თინა ჭელიძე პატარა მაყურებლის კომფორტისათვის

ნაწყვეტი თინა ჭელიძის წიგნიდან „სხივი სიყვარულისა“

15მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ ვიცნობდი ისეთ პიროვნებას, რომელსაც ამდენი ამაგი დაედოს კულტურული ცხოვრების ასაღორძინებლად

ბატონი თემური ყოველთვის ინტერესდებოდა პიროვნებების ცხოვრებით და დადებითად განეწყობოდა ყოველი მათგანის მიმართ

იმ დროისათვის ბევრ გამოჩენილ პიროვნებას უწინამძღვრა ბატონმა გუბერნატორმა ხონელი შემოქმედი ახალგაზრდობის გასაცნობად

ერთ წელზე მეტი გავიდა და დადგა დრო მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ტექნიკუმის კლუბისათვის დაგვებრუნებინა დროებით წამოღებული კამები, მაგრამ როგორ მოვემსახურებოდით პატარა მაყურებელს დარბაზის სკამების გარეშე? ამიტომაც დავდიოდი სკოლიდან სკოლაში, იქნებ მათთვის უვარგისი სკამები ჩვენთვის გვეშოვნა. ამაოდ დავშვრი.

ერთ დღეს და ეს დღე მართლაც მშვენიერი გამოდგა, შევიტყვე, რომ გამგეობის სხდომათა დარბაზში გაფართოებული სხდომა იყო მოწვეული, რომელსაც იმერეთის რეგიონის რწმუნებული თემურ შაშიაშვილიც უნდა დასწრებოდა. დაყოვნება შეუძლებელი იყო, მაშინვე გავეშურე გამგეობის სხდომათა დარბაზში. პრეზიდიუმის მაგიდასთან ახლოს დავჯექი და დაველოდე იმ ადამიანის შემობრძანებსა, რომელიც გვიხსნიდა გასაჭირისაგან. ლოდინი მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა, როგორც იქნა, შემობრძანდა გუბერნატორი, არც თუ ოსე მცირერიცხოვანი მხლებლებით. თანმხლებთა ნაწილი პირველ რიგში განთავსდა. მე მომეჩვენა, თუ მართლაც ასე იყო – გუბერნატორმა შემამჩნია, ეშმაკური ღიმილით გადმომხედა და თავისი ადგილი დაიკავა. კათედრის გვერდით. მე, რა თქმა უნდა არ ვიცოდი, რომ დაგვიანების მიზეზი ყოფილა მისი მიბრძანება თოჯინების თეატრში!..უმალ შეუტყვია ჩემი იქ ოფნის მიზეზიცა და სასხდომო დარბაზში ჩემი ლოდინის მიზანიც. მხატვარს და რეჟისორს მისთვის უამბნიათ თეატრის გასაჭირის შესახებ

შაშიაშვილი რისი შაშიაშვილ ი იყო, თუ წინასწარ არ გაითვალისწინებდა ყველაფერს და ალბათ, ეს ეშმაკური ღიმილი, მე რომ შევამჩნიე დარბაზში შემოსვლისას, ჩემი ხონური ფანდის საპასუხო იყო. სხდომა მეტად სერიოზული საკითხების განხილვით წარიმართა. რატომღაც სიტყვა მომცეს, მე კი ჩემი აზრის გამოთქმის შემდეგ ვისარგებლე შემთხვევით და დარბაზს თოჯინების თეატრის გასაჭირი ვამცნე. ლაპარაკის დროს შევამჩნიე, რომ წინა რიგში ქუთაისელმა მამაკაცმა გუბერნატორს სახელდახელოდ დაწერილი ბარათი გადასცა. გუბერნატორმა მადროვა სიტყვის დამთავრება. როგორც კი ადგილი დავიკავე, წამოდგა და გადაწოდებული ბარათი ხმამაღლა წაიკითხა. ქუთაისის ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი (საწყენია« რომ არ მახსოვს ქარხნის და მისი ხელმძღვანელის სახელი) კისრულობდა ხონის თოჯინების თეატრისათვის საბავშვო სავარძლების დამზადებას!..

ამ ამბის შემდეგ ერთი თვეც არ გასულა, რომ სათნოების სახლის წინ „კამაზის“ ტიპის სატვირთო მანქანა გაჩერდა და… დაპირებული სავბარძლების გადმოტვირთვა დაიწყეს,. ორმოცდაათიოდე სავარძელი სამ-სამად შეკრული, რბილი და ასაკეცი, თანაც თოჯინების თეატრის თეჯიროს ფერი – ზურმუხტისფერ ხავერდგადაკრული ჩვენი საკუთრება იყო!.. შემდგომში შევიტყვეთ, რომ ქუთაისიდან 60 სავარძელი გამოეგზავნათ და ჩვენამდე მხოლოდ 45 მოიტანეს. საყვედურს ხომ არ ვეტყოდით… ასეთი რამეები იმხანად ხომ ხშირად ხდებოდა.მალე ამ სავარძლებს ოთხი ძელსკამიც დავუმატეთ – ივანდიდის საშუალო სკოლის საჩუქარი და … დარბაზი კვლავ მზად იყო პატარების სამსახურისათვის!

ხონის თოჯინების თეატრს რეკლამა არ სჭირდებოდა, თავად თეიმურაზ შაშიაშვილი იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი რეკლამაც, მამაცა და მარჩენალიც. მთელი ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ ვიცნობდი ისეთ პიროვნებას, რომელსაც ამდენი ამაგი დაედოს კულტურული ცხოვრების ასაღორძინებლად. ამას ზედ ემატებოდა რაიონის ხელმძღვანელთა თანადგომა და საქმეც წინ მიდიოდა.

ყოველი წლის გიორგობას, ხონელობას… ახალი სიხარული მოჰქონდა. ბატონი გუბერნატორი ხელცარიელი არასოდეს სტუმრობდა ხონს, ჩვენი თეატრის დასს, ხშირად გვაჯილდოვებდა ფულადი ჯილდოთიც. პიროვნულად კი მას არასდროს გამორჩენია მამუკა ოკუჯავა. ბატონ თემურს ხშირად თან ახლდა ბუღალტერიც, რომ ფულად ჯილდოზე ხელმოწრა ადგილზე გაფორმებულიყო. ერთხელ თეატრის კოლექტივის ათივე წევრის სახელზე საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი მოგვართვეს. გუბერნატორის თითოეული ჩვენგანისათვის ცალ-ცალკე თითო უზარმაზარი ყუთი,დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძისა, გამოუგზავნია. ადგილზე რვა ასეთი ყუთი და 12 მცირე შეკვრა გადმოგვცეს – მრავალი სახეობის სურსათით დატვირთული.

მთელი დღე მოუნდა ამ ტვირთის ათ კაცზე თანაბრად გადანაწილებას ჩვენს მიერ შექმნილი კომისია თამარ ჩარგეიშვილის ხელმძღვანელობით. ასეთ რამეებს არ ივიწყებენ…

ერთ-ერთ ღონისძიებაზე დასწრებისას ბატონმა თეიმურაზმა ფიფას ბურთიც მოგვართვა – თავისუფალ დროს გაერთეთო. ასეთი შემთხვევაც იყო: დაქორწინდა თოჯინების თეატრის ერთ-ერთი მსახიობი, უმშვენიერესი და უნიჭიერესი გოგონა მანანა ლომიძე. მანანა მეუღლესთან – გიზო წვერავასთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა. ჩვენი გამოსათხოვარი საღამო მოვუწყვეთ. საღამოზე ბატონი თემურიც ჩამობრძანდა, მიულოცა და დალოცა ახლადდაქორწინებულები და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

ქუთაისში არც ერთ კულტურული ღონისძიება არ ჩატარებულა, რომელზეც ხონელები არ ყოფილიყვნენ პირადად გუბერნატორისგან მიწვეულნი. ასეთივე მიწვევით გახლდით პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრაზე.

ქუთაისშივე მივიღე ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიგელები – დავით აღმაშენებლის დღედ გამოცხადებულ 8 თებერვალს მისივე ხელმოწერით გადმომეცა „ყოველთა ძლიერთა პატივისგების სიგელი“ მესამე ათასწლეულის პირველი წლის გამორჩეული შემოქმედებითი შედეგებისათვის (2002 წლის 8 თებერვალი). მეორე მნიშვნელოვანი სიგელი მისივე ხელით გადმომცა ბატონმა თემურმა 2003 წელს ბაგრატის ტაძრის 1000 წლისთავთან დაკავშირებით, როგორც „წლის საუკეთესო ხელოვანს“ სიგელებს თან ახლდა სამახსოვრო საჩუქრებიც, რომლებსაც დღემდე ვინახავ. სწორედ თეიმურაზ შაშიაშვილმა გადმომცა პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ დაწესებული და ჩემთვის მონიჭებული ღირსების ორდენი და რაიონის ხელმძღვანელობის მიერ დაწესებული „ხონის საპატიო მოქალაქის“ მოწმობა.

ბატონი თემური ყოველთვის ინტერესდებოდა პიროვნებების ცხოვრებით და დადებითად განეწყობოდა ყოველი მათგანის მიმართ. მე პირადად გამოვცადე მისგან დედაშვილური დამოკიდებულება ჭირსა და ლხინში… არასდროს გვქონია საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე და არც უცდია, ოდესმე რაიმე აზრი მოეხვია ჩემთვის თავს.

იმ დროისათვის ბევრ გამოჩენილ პიროვნებას უწინამძღვრა ბატონმა გუბერნატორმა ხონელი შემოქმედი ახალგაზრდობის გასაცნობად, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, დავით თევზაძეც იყო , ცნობილი სკოლების დირექტორებიც და, რაც მტავარია, ჩვენი სათაყვანებელი მწერალი ოტია იოსელიანიც.

 

თინა ჭელიძე. ხონელი პოეტი, რვა წიგნის ავტორი, მათგან ექვსი პოეტური კრებულისა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *