დემოკრატია არჩევნები კი არა, არჩევანის თავისუფლებაა
„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ რიტორიკა როგორც ჩანს, დიდი შეთანხმების ნიშანია. ერთ ხმაში მიდის საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების არამიზანშეწონილობაზე და პარალელურად იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ შედგება, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატი მეორე ადგილზე გავა.
აშკარაა, რომ ეს არის ორი პოლიტიკური ძალის კომპრომისული შეთანხმება. რაც აძლიერებს აზრს, რომ მოხდება დიდი გაყალბება, რადგან თუ დავაკვირდებით ხალხის განწყობას, გავაანალიზებთ, მართლაც, დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს, მათ მიერ ორგანიზებულ გამოკითხვას, დავრწმუნდებით, რომ პრეზიდენტის პირველივე ტურში გამოვლენა, მით უფრო „ნაცების“ კანდიდატის მეორე ადგილზე გასვლა დიდი გაყალბების გარეშე წარმოუდგენელია.
ჩემი აზრით, ეს კომპრომისული შეთანხმება, არჩევნების ასეთი შედეგის გამოყვანა – ეს ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფაა. აქ კიდევ ერთი დიდი მზაკვრობაა ჩადებული: საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ და მეორე ადგილზე საპარლამენტო პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა გაყვანა – ეს არის პოლიტიკური ნიშანი მთელი მსოფლიოსათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა ენდობა „ოცნებისა“ და „ნაცების“ პარლამენტს, სუსტია არასაპარლამენტო ოპოზიცია და არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა.
უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო პარტიების რიტორიკა ყველა განზომილების მიხედვით ეწინააღმდეგება მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობას, რომელიც აშკარად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეა ორიენტირებული, ელოდება არჩევნების მეორე ტურს მარგველაშვილი – ბურჯანაძის მონაწილეობით. პირდაპირ ვთქვათ, საპარლამენტო პარტიების რიტორიკა ემსახურება ე.წ. კოაბიტაციას, ქვეყნისათვის მისი დამანგრეველი მიზნით – „ოცნებისა“ და „ნაცების“ შემადგენლობით ქვეყანაში ორპარტიული სისტემის დამკვიდრებას და დღეს პარლამენტს გარეთ არსებული პარტიების პოლიტიკურ განადგურებას.
როგორც დემოკრატიის მამები ამბობდნენ: დემოკრატია არჩევნები კი არა, არჩევანის თავისუფლებაა. როცა შენს სამშობლოში ათასგვარი მანიპულაციებით არ გიტოვებენ არჩევანის თავისუფლებას და უმაღლესი თანამდებობის პირები იმპერატიული ტონით თავს გახვევენ მის არჩევანს, ხმების დათვლაც მათ ხელშია – ეს დემოკრატია რომ არ არის, ფაქტია, მაგრამ შეურაცხმყოფელი რომ არის, მისი მოთმენა ბელადომანიის დამკვიდრების ხელშეწყობაც რომ არის, ესეც ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით.
ამ არჩევნებმა მთელს მსოფლიოს უნდა აჩვენოს არა შეურაცხყოფილი საქართველო, არამედ ამაღლებული – დემოკრატიულ ფასეულობათა პატივისმცემელი. ეს ყველას გამარჯვება იქნება.
22.10.2013წ