ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე
თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნებას მოითხოვს
- „არ ვიცოდი“… და „რომ მცოდნოდა…“ რომ დავამთავროთ!
„არ ვიცოდი“…, „რომ მცოდნოდა…“ – მსგავსი სახის არაერთი გამოქმა პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის წარსულის შეცდომების გამართლებად იქცა. ერთი შეხედვით შესაძლოა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის ეს პრობლემა დასრულებულია, რადგან მსგავსი პოლიტიკოსების მიმართ ხალხის პატივისცემა პრაქტიკულად განულებულია, მაგრამ საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. დავაკვირდეთ, ვინც მიხეილ სააკაშვილი გამარჯვების კვარცხლბეკზე აიყვანა, ვინც გააპრეზიდენტა, საკუთარ ქმედებას დღეს იმით ამართლებენ, რომ თურმე არ იცოდნენ, საბჭოთა კაგებეს დაქვემდებარების სასაზღვრო ჯარებში რომ მსახურობდა, დასავლეთის მასონური წრეების და ათასგვარი ჯურის სექტების პროტეჟეც რომ გახდა შემდგომში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სომხური ლობისტური ფირმის „პეტერსონ ბელქნაფის“ ინტერესებს რომ იცავდა. თურმე არც ის იცოდნენ, რომ მათგან მხარდაჭერილ მომავალ პრეზიდენტს ნევროლოგიური ავადმყოფობა ჰქონდა გადატანილი მძიმე შედეგებით, რაზეც შემდგომ მსოფლიოს ცნობილი ნევროლოგების დასკვნაც დაიწერა და ბევრი სხვა რამ „არ იცოდნენ“.
სააკაშვილთან დაკავშირებით რომ ტყუოდნენ, ფაქტია, რადგან ყველაფერი გამოქვეყნდა. ამის თაობაზე უამრავი ადამიანი წერდა. მეც ბევრი ვთქვი – 1997 წლიდან მას არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად ვთვლიდი, დოკუმენტალურად ვასაბუთებდი.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კატეგორიულად მოვითხოვე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების სამედიცინო დასკვნა გამოქვეყნებულიყო. ამ დროს მე, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თხოვნით მივმართე ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ თუ ჩემთან დაკავშირებით რაიმე ჰქონდათ, გამოექვეყნებინათ. ანალოგიური არ გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. ექიმებმაც არქივებში კარგად გადაინახეს მისი ავადმყოფობის ისტორია. ქვეყანა კი დაღუპეს.
დღეს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, კვლავ პრინციპულად ვაყენებ ამ საკითხს. გამოქვეყნდეს პრეზიდენტობის კანდიდატების, განსაკუთრებით კი მთავარი პრეტენდენტების, მარგველაშვილისა და ბურჯანაძის ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო დასკვნა.
ხალხში ცუდი ინფორმაცია ვრცელდება. ნევროლოგებმა ბევრი იციან, სამწუხაროდ დუმან. არა მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს.
მინდა ვიფიქრო, რომ ამ პოზიციას გაიზიარებენ ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატები. საარჩევნო კომისია მიმართავს შესაბამის სამედიცინო უწყებებს რათა საჯარო გახდეს მოსახლეობისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ შემთხვევაში გამოვხატავ არა მარტო „თეთრების“, არამედ ყველა იმ ადამიანის განწყობას, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს უმაღლეს თანამდებობები უნდა ეკავოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნერვებთან ყველაფერი წესრიგში აქვთ და არც აზროვნება აქვთ ავადმყოფური. თუ მეორეს გარკვევა ძნელია, პირველის პრობლემა ნამდვლად არ არსებობს, თუ ამის პოლიტიკური ნება აქვს „ქართულ ოცნებას“.
ამას დღეს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას თითქმის იგივე პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, იგივე ინსტიტუტები („თავისუფლების ინსტიტუტი“, „სოროსის ფონდი“, ენ-დი-აი) უწყობენ ხელს, იგივე ადამიანები, განსაკუთრებით ინტელიგენციიდან ტრიალებენ მის ირგვლივ, ვინც თავის დროზე სააკაშვილის გაპრეზიდენტება მოახდინეს.
შეცდნენ, ბოდიშს არ იხდიან, უტეხად ლანძღავენ განსხვავებული პოზიციის მქონეთ. ეს მათი ნება და პოლიტიკური კულტურაა. მაგრამ დღესაც ცხრა წლის წინანდელი შეცდომა კვლავ რომ არ გაიმეორონ, ხოლო შემდეგ თავი გაიმართლონ, არ ვიცოდითო, გადავდგათ ეს ჯანსაღი პოლიტიკური ნაბიჯი, რითაც ან დადასტურდება, ან უარყოფილი იქნება, რა მითქმა-მოთქმაც ხალხშია და, რაც მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნება, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.
დასკვნის სახით: თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვება ამ განცხადებას, ამის თაობაზე ვაპირებ სპეციალური ბრიფნგის გამართვას პარასკევს, 25 ოქტომბერს
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
22.10.2013წ