თემურ შაშიაშვილის დასკვნითი გამოსვლა კონგრესზე

tem3ყველას დიდი მადლობა, ვინც მოვიდა და სიტყვა თქვა.

მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი.  დღეს აქ გახლავთ ბატონი აკაკი გაბისონია, რომელიც არის “თეთრების” წარმომადგენელი  მარტვილში, გუშინწინ გათავისუფლდა ერთთვიანი პატიმრობიდან. მარტვილში ჩვენი ყოფნისას, გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები,ერთ-ერთმა ჩვენმა მხარდამჭერმა შემოგვთავაზა ფართი ოფისის გასახსნელად.  როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიგეს რომ ოფისი იხსნებოდა, მას სახლი წაართვეს. ბატონი აკაკი ამ  უსამართლობას აღუდგა წინ და ის დააკავეს ერთი თვით. იმ ვაჟკაცური და გულიანი დამოკიდებულებისათვის, რომელიც მარტვილელებმა გამოიჩინეს, ყველას დიდი მადლობა.

ჩვენს კონგრესს დღეს ესწრება ბატონი შალვა წიკლაური გერმანიიდან, ჩვენი  საბჭოს წევრი, რომელიც ძალიან ღირსეული თანამებრძოლი გახლდათ ბატონ ზვიად გამსახურდიასი და ძალიან დასაფასებელი პიროვნებაა, მინდა პატივით მივესალმო მას და ვთქვა, ბატონი შალვა საქართველოში  ჩამოვიდა როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამკვირვებელი შეიძლება იყოს ამ არჩევნებზე და მე ეჭვი არ მეპარება, რომ იქ, სადაც ბატონი შალვა იქნება დამკვირვებელი, იქნება ძალიან სერიოზული წესრიგი.

ცნობილი ჟურნალისტი, ბატონი ბონდო ქურდაძე უნდა გამოსულიყო დღეს სიტყვით,  სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შედგა მასთან ჩართვა… ბატონი ბონდოს 5 სულიან ოჯახს დასჭირდა 12 დღე ტყე-ტყე ევლო,  ორი მდინარე გადაეცურა და  ისე ჩასულიყო საფრანგეთში. დღეს მისი ოჯახი პარიზში არის პოლიტიკურ დევნილობაში, მარტოც ღირს ბრძოლაო,  ამბობს ბატონი ბონდო, როცა იხსენებს როგორ გადაყავდა თავისი პატარა შვილი მკერდზე მიკრული მდინარეზე, ის ამ ყველაფერს დაწერს ალბათ…

ჩვენ გერმანიიდან გვისმენდა ძალან საინტერესო პიროვნება, ასევე დევნილობაში მყოფი ბატონი კონსტანტინე სალია. ერთადერთი აბხაზი ბიზნესმენი იყო საქართველოში და ისიც კი გადევნეს, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს. ყველა, ვინც ამ ხელისუფლებას არ დაუკრა ტაში, აბხაზი იყო თუ ოსი, ყველა დაატერორეს…  ყველაფერი წაართვეს ბატონ გოჩა ძასოხოვს, ღირსეულ პიროვნებას… ბატონ ლერი ხაბელოვს, ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს. ესენი არიან ღირსეული ადამიანები, საქართველოზე შეყვარებული ხალხი,   ასეთები სანთლით რომ უნდა ეძებო, ამათმა კი ეს ხალხი განდევნეს აქედან… გოჩა ძასოხოვმა, კაცმა რომელმაც თქვა – გვაცადოს ამერიკამ და რუსეთმა, ჩვენ თავად, ოსები, ქართველები და აბხაზები შევქმნით ისეთ სახელწიფოს, ერთიანს რომ მთელი მსოფლიო იამაყებსო, ეს კაცი გაგდებულია საქართველოდან, ეს ხომ ქვეყნის უბედურებაა…

წინ რთული გზა გვიდევს, ცხინვალთან ომის შედეგებია შესასწავლი… ცხინვალთან ომმა მილიარდები მისცა საქართველოს და ქართველ ხალხს ეს არ გაუგია. სად წავიდა ეს მილიარდები?! უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობენ თავად დევნილები, საქართველოს ხელისუფლებამ ის მილიარდები თვითონ მოიხმარა, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომშესწავლილი უნდა იქნას ცხინვალის  ომის შედეგები, რა დახმარება მივიღეთ და სად წავიდა. აი ეს იყო ჩვენს მიმართვაში დღეს ჩამოყალიბებული. დღეს ჩვენ ყველა საელჩოს მივმართავთ და ვამბობთ – გვითხარით, რა თანხით დაეხმარეთ საქართველოს, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს ამხელა დახმარება სად წავიდა

ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარსულში მსგავს დახმარებებს აკონტროლებდა,  7-8 ათასი დოლარი ჰქონდათ ხელფასი და მერე ხელისუფლებაში მოვიდა, არ არის შესასწავლი?

ისევე, როგორც სერიოზულად არის შესასწავლი 2004 წელს მომხდარი  ბიზნეს გადანაწილებები.  ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ წაართვა ვიღაცეებს ბიზნესი და თავად გადაინაწილა.  ჩვენთან  ბიზნესის გადანაწილება უხეშად მოხდა, მაგალითად ლეონიძეა მისი გვარი, ვისაც  კეზერეშვილმა  წაართვა ბიზნესი. იგივეს აკეთებენ დღეს ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია ყველაფერი ამის კიდევ ცოტა ხნით მოთმენა.

ბატონმა კახა კუკავამ აღნიშნა გამოსვლაში, რომ  პრემიერ-მინისტრი მკვლელია  და მე მას ვეთანხმები. როგორ შეიძლება ეს მოვითმინოთ… მის მხარდამჭერებს მინდა მივმართო:  ვის უჭერთ თქვენ მხარს, თქვენ გგონით, რომ მართლა რაიმე ამერიკული ღირებულებების მატარებელია ვანო მერაბიშვილი? არავითარი ღირებულება მას არ გააჩნია, გარდა იმისა რომ გადაფაროს თავისი კომპლექსები და პროვინციული აზროვნება. პროვინციაში დაბადება არ არის ცუდი, პროვინციალური აზროვნებაა უბედურება.

ეკონომიკური ამნისტიაა აუცილებელი, თუ გვინდა რომ ბიზნესი გადავარჩინოთ და ეს საკითხი  ჩამოყალიბებულია აქ წარმოდგენილ ჩვენს პროგრამაში.

ქალბატონი ნონა მესაუბრებოდა გუშინ – სპორტსმენებთან ჰქონდა შეხვედრა ბატონ ბიძინას… ბატონებო, ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. პარლამენტი არის ხალხის მსახური და არა უფროსი. ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ იურისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, პოლიტოლოგები, მთელ მსოფლიოში ასეა მიღებული.

აი ნახეთ ანალიზი: მთელ მსოფლიოში მიღებულია 5 სახის ელიტა, რომელიც მართავს ნებისმიერ ქვეყანას მსოფლიოში  ესენი არიან – ინტელექტუალური ელიტა, პოლიტიკური ელიტა, ეკონომიკური ელიტა, ბიუროკრატიული ელიტა და სამხედრო ელიტა. იმის მიხედვით, თუ ვინ მართავს ქვეყანას, ქვეყანა არის დემოკრატიული ან არადემოკრატიული. თუ ქვეყანას მართავს ბიუროკრატიული და სამხედრო ელიტა, ეს არის სამხედრო წყობილების ქვეყანა! საქართველოს ვინ მართავს, ინტელექტუალური ელიტა? არ შემიძლია ამის დაჯერება. პოლიტიკური ელიტა? რა თქმა უნდა არა, ეკონომიკური ელიტა? არა, საქართველოს მართავს  სამხედრო და ბიუროკრატიული ელიტა, ვის წინააღმდეგაც საჭიროა ბრძოლა.

ჩვენ ვსაუბრობთ რომ ქვეყანა უნდა მართონ ინტელექტუალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ელიტამ, მაგრამ მარტო ინტელექტუალური ელიტა არ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, მუხრან მაჭავარიანს, როდესაც ვუთხარი ქუთაისში, 2001 წელს, რომ გაპატარავებს პარლამენტი-თქო, მესხიშვილის თეატრმა დაუკრა ტაში და ბატონმა მუხრანმა თქვა თავის სიტყვაში – მართალი მითხრა ამ კაცმაო… მერე მთხოვა – მე გამოვცემ წიგნად ჩემს საუკეთესო ლექსებს და რა სიტყვაც თქვით, ის გაუკეთეთ წამძღვარებადო… ჩემს ოჯახში ინახება ეს უნიკალური წიგნი „მუხრან მაჭავარიანის 100 ლექსი“ და ჩემი წამძღვარება აქვს ამ წიგნს გაკეთებული. აცხონოს ღმერთმა. დიდი პიროვნება იყო…

რიგით პარლამენტარად როგორ შეიძლება აქციო რობიკო სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მერაბ ბერძენიშვილი… ეს ხალხი ხელის გულზე უნდა გყავდეს. დღეს კონგრესს ესწრება ბატონი ოთარ გამყრელიძე, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ, ეს არის უნიკალური იურისტი.  მე რა მინდა პარლამენტში, თუ ოთარ გამყრელიძე არ არის პარლამენტში ან მინდია უგრეხელიძე… მე გამოკვეთილად ვამბობ ჩემს აზრს ვინც გადაწყვიტა, რომ პოლიტიკაში მიდის და ამბობს რომ პოლიტიკაში ვარ, ვინც არ უნდა იყო, კი ბატონი ექიმი თუ სპორტსმენი, მოდი პოლიტიკაში.

სოსო ჯაჭვლიანმა და ლუკა კურტანიძემ დიდი ხანია გადაწყვიტეს, რომ არიან პოლიტიკაში. დღეს აქ რომ ყოფილიყვნენ, ვეტყოდი რომ მე კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ ისინი პარლამენტს ზემოთ იყვნენ, მაგრამ თუ თვითონ გადაწყვიტეს, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ 1992 წლიდან დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში იმდენად შეირცხვინა თავისი თავი,    ვინც კი მოვიდა პარლამენტში ინტელიგენციიდან და სპორტსმენებიდან, ხელის ამწევად დარჩნენ და უბრალოდ თავისი სახელი გაიფუჭეს, ვამბობ – დღეს 80% პარლამენტარი ტრიბუნასთან არ მისულა, სიტყვა არ უთქვამს, არიან ესენი ბიზნესმენები, ვიღაც სპორტსმენები თუ ასე შემდგომ… თუ პოლიტიკოსი ხარ, მაშინ ტრიბუნასთან უნდა იდგე. იყავი ბატონო პარლამენტში, ბოკერია იდგეს ტრიბუნასთან, ხელთ ეპყრას  ძალაუფლება და შენ, მსოფლიო ჩემპიონი,  ზიხარ, და ტრიბუნასთან არ მიდიხარ, მაშინ რა გინდა პარლამენტში?!

მე ვამბობ ხმამაღლა – არავინ უნდა სცადოს დიდი პიროვნების გაპოლიტიზირება. ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა შექმნა „თეთრების“ ეს უნიკალური ემბლემა თავისი სურვილით და უღრმესი მადლობა მას ამისთვის. ვინც იქნება პარლამენტში, უნდა იცოდეს, რომ ბატონ ბერძენიშვილს ემსახურება და ის მერაბ ბერძენიშვილი არის პარლამენტს გარეთ. დღეს ერთად რომ დასვა ჭაბუა ამირეჯიბი, მერაბ ბერძენიშვილი და რამდენიმე დიდი პიროვნება, ესაა საქართველო და ეს უნდა იცოდე რიგითი წევრი რომ ხარ, რომ გარეთაა ეს ხალხი, შენ მათ ემსახურები. ხომ ვხედავდით გამყრელიძეს როგორ ელაპარაკებოდნენ პარლამენტში რიგითი წევრი რომ იყო, მაშინ ადამიანურად შემეცოდა ბატონი თამაზი და ვუთხარი – თქვენ რა გინდათ პარლამენტში, როგორ გელაპარაკებიან, თქვენ პარლამენტს გარეთ უნდა იყოთ, დიდი პიროვნება ხართ-მეთქი…

არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან მუდმივად. ამ დარბაზში არიან ასეთი ადამიანები და მე არ მაქვს არაფერი ამის საწინააღმდეგო, მაგრამ  ვამბობ გამოკვეთილად – საქართველოში, ყველა, ვინც მივა პარლამენტში, უნდა თვლიდეს რომ ის არის პოლიტიკოსი და მას ტრიბუნასთან უნდა შეეძლოს გამოსვლა და უნდა შესძლოს გარე-სამყაროსთან ურთიერთობა, არ უნდა იყოს ჩაკეტილი და არ უნდა აგირჩიონ შენ შენი სპორტსმენობის, ან  შენი მწერლობის გამო, არამედ იმ ნიშნით, რომ შენ ხარ გამორჩეული დღეს როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც მწერალი, მოჭიდავე ან ფეხბურთელი.

მე თავად ვარ ყოფილი მოჭიდავე და ფეხბურთელი, მაგრამ მე იქ ვერ შევდექი… როგორც პოლიტიკოსი ვამბობ, რომ არის მინიმუმ 50 კაცი , რომელსაც მე ჩემზე წინ დავასახელებდი და  თუ ისინი არ იქნებიან პარლამენტში, შეცდომა იქნებოდა ჩემი იქ ყოფნა. მათ წინაშე მე ქედს ვიხრი.  ჩვენთან არიან მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები , რომლებსაც არ ვაკადრებ პარლამენტში იყავიო. ამიტომ არის “ქართული აკადემია” ძლიერი და თუ  ”ქართული აკადემია” გახდა   პარლამენტის ერთ-ერთი ფრაქცია, ის დაკარგავს თავის სიძლიერეს და გამორჩეულობას. იგივე შემიძლია ვთქვა „სახალხო კრებაზე“ თუ ის გახდა პარლამენტის ფრაქცია.

აქ იმყოფებიან ბატონი კახა კუკავა, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. მე მივმართავ მათ – ჩვენ დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუ ჩვენ სერიოზულ პოლიტიკურ ერთობას არ შევქმნით. ჩვენ ვიცით როგორი საქართველო იქნება ძლიერი. დღეს ხედავთ, რომ პრაქტიკულად სააკაშვილი იბრძვის თავის სატელიტი პარტიებით და მეორე მხარეს დარჩა მარტო „ქართული ოცნება“. არც ის არის გამორიცხული, რომ საერთოდ არჩევნებიდან მოხსნან „ქართული ოცნება“ და აქეთკენაც მიდის საქმე… დღეს პარტიები ყველანი ფეხზე უნდა დავდგეთ, უნდა შედგეს დიდი ერთობა, ჩვენ ვიქნებით ამის ინიციატორები.  ჩვენ უნდა ვიყოთ 10-15% პარლამენტში და თქვენ ჩათვალეთ, რომ ვისთანაც ეს გუნდი დადგება, იქ იქნება სიძლიერე.

ჩვენ დღეს უნდა ვუყუროთ საქართველოს სხვანაირად და ვიფიქროთ ქვეყნისთვის უკეთესი  რა  იქნება. ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავს როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიან დეპუტატობის კანდიდატზე. ბატონმა კახამ უკვე გამოაცხადა – შეიქმნება თუ არა ერთობა, მე ვიღებ მონაწილეობას არჩევნებშიო, იგივე განაცხადა  ბატონმა აკაკი ასათიანმა, მეც შეიძლება ვიყარო კენჭი, მაგრამ იმის პატიოსნება უნდა გვეყოს, რომ სადაც ბატონ კახას ეყოლება კანდიდატები, ჩვენ ჩვენი კანდიდატები იქ არ წამოვაყენოთ! რა არის ამაში გაუგებარი?! ჩვენ ქალბატონ ნინოს ვუთხარით – ქალბატონო ნინო, გადავდგათ ნაბიჯი და შევქმნათ ერთობა ან თუ არ შევქმნით ერთობას, ერთმანეთის გარეშე არც ერთ ერთობაში არ შევიდეთ. მარტივი  ფორმულაა! ვზივართ ერთად 4-5 პარტია და ვამბობთ, ჩვენ თუ შევქმნით ერთ ერთობას, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად  არსად არ შევალთ, ეს არის მოლაპარაკება და ეს არის სერიოზული რამ.

მე ვისურვებდი რომ “ქართულ აკადემიას” და „სახალხო კრებას“ წამოეწყო დიდი ბრძოლა ხმების დათვლისათვის, ერთი მილიონი ხმა უდევს დღესაც ხელისუფლებას ჯიბეში, ეს მოცემულია ჩვენს ანალიზებში, როგორ გინდა მოუგო იმას, ვისაც ერთი მილიონი ხმა გაყალბებული აქვს?!

ჩვენ ვამბობთ ერთიანი ფრონტის შექმნას, ჩვენ უნდა გავცვალოთ მოსაზრებები, მივმართოთ საელჩოებს და ვუთხრათ – ვინც წავიდა საქართველოდან და არ დაბრუნებულა, მოგვეცით მათი სიები. ვიბრძოლოთ ერთიანი ფრონტით.  ხომ სისულელეა 30% ბარიერი?! ხელისუფლება დღეს შეთანხმდება თავის სატელიტ პარტიებთან ერთად და ხელისუფლება გავა ერთი კანდიდატით და ჩვენ,  ოპოზიციური პარტიები სულ რომ მტრები ვიყოთ ერთმანეთის,  ხომ უნდა მოვილაპარაკოთ ამაზე, როგორ შეიძლება რომ ეს შანსი გავუშვათ დღეს ხელიდან?! ვინც ჯიუტობს, ვინც ამბობს იმას, რომ არ უნდა შეიქმნას ერთიანი ფრონტი, მწარედ სცდება. ერთიან ფრონტში არ იგულისხმება ერთი პარტია, აქ იგულისხმება ყოველი თქვენგანი,  ჩვენგანი და ყველა ქართველი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია. ჩვენ მივესალმებით ყველა ურთიერთობას, რომელიც  გექნებათ ჩვენთან ნებისმიერი ფორმით.  ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიციები, თუ როგორი წარმოგვიდგენია საქართველოს მომავალი.

1996 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო ბატონი იაკობიძე. 1996 წლის შემდგომ მოდიან მოქკავშირის მინისტრები და ამის შემდგომ ქვეყანაში იწყება პენსიების დაურიგებლობა, იაკობიძის მინისტრობის ბოლო დღემდე ყოველი თვის 2 რიცხვში წინა თვის პენსია გაიცემოდა… მოვიდნენ მოქკავშირელები და მიზერული  პენსიაც კი  აღარ გასცეს… ხომ არ იყო ეს შეგნებულად გაკეთებული?! ხომ არ იყო შეგნებულად გაკეთებული,  რომ მოქკავშირის მმართველობის დროს გამომუშავებული ელექტროენერგია ქვეყანას არ ჰყოფნიდა და ხალხი იყო დენის გარეშე დარჩენილი, ხოლო დღეს იგივე მოცულობის ელექტროენერგია ჰყოფნის ყველას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.  ეს იყო შეგნებულად გაკეთებული, რომ რუსეთს ჩაეგდო ხელში საქართველოს  ეკონომიკა.

კიდევ ერთი დამაფიქრებელი ფაქტი: 2008 წლის მერის  არჩევნების წინ სომხეთში შეხვდნენ ერთმანეთს რუსეთის, საქართველოს და სომხეთის მინისტრები. ბატონ ირაკლი ალასანიას დიდ პატივს ვცემ, ის  მარწმუნებდა, რომ იმ  არჩევნების ბედი გადაწყვეტილი იყო უკვე. შედეგად კი საშიში გადაადგილებები მოხდა, რუსეთმა ჩაიგდო ყველაფერი ხელში.

ჩვენ დღეს გამოკვეთილად ვამბობთ – საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც არ იმართება გარედან. ჩვენ, „თეთრები“ ვიქნებით იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებიც თვლიან რომ საქართველოს ხელისუფლება არ უნდა იმართებოდეს გარედან. ვემსახუროთ ქართველ ხალხს და ფეხქვეშ გავეგოთ ქართველ ხალხს.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *