(საქართველო და მსოფლიო) რეზო ჩხეიძის მიმათვა საქართველოს პრეზიდენტს

chxeidze rezoმის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს
თქვენო აღმატებულებავ,
ამ წერილს უხუცესთა საბჭოს სახელით გწერთ. იგი სამი რამით არის ნაკარნახევი: პირველი _ ქართული ტრადიციით; მეორე _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის თითქმის ყველა, განსაკუთრებით კი, ბოლო წლების ეპისტოლეების განწყობით და მესამე _ იმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამ საკითხების გადაწყვეტას დიდი ხანია ელოდება და თვლის, რომ ეს ნაბიჯი გადასადგმელია იმ პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ, რომელთაც ხალხის ასეთი მხარდაჭერა მიიღეს.

ამ დიდი შემოძახილის გაკეთებას ბატონ ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად ვაპირებდი, ვწუხვარ, რომ ის ჩვენთან აღარაა. ნათელი დაადგეს მის ხსოვნას. ამ დიდი კაცის სახელთან უამრავი კეთილი საქმეა დაკავშირებული და ესეც მისი სახელით მინდა გაკეთდეს.

საქართველოში ისტორიულადაც და ტრადიციულადაც იყო ქალის კულტი. ბავშვი, მოზარდი იყო და რჩება უპირველეს სალოცავ ხატად. მოხუცისადმი პატივისცემა ჩვენი დიდი კულტურის ნაწილია.

უფალს ვთხოვ, არასდროს შეირყეს ეს ტრადიცია. დღეს სწორედ ამის დამადასტურებელი ნაბიჯია გადასადგმელი ისე, როგორც გვეკადრება. როგორც ეს მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ასეა, დიდი ხანია და ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამაც კი განსაკუთრებული ხაზგასმით დაადასტურა ეს.

ახალს არაფერს ვამბობ: სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, მსოფლიოში რითაც ვიყავით გამორჩეული უკანასკნელ ათწლეულში პატიმართა რაოდენობა იყო. პირველი ვიყავით. ეს «ნაციონალური» ხელისუფლების ხელწერაა. «ქართული ოცნების» გაბედულმა ნაბიჯებმა დიდი გარღვევა გააკეთა, მაგრამ… ისევ გულდასაწყვეტი «მაგრამ».

იმ პირთა შორის, რომელთაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, ჯერ კიდევ უამრავი ქალბატონი, ბავშვი და ასაკოვანი ადამიანია. ჩემი პოზიცია, გნებავთ, ჩემი ხვეწნა-მუდარაა თქვენდამი, საერთოდ ხელისუფლებისადმი, რომ 16 წლამდე ასაკის მოზარდი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, 65 წელს გადაცილებული ქალი, საერთოდ ქალბატონი, რომელთაც არ ჩაუდენიათ ქვეყნისთვის საშიში ან ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი დანაშული, განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.

ქვეყნის მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას, ამნისტიის დროს მოზარდთა ასაკს გავზრდიდი 18 წლამდე, ქალისას შევამცირებდი 60 წლამდე, ხოლო მამაკაცისას _ 65 წლამდე და დიდი სიამოვნებით დავამატებდი წინა ხელისუფლების მიერ ყველა რეპრესირებულს, განსაკუთრებით კი იმ მეწარმეებს, რომელთაც ქონებაც წაართვეს და პატიმრობაც შეუფარდეს.

თქვენო აღმატებულებავ,

სათქმელი გითხარით პირდაპირ და გულახდილად. ვწუხვარ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა მაიძულებს, ასეთი წერილით მოგმართოთ. მაგრამ მეამაყება, რომ გწერთ იმას, რაც გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სურვილს, ქვეყნის ნამდვილ მეგობართა მოლოდინს და გამოხატავს იმას, რაც განსაკუთრებულად სჭირდება დღეს ჩვენს საზოგადოებას და მომავლის საქართველოს.

ბატონო გიორგი, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და დიდი სურვილი მაქვს, დამდეგ ახალ წლამდე ვიხილო თქვენი ხელმოწერა მსგავს დოკუმენტზე.

ასეთივე მიმართვას ვაგზავნი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილის და პარლამენტართა სახელზე.

უხუცესთა საბჭოს სახელით

კინორეჟისორი,

მშვიდობის ელჩი

რეზო ჩხეიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *