(ლიტერატურული საქართველო) რეზო ჩხეიძის განცხადება

get_img_

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ საპატიო პრეზიდენტი, ცნობილი რეჟისორი, მშვიდობის მსოფლიო ელჩი რეზო ჩხეიძე არ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მე-9 არხის დახურვასთან დაკავშირებით.

მისი აზრით მთავარი ის კი არ არის, ვისი დაფუძნებულია ტელევიზია და ვინ არის მეპატრონე, არამედ ის, რამდენად მართალი, თავისუფალი და ობიექტურია იგი.

სრულად გადმოგცემთ “საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ საპატიო პრეზიდენტის  რეზო ჩხეიძის  პოზიციას 

,,ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექნა ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ტელევიზია საქართველოში. ეს გააკეთა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ჯიბის ტელევიზიად აქცია  ყველაზე უფრო დიდ აუდიტორიანი ტელეკომპანია – ,,რუსთავი 2“, დაარბია ქვეყნისათვის იმედად ქცეული ტელეკომპანია „იმედი,“ საშინლად გაუსწორდა ტელეკომპანია  ,,იბერიას“, მიწასთან გაასწორა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ,,ტელეკომპანია 202“. ფაქტების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება.  მიხეილ სააკაშვილი ვერ იტანდა და ვერ იტანს თავისუფალ მედიას. იქნება ეს ელექტრონული თუ ბეჭდვითი  მედია. მისთვის მთავარია მას ემსახურებოდეს   მისი ჯიბის ტელევიზია, მას ემსახურებოდეს გაზეთი თუ საინფორმაციო სააგენტო.

პრესისა და კულტურის მიმართ მისი ვერაგი დამოკიდებულების მაგალითია საქვეყნოდ აღიარებული, მკითხველის საყვარელი გაზეთის ,,ლიტერატურული საქართველსადმი“ დამოკიდებულება. კარგია, რომ მწერლების ძალისხმევით ,,ლიტერატურული საქართველო“ იბრუნებს თავის ტრადიციულ პოზიციას.

ბიძინა ივანიშვილი კი პირიქით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის იქით, რომ ქვეყანაში მედია გახდეს თავისუფალი. ჩვენ დღეს ძალიან შორს ვართ თავისუფალი მედიისგან და ასეთ დროს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ტელეარხის დახურვა მძიმე დარტყმა იქნება ჩანასახში მყოფი ქართული დემოკრატიისათვის.

ვისურვებდი, რომ ,,მე-9 არხი“ არ დახურულიყო. მე მხოლოდ რჩევა შემიძლია, გადაწყვეტილებას მისი დამფუძნებელი და მეპატრონე იღებს და მაინც, თუ ბატონი ბიძინა ამ გადაწყვეტილების  შეცვლას არ აპირებს, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტელევიზია გადაკეთებულიყო ტელეარხ „კულტურად“. სახელწოდება პირობითია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს ასეთი არხი,. ჩვენ ხომ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყანა ვართ და ასეთი ტელევიზიის არსებობა არათუ გამართლებულია, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის.

საქვეყნოდაა ცნობილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ამაგი კულტურის მიმართ, როგორც კულტურულ მემკვიდრეობაზე, ასევე კულტურის, მეცნიერების, განათლების, სპორტის მოღვაწეებზე. ვფიქრობმ კულტურის სამსახურში ჩამდგარი ტელეკომპანიის არსებობა საქართველოში ბატონი ბიძინას მოღვაწეობის გენერალური ხაზის ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა.

„საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ მუშაობს იმაზე, რომ  საბერძნეთში ოლიმპოს მთაზე ჩაატაროს საქართველოდან ემიგრირებულთა დიდი კონგრესი. 25 აგვისტოს ვბრუნდები  საქართველოში და ვაპირებ ვეწვიო პრემიერს ტელევიზიასთან დაკავშირებული იდეით და ოლიმპოს მთის კონგრესის თაობაზეც ვესაუბრო.

მესმის, რომ ბევრი წინადადება ტრიალებს ქართულ სივრცეში მე-9 არხის მომავალთან დაკავშირებით. ფიქრობ,  საქართველოში პოლიტიკური თემებით დაინტერესებული ტელეარხების რაოდენობა საკმარისზე მეტია და, თუ რამე დაიჩაგრა ,,სააკაშვილის ეპოქაში“ – ეს ქართული კულტურაა, ანუ ის, რითაც ჩვენ გამორჩეული ადგილის დაკავება შეგვიძლია მსოფლიოში –  ამას აღიარებენ სხვები, ამას გვეუბნებიან ჩვენი მეგობრები და სამწუხაროა, რომ „ნაციონალების ხელისუფლება“ ებრძოდა ჩვენს კულტურას, ყოველივე ქართულს.

ქართულმა კულტურამ ყველა ეპოქაში გაუძლო შიდა თუ გარე მტერთა შემოტევას და ამ ძლიერ ფენომენს დღეს მეტი თანადგომა სჭირდება. გადაწყვეტლება  სპეციალური სატელევიზიო არხის შექმნის თაობაზე ამის ნათელი დადასტურება იქნებოდა.

მიხარია, რომ ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ სრულად უჭერს მხარს ჩემს წინადადებას, იზიარებს თითქმის ყველა, ვისაც უცხოეთში ვხვდები თუ ტელეფონით ვესაუბრები. მე ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ვარ და მახარებს, რომ მის მოქმედ პრეზიდენტს, მოღვაწე კაცს, საქართველოსათვის თავდადებულ ადამიანს ბატონ გოჩა ძასოხოვს იგივე პოზიცია აქვს, რადგან კარგად იცის, რა დღეში ჩააგდო ნაციონალების ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა.  მან ხომ მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარი ადამიანურის წინააღმდეგ მოქმედი ბარბაროსი უწოდა. და ხაზი გაუსვა , რომ ამ ბოროტი კაცისაგან, 20 იანვრის შემდგომ რომ თვითმარქვია პრეზიდეტია, არც შეწყალება მინდა და არც მოწყალება,  ჩვენ დავიცავთ საქართველოს და მის მომავალს სააკაშვილის მსგავსი ბარბაროსებისაგანო.

ჩვენ ასამბლეაში შევთანხმდით, რომ კონგრესზე საბერძნეთში, ოლიმპოს მთზე ვისაუბრებთ საქართველოს ხალხთა ტრადიციულ ერთგულებაზე ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი, მშვიდობაზე კავკასიაში, საქართველოს მომავალზე,  თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის და მისი ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისათვის ღმრთისა და ბუნების მიერ მინიჭებული  სიცოცხლის, სიტყვისა და საკუთრების უფლებისადმი. ჩვენ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ სოჭში, ასამბლეის დაფუძნების დროს, ამაზე ვიმსჯელებთ საბერძნეთში, ოლიმპოს მთაზე  და მომდევნო წელს საქართველოში, სადაც „საქართველოს ხალხთა ასამბლის“ კონგრესთან ერთად იგეგმება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარება.

დაბოლოს, არ შემიძლია, არ ვთქვა: სააკაშვილმა ამ დღეებში ბევრი უკადრებელი იკადრა როგორც ,,მე-9 არხთან“, ასევე ტელეკომპანია ,,იმედთან“ დაკავშირებით. მისთვის ყოველი ღირსეულს შეურაცხყოფა ჩვეული ამბავია. ჩემი აზრით, ჟურნალისტებს სჭირდებათ მეტი სოლიდარობა  ერთმანეთის მიმართ და საქართველოს მოსახლეობის დიდი თანადგომა , რომ სააკაშვილის ველური გამოთქმები და მისი ბარბაროსული ეპოქა დასრულდეს.

ისტორია არ დაივიწყებს, რომ ჟურნალისტებმა ქართული დემოკრატიისათვის ბრძოლის გზაზე ბევრი სიმწარე ნახეს, ხელისუფალთა ბევრი თავხედობა ითმინეს. მაგრამ, საქართველოსა და ქართველ ხალხს არ უღალატეს. მადლობა ,,მე-9 არხს“ და მის ჟურნალისტებს. ჩვენ დიდი ბრძოლა გველის წინ ადამიანის ბუნებითი უფლების  – სიტყვის უფლების დამკვიდრება განმტკიცებისათვის.“

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *