წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრს

weriliსაქართველოს იუსტიციის მინისტრს
ქალბატონ თეა წულუკიანს

ქალბატონო თეა,

ჩემი თქვენდამი მომართვა განაპირობა უკანონობის მორევმა,რომელშიც ჩაფლულია საქართველოს ეკონომიკური ღერძის: ზესტაფონი-ჭიათურა-ტყიბული კომპლექსი. მიზეზთა გამო ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა ზესტაფონის მოსახლეობა. მათგან არაერთმა შეხვედრამ, მათ მიერ გადმოცემულმა მასალებმა განმიახლეს ის ტკივილი, როემლიც უკავშირდებს ჩემი გუბერნატორობის დროს ფერომაფიასთან ბრძოლის პერიოდს. მაშინ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი ბოლომდე მიმეყვანა ბრძოლა შევარდნაძე-სააკაშვილის ერთობლივ კლანთან, რომელიც მოგვიანებით მთლიანად სააკაშვილის ოჯახმა ჩაანაცვლა; ბრძოლა „მხედრიონთან“, ბრძოლა სილიკომანგანუმის უკანონო მითვისებასთან, რომელსაც თავიდანვე ხელმძღვანელობდნენ სამი პარლამენტარი და კრიმინალური სამყაროს სამი ცნობილი სახე, როგორც თავად ამბობენ, კანონიერი ქურდი. დღეს ძნელია დააჯერო ვინმე, რომ ეს იყო თავგანწურული ბრძოლა. ვაღიარებ, მაშინ ვერ მოვერიე. ამდენად, ვალში ვარ იმ ადამიანებთან, რომელთაგან მივიღე შემაძრწუნებელი ინფორმაციები და მასალები. მიუხედავად სასურველი შედეგების მიუღწევლობისა, დარწმუნებული ვარ, ზესტაფონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაადასტურებს – ეს არ იყო უბრალო ბრძოლა.

უშუალოდ თქვენდამი მომართვა კი განაპირობა საქმის სპეციფიკამ, მეორეს მხრივ თქვენდამი საზოგადოების ნდობის მაღალმა ხარისხმა.

ჩვენ არავის, არც ერთ მხარეს არ ვიცავთ ჩვენთვის არ არსებობს შპს „ბარაქასა“ და შპს „დინექს 2002“-ის დავაში საკითხის პერსონალური მხარე. გთხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტურ ანალიზს და შემდგომ კანონის მიერ რეაგირებას, ვინაიდან ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ ზესტაფონს! ვიცავთ ზესტაფონს, რომელშიც სხვისი საკუთრების ნგრევა გრძელდება დიდი სიშმაგით და მაღალი ტემპით. განსაკუთრებული ბარბაროსობით იქცევიან ამ დღეებში, ვინაიდან სექტემბრის დასაწყისში იწურება სავარაუდოდ გაყალბებული ლიცენზიის ვადაც.

ჩვენი პარტიის ანალიტიკური ჯგუფის აზრით, რომლის ბარათს სხვა დოკუმენტებთან ერთად გაახლებთ, იკვეთება უხეში დარღვევები შემდეგი მიმართულებებით:

პირველი – ლიცენზიები, რომელთა საფუძველზე „დინექსი – 2002“ ეწევა წიდის შეგროვებას, შესაძლოა გახლდეთ გაყალბებული;

მეორე – დარღვეულია კერძო მესაკუთრეთა უფლებები, მიზანმიმართულად ზიანდება კერძო საკუთრება, მიყენებულია ძალზე სერიოზული მატერიალური ზარალი;

მესამე – იგნორირებულია ბუნებისდაცვითი ღონისძიებები ზიანდება ატმოსფერო, წყალი, მიწის საფარი;

მეოთხე – მიკრობიოგარემოს დაზიანების გამო კატასტროფულია რეგიონში სპეციფიკური დაავადებების მაჩვენებლები. განსაკუთრებით საგანგაშოა ჩვილთა და სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის ცალკეული ნოზოლოგიების მიხედვით ავადობა;

მეხუთე – კადრები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე საგამოძიებო, სამართალდამცავ და სასამართლო სტრუქტურებში იცავდნენ დავის ერთი მხარის ინტერესებს, კვლავ ადგილებზე არიან, ან დაწინაურდნენ და კვლავაც განაგებენ ამ დავასთან დაკავშირებული საკითხების „შესწავლას“ და „სამართლებრივ“ გადაწყვეტას.

ქალბატონო თეა,

მოსახლეობა გმინავს თავაგსულ მეწარმეთა მტაცებლური ბუნების უღელქვეშ. სწორედ იმ რეგიონებსა და რაიონებში, რომელთა განსაკუთრებული სიმდიდრის გამო გამორჩეულად კარგად უნდა ცხოვრობდეს ადგილობრივი მოსახლეობა, ხალხი განსაკუთრებით დაჩაგრულია.

ეს ეხება ფოთს… ეს ეხება მადნეულს… ეს ეხება ტყიბულს…

მოგეხსენებათ, ზესტაფონის ფუნქციონირება დაკავშირებულია ჭიათურის ფასდაუდებელ სიმდიდრესთან. გარდა იმისა, რომ ჭიათურის სამთომოპოვებითი კომპლექსი შეიჭრა საცხოვრებელი რაიონების ტერიტორიაზე და პირდაპირი საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, მიმდინარეობს ინერტული მასალების უკონტროლო გატანა, რითაც ნადგურდება უნიკალური მუხნარის მასივი და საფრთხე ემუქრება მე-11 საუკუნის ხუროთმოძღვრების მოქმედ ძეგლს – წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიას (!). რაიონში, რომელიც წლების მანძილზე ქმნიდა და დღესაც უნდა ქმნიდეს საქართველოს სიძლიერეს, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეწოდება პრაქტიკულად უვარგისი სასმელი წყალი და ეს მაშინ, როდესაც სწორედ უკონტროლო მეწარმეობამ ხალხს დაუკარგა სასმელი წყლის ათობით წყარო.

საერთო-სახალხო სიმდიდრის დატაცება გრძელდება, მდიდრდებიან მაფიოზები, რომლებიც არმად ნაშოვნი ქონების ერთ ნაწილს ისევ ხალხის დასაჩაგრად მოიხმარენ. ისევ მათ წინააღმდეგ წარმართავენ ერის მოღალატე და მოძულე პოლიტიკოსების ათწლეულის მანძილზე დაფინანსების გზით.

ქალბატონო თეა, ჩვენ მოგმართეთ იმიტომ, რომ თქვენ ბრძანდებით იუსტიციის მინისტრი, ხელმძღვანელობთ იმ სამინისტროს, რომლისგანაც დაიწყო ყველა ეს უბედურება, მაშინ, როცა მინისტრი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი. სწორედ თქვენს ხელთ არსებული მასალებით შეიძლება იმის სრულყოფილად მტკიცება, რომ:

მიხეილ სააკაშვილმა – მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა – პირადად არ დაუშვა ჭიათურა – ზესტაფონი – ტყიბულის ერთიანი სამრეწველო კომპლექსის შექმნა;
მიხეილ სააკაშვილმა – მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა – სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები ხელთ ჩაუგდო საეჭვო წარსულის მქონე პირებს და მათ დღემდე გაურკვეველ უცხოელ პარტნიორებს.

პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, გთავაზობთ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელთან სათანამშრომლოდ მზად გახლავან როგორც ჩვენი პარტიის ანალიტიკური ჯგუფის წევრები, ისე ჩვენი მეგობარი მეცნიერები.

ქალბატონო თეა, ამ წერილთან ერთად გაახლებთ ჩვენი პარტიის ანალიტიკური ჯგუფისმიერ მომზადებულ ბარათს და დოკუმენტების ერთ ნაწილს. გარწმუნებთ, არც ერთი სიტყვა არ არის იოტისოდენი გადაჭარბება, ისინი ემყარება უმძიმეს ფაქტობრივ მასალებს და რეალურ მდგომარეობას. გთხოვთ თქვენს რეაგირებას.

პატივისცემით
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თეიმურაზ შაშიაშვილი

10.07.2013წ

 

P.S. იუსტიციის მინისტრთან გაგზავნილ წერილს თან ერთვის

თეთრების” ანალიტიკური ჯგუფის განმარტებითი ბარათი 

p.s. წერილი პარტიის ანალიტიკური ჯგუფის მიერ შედგენილ დანართთან ერთად
ჩაბარდა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას (Ν01/13 – 87871)

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *