საქართველო – მშიერი ბავშვების ქვეყანა

asxdcfegr იუნისეფი: საქართველოში არასრულფასოვანი კვების შედეგად ყოველწლიურად 350-მდე ბავშვი იღუპება

“გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) კვლევის მიხედვით, საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებსა და დედებს, კვების დეფიციტი აქვთ. ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომელიც ბავშვთა ზრუნვის პროგრამის მიმდინარეობას მიეძღვნა. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა გრაუმანმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ცუდი კვების გამო ყოველწლიურად 350-მდე ბავშვი იღუპება. გაეროს ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში კვების დეფიციტმა ქვეყანას 1,3 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა და საერთო ჯამში 4300 ახალშობილის სიცოცხლე იმსხვერპლა”, – წერს გაზეთი“რეზონანსი” სტატიაში სათაურით მშიერი ბავშვების ქვეყანა / იუნისეფი: საქართველოში არასრულფასოვანი კვების შედეგად ყოველწლიურად 350-მდე ბავშვი იღუპება.

“კვლევა აღწერს კვების დარღვევასთან დაკავშირებული ეროვნული ზარალის მასშტაბს. აღსანიშნავია, რომ დედის ანემიის, მცირე წონის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ანომალიისა და არასაკმარისი ძუძუთი კვების გამო, ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 300 ბავშვი იღუპება. ასევე მნიშვნელოვანია კვების დეფიციტი, რომელიც ბავშვის ზრდაში ჩამორჩენას იწვევს. საკვები ელემენტების დეფიციტი ბავშვების განვითარებას ხელს უშლის, რის გამოც ქვეყანა პროდუქტიულ მუშახელს კარგავს. კვების დეფიციტში ჩვენ ვგულისხმობთ არა საკვების ქონა-არქონას, არამედ ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობას, რაც ბავშვებსა და ქალებში ძალიან მძიმე შედეგის მომტანია. არსებობს რეკომენდაციები, რა უნდა გაკეთდეს კვების დეფიციტის ზიანის შესამცირებლად – მაგალითად, ვიტამინებით გაჯერებული საკვები დანამატი და პურის გამდიდრება რკინით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ქურციკიძე.

“როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემებია, რაც ბავშვთა პრობლემების მოგვარების გარეშე ვერ გადაიჭრება. “განვიხილეთ ბავშვზე ზრუნვის პროგრამის მიმდინარეობის სუსტი და ძლიერი მხარეები. სახელმწიფოს პრიორიტეტია ბავშვისთვის ოჯახთან მიახლოებული გარემოს შექმნა, რაც ხორციელდება დიდი ზომის ინსტიტუტების ტრანსფორმაციით და მისი ჩანაცვლებით მცირე საოჯახო ტიპის სახლებით. ანუ სახელმწიფოს პრიორიტეტია ზრუნვის ალტერნატიული ფორმები ან ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში”, – ამბობს ხუნდაძე. დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძე კი ამტკიცებს, რომ საქართველოში არავითარი სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა არ გატარებულა, შობადობა გაიზარდა, მაგრამ იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რის გამო 2017-2018 წლიდან უკვე დეპოპულაცია გველოდება”- აღნიშნავს გამოცემა.

“დაავადებები ორსულობიდან იწყება და დედების ცუდი კვების გამო ჩასახული ბავშვები ადვილად ავადდებიან. სანამ ბავშვი ერთი წლის არ გახდება, თითოეულ მათგანზე დახმარება უნდა გაიცეს 35 ლარის ოდენობით მაინც, რაც ჯამში 20 მლნ ლარს შეადგენს. მართალია, ქალს 6-თვიანი დეკრეტული შვებულება და შესაბამისი ანაზღაურებაც აქვს, მაგრამ მას ჯანმრთელობის აღდგენა სჭირდება და არასაკმარისი თანხის გამო, ბავშვის კვებით უზრუნველყოფა სრულყოფილად ვერ ხერხდება. ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას სახელმწიფოს ყოველთვიური და არა ერთჯერადი დახმარებით”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ სულაბერიძე.

“შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამობისა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის არასათანადო სტანდარტების გამო, საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც დეკრეტული შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება, ხოლო ანაზღაურების ოდენობა 600 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდება – ახალი კანონი ძალაში 2014 წლის 1 იანვრიდან შევა. ხოლო შარშან ჩატარებული კვლევის შემდეგ იუნისეფის მიერ გასულ ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში არც მეტი, არც ნაკლები 77 000 ბავშვი – 9,4% – უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს (ანუ დღეში 2 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს). ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი კი არის 205 ათასი ანუ 25%” – დასძენს გამოცემა

წყარო: ინტერპრესნიუსი http://www.interpressnews.ge/geo/qarthuli-presis-mimokhilva/261531-qarthuli-presis-mimokhilva-29112013.html

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *