მიმართვა საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს
ბატონო თავმჯდომარევ, ბატონებო,
დღეს 12 აგვისტოა – დიდგორზე ქართველთა გამარჯვების დიდი დღე. გილოცავთ.
როგორც მეისტორიე ამბობს, მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებლმა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორზე აამაღლა საქართველო და გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია.
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ამ განცხადებას დიდგორზე გამგზავრების წინ ვაკეთებთ ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 1995 წელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ძეგლის ავტორებთან – მსოფლიოში ცნობილ მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილთან და არქიტექტორ ტონი კალანდარიშვილთან შეთანხმებით და, რაც მთავარია, თბილისელთა დიდი ნაწილის სურვილით აღიმართა დიდი მეფის ძეგლი.
სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უგულებელყო რა ყოველივე ზემოთაღნიშნული, ძეგლი სხვა ადგილზე გადაიტანა, რითაც მან ჩაიდინა უკანონობა, გამოხატა ხალხისადმი უპატივცემულობა, მოიქცა უზნეოდ, ჩაიდინა მკრეხელობა. ეს უკანასკნელი გამოიხატა იმაში, რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში უმაღლესი სასულიერო პირის ლოცვა-კურთხევით დადგმული ძეგლი მასთან შეთანხმებისა და ლოცვა კურთხევის გარეშე გადაადგილა.
ჩვენ ვითხოვთ:
პირველი – შეიქმნას კომისია საკრებულოს წევრთა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით და შესწავლილი იქნას, ვისი და რომელი გადაწყვეტილებით იქნა გადატანილი ძეგლი, რომელიც ამ ადგილზე აღმართული იყო საერო და სასულიერო კანონების სრული დაცვით.
მეორე – აღდგეს სამართლიანობა და ძეგლი დაბრუნდეს იმ ადგილზე, სადაც ის აღმართული იყო და მოედანს ეწოდოს „დავით აღმაშენებლის მოედანი“.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ: თუ თქვენთვის წინადადება ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნებისა და მოედნისათვის დავით აღმაშენებლის სახელის მინიჭების შესახებ ან მიუღებელია, გთხოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოხვიდეთ პლებისციტის, ან რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორად.
დარწმუნებული ვართ, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ მოსახლეობის აზრის შესწავლით ხდება ძეგლის დადგმაც, გადაადგილებაც, აღებაც.
გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და ველოდებით თქვენს გადაწყვეტილებას.
„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ სახელით:
ფერდინანდ ლორთქიფანიძე
„ქართულ -ოსური მისიის“ სახელით
რეზო ამაშუკელი
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების სახელით:
ომარ მხეიძე
ზაურ ტყეშელაშვილი
მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის სახელით
რამაზ ყურაშვილი
საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა საენციკლოპედიო გამომცემლობის ფონდის სახელით
ალკაზარ კაკულია
პოლიტიკური პარტია „თეთრების“ სახელით
თეიმურაზ შაშიაშვილი
მისამართი: 0178, თბილისი, ღამბაშიძის. ქ№4;
ტელ: 2-443 446; 5(90) 40 54 55; 26 56 22
ელ-ფოსტა: tetrebigeorgia@gmail.com;
ვებ-გვერდი: www.tetrebi.org