„თეთრების“ საგანგებო განცხადება
ღმერთი არ გაგვწირავს და სკამისათვის ბრძოლაში დანაწევრებულთ ქვეყნისათვის გაგვაერთიანებს
ის, რაც დღეს სასამართლომ გადაწყვიტა ბაჩო ახალაიასთან დაკაშირებით, ეს რომ სასამართლოს თავისუფლების ნიშანი იყოს – ჩვენ ბედნიერები ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს დიდი უბედურების ნიშანია. ეს არის იმის დასტური, რომ ილუზიაა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის აზრი, რომ სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ არის ნაციონალური მოძრაობის უღალატო მსახური.
სასამართლო რომ უარესი ხდება, ეს არის, ერთის მხრივ, „ქართული ოცნების“ უსუსურობის და, მეორეს მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავხედობის შედეგი. ქვეყნის ტრაგედია სწორედ იმაშია, რომ მისი ხელისუფლება ეს არის უსუსურისა და თავხედის ერთობა, რასაც კოჰაბიტაცია ჰქვია.
მიჭირს, ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც ეხლა უნდა ვთქვა, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, როგორი მწარეც არ უნდა იყოს. ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე ამ შეფასებაში.
ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულნი, საქართველოს დანაწევრებაზე ორიენტირებულნი, ქვეყნის დასუსტების მოსურნენი, როგორც დრომ დაადასტურა – უკეთეს კაცს ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვერ იპოვიდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც მისი პრეზიდენტად დანიშვნის გამო მონად და მსახურად იქციეს და, ჯერ კიდევ არ მინდა ვიფიქრო, რომ ვერც უკეთესს იპოვიდნენ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც უნდათ დააჩოქონ მისი მილიარდების გამო.
ქვეყნის მტრებმა სანუკვარი ოცნება აისრულეს, ჩვენ კი ილუზიებით ვცხოვრობთ.
ფრთხილად, აგვისტოა, თავხედმა პოლიტიკურმა ძალამ, გონებისათვის მიუწვდომლად გათავხედებულმა სააკაშვილმა ამჟამადაც ცუდი ნიშანი მისცა – მისი პროვოკაცია აგვისტოს ახალ ტრაგედიად შეიძლება გვექცეს.
უკან დასახევი გზა აღარ არის – ქუდზე კაცი ქვეყნის გადასარჩენად! გადასარჩენია ბატონი ბიძინა ივანიშვილიც. თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილი და ძალა თვითონ აქვს. ჩვენთვის მთავარი ქვეყნის გადარჩენაა. მთავარი ამ პროცესში ხალხია. ამ ბრძოლაში ღირსებით დადგება „სახალხო კრება“. საერთო გამარჯვებაში დიდი როლის შესრულება ჯერ კიდევ შეუძლია ბატონ ივანიშვილს. ეს მის ქმედებებზეა დამოკიდებული და ეს უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა გამოჩნდეს.
ღმერთი არ გაგვწირავს და სკამისათვის ბრძოლაში დანაწევრებულთ ქვეყნისათვის გაგვაერთიანებს.
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე, „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი
თემურ შაშიაშვილი
01.08.2013წ