რეზო ჩხეიძე: ჩემი მეგობრული სიტყვა ბატონ თემურ შაშიაშვილს და მის მეგობრებს

 

chxeidze rezo

ბატონო თეიმურაზ, მეგობრებო

დიდად ვაფასებ თქვენს კეთილგანწყობას ჩემდამი. ამ ნააზრევსაც თქვენდამი კეთილგანწყობის დასტურად გიგზავნით.

ეს არის ჩემი და ამ წამოწყების სათავეებთან მდგომი საქვეყნოდ ცნობილი პიროვნებების  მამა-შვილური  მიმართვა მამულიშვილებისადმი.

მე ასეთი ვრცელი და ვიტყოდი, განსაკუთრებული წერილით მივმართავ საქართველოს მომავალზე დაფიქრებულთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ,… საქართველოს, ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობრებს.

დაიწყო დიდი საქმე: შეიქმნა ქართული განწყობის ტელეკომპანია „ქართული“ და ასეთივე განწყობის  „თავისუფლების სახლი“.

მაქვს პატივი, განსახილველად წარმოგიდგინოთ მისი კონცეფცია (თან ერთვის). იგი დიდი ხნის მუშაობის შედეგია. პირველ რიგში ამ საქმის მცოდნე ადამიანების. მასში არის აკადემიკოსის და სტუდენტის პოზიციაც…, კულტურისა და განათლების, მედიცინისა და სპორტის მოღვაწის, პოლიტიკოსის, ბიზნესმენისა და ფერმერის განწყობაც…, აზრი ვკითხეთ  ჩოხოსანსაც და ჰარვარდელსაც.

ჩემთვის,  დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც, ბევრზე ბევრს ნიშნავს, რომ  ამ საკითხზე თავისი რჩევები მოგვცეს საქვეყნოდ ცნობილმა ადამიანებმა – ბატონმა მერაბ ბერძენიშვილმა, ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ბატონმა რეზო ესაძემ, ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა, ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა, ბატონმა თემურ გუგუშვილმა, ბატონმა ომარ მხეიძემ, აკადემიკოსებმა ავთანდილ საყვარელიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, ელიზბარ ჯაველიძემ, აპოლონ სილაგაძემ. სასიქადულო სპორტსმენებმა რომან რურუამ, რეზო ძოძუაშვილმა, მანუჩარ მაჩაიძემ.

სასიამოვნო იყო ამ საქმეში თანამშრომლობა ცნობილ დიპლომატებთან პეტრე ჩხეიძესთან და თემურ მამაცაშვილთან, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ, დეპუტატ დემურ ბაშელეიშვილთან.

ამ დოკუმენტის თქვენთვის წარმოდგენა დათათბირების გაგრძელებაა. აშკარაა, რომ მდგომარეობა ქვეყანაში იმაზე უარესია, ვიდრე გვგონია და ასეთ დროს ეროვნული, სახელმწიფოებრივი განწყობის საქმის დაწყებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მომავლის საქართველოსათვის.

დღეს რაც არ გვაკლია საქართველოში, პირდაპირ ვიტყვი, დამანგრეველად ბევრია – ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები. პირველს არნახულად აფინანსებენ გარედან, მეორე კი, რომელიც სასიცოცხლოა საქართველოსათვის, სულს ღაფავს.

დამაფიქრებელია.

როგორც დიდი ფილოსოფოსი ამბობს, ფიქრი ამოძრავებული მომავალია. ჩვენ მომავლით უნდა ვიცხოვროთ. ეს კი მოქმედებას ნიშნავს. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი სწორედ დაფიქრებულ მოქმედებაზე ორიენტირებული ერთობაა, რომელსაც ქვეყანაზე მოფიქრალი ყოველი ადამიანის რეალური თანადგომის იმედი აქვს. ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ საქართველოსათვის სიყვარულით ერთობა რომ გვჭირდება, ვფიქრობ, ეს არავისთვის საკამათო არ არის. სწორედ ამიტომ გამოვიტანეთ ჩვენი ერთობის მთავარ პრინციპად საუკუნეების სიღრმიდან მომავალი სიბრძნე:

„მთავარში  – ერთობა, სადაოში – თავისუფლება, ყველაფერში – სიყვარული!“

მართლაც, ბიბლიური სიბრძნეა.

მოქმედება კი დაწყებულია.

მეცნიერთა დიდი ჯგუფის კონკრეტულ ქმედებათა შედეგად დღეს რეალურად არსებობს ტელეკომპანია „ქართული“ საერთო მაუწყებლობის ათწლიანი ლიცენზიით, სატელიტური მაუწყებლობით სრულიად ევროპაზე, უფრო ზუსტად, პორტუგალიიდან – ურალამდე.  სწორედ იმ პაკეტში, სადაც საქართველოს მხოლოდ რვა ტელევიზიაა (პირველი არხი, რუსთავი – 2, იმედი, მაესტრო, აჭარის ტელევიზია, 25-ე არხი, ტვ-3, ტელეკომპანია „ქართული“), ინტერნეტ და ფართო საკაბელო მაუწყებლობით (ნოემბრის ბოლოს დასრულდება ჩართვა საქართველოში მოქმედ ყველა საკაბელო ტელევიზიაში). მიმდინარეობს მუშაობა სატელიტურ გადამცემ „ასტრა“ – სთან, რათა მაუწყებლობა გავრცელდეს მთელს მსოფლიოზე.  ამას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, ერთის მხრივ ნიჭმა და მეორეს მხრივ, გაჭირვებამ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღმოაჩინა ქართველი და საქართველოს მოქალაქე. მათი რიცხვი უკვე მილიონნახევარს აჭარბებს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათთან დიალოგის შენარჩუნებას, მათ ინფორმირებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

კიდევ ერთი და გამორჩეული: „თავისუფლების სახლი“ , ტელევიზია „ქართული“ განთავსებულია იმ უნიკალურ სახლხსა და ეზო-გარემოში, სადაც გერმანელებმა გასული საუკუნის დასაწყისში შექმნეს პირველი ქართული რადიო – ეს იყო კავკასიაში პირველი რადიო. სასიამოვნოა, რომ ეს სახლი შენარჩუნებულია ზუსტად ისე, როგორც ეს ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ააშენეს გერმანელებმა.

პრაქტიკულად, ეს იქნება „თავისუფლების სახლი“ და ტელევიზია, ძირითადში, ორიენტირებული კულტურაზე ამ მცნების ფართო გაგებით: დაწყებული ყოფითი და პოლიტიკურ- ეკონომიკური ურთიერთობათა კულტურით, დამთავრებული  საქართველოში მცხოვრები ყველა სოციალური ფენისა და ეთნოსის ურთიერთობის  კულტურით; ისტორიით, ტრადიციებით, რელიგიით, მეცნიერებით, განათლებით, მედიცინით, სპორტით..

ეს იქნება ინოვაციურ აზროვნებაზე ორიენტირებული ტელევიზია და „თავისუფლების სახლი“, რომლის ერთი მაგალითიც გახლავთ მასთან ჰარვარდის კურსდამთავრებულთა მოძრაობის შექმნა და მეორე – ამერიკელ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ დაწყებული და უკრაინელ მეცნიერთა მიერ მხარდაჭერილი „რეპუტაციის ინსტიტუტის“ შექმნა – დღეს დამკვიდრებული იაფფასიანი იმიჯის ინსტიტუტის სანაცვლოდ.

ეს იქნება ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც ჩვენი მოსახლეობა, საქართველოს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები და მეგობრები, გაცილებით მეტად მოუსმენენ ხალხს, მეცნიერებს, მოღვაწეებს, მოაზროვნე ადამიანებს, ვიდრე პოლიტიკოსებსა და ე.წ. ექსპერტებს… გაცილებით მეტს გაიგებენ რეალურ ყოფასა და ცხოვრებაზე ქვეყანაში… გაცილებით მეტად გაიცნობენ რეალურ ამერიკას, რეალურ ევროპას, ვიდრე ამას სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები აკეთებდნენ აქამდე: ერთნი აფეტიშებდნენ, მეორენი უარყოფდნენ. რეალური სულ სხვაა და ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი.

დავიწყეთ დიდი ეროვნულ საქმე, თავშივე შევთანხმდით, რომ როგორც მართვის მექანიზმი, ასევე საფინანსო სისტემა იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული. სწორედ ამ მიზნებისათვის იქმნება „მეგობართა დარბაზი“ .

ჩვენ ვქმნით ეროვნული და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებრივი აზროვნების განწყობის ტელევიზიას ქართველ მამულიშვილთა მონაწილეობითა და დაფინანსებით. … ტელევიზია, რომლის უკანაც  არ იქნებიან კონკრეტული პიროვნებები და პოლიტიკური ძალები, ვიქნებით ყველანი ერთად – მეგობართა დარბაზის სახით

არ ვთვლი საჭიროდ, ვრცლად ვისაუბრო „მეგობართა დარბაზის“ თაობაზე, რადგან ეს კონცეფციაში კარგადაა წარმოდგენილი. ვიტყვი მხოლოდ ერთს, იქმნება ქართული, სახელმწიფოებრივი განწყობის დარბაზი, მეგობრობა კი ჩვენში ოდითგან უღალატობას, თანაგრძნობასა და თანადგომას ნიშნავდა. სწორედ ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მამულს, ჩვენს მომავალს.

ყველას შეუძლია მოძებნოს და დაიმკვიდროს თავისი ადგილი ამ დიდ მოძრაობაში. ვის მეტი შეუძლია, ვის ნაკლები, მაგრამ ერთობა შეუძლებელს შეგვაძლებინებს.

დიდი მიზნები გვაქვს. ერთობის პირობებში რეალურზე რეალური.

ჩემი ასაკის გამო, ცხოვრებამ ბევრი რამ მაჩვენა და ბევრიც მასწავლა. ქვეყანა სიკეთეზე და კეთილ ადამიანებზე დგას. ამ დიდ საქმეს არაერთი გამოუჩნდება, ვინც მილიონით შეეწევა. ბევრი ათასსაც შეწირავს, იქნებიან ათიათასობით და ასიათასობით ლარის შემომწირველები. დალხინებული არავინ ვართ, მაგრამ წესდებით განსაზღვრულ 200 ლარს უამრავი ადამიანი შეწირავს. ეს პროცესი დაწყებულია. მე უკვე შევეწიე ამ დიდ საქმეს.  ეჭვი არ მეპარება, რომ ღვთის წყალობით, დეკემბერში დარბაზის დაფუძნებისათვის ბევრზე ბევრი ვიქნებით.

ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დიდი მხარდაჭერა. კარგი და სწორი იყო გადაწყვეტილება, რომ ტელევიზიამ თავისი პირველი პირდაპირი მაუწყებლობა  სვეტიცხოვლობით დაიწყო. მე ამის თაობაზე სპეციალური წერილი გავუგზავნე პატრიარქს და სწორედ მან დალოცა სვეტიცხოვლის საკურთხეველში ტელეკომპანია „ქართული“, – ეს ჩვენი დიდი ეროვნული წამოწყება. ეჭვი არ მეპარება, რომ „დარბაზის“ დაფუძნებაზე პატრიარქი ჩვენთან იქნება. ჩვენთან იქნებიან სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.

ვიცი, რომ გერმანელთა მიერ ერთი საუკუნის წინ აშენებულ პირველი ქართული რადიოს შენობაში ტელეკომპანია „ქართულის“ დაფუძნებას დიდ სიხარულით შეხვდა გერმანიის ელჩი საქართველოში. ვფიქრობ, ჩვენ დიპლომატიური კორპუსის და უცხოეთის მისიების დიდი მხარდაჭერა გვექნება.

არ ვეჭვობ, რომ ჩვენ შევძლებთ საქმიან ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან – პრეზიდენტთან, მთავრობის მეთაურთან, მთავრობასთან საერთოდ, პარლამენტთან და სასამართლოსთან; პოლიტიკურ პარტიებთან.

ჩვენ გვაქვს სურვილი განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდეს საქართევლოს მეცნიერებათა აკადემიასთან, გელათის მეცნიერებათა აკადემიასთან, აკადემიებთან საერთოდ, შემოქმედებით კავშირებთან, დედა – უნივერსიტეტთან და უმაღლეს სასწავლებლებთან. მეგობრობით ვიქნებით მედიის საშუალებებთან.

მინდა ვიფიქრო, რომ ამ დროისათვის სამოქალაქო სექტორში გადასული ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ჩვენთან ერთად იქნება. ამის თქმის უფლებას მაძლევს არა მარტო ის, რომ მას პირადად ჩემდამი კეთილი განწყობა აქვს; არა მარტო ის, რომ ჩვენ მეგობრები ვართ; არა მარტო ის, რომ ის გამოეხმაურა ჩემს წერილს დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნის თაობაზე; არამედ, და ეს განსაკუთრებულია, იმის გამო, რომ რასაც ჩვენ ვქმნით, ეს არის ის, რაზეც ბატონი ბიძინა ოცნებობს და რის გამოც ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და ხდება ინიციატორი ხელისუფლებაზე ხალხის კონტროლის დიდი საზოგადოებრივი მოძრაობისა.

ჩვენი მიზანიც ეს არის. სწორედ ეს ჩავწერეთ 2006 წლის 13 ივნისის დეკლარაციაში, რომელსაც „შერატონ მეტეხი პალასში“ მეცნიერების, კულტურის, განათლების, მედიცინის, სპორტის 1000-ზე მეტმა  მოღვაწემ და ყველა პოლიტიკურმა ძალამ მოაწერა ხელი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ .

მაშინ ჩვენ ვთქვით: ჩვენ დავნერგავთ პრინციპს:  ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.“

ძნელი გახდა ამის გაკეთება. მიზეზებზე აღარ ვსაუბრობ – თქვენ ყველამ იცით. 2012 წლის 1 ოქტომბერმა გახადა რეალური ბრძოლა ამ პრინციპის დანერგვისათვის.

ჩვენ ვერთიანდებით და ვიწყებთ დიდ მოძრაობას საქართველოში ადამიანური ცხოვრებისათვის. დღემდე ქართული ყოფისათვის შემარცხვენელი და დამთრგუნველი – ბრძოლა არსებობისათვის უნდა დასრულდეს და ყოველ ადამიანს მიეცეს საშუალება საკუთარი თავის რეალიზაციის, ნიჭის რეალიზაციის. ეს დიდი საქართველო იქნება. ღირს ბრძოლა და თავგანწირვა ამისათვის.

ბატონო თეიმურაზ,

თქვენი სახელი ბევრ კეთილ საქმესთანაა დაკავშირებული. არაერთი მამულიშვილური ინიციატივის ავტორი ხართ. ჩევნ მადლიერებით ვაფასებთ ამას.

დარწმუნებული ვარ, საფუძვლიანად გაეცნობით ტელეკომპანია „ქართულისა“ და „თავისუფლების სახლის“ კონცეფციას, მოგვაწვდით თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს, მიიღებთ გადაწყვეტილებას „მეგობართა დარბაზში“ გაერთიანების თაობაზე და გაიღებთ შემოწირულობასაც ამ მამულიშვილური საქმისათვის.

ჩვენ მზად ვართ, გიმასპინძლოთ ტელევიზიაში თქვენთვის სასურველ დროს, ასევე გეწვიოთ.

საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით „მეგობართა დარბაზი“ ფუძნდება  8 დეკემბერს, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომ ეს კარგი ქართული მოვლენა ჩემი დაბადების დღეს დაამთხვიეს.

ვისურვებდი, რომ ვიყოთ ერთად და ერთად  ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე.

 

 

რწმენით, იმედით, თქვენთან თანამშრომლობის დიდი განწყობით

 

რეზო ჩხეიძე 

 

რუსთაველის პრემიის ლაურეატი,

მშვიდობის მსოფლიო ელჩი

თბილისი

11.11.2013წ.

 

ტელევიზიის კონცეფცია 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *