მიმართვა კონსტანტინე სალიას: სააკაშვილის ხელისუფლებამ უღირსი საქციელი ჩაიდინა, ეს ხელისუფლება ვერ იცლის თქვენთვის…

ნაცმოძრაობის 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში, რომელიც აღინიშნებოდა ბიზნესმენებისა და მეწარმეების განსაკუთრებული დევნითა და ტერორით, არაერთი ბიზნესმენი იძულებული გახდა საქართველოდან გახიზნულიყო.
რეპრესირებულთა შორისაა კონსტანტინე სალია –ბიზნესმენი, ეროვნებით აფხაზი, საქართველოს პატრიოტი, ღირსეული პიროვნება ქართული საზოგადოებისათვის, რომელსაც უამრავი ნათესავი აფხაზეთში ჰყავს – ყოველთვის მხარს უჭერდა ერთიან ქართულ სახელმწიფოს, მას გერმანიამ მისცა თავშესაფარი და უდიდესი ნდობით სარგებლობს გერმანელ ბიზნესმენთა შორის, იძულებული გახადეს ოჯახთან ერთად დაეტოვებინა საქართველო. ამჟამად გერმანიაში აქვს მიღებული თავშესაფარი.
სამწუხაროდ პოლიტიკურ დევნილთა დიდი ნაწილის მდგომარეობა ვერც 1 ოქტომბრის გამარჯვებამ შეცვალა. კონსტანტინე სალია დღესაც პოლიტიკურ დევნილობაშია და ელის რეაბილიტაციას.
თემურ შაშიაშვილმა დევნილობაში მყოფ ბიზნესმენს სოციალურ ქსელში მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც წერია:
“გამაგრდი დიდო აფხაზო და დიდო ქართველო… სირცხვილია რომ თქვენ ოჯახთან ერთად პოლიტიკური დევნილი ხართ… სააკაშვილის ხელისუფლებამ უღირსი საქციელი ჩაიდინა, ეს ხელისუფლება ვერ იცლის თქვენთვის… ვიფიქროთ მომავალზე… სიკეთე თქვენს დიდებულ ოჯახს, თქვენს დიდ ნათესაობას აფხაზეთში… მადლობა გერმანელებს თქვენი ოჯახისადმი კეთილი დამოკიდებულებისათვის… თქვენთან ვართ… გავიმარჯვოთ საქართველოსათვის, ქართველების, აფხაზებისა და ოსების ძმობისათვის!”
პრეს-ცენტრი
10.09.2013



