალხის დიდი მასა უმუშევარი დარჩა, დამპყრობ პრივატიზატორებს სულაც არ ადარდებდათ, რადგან თურმე ინვესტორები ყოფილან.

მაინც, რა იყო ამ აღვირახსნილი პრივატიზაციის მიზეზი?

ერთმა ძალიან მნისვნელოვანმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ზვიადს სასტიკად უღალატა და შემდგომმა ხელისუფალმაც თავიდან მოიცილა (მოღალატე ყოველთვის მოღალატეა და ყოველთვის ეჭვით უყურებენ), განაცხადა, რომ “ზვიადი იმიტომ გააგდეს, რომ ის პრივატიზაციას უშლიდაო ხელს”
თურმე რაში ყოფილა საქმე!

აბა, პრივატიზაციის გარეშე, ხალხისთვის ანაბრების წართმევის გარეშე, სახალხო ქონების ხელში ჩაგდებისა და უცხოელებზე სარფიანად მიყიდვის გარეშე კაპიტალიზმი როგორ შემობრძანდებოდა?
და იხმეს ედუარდი და იშვა კაპიტალიზმი, რომელსაც დასავლეთში `ველური` უწოდეს.
და გაიწმინდა სინდისისაგან სიხარბით აღტყინებული ხალხის ერთი ჯგუფი, მეორე კი, გაცილებით მრავალრიცხოვანი, უკიდურესი სიღატაკის მორევში ჩაეშვა.

მახსენდება, იმ საზიზღარი `კუპონების~ დროს (ყველას თავი როგორმე მილიონერად რომ ეგრძნო, კუპონები ექვსნიშნა ციფრებით დაამშვენეს), უნივერსიტეტთან მამაჩემის მეგობარი, ბრწყინვალე მათემატიკოსი აკადემიკოსი გიორგი ჭოღოშვილი შემხვდა. გახარებული იყო, რადგან ხელფასი აეღო და 10 კვერცხი შეეძინა. მითხრა, ეს ის ერთადერთი ორგანული საკვებია, რომელიც მას და მის ასევე აკადემიკოს მეურლეს შეეძლო მიეღო მომავალ ხელფასამდე.

იმ დროს მე სოროსისგან რაღაცა მერგო, მაგრამ ვერ გავბედე შემეთავაზებინა თუნდაც მცირედი. გავუყევით ჭავჭავაძის გამზირს და `ავრორასთან” მაღაზიის ვიტრინაში `ბორჯომის~ ბოთლი შენიშნა. წაიწია ვიტრინისაკენ და თქვა, რომ მისი კუჭისთვის ბორჯომის წყალი აუცილებელი წამალია, მაგრამ კუპონები აღარ დამრჩაო. ვიხელთე მომენტი და ჭიქა `ბორჯომზე~ მივიწვიე. დავითანხმე, ვიყიდე 2 ბორჯომის ბოთლი, ერთი იქვე გავახსენით, დალია ერთი ჭიქა და ღრმად ამოისუნთქა. დიდი თხოვნა დამჭირდა, რომ გახსნილი ნაკლული ბოთლი და მეორე ბოთლი სახლში წაეღო და ისიც კი მოვახერხე, რომ კონფეტების მცირე პარკი მის კვერცხებიან ცელოფანის პარკში ჩამედო.
ეს საშინელება იყო. უყურო ამ დიდებულ მეცნიერის ყოფას და შენც არაფრის შნო გქონდეს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოიყვანო. იმ ავბედით დროს მეორე ბრწყინვალე მათემატიკოსი და პიროვნება, აკადემიკოსი ლევან ჟიჟიასვილი მისმა მეგობრებმა საავადმყოფოსი რომ მოინახულეს, ექიმებმა უთხრეს, რომ მისი წამალი მხოლოდ ნორმალური საკვებია.

სწორედ ეს იყო იმ პრივატიზაციის შედეგი, რომელიც ედუარდ მეფემ და მისმა დამქაშებმა თავს მოგვახვიეს. თვით მეფემ კი ბრძანა: `რაც უფრო მეტი მილიონერები გვეყოლება, მით უკეთესი არაა?~ იმისი გონი კი ნამდვილად არ ჰქონდა რომ მიმხვდარიყო, რომ თვითოეული მილიონერის დაბადებას ათეულ ათასობით წესიერი ხალხის გაღატაკება და შიმშილით სიკვდილი მოსდევდა, რადგან დოლარები ციდან არც ცვივა და ის საწყალ ხალხს უნდა ამოაცალო ჯიბიდან.
რატომ ვერ ხვდებოდა ამას კრწანისის მეფე?

მახსენდება 1996 წლის იანვარში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუ ზაზა დარასელთან. სავარძელში ნებივრად მოკალათებულ დიდბატონ ედუარდს ეკითხება კორესპონდენტი:
`თქვენ, როგორც პრეზიდენტი, გადაწყვეტილების მიღებისას ვის რეკომენდაციებს დაეყრდნობით~?
`არავის~ – უპასუხა შედარებით სწრაფად პრეზიდენტმა.

ჩამოწვა მძიმე დუმილი. კიდევ რაღაცის მოლოდინში იყო ბატონი ზაზა. მე კი გაოცებული შევყურებდი ეკრანს. ნუთუ ესაა დემოკრატია, როცა პრეზიდენტი ჭკუას არავის ეკითხება. თვით დიდ შახებსაც კი თავიანთი ვეზირები ჰყავდათ სათათბიროდ. ველოდი, ჩვენი მეფე და იტყოდა, რომ საქართველოს ჰყავს საკმაოდ მაღალი დონის მეცნიერები, ინტელიგენციის დიდებული წარმომადგენლები და მათთან ურთიერთობა დიდად წაადგებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, გავიდა ოციოდე წამი და პრეზიდენტმა გასაოცარი, კიდევ უფრო უარესი განაცხადა:

`არა, მე მთალად სწორედ არ ვთქვი. რასაკვირველია, ჩემი გადაწყვეტილებების მიღებაში მე ვითვალისწინებ რეკომენდაციებს. ერთადერთი ეს არის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციები. მათ წარმომიდგინეს თხუთმეტი ტომი რეკომენდაციებისა და ყველას დავაწერე რეზოლუცია დაუყოვნებლივ შესასრულებლად~

გაოგნებული დავრჩი. ბატონი ზაზაც რაღაცის მოლოდინში იყო. პრეზიდენტმა კი გააგრძელა:
`ეს ისეთი ორგანიზაციებია, რომლებმაც აფრიკის დაქცეული ქვეყნები ღრმა ჭაობიდან ამოიყვანა და ჩვენც მხოლოდ ისინი გვიშველიან!~

გასაოცარი ის კი არ არის, რომ პრეზიდენტი ასე ფიქრობს. საშინელებაა, რომ მას ჭკუა არ ეყო, რომ ეს საშინელება ტელევიზიით მოსახლეობისთვის არ ეთქვა. რა დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ, როდესაც სხვა სახელმწიფოს მიერ თავსმოხვეული კანონებით ცხოვრობ? ღოდესაც ყველა შენი კანონი ამერიკაში იწერება და მას აქ ცხოვრებაში ატარებ, განა ამას სასტიკი კოლონიზატორის უღელქვეშ მყოფი ხალხი არ ქვია?

კიდევ უფრო გასაოცარი ის იყო, რომ ეს ინტერვიუ ტელევიზიამ რამდენჯერმე გაიმეორა. ალბათ საზოგადოებრივი ტელევიზიის არქივში ინახება ამ ინტერვიუს ფირი და იქნებ კვლავ გვაჩვენონ, რომ ედუარდის შემდგომი პრეზიდენტი მიშა იგივეს აკეთებს და იქნებ უფრო უარესსაც, მისი გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე.

აი მიზეზი ინვესტიციით ქართული სახელმწიფოს ანექსიისა: შემოდით, იყიდეთ რაც გსურთ, დაეუფლეთ რასაც გინდათ და თქვენი იქნება, ოღონდ რაღაცა ჩვენს საკუთარ ჯიბეებშიც უნდა დარჩეს, ცოტა კაპიტალიზმის წყალი რომ შეგვეშხეფოს.

და გაჩაღდა ველური კაპიტალიზმის მიერ საქართველოს განადგურება სწორედ ინვესტიციების გზით. ჯერი უცხოელებზე დადგა და მათაც არ დააყოვენეს.

`გაყიდეთ, გაყიდეთ, გაყიდეთ ყველაფერი ჩქარა~ – ბრძანა რუსეთიდან ჩამოგორებულმა ბენდუქიძემ და პირველმა სინდისი გაყიდა თუ არა, რუსეთში დაგროვილი დოვლათის გაათმაგებას მიჰყო ხელი. მთავარი იყო ეკონომიკა გაენადგურებინა ეკონიმიკის მინისტრს, და უცხოელთა ინვესტიციას თუ ინტერვენციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა.
`ინვესტიცია~ და `ინტერვენცია~.

ეს ორი სიტყვა, თავისი მნიშვნელობით. ერთმანეთისგან დიდად განსხვავებული უნდა იყოს, თუმცამ რატომღაც ჩვენს ქვეყანასი მათ ერთნაირი მნიშვნელობა შეიძინა?!

მართლაც საოცარია. ორი ათეული წელია სულ ინვესტორების ძიებაში ვართ და, ჩვენდა გასაოცრად, ინტერვენციის მაგვარს ვიღებთ.

ამასწინათ ერთი ლამაზმანი უმრავლესობის პარლამენტარი გოგონა გამოვიდა გადაცემა `ობიექტივში~ და სრული დამაჯერებლობით განაცხადა, რომ დღეს პარლამენტის მთავარი პრობლემა `მავთულხლართები~ ყოფილა, რუსებმა ჩვენსკენ რომ გადმოწიეს?!

ბრავო პარლამენტარებო, თუ თქვენ ამაზე დიდი საფიქრალი არ დაგრჩენიათ! ვითომ მავთუხლართების პრობლემა `ლეჩკომბინატის~ `დემონტაჟზე~ უფრო მნიშვნელოვანია? იქ ძროხებს ბალახი დააკლდა, აქ კი ხალხს მკურნალობა. იქ ოსები მოიქცნენ უმსგავსოდ, აქ კი ქართველები. იქ რუსების დახმარებით, აქ ვიღაც უცხოელების ხელით. მაინც, რა განსხვავებაა? ორივეს შედეგს ერთი სახელი – ანექსია ჰქვია და ერთი და იგივე აბრა ამშვენებს მავთულხლართსაც და რკინის ღობესაც: `შესვლა აკრძალულია~.

მართალია, ინტერვენციის წყალობით დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ჩვენს მიწებზე სხვები გაბარტონდნენ, ტყვიების წვიმაც ვიხილეთ ჩვენს თავზე და სისხლიც ბევრი დაიღვარა, მაგრამ დოლარის ტყვიები გაცილებით მზაკვრული აღმოჩნდა, რადგან მათი შემწეობით ინვესტიცია ანექსიად გარდაიქმნა. ჩვენი მიწა-წყალი უცხოელებს ჩაუვარდათ ხელში და აბრა `შესვლა აკრძალულია~ ყველაზე ხშირად გვხვდება ამ დუხჭირ მიწაზე. დღეს სწორედ ამ დოლარებთ ხდება ინტერვენცია აჭარაში და ალბათ სამხრეთ საქართველოსაც დავკარგავთ.

სწორედ ეს ინვესტიციებია თურქები, ჩინელები, არაბები თუ ინდოელები რომ დაეპატრონენ ჩვენს მიწებს. ქართველებს შავ მუშებად თუ გამოიყენებენ, ისიც მონური შრომისათვის. განა ცოტაა ამისი მაგალითები?

შეხედეთ რა ხდება თბილისის ზღვის შემოგარენში. მითიური ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩატარების საბაბით ჩინელები თავისიანებისთვის 120 ათასიან ოლიმპიურ ქალაქს აშენებენ. მშენებლობაზე 50-ოდე ქართველი აიყვანეს შავ მუშად და ორ გროშად `ვირივით ამუშავებენ~.
როგორც იქნა გლეხებმა ხმა ამოიღეს და ინდოელ ინვესტორ-ინტერვენტებს შეუტიეს ისიც უსინდისო ქართველების მიერ გაყიდული მიწების დასაბრუნებლად. გავა დრო, და არაბებს, ჩინელებს თუ თურქებსაც შეუტევენ, თუ ძალა არ გამოეცალათ და არ დაბეჩავდნენ.
რას ნიშნავს უცხო ტომთა ინვესტიცია და რა `სიკეთე“ მოგვიტანა იმ დოლარებმა, რომლებიც უხვად შემოდის საქართველოში?

თუ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის ასეთი მიმზიდველია, ქართველი მილიონერები რატომ არ ანხორციელებენ ინვესტიციებს თავის სამშობლოში?

თუმცა, ქართველებიც ყიდულობენ სახელმწიფოსგან მიწას, რათა შემდეგ უცხოელებს მიჰყიდონ. სწორედ ამას ქვია `წმინდა ქართული ბიზნესი~, რასაც ადრე `სპეკულაციას~ ვუწოდებდით. მათთვის მთავარი ყიდვა-გაყიდვაა და ესაა ჩვენი უბედურება, თორემ ნამდვილი ბიზნესმენი ძალზე ცოტაა.
ამას წინათ `ობიექტივის” ეკრნიდან შევიტყვე, თუ როგორ ჩაიგდო ხელში ორიოდე წლის წინ რომელიღაცა კანადურმა ფირმამ ონკოლოგიის სამეცნიერო-სამკურნალო ცენტრი და რა ნაგვის ბუდედ გადააქცია ის. ეს ხომ ქართული მედიცინის გასანადგურებლად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომელიც დამპყრობმა ინვესტორებმა გადადგეს და ასეთ ნაბიჯებს მრავლად უნდა ველოდოთ, თუ სასწრაფოდ გონს არ მოვეგეთ. `სასწრაფო დახმარებაც~ პირველყოვლისა ჩვენს გონს სჭირდება და კვლავ დიდი ვაჟას ვედრება მიდგას თვალწინ: `ღმერთო, მიეცი გონი ქართველებს~
იმედის ნაპერწკალი აინთო, როცა შევიტყვე, რომ პარლამენტმა აკრძალა მიწების გაყიდვა 2014 წლის ბოლომდე. ღმერთმა ასეთი ნაპერწკლები ნუ მოგვაკლოს და იქნებ ჩვენი ჯოჯოხეთიც განათდეს?

პროფესორი მერაბ ჯიბლაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

One Comment

  1. ასეთი ჭკვიანი და დაბრძენებული მეცნიერები უნდა იყვნენ შეურაცხყოფილნი და უფუნქციონი და ქვეყანა თუ ამერიკის ერთ-ერთი შტატი, სავსე უნდა იყოს უტვინოებით ნებისმიერ სფეროში?! ეს უსასტიკესი განსაცდელია ჩვენს თავს და სწორედ ეხლაა საჭირო ერთ მუშტად შეკვრა მტრის წინააღმდეგ შინ თუ გარეთ. ღმერთო გვიშველე!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *