9 ივლისს ,,ქართულ-ოსური მისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა

Capture119 ივლის ,,ქართულ-ოსური მისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ორგანიზაციის თანათავმჯდომარე ფერდინანდ ლორთქიფანიძეუძღვებოდა. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.
,,ქართულ-ოსური მისიის“ სხდომის  დღის წესრიგი:
1. ანგარიში – საქართველოს ციხეებში სამხრეთ ოსეთიდან პატიმართა მონახულების მიზნით გაწეული სამუშაოები;
2. ელექტრონული ჟურნალის ,,ქართულ-ოსური მისია“ გამოცემის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები;
3. ქართულ-ოსური პრობლემებისადმი მიძღვნილი ზ. კოლელიშვილისფილმის ,,ომი და მშვიდობა“ განხილვა;
4. ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის გ.ძასოხოვის წინადადების განხილვა, რომელიც რ. ჩხეიძის ფილმის ,,ჯარისკაცის მამა“  კავკასიელი ხალხებისათვის – ვლადიკავკაზში, პიატიგორსკში, ცხინვალსა და სოხუმში ჩვნებას შეეხება;
5. დ. ჯაიანის სოხუმის თეატრში მმართველად დაბრუნების მიზნით საქართველოს კულტურის მინისტრისადმი წერილის მომზადება;
6. მიმდინარე წლის ოქტომბერში საბერძნეთში ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მიერ დაგეგმილ კონგრესში მონაწილეობის საკითხი;
7. ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტის გ.ძასოხოვის სამადლოებელი წერილის განხილვა.
,,ქართულ-ოსური მისიის“ დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო საქართველოს ციხეებში ოსი ეროვნების პატიმართა საქმეების გადახედვას. როგორც მისიის წევრები აცხადებენ, ციხეებში ჯერ კიდევ მრავლად არიან ოსები, რომლებიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიერ არასწორად მიღებული გადაწყვეტილებების  გამო იქ აღმოჩნდნენ. სხდომაზე გადაწყდა, რომ მისიის წევრებისაგან დაკომპლექტდება ჯგუფი, რომელიც თბილისის ციხეებში ოსების პატიმრობაში ყოფნის კანონიერებას შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, ამ ადამიანებისათვის სამართლიანობის აღდგენასა და განთავისუფლების მოთხოვნით შესაბამის პასუხისმგებელ პირებს მიმართავს.
შეხვედრაზე გადაწყდა მადლობის წერილები გაეგზავნოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარსა და დღევანდელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ წევრებს, რომლებმაც მსგავსი საკითხების მოგვარებაში მიიღეს მონაწილეობა. შეგახსენებთ, სწორედ ,,ქართულ-ოსური მისიისა“  და ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივითა და აქტიური სამართლიანი მუშაობით 9 წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან განთავისუფლებული იქნა ეთნიკურად ოსი მარეკ დუდაევი, რომელსაც უკანონოდ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
,,ქართულ-ოსური მისიის“ წევრებმა სპეციალური ჩანაწერი გააკეთეს და დაგმეს ის ანტიქართული, ანტიეროვნული და მიუღებელი გამოსვლა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მარეკ დუდაევის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა. მისიისათვის კატეგორიულად მიუღებელია გაგუგებარი პრინციპებით სპეკულირება, რომელიც ნათლად გამოკვეთა სააკაშვილის განცხადებაში. ,,როგორ შეიძლება დამნაშავეთა სკმაზე იჯდეს ადამიანი, რომელსაც თვალწინ მამა მოუკლეს, ხოლო ოჯახის წევრი გააუპატიურეს, მან კი ამის გამო მკვლელებს შეწსაბამისი პასუხი გასცა. მართალია, ეს დუდაევის მხრიდან იყო იძულებითი ნაბიჯი, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მსგავსი ფაქტები დაგმოს, უტიფარი განცხადებებით ორ მოძმე ერს შორის ისევ შუღლის გაღვივებით არის დაკავებული,“ – განაცხადეს შეხვედრაზე. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი აზრით უკანონოდ დაკავებულ ოსი ეროვნების ადამიანთა გასათავისუფლებად აქტიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ქართულ-ოსურმა მისიამ“,,საქართველოს ხალხთა ასმაბლეის“ პრეზიდენტის  გოჩა ძასოხოვის აღნიშნული საკითხის გადაჭრაში გაწეულ სამუშაოებს მაღალი შეფასება მისცა.
გარდა ამისა, მისია გამოდის ინიციატივით საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი ეროვნების პატიმრები ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გადაცვალოს. აღნიშული საკითხის მოგვარებაში ,,ქართულ-ოსურ მისიას“ თავად მარეკ დუდაევიც დაეხმარება. როგორც მარინა კაჟაშვილმა განაცხადა, დუდაევს ოსეთში საკმაოდ გავლენიანი ნათესავები ჰყავს და მან ორგანიზაციას თავად შესთავაზა აღნიშნულ საკითხში დახმარება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც მისიის შემდეგი წევრებისაგან შესდგება: ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რომან რურუა, მარინა კაჟაშვილი, ინესა იამანიძე მუშაობას აქტიურად განაგრძობსსაკითხზე სამუშაოდ მოწვეული იქნება პაატა ცნობილაძე.
,,ქართულ-ოსური მისიის“ განსახილველ საკითხთა შორის იყო ელექტრონულ  ჟურნალზე ,,ქართულ-ოსური მისია“ მუშაობის საკითხიც. ელექტრონული ჟურნალი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალ ,,ქართული პოლიტიკის“ რედაქციის ეგიდით და მისიის აქტიური მხარდაჭერით გამოდის. ჟურნალში ასახული იქნება ,,ქართულ-ოსური მისიის“ მიერ სხვადასხვა დროს გამართული ღონისძიებები,  ორი მოძმე ერის ურთიერთობის ისტორია და კიდევ მრავალი სხვა საინტერესო მასალა იქნება მომზადებული.  გადაწყდა სარედაქციო კოლეგიის შექმნა, რომელიც აქტიურად ჩაერთვება  ელექტრონული ჟურნალის მომზადების  პროცესში. საორგანიზაციო ჯგუფი შესდგება მარინა კაჟაშვილის, გიორგი სიხარულიძის, გოგი ავსაჯანიშვილისა და ლედი ხვინგიასაგან. ჯგუფს დაევალა 20 დღის განმავლობაში ელექტრონული ჟურნალის სასაჩუქრე ეგზემპლარების მომზადება, ხარჯთაღრიცხვა და მისიის ყველა წევრისათვის ჟურნალში ასახული მასალის გაცნობის ორგანიზება.
,,ქართულ-ოსური მისიის“ დღევანდელ სხდომაზე მოწვეული იყო რეჟისორი ფილმისა ,,ომი და ქორწილი“ ზაზა კოლელიშვილი. როგორც ცნობილია, ფილმი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შეიქმნა: მიუხედავად ომისა ძევერელებმა ნახევრად გახიზნულ სოფელში ქორწილი გადაიხადეს. სხდომაზე გადაწყდა, რომ 8 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, მისიის წევრებისა და საზოგადოებაში ცნობილი ადამიანებისათვის გაიმართოს შეხვედრა ფილმის რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან და მოეწყოს  ფილმის ჩვენება. ,,ქართულ-ოსურმა მისიამ“ რეჟისორს ორგანიზაციის წევრობა და მის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩართვა შესთავაზა, რაზეც ზ.კოლელიშვილის სრული მხარდაჭერა მიიღო. აღნიშნული საკითხის მოგვარება დევალათ მარინა კაჟაშვილს, ნათია ავსაჯანიშვილს და ლედი ხვინგიას.
სხდომაზე ასევე საუბარი შეეხო რეზო ჩხეიძის  უკვდავ ფილმს ,,ჯარისკაცის მამა“. როგორც ცნობილია იუნესკომ 2013 წელი  რეზო ჩხეიძის ფილმის  წლად გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ,,ჯარისკაცის მამამ“  უკვე მრავალი წელია მთელი მსოფლიოს კინოთეატრები მოიარა, წელს ფილმს ,,ახალი სიცოცხლე“ დაუბრუნდა – ფილმი 1964 წელს არის გადაღებული, თუმცა  3 წლიანი მუშაობის შემდეგ მისი ფერადი ვერსია გამოვიდა.,,საქართველოს ხალხთა ასმაბლეის“ პატრონაჟითა და ,,ქართულ-ოსური მისიის“ აქტიური  მხადაჭერით ,,ჯარისკაცის მამის“ ჩვენება პიატიგორსკში (მთელი კავკასიის ვეტერანებისათვის), ვლადიკავკაზში, ცხინვალსა და სოხუმში იგეგმება. სავარაუდოდ, ზემოდჩამოთვლილ ქალაქებში ფილმის ჩვენებას რეჟისორთან ერთად ,,ქართულ-ოსური მისიის“ წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
კიდევ ერთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვან საკითხად ,,ქართულ-ოსური მისია“ მსახიობისა და სოხუმის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისდიმიტრი ჯაიანის  თეატრის მმართველად დაბრუნებას მიიჩნევს. დღიდან დაარსებისა დ. ჯაიანი მისიის აქტიური წევრია. მისი პოლიტიკური აქტივობა და განსხვავებული მოქალაქეობრივი პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა ,,ნაციონალური“ ხელისუფლებისათვის და ჯაიანი სოხუმის თეატრის მმართველის თანამდებობიდან რამდენიმე წლის წინ გაანთავისუფლა. თუმცა, მისიის წევრებს მიაჩნდათ, რომ ოქტომბრის თვის მერე, პოლიტიკურ  ძალთა ახალი გადანაწილების შემდეგ სამართლიანობა აღსდგებოდა და დიმიტრი ჯაიანი მმართველის თანამდებობას დაუბრუნდებოდა.
,,ქართულ-ოსური მისიის“ დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს კულტურის მინისტრის სახელზე მისიის მიერ არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა მომზადდება. ორგანიზაციის წევრები სოხუმის კ.გამსახურდიას თეატრის მმართველის თანამდებობაზე დიმიტრი ჯაიანის აღდგენას მოითხოვენ. მინისტრისადმი გასაგზავნ მოთხოვნას მისიის ყველა წევრი მოაწერს ხელს და გურამ ოდიშარიას პირადად  გადასცემს. კულტურის მინისტრის სახელზე მიმართვის მომზადება გიორგი სიხარულიძესა და ლედი ხგინგიას დაევალათ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს ,,ქართულ-ოსური მისიის“ სხდომაზე  იყო განხილული საბერძნეთში ქართველთა კონგრესის ორგანიზებაში აქტიურად ჩართვა იყო. როგორც ცნობილია, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა ქ.სოჭში იმერეთის დაბლობზე გაიმართება. 2009 წლის მაისში, როდესაც ქ. სოჭში ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ დაფუძნდა, მაშინ გადაწყდა ქართველთა შემდეგი შეკრება სწორედ იმ სახელმწიფოში გამართულიყო, რომელმაც კაცობრიობას  ოლიმპიური ცეცხლი და ოლმპიური თამაშები აჩუქა.  რეზო ჩხეიძის, გოჩა ძასოხოვისა და თეიმურაზ შაშიაშვილის გადაწყვეტილებით სოჭის იმერეთის დაბლობიდან ქართველთა სვლა ოლიმპოს მთისკენ უნდა გარძელდეს და მომავალ წელს საქართველოში დასრულდეს.
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით ევროპის ყველა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების საბერძნეთში შეკრება  იგეგმება.  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს ,,ქართულ-ოსურ მისიასაც“. მისიის ხელშეწყობით საბარძნეთში სხვადასხვა სახის შემოქმედებითი საღამოები მოეწყობა.  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება დაევალათ თ.შაშიაშვილს, დ.ჯაიანს, ნ.ავსაჯანიშვილს, ფ. ლორთქიფანიძესა და ლ. ხვინგიას.
ასევე, მისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ,,საქართველოს ხალხთა ასმაბლეის“ პრეზიდენტმა  გოჩა ძასოხოვმა სამადლობელი წერილები და ჯილდოები გამოგზავნა იმ ცნობილი ადამიანებისათვის, რომლებმაც მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდოამრეს ჟაკ როგეს ჭიდაობის ოლიმპიურ სპორტის სახეობათა დაჩენის მოთხოვნით მიმართეს. საქართველოში იმ ადამიანთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ვინც იზიარებდა ზემოთსხენებულ პოზიციას. საქართველოდან ხელმომწერთა შორის იყვნენ რეზო ამაშუკელი, ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი, რომან რურუა, ედუარდ შევარდნაძე, რეზო ჩხეიძე, დიმიტრი ჯაიანი და ჯემალ ჭკუასელი. მათ შორის ,,ქართულ-ოსური მისიის“ წევრებიც არიან.  ცნობილ ქართველთა ამ წამოწყებას მსოფლიოში ცნობილმა არაერთმა პიროვნებამ დაუჭირა მხარი. შედეგად,  29 სექტემბერს  არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ კონგრესზე დღის წესრიგში საკითხის გადახედვა იგეგმება.  ბუენოს-აირესში ჩასვლასა და სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერას ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ლონდონის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და მარიინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი გეგმავს.
როგორც შეხვედრაზე თ. შაშიაშვილმა განაცხადა ჭიდაობის ოლიმპიურ სპორტის სახეობათა მხარდაჭერისათვის ზემოდხსენებულ პიროვნებათა დაჯილდოვების ცერემონია უახლოეს მომავალში, საქართველოში,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მთავარი ოფისის თბილისში გასხნის დღეს გაიმართება.
,,ქართულ-ოსურ მისიას” ახალი წევრებიც შეემატა – თეიმურაზ შაშიაშვილის რეკომენდაციით მისიის წევრი ლედი ხვინგია, ხოლოგიორგი გაგლოევის რეკომენდაციით მოქანდაკე მერაბ გაგლოევი გახდნენ. ,,ქართულ-ოსური მისიის“ ყველა წევრი სიხარულით შეხვდა რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის შემოერთებასაც.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართულ-ოსური მისია” 2010 წელს დაფუძნდა. მისიის მთავარი მიზანია ქართველ და ოს ხალხთა შორის ურთიერთობების მოგვარება. მისიის თავმჯდომარე რეზო ამაშუკელია, თანათავმჯდომარეები ფერდინანდ ლორთქიფანიძე და ლერი ხაბელოვი არიან.
2013 წლის 9 ივლის ,,ქართულ-ოსური მისიის“ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი დაევალა ლ.ხვინგიას. მასვე მისიის მომდევნო სხდომაზე გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება დაევალა.

 

“ქართულ–ოსური მისიის” პრეს–ცენტრი

წყარო: http://megobrobismisia2012.blogspot.com/2013/07/9.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *