თემურ შაშიაშვილი: ღმერთმა ჰქნას, მე ვცდებოდე

brifinბევრ რამეზე დამაფიქრა პრემიერის მიერ საჩხერეში კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენამ…ძალიან ჰგავდა წლების წინ შევარდნაძის მიერ სააკაშვილის წარდგენას …გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის სიტყვები – ეს იქნება თქვენი დეპუტატი… პრეზიდენტიო.

რა მოგვიტანა შევარდნაძის ხათრით დანიშნულმა პრეზიდენტმა, ვნახეთ. უარესს უნდა ველოდოთ ივანიშვილის ხათრით დანიშნულისაგან…

გული მწყდება, როგორი სისწრაფით სცილდება ბატონი ბიძინა ხალხს, ხალხის პრობლემებს…საკუთარი საქმიანობით ასეთი თვითკმაყოფილება ჰქონდა სააკაშვილს პრეზიდენტობის ერთი წლისთავზე…

კიდევ ერთი, რამაც ჩემზე ამაზრზენი შთაბეჭდილება დატოვა: ბრეჟნევის შემდეგ პირველად ვნახე კაცი, რომელიც თავგამოდებით უკრავდა ტაშს საკუთარ ქებას-ეს იყო მარგველაშვილი საჩხერეში.

მინდა ვცდებოდე ამ შეფასებებში – ქვეყნისთვის ეს სჯობს. ხალხმა განსაჯოს მართალი ვარ თუ არა ჩემს გამოთქმებში. თითოეულ ამ სიტყვას ტკივილით ვწერ, რამეთუ მგონია,რომ ხალხი სხვას ელოდა და ელოდება ბატონი ბიძინა ივანიშვილისაგან. კატასტროფაა თვითკმაყოფილება – ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან.

ვიცი, ბატონი ბიძინაზე შეყვარებულნი უმძიმეს კრიტიკას დამატეხენ. კი ბატონო. მლანძღეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ხალხთან იყავით მართალნი – მე კი სიძულვილის კენჭი რომ მესროლოთ, სიყვარულის ლოდს დაგახვედრებთ…

კიდევ ერთი და მთავარი- დრო დაადასტურებს ,რომ ეს მაქებრები და მოტაშენი აძულებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს, რომ მართლისმთქმელები გადაარჩენენ მასაც და საქართველოსაც.

მე მართლისმთქმელებში მინდა ვიყო,განსხვავებით იმ ქამელეონებისაგან, რომლებმაც ქება-დიდებით დაღუპეს დიდი ეროვნული განწყობის ზვიად გამსახურდია, მსოფლიო ავტორიტეტი – ედუარდ შევარდნაძე, პროვინციელი დიქტატორი- მიხეილ სააკაშვილი და დღეს წარმატებულად აკეთებენ ამას ბიძინა ივანიშვილის გუნდში განავარდებულნი.

თემურ შაშიაშვილი

1.09.2013წ

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *