ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ ჭაობად იქცა
ამერიკის გარკვეულმა სექტანტურმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი ფული მარგველაშვილში ჩადეს?
დიდი სურვილი მაქვს, ამ შეფასებაში ვცდებოდე. ეს ხალხმა განსაჯოს. თუმცა აქვე დავძენ, ადრეც ვიცოდი, მაგრამ დრო უამრავისთვის ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისათვის რჩევის მიცემა, მით უფრო მისი გაკრიტიკება, საკუთარი თავის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებას ნიშნავს. არაუშავს, დრო ყველაფერს აფასებს და უფალი განსჯის. აქამდე ვენდობოდი დროს და უფალს, და ფეხზეც მაგრად ვდგავარ.
მთავარი სათქმელი კი ეს არის: რაც დრო გადის, ბიძინა ივანიშვილის ყოველი გამოსვლა შეურაცხმყოფელი ხდება უამრავი ადამიანისათვის. პირდაპირ ვთქვათ, ხშირად ქვეყნის, ხალხის და მთელი ერისათვის შეურაცხმყოფელია, როცა დანაპირებს არ ასრულებ და გაკეთებულით კმაყოფილი ხარ. მოსახლეობის უმეტესობა გაჭირვებისაგან სულს ღაფავს, ხალხის თავზე წისქვილის ქვა ტრიალებს. მოსახლეობა სრულიად სხვას ელოდა, ბიძინა ივანიშვილის თვითკმაყოფილება აპოგეას აღწევს.
შეურაცხმყოფელია, როცა მის გარემოცვაში ჩნდება აზრი, რომ „ქართველი ერი ვალშია ბიძინა ივანიშვილთან“. გიგანტები ჰყავდა საქართველოს მისი ისტორიის მანძილზე, მაგრამ არავის გასჩენია აზრი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ვინმეს წინაშე ვალშია. სინანულით წავიდა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი და შედევრი დატოვა: „გალობანი სინანულისანი“ და სიმდაბლით ამაღლდა.
საიდან გაჩნდა 21-ე საუკუნის საქართველოში გადიდკაცების მანია? სამარცხვინოა. ტრაგედიას იმაში ვხედავ, რომ ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ ჭაობად იქცა. შეიძლება ასეთიც იყო, მაგრამ გუშინ, სპორტის სასახლეში გამართულ შეკრებაზე ეს ყველაფერი რელიეფურად გამოჩნდა. ფარაონებს არ ელაპარაკებოდნენ ასე და ფარაონებზე არ საუბრობდნენ ასე. საქართველოში რომ არ დაბნელებულა, ვხედავთ, მაგრამ როგორც ჩანს სკამი, თანამდებობა და მონური ფსიქოლოგია აბნელებს არაერთი ადამიანის გონებას. არა მგონია 21 -ე საუკუნეში დასაშვები იყოს ასეთი გადიდკაცება, ასეთი თვითკმაყოფილება, ასეთი მენტორული ტონით საუბარი იმ ხალხთან, ვინც გენდო, ვინც აგამაღლა, იმედის თვალით გიყურებდა და გიყურებს დღესაც.
გუშინ თავის გამოსვლაში ბატონმა ბიძინამ თქვა: „არაფერი გამოუვა ვინც ჭორებითა და მითქმა-მოთქმით ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ხალხი და არასწორი არჩევანის გაკეთებისაკენ უბიძგოსო“.
რა არის ჭორი, ის რომ ამერიკის გარკვეულმა სექტანტურმა ჯგუფებმა ყველაზე დიდი ფული მარგველაშვილში ჩადეს? რა არის ჭორი, ის, რომ საქართველოში სხვადასხვა ამერიკული პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ შექმნილი ორგანიზაციების: „თავისუფლების ინსტიტუტის“ , „ენ დი აი“-ს და სოროსის ფონდის სათავეებთან მარგველაშვილი იდგა?
ჩვენ ვუბიძგეთ ხალხს არასწორი არჩევანისაკენ, ვინც ვამბობთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი და ხელისუფლება ქვეყნის გარედან არ უნდა იმართებოდეს, საკუთარ ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არ ეუფროსებოდეს? ჩვენ ვუბიძგეთ ხალხს არასწორი არჩევანისაკენ, ვინც ვამბობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც „თავისუფლების ინსტიტუტის“, არც „სოროსის ფონდის“ და არც „ენ დი აი-ს“ დამფუძნებელი? ჩვენ შეგვყავს შეცდომაში ხალხი, ვინც ვამბობთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავისივე პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ ჭაობში ჩაითრია და ქვეყნის მომავლისათვის მის გადარჩენაა საჭირო და ეს გაცილებით მეტად შეუძლია იმ პიროვნებას, რომელიც მისი პოლიტიკური გუნდის წევრი არ არის?
ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო, ფილოსოფოსები ამბობენ, საზოგადოებრივ ყოფაში აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობსო. არც ჩემი ნათქვამია აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ იქნებ თქვენც იფიქროთ იმაზე, რომ არც თქვენი ნათქვამია აბსოლუტური ჭეშმარიტება.
ერთი რამ ნამდვილად ახლოსაა ჭეშმარიტებასთან: „სახალხო კრება“ არის ეროვნული განწყობის ძალა, რომელიც მიიჩნევს, რომ თქვენ საოცრად სჭირდებით ქვეყანას, რომ ქვეყნის გადარჩენა არც „ქართულ ოცნებაშია“ და არც რომელიმე სხვა პოლიტიკურ ერთობაში, ის ხალხშია და ამ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ერთი კაცის ხათრით არჩეული დეპუტატები, ერთი კაცის ხათრით დანიშნული მინისტრები და ერთი კაცის ხათრით დანიშნული პრეზიდენტი. პირდაპირ ვამბობ, ეს უკანასკნელი ხალხს რომ უნდოდეს, თქვენ თვითონ არ უნდა გინდოდეთ.
რეალობა კი ასეთია: 21-ე საუკუნის საქართველოს არ აწყობს ერთ კაცზე ჩამოკიდებული სახელისუფლებო ვერტიკალი, მით უფრო, როცა ეს ერთი კაცი ამბობს, მე მივდივარ თანამდებობიდანო. როგორც ჩანს, საქართველოსა და ქართველი ხალხის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა წინაა და ის „ქართულ ოცნებაში“ იგეგმება: ის კაცი, რომლის ხათრითაც ირჩევა და ინიშნება მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, ფორმალურად გადის ამ სახელისუფლებო ვერტიკალიდან და ხდება ქვეყნის რეალური მმართველი.
არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ ამას აკეთებთ. რეალურად კი ეს ხდება და თუ ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას ღირსება გაგვაჩნია, ეს არ უნდა დავუშვათ. ქართველი ხალხი ჭორებს, მითქმა-მოთქმას, ხალხის შეცდომაში შეყვანას „ქართულ ოცნებაში“ ხედავს. ეს არის „ნაციონალური“ მმართველობის გაგრძელება, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას.
პარტია ” თეთრების” თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
20.09.2013