სამართლიანობა უნდა აღდგეს. ძეგლი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ის აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა
საქართველოს ერი სამართლიანობისათვის და ხელისუფალის მკრეხელობის, უზნეობის, უკანონობის და ამპარტავნობის წინააღმდეგ
ქართული სახელმწიფოსთვის აგვისტოსთან დიდი ამაღლებაც არის დაკავშირებული და დიდი დაცემაც.
მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებელმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორზე აამაღლა საქართველო და, პირდაპირ ვთქვათ, გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია.
შემთხვევით არაფერი ხდება. როცა ხალხი უფლებას ვაძლევთ ხელისუფალს, მოიქცეს ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილი მოექცა დავით აღმაშენებლის ძეგლს თბილისსა და ქუთაისში – ვიღებთ იმას, რა ყოფაშიც ვართ.
წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლისადმი დამოკიდებულებაში ხელისუფალმა ჩაიდინა უკანონობაც, გამოხატა ხალხისადმი უპატივცემულობა, მოიქცა უზნეოდ, ჩაიდინა მკრეხელობა. მძიმე შეფასებები გავაკეთე, მაგრამ გავაანალიზოთ და დავფიქრდეთ:
პირველი – მსოფლიო გამოცდილებით წმიდანთა ძეგლის დადგმის, მისი გადაადგილების, თუ აღების გადაწყვეტილებას იღებს სასულიერო იერარქიის უმაღლესი ორგანო, უმაღლესი სასულიერო პირი. დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში მოხდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით.
დაუჯერებელია, მაგრამ, სამწუხაროდ ფაქტია, რომ ძეგლის გადატანა მოხდა პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე.
ეს არის მკრეხელობა.
მეორე – მსოფლიო გამოცდილებით ნებისმიერ ქვეყანაში , ნებისმიერი ფორმაციის დროს ძეგლის, მით უფრო მეფის ძეგლის დადგმის, გადაადგილების და აღების გადაწყვეტილებას იღებს ქვეყნის უმაღლესი საერო ხელისუფალი.
როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში ძეგლის დადგმა მოხდა პრეზიდენტის ბრძანებულებით.
დაუჯერებელია, მაგრამ, სამწუხაროდ ფაქტია, რომ ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება არათუ პრეზიდენტს არ მიუღია, არამედ არც ერთ სახელისუფლებო ორგანოს. არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ძეგლის გადატანის გადაწყვეტილებას.
ეს არის უკანონობა.
მესამე – მსოფლიო გამოცდილებით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ძეგლის დადგმის, გადატანის და აღების თაობაზე ეთათბირებიან მოსახლეობას, უფრო მეტიც, რეფერენდუმებს ატარებენ.
დაუჯერებელია, მაგრამ, სამწუხაროდ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის არც თბილისში და არც ქუთაისში არაფერი უკითხავთ ძეგლი ისე გადაიტანეს.
ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, ხალხის უპატივცემულობა და აბუჩად აგდება.
მეოთხე – ანუ ის, რასაც ქვია ხელისუფალის უზნეობა. თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლის ავტორი არის მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკე, ეროვნული სულის კაცი მერაბ ბერძენიშვილი. არქიტექტორი – ტონი კალანდარიშვილი, ქუთაისში ძეგლის ავტორია აწ გარდაცვლილი, ასევე დიდ მოქანდაკედ აღიარებული ელგუჯა ამაშუკელი. მისი მეუღლე გახლავთ გამორჩეული პოეტი, ასევე დიდი ეროვნული განწყობის პიროვნება ლია სტურუა. ძეგლის არქიტექტორი – ვახტანგ დავითაია.
არც მერაბ ბერძენიშვილისათვის და არც ელგუჯა ამაშუკელის ოჯახისთვის არ უკითხავთ ძეგლების გადაადგილება.
ძნელია ანალოგი მოუძებნო ხელისუფალის ასეთ თავხედობას, როცა ერთდროულად საქმე გვაქვს მის მკრეხელობასთან, უკანონობასთან, უზნეობასთან, ხალხისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებასთან.
სამართლიანობა უნდა აღდგეს. ძეგლი უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც ის აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა, სადაც მოხდა მისი დადგმა ავტორებთან შეთანხმებით და მათი ნება-სურვილით, სადაც ხალხი თვლიდა და თვლის, რომ უნდა იდგეს წმიდა მეფის ძეგლი – შუაგულ ქალაქში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს იმართება ახლადარჩეული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა არქიტექტორებთან. მისასალმებელია დათათბირების ასეთი კულტურის დამკვიდრება თბილისის საკანონმდებლო ორგანოში. მინდა ვიფიქრო, რომ ეს საგანგებო განხილვის საგანი იქნება და არ ვეჭვობ, რომ გადაწყვეტილებაც ღირსეული იქნება მიღებული: დავით აღმაშენებლის ძეგლი დაბრუნდება მის კუთვნილ ადგილზე და მოედანს დაერქმევა დავით აღმაშენებლის მოედანი, როგორც ეს ხალხმა დაარქვა 1995 წლიდან და უარყოფილი იქნება საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილის მოსაზრება ყოფილი რესპუბლიკის მოედნისათვის და დღეს „ვარდების რევოლუციის“ მოედნისათვის „ევროპის მოედნის“ სახელის მინიჭების თაობაზე.
ჩვენ ამ იმედით ვართ და ეჭვი არ გვეპარება,რომ 12 აგვისტოს სწორედ დავით აღმაშენებლის მოედნიდან გავემგზავრებით დიდგორზე, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართველთა დიდი გამარჯვება დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ დიდგორის გამარჯვებამ გადაარჩინა ევროპული ცივილიზაციაც.
გვფარავდეს ღმერთი ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლაში!