პოლიტიკური სექტა მამხილებელი განცხადებებით ცდილობს ყოფილ თანაგუნდელთა დასჯას
მთავარი პროკურორის ნასამართლევობასთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა , რამაც მეტად არასასიამოვნო ვითარება შექმნა ქვეყანაში, დაადასტურა „თეთრების“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ არის არა პოლიტიკური პარტია, რომელიც გარკვეულ იდეოლოგიას ეფუძნება, არამედ ეს არის პოლიტიკური სექტა, საერთო დანაშაულით შეკრული ადამიანების გაერთიანება, რომლის დატოვებასაც მისი წევრები უფრთხიან მხილების შიშით.
ქვეყნის მთავარი პროკურორი ფარცხალაძე, რომელიც მიუხედავად საეჭვო წარსულისა, ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, როგორც ჩანს მისაღები იყო “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რადგან იდგა მის სამსახურში და მისი წარსული არავის აღელვებდა. როგორც კი ფარცხალაძე გამოეყო ნაციონალურ სექტას და კანონის აღსრულებას შეუდგა, მისმა ძველმა თანაპარტიელებმა მაშინვე აამოქმედეს სექტის კანონი და მამხილებელი განცხადებებით ცდილობენ ყოფილი თანაგუნდელთა დასჯას.
უგულავას განცხადება ერთის მხრივ ემსახურება გენერალური პროიკურორის ნეიტრალიზებას, ხოლო მეორეს მხრივ ეს სექტის სხვა წევრების გაფრთხილებაცაა, რომ ნაციონალური მონოლითის დატოვების შემთხვევაში მათ აუცილებლად გაუხსენებენ წარსულ ცოდვებს.
გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ 70 მილიონი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში ბრალდებული ქალაქის მერის მეუღლე რამდენიმე წლის წინ თავად აღმოჩნდა მსგავს არასასიამოვნო მდგომარეობაში, როცა იმავე გერმანიაში დააკავეს ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ქურდობის ბრალდებით. თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით ნაცმოძრაობის ლიდერებს შეშფოთება არ გამოუხატავთ, რადგან თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული წევრი და საყრდენია, ცოდვებს მას იმ შემთხვევაში გაუხსენებენ, თუ პარტიის დატოვებას განიზრახავს.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ქვეყანაში „ნაციონალური“ მართვის სისტემა იყო დანაშაულებრივი, და საჭიროა სწორედ დამნაშავე სისტემის მხილება და გასამართლება. სამწუხაროდ, ჩვენ ვებრძვით არა დანაშაულებრივ სისტემას, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს. რაც არის სისუსტის მაჩვენებელი. სისტემის შეცვლას გაცილებით დიდი ძალისხმევა სჭირდება, რაც ვერავინ მოახერხა და კონკრეტულ პიროვნებებთან ბრძოლაზე არიან გადასული.”ნაციონალური” სექტის გასამართლება გაცილებით სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისათვის, ვიდრე მისი ცალკეული ლიდერების დაჭერა.
აქვე სინანულით უნდა აღვნიშნოთ რომ ქვეყანაში დამნაშავე პოლიტიკური სექტის აღზევება და გაძლიერება პირდაპირ იყო განპირობებული ძლიერი და გავლენიანი დასავლური ჯგუფების როგორც ფინანსური, ასევე მორალური მხარდაჭერით. წელიწადზე მეტია ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ რა თავგამოდებით იცავენ ნაცმოძრაობის ცალკეულ ლიდერებს მათი დასავლელი მეგობრები და სამართლიანობის აღდგენის გზაზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ქართულ სახელმწიფოს.
დანაშაულებრივი ორგანიზაციის ზოგიერთი ბობოლა დღესაც ლაღად გრძნობს თავს დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ ხელშია მნიშვნელოვანი ფინანსები ზოგიერთი მათგანმა კი საკმაოდ მაღალ თანამდებობა მიიღო დასავლეთის წამყვან ორგანიზაციებში.
თუ არა ცინიზმი, რა უნდა ეწოდოს იმ ფაქტს, რომ საკუთარ ქვეყანაში მოსახლეობის გენოციდის მომწყობი, 7 ნოემბრის, 26 მაისის ავტორი და 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვის ერთ-ერთი ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი დღეს ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებელში დემოკრატიის განვითარებაზე ლექციებს კითხულობს.
დანაშაულებრივი სექტის მსგავსი წახალისების პოლიტიკა არ ემსახურება ჩვენი მეგობარი ქვეყნების პრესტიჟს და მათ მიმართ ქართველი ხალხის ნდობის ამაღლებას.
პარტია “თეთრები”
24.12.2013წ