ემიგრანტის წერილი:შევთხოვთ მაცხოვარს, დაგვიხსნას გაუცხოებისგან,

აფხაზ გუდაუთა” –ასეთი სახელით ვიცნობთ მას ფეისბუქით. ის “თეთრების” მეგობარია. ემიგრანტი, აფხაზეთიდან. ის ყოველთვის საინტერესო სტატუსებს აქვეყნებს, მისი კომენტარები ყოველთვის ყურადსაღებია. ის ყოველთვის ადევნებს თვალს ჩვენს მასალებს, ის ემიგრანტია, მაგრამ არასდროს ტოვებს საქართველოს. მისი გული და გონება სამშობლოსთანაა მუდამ. მას  აქვს  გამძაფრებული აღქმა სილამაზისა, მის მიერ გავრცელებული ფოტოები  ხელოვნების ნიმუშებია.

წერილში, რომელსაც ვაქვეყნებთ, მან  გამოხატა ის, რასაც გრძნობს სამშობლოს მოწყვეტილი ყველა ჭეშმარიტი მამულისშვილი:

“ყველა ქართველი უნდა დავაბრუნოთო, – ასე შეგვპირდნენ ხელისუფალნი… რომ დაბრუნდნენ, რას ჰპირდებით, რით დაზარდონ შვილები, რითი გამოკვებონ და ასაზრდოონ?..

ბევრს დასაბრუნებელი ჭერიც აღარ აქვს, გაყიდეს და დააგირავეს სახლ-კარი “გამარტივებული” ვიზებისთვის ათასობით დოლარის გადასახდელად. ბევრი დღესაც ამ კაბალურ პროცენტებს იხდის გაუმაძღარი მევახშეების მუცლების ამოსაყორად და არც იციან, კიდევ რამდენი წლის ჯაფა დასჭირდებათ ვალების გასასტუმრებლად.

სულ მცირე იმედი მაინც რომ ბჟუტავდეს, რომ თუნდაც აქ მიღებული გასამრჯელოს მეოთხედს მაინც იშოვიდნენ საქართველოში, დიდი ხანია უმრავლესობა მანდ იქნებოდა. ყველამ ვიცით, რომ ტელევიზიით მოსმენილი წარმატებული ქართული ეკონომიკა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ლიდერობა ისე განსხვავდება სინამდვილისგან, როგორც ცა და დედამიწა. მანდ ხელისუფლების თვალით იზომება უზრუნველი ყოფის კრიტერიუმი, აქ კი ჩვენი დაწყვეტილი მკლავებითა და გაურკვეველი მომავლის შიშით.
ჩვენ ტყვეები ვართ, “საუცხოო” ტყვეები, მაინც საქართველოს სიყვარულით ბორკილდადებულნი.

დღეს შევთხოვთ მაცხოვარს, დაგვიხსნას გაუცხოებისგან, ძალა მოგვმადლოს და იმ გზააბნეული მერცხლებივით ისევ შენს წიაღში დაგვაბრუნოს, ოდესღაც გაზაფხულის მოლოდინით რომ გაგიფრინდნენ “თბილ” ქვეყნებში!..ვინ როგორ, არ ვიცი, მაგრამ ემიგრანტი ქართველი ათმაგად განიცდის საქართველოს ტკივილს, ვიდრე მანდ მცხოვრები, თანაც ამას ემატება სინდისის ქენჯნა, უშუალოდ რომ ვერ მონაწილეობ სამშობლოში მიმდინარე პროცესებში.

ვერანაირი კეთილდღეობა ვერ ამსუბუქებს ამ სიმძიმეს
ღრმად ვარ დარწმუნებული , რომ თვითოეულ ქართველს, მთელი არსებით ,სურს ამ უბედურებიდან თავის დაღწევა და ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება , ბავშვების სამშობლოში გაზრდა!
მარტო პოზიციის დაფიქსირება, არ ყოფნის ასეთ სისტემასთან ბრძოლას

ჩვენ ხომ ისევ იმ კომუნისტურ და უტოპიურ აზროვნების გადმონაშთნებთან გვიწევს ბრძოლა

ბატონი და პატრონი ერთი გვყავს -საქართველო!”

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *