(რეპორტიორი)მერაბ ბერძენიშვილი: “პარლამენტი ცდილობს, „ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, გადაარჩინოს.

imgმერაბ ბერძენიშვილი: ქართველ ხალხს ბრძენს უწოდებდნენ და იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ამ მოკლე დროში ქართველმა ხალხმა გონიერება დაკარგა და კოჰაბიტაციის გაუმართლებელი ლოგიკა იწამა?!

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა „ქვეყანა „ნაცმოძრაობას” ხელიდან გამოჰგლიჯა”,  ამის შემდეგ საზოგადოება ქვეყნის თვისებრივად შეცვლასა და პარლამენტისგან წინა ხელისუფლების სამართლიან შეფასებას  ელოდა, მითუმეტეს, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიციაში ყოფნის დროს, წინა ხელისუფლებას ქართული სულიერების მტრებად და კრიმინალებად აღიქვამდა.

„ მსურს, შევახსენო პარლამენტარებს: ნაცვლად ამგვარი მოლოდინისა, მოხდა ის, რომ მავანის შემოგდებული ზედაპირული კოჰაბიტაცია უფრო ძლიერი გამოდგა, ვიდრე ხალხის თქვენდამი ნდობა, ხალხისა, რომელმაც აგირჩიათ და თქვენგან სამართლიანობას ელოდა. თქვენ, დღევანდელი ხელისუფლება, იმისათვის, რომ არ დაგბრალდეთ პოლიტიკური დევნა, ყოფილ ხელისუფლებას იმ მძიმე დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილი აქვთ, პასუხისმგებლობას არ აკისრებთ და არ უყენებთ ბრალდებებს.”- აცხადებს ბერძენიშვილი.

მისი განმარტებით,  პარლამენტი ცდილობს, „ნაცმოძრაობა”, როგორც პარტია, გადაარჩინოს. მოქანდაკე აღნიშნავს, რომ ხალხს სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა სურს. ამის სანაცვლოდ კი დღევანდელი ხელისუფლებისგან დუმილს იღებს. მისი შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” „ უამრავი სიავე” ჩაიდინა და საზოგადოება ამაზე პასუხს ითხოვს.

„არჩევნების წინ ქართველ ხალხს ბრძენ ხალხს უწოდებდნენ, და იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ამ მოკლე დროში ქართველმა ხალხმა გონიერება დაკარგა და კოჰაბიტაციის გაუმართლებელი ლოგიკა იწამა?! ესეც მოგონილია, როცა ვამტკიცებთ, რომ ხელისუფლების ხავერდოვანი გადაბარება მოხდა, ნურას უკაცრავად! საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა ხავერდოვნად იქცეოდა სპეცრამზი ხაშურში,რა ხდებოდა სამეგრელოსა და კახეთში. გავიდა დრო და ამ დროში ნაციონალურმა პარტიამ უამრავი სიავე ჩაიდინა, და ვინ იცის, კიდევ მომავალ არჩევნებამდე რას ჩაიდენს. საზოგადოება ამაზე პასუხს ითხოვს და თქვენ გაწელილ დროში ამყოფებთ მას, ისედაც ნერვებდაწყვეტილ ხალხს დუმილით უპასუხებთ.“- მიმართავს ბერძენიშვილი ხელისუფლებას.

მოქანდაკე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველოს შიდა პროცესებს, ხშირად დასავლეთის ქვეყნები წყვეტენ, ქართველი პოლიტიკოსები კი „არჩევნებიდან არჩევნებამდე არჩევნებზე საუბრობენ”.   მისი შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში ქართული საზოგადოების კულტურული და სულიერი დაკნინება ხდება. ბერძენიშვლი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა მომავალი თაობის ზნეობრივად აღზრდაში თავის როლს შეიტანს, თუმცა აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა, არაფერი აწუხებთ.

როცა პარლამენტის სხდომების გადმოცემას შევყურებ, თვალწინ მეხატება კურორტ „კისლავოდსკის” თეთრი დარბაზი, სადაც დამსვენებლები პროცედურებს იღებდნენ; როდესაც ახლო კადრით გადმოსცემენ, ზოგიერთს ისეთი განცხრომა და თვითკმაყოფილება ეტყობა სახეზე, რომ ასე მგონია, ფეხებთან მინერალური წყლით სავსე „ტაშტი” უდგათ და შიგ ნებივრად ფეხებს ატყაპუნებენ. სწორედ ასეთების გამოა, ქვეყანა გაუმარგლავ ყანას რომ ემსგავსება, სარეველა რომ ახრჩობს.” – ასე აფასებს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი დღევანდელ პარლამენტს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *