(sazogadoeba.ge) ნონა გაფრინდაშვილი: საქართველოს მოსახლეობა ვერასდროს შეეგუება ბაქრაძის მეორე ადგილს

 

IMG_0512ამერიკული კომპანიის “Greenberg,Quinlan,Rosner Research” კვლევის შედეგად, პრეზიდენტის პოსტზე 43% გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს, მეორე ადგილზე 22%-ით დავით ბაქრაძე ლიდერობს, მესამე ადგილს კი 8%-ით ნინო ბურჯანაძე იკავებს. საზოგადოებაში აღნიშნულმა კვლევამ აზრთა სხვადასხვაობა და გაღიზიანება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გამოკითხვა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარდა.

საზოგადოებაში კვლევის ეს შედეგი “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის გარიგების თაობაზე ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს. პოლიტიკოსების ნაწილი კი ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის არშემდგარი გაერთიანების გამო პასუხისმგებლობას ბურჯანაძეს აკისრებს.

რას ფიქრობენ ამის შესახებ ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები და რამდენად რეალურია კვლევის შედეგები, – ამ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს მოძრაობა “სახალხო კრების” ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი ესაუბრება:

რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ კვლევებთან დაკავშირებით ? ეს უბრალოდ აბსურდია. საქართველოს მოსახლეობა ვერასდროს შეეგუება ბაქრაძის მეორე ადგილს. ბაქრაძეს ნამუსი რომ ჰქონდეს, ჩემი აზრი თუ გაინტერსებთ, საერთოდ არ უნდა იყაროს კენჭი. ის თავის ფუნქციას პარლამენტშიც კი ვერ ასრულებდა. გარდა ამისა, პასუხისმგებელია იმ საშინელებებზე, რასაც ნაციონალები ჩადიოდნენ.

ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდები, უცნობები მაჩერებენ და ხალხის განწყობა კარგად ვიცი. ამერიკას თუ ასე უნდა, მათი საქმეა, მაგრამ აბსურდია, რომ ბაქრაძეს ხმების 22% შეიძლება ჰქონდეს .

– არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ოპოზიციის არშემდგარი გაერთიანების გამო პასუხისმგებლობას ბურჯანაძეს აკისრებს...

– რა შუაშია ბურჯანაძე? თვითონ რა ნაბიჯები გადადგეს ოპოზიციის ერთიანობისთვის? უკეთეს კანდიდატურას მე ვერ ვხედავ. საზოგადოებაში ისმის, რომ რაღაც გარიგებებს აქვს ადგილი. თუ ხმები გამართლდა, ეს საშინელება იქნება. ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანის მცდელობა მიდის. ეს პროცენტები არარეალური და გამიზნულად შეთხზულია.

დღეს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ნაციონალები ისე უტევენ, წარბსაც არ იხრიან. მათ მსოფლიო გადაეფარა, გადარჩენა მოუნდომეს. ეს არის მთელი უბედურება. საქართველოს მოსახლეობამ ამას არ უნდა შეეგუოს.

– და თუ მაინც გავიდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი მეორე ადგილზე?

– ეს ძალიან ცუდი შედეგებს მოიტანს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამას არ აიტანს. ოჯახი არ დარჩენილა, ნაციონალების დატრიალებული უბედურებები არ შეხებოდა: წამებები, დაპატიმრებები, ქონების დატაცებები. მათი ერთ-ერთი ლიდერი ბაქრაძე არ იყო?

მაგისი კლიპი უბრალოდ მაღიზიანებს. რა გააკეთეს, რამე დანაპირები შასრულეს, თუ რა? სხვისკენ იმიტომ იშვერენ ხელს, რომ არავინ დასჯილა. ხალხს ეს უკვე ძალიან აღიზიანებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ამაზე ხმას აიმაღლებს, უბრალოდ სჯობს, საქმე აქამდე არ მივიდეს.

რა პროცენტებს დებდა ნავარო არჩევნების წინ, გახსოვთ? 40%-იანი ცდომილება გამოვიდა ივანიშვილთან მიმართებაში. ნაციონალები რა პროცენტითაც მოხვდნენ პარლამენტში, ესეც ხომ არარეალური იყო? რამდენი ზედმეტი მანდატი მიითვისეს? ჩვენ ხომ ვიცით რეალური სიტუაცია. მთელს იმ უარყოფით ემოციას შემდეგ გაჟღერებული წამების ჩანაწერებიც ხომ დაემატა?! ახლა მე ვინ დამაჯერებს იმას, რომ ბაქრაძეს 22% აქვს? დროა, ადამიანები გამოფხიზლდნენ და პირველ ადგილზე ქვეყნის ინტერესები დააყენონ.

– ზოგადად გასულ წლებთან შედარებით საარჩევნო კამპანია შედარებით დუნედ მიმდინარეობს, რას მიაწერთ ამას?

– დუნედ კი არა, ჩვეულებრივად, ნორმალურად მიმდინარეობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საარჩევნო კამპანიაში ძალოვანი სტრუქტურები არ ერევიან. სხვა ამბავია, რომ გარემოს გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. კოალიციაში შემავალი ყოფილი “რვიანის” და “ექვსიანის” წევრები, ხელისუფლებაში მოსავლამდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვდნენ. ახლა, როცა ყველაფერი მათ ხელშია, ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგეს.

თუმცა, ხალხს შიში მოეხსნა, ძალოვანი სტრუქტურები ადამიანებს გადაადგილებაში ხელს არ უშლიან, არ აპატიმრებენ, არ იტაცებენ. ეს ყველაფერი ადრე საარჩევნო კამპანიას წინ უძღოდა.

იმის მაგივრად, ნაციონალებს გატაცებული მილიონები მოატანინონ, დაფინანსება კანონით კიდევ გაუზარდეს. ნინო ბურჯანაძე, რომელიც განზე გადგა, რომ ოცნებისთვის ხელი არ შეეშალა, კაპიკს არ იღებს სახელმწიფოსგან. წინა არჩევნებში ვეხმარებოდით მათ, რადგან ეს იყო გადარჩენის ერთადერთი შანსი. ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანს, რომელმაც 1-ელ ოქტომბერს არჩევნები მოიგო.

ამ დღეებში გადაწყდა, რომ ბურჯანაძეს 15 წამიან უფასო საეთერო დროს აძლევენ. ეს არის დაცინვა. მიუხედავად ამისა, დადებითი განწყობა ბურჯანაძის მიმართ დღითი-დღე მატულობს. ქალბატონ ნინოს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ამის შესახებ გაზეთებშიც დაიწერა, მაგრამ არცერთმა ტელევიზიამ არ გამოაქვეყნა.

– თქვენი ვარაუდით, მეორე ტური თუ ჩატარდება?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხმები როგორ დაითვლება. იმედი მინდა დავიტოვო, ვინაიდან ხელისუფლება ამ საქმეში არ ერევა. მაგრამ ეს მარტო ბატონ ბიძინაზე არაა დამოკიდებული, კოალიციაში შემავალი პარტიები რას მოიმოქმედებენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, ხალხი არჩევნებში მაქსიმალურად ჩაერთვება და თუ გაკონტროლება მოხდება, მაშინ მეორე ტურის გამართვაში ეჭვიც არ მეპარება.

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *