(For.ge)ომიდან ერთი თვის თავზე სააკაშვილმა ბაქრაძე 174 800 ლარიანი ავტომანქანით „დააჯილდოვა“

ერთად გავაკონტროლოთ ხელისუფლება, ასეთია ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატის – დავით ბაქრაძის საარჩევნო სლოგანი. თვითონ კი აბსოლუტურად უკონტროლოდ ფლანგავდნენ საკუთარი სიამოვნებისთვის ხალხის ფულს. ქვეყნის ბიუჯეტს.

დღეს სააკაშვილი ცხარე ცრემლებით დასტირის აგვისტოს ომში დაღუპულებს. ყაყაჩოს არ იშორებს გულიდან, მაგრამ მას თურმე სულ სხვა განწყობა ჰქონდა ხუთი წლის წინ, აგვისტოს უმძიმეს დღეებში, .. იმ ავბედით დღეებში, როცა ქართველი სამხედროები გმირულად ეცემოდნენ ბრძოლის ველზე,  ქვეყნის მთავარსარდალი საჩუქრებს უხვად ურიგებდა ხალხის ბიუჯეტიდან თავის ერთგულ თანამებრძოლებს.

ომიდან ერთი თვის თავზე სააკაშვილმა ბაქრაძე 174 800 ლარიანი ავტომანქანით „დააჯილდოვა“

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, პარლამენტის ექს სპიკერ დავით ბაქრაძისთვის 174 800 ლარიანი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი იქნა შეძენილი.

for.ge-მ ექსკლუზიურად 2008 წლის 11 სექტემბერს, პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნომერ 592-ე განკარგულება მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პარლამენტის თავმჯდომარისთვის სამსახურეობრივი ავტომანქანის შეძენის მიზნით, ქვეყნის პირველმა პირმა, ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურს  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, 174 800 ლარის გამოყოფა დაავალა.

აღსანიშნავია, რომ ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძინვარებდა, საქართველოში „აგვისტოს ომი“ იყო მომხდარი, საერთაშორისო თანამეგობრობა კი, თბილისისთვის ფულადი დახმარების გამოყოფაზე მსჯელობდა.

მართალია, 2008 წლის სახლემწიფო ბიუჯეტიდან საკანონმდებლო ორგანოს დაფინანსება 2 მლნ ლარით შეუმცირდა, მაგრამ როგორც ჩანს, პარლამენტი დანაკლისს  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ინაზღაურებდა.

რატომ გახდა საჭირო პარლამენტის თავმჯდომარისთვის ავტომანქანის შეძენა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და არა უწყების ბიუჯეტიდან, ეს კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, რადგან for.ge-სთან საუბარში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მას ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

ექს სპიკერის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ავტომობილით ნინო ბურჯანაძე სარგებლობდა, რის გამოც, დღის წესრიგში ახალი ავტომანქანის შეძენა დადგა.

„ეს ის პერიოდია, როცა პარლამენტი ახალი შეკრებილი იყო და სამწუხაროდ, ძალიან მალე, რუსული აგრესია განხორციელდა. დღის წესრიგში, პარლამენტის თავმჯდომარისთვის სამსახურეობრივი ავტომობილის შეძენის საკითხი დადგა, იმიტომ, რომ სპიკერის კუთვნილი ავტომობილით, წინა პარლამენტის თავმჯდომარე სარგებლობდა“, – განგვიმარტავს უმცირესობის ლიდერი.

დავით ბაქრაძის მტკიცებით, ის არ ფლობს ინფორმაციას, მისთვის ავტომანქანის შეძენა რატომ მოხდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

„არ ვიცი, ეს თანხა რატომ გამოიყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. ეს ავტომანქანა სამსახურეობრივი იყო, რომელსაც ჩემს პირადულთან არანაირი შეხება არ ჰქონია. პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ქვეყნის მეორე პირს, რანგით  შესაბამისი კლასის ავტომობილი ეკუთვნის. შეძენილი იქნა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ოთხი წელი მემსახურებოდა და დღეს, ამ ავტომობილით პარლამენტის თავმჯდომარე სარგებლობს. ამაში არანაირი უკანონობა არ არის. ასეთი ავტომობილით სარგებლობდნენ ჩემი წინამორბედები და ეს ავტომანქანა ახალ სპიკერს გადავაბარე. აქ არანაირი გაუგებრობა არ არის. იმედია, ქვეყნის განვითარება იმის საშუალებას მოგვცემს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეებს უფრო წამომადგენლობითი ტრანსპორტი ჰყავდეთ“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, რომელიც ჩვენს მსგავსად, ინტერესდება – თუ რატომ იქნა შეძენილი პრეზიდენტის ფონდიდან ავტომობილი.

კანონმდებელის შეფასებით, პარლამენტს საკუთარი ბიუჯეტი აქვს და სპიკერს  ავტომობილი სჭირდება თუ სხვა ნივთი, ხარჯები საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან უნდა იქნეს დაფარული.

„პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან ასეთი ტიპის ხარჯების დაფარვა თუ რატომ ხდებოდა, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. უფრო მეტიც, ეს მიუღებელია და ძალიან საინტერესოა, ამ ფაქტს თუ რა ახსნას მოუძებნიან – სააკაშვილი და ბაქრაძე. განსაკუთრებით საოცარია ის ფაქტი, რომ ავტომობილის შეძენა მაშინ მოხდა, როცა  ადამიანებს თავზე სახლები ენგრეოდათ და ჭურვები ეცემოდათ. მაშინ, ავტომობილისთვის ეცალათ, როცა ამდენი ახალი დევნილი გაჩნდა?! ამასთან, რამდენად გამართლებულია ავტომობილისთვის ამხელა თანხის გამოყოფა, მაშინ, როცა დევნილები დასაბინავებლები იყვნენ, ამას ვერ გეტყვით. სააკაშვილს უნდა ჰკითხოთ – ეს ხარჯი, რამ განაპირობა“, – განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

რატომ მოხდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 174 800 ლარის გამოყოფა, ეს კითხვა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, პასუხგაუცემელი რჩება, მაგრამ for.ge საიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობას გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, სხვა სკანდალური დოკუმენტებიც მოვიპოვოთ.

რაც შეეხება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, ის წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის სურვილების შესაბამისად ცარიელდებოდა. უფრო მეტიც, პრეზიდენტის  მიერ გაწეული ხარჯები სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდანაც იფარებოდა. კერძოდ, ცოტა ხნის წინ, მთავარმა პროკურატურამ დაცვის სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა, რისი საშუალებითაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ წლების განმავლობაში, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირების, მათ შორის ქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორისა და პარლამენტის წევრების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებასა და გართობაზე შოკისმომგვრელი თანხები იხარჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ესპანელი მზარეულის ცხოვრების და თარჯიმანით უზრუნველყოფისთვის  500 ათასი ლარი დაიხარჯა, პრეზიდენტისა  და დედაქალაქის მერის „ტანის დაყენებისთვის“ 115 ათასი ლარი. ამასთან, პრეზიდენტის საჩუქრებით ქალბატონებიც იყვნენ განებივრებულნი. მაგალითად, ქვეყნის პირველი პირისგან მომღერალმა – ივანა მელაიმ 982 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობა მიიღო,  მარიამ საჯაიამ მობილური ტელეფონი და სამაჯური, რომელიც 3500 ლარი ღირდა. ხოლო, თინა ბოკუჩავამ ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.

თეონა მანაგაძე

for.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *