თავისუფლების სახლისა“ და ტელეკომპანია „ქართულის“ “მეგობართა დარბაზის”მიმართვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

 

iliaთქვენო უწმიდესობავ,

„თავისუფლების სახლისა“ და ტელეკომპანია „ქართულის“ მეგობართა ჯგუფი დიდი პატივისცემით გილოცავთ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.

ჩვენი უდიდესი სურვილია ეს დღე იქცეს რამდენიმე ეროვნული პროექტის ნათლობის დღედ.  ეს პროექტები თქვენი ეპისტოლეებისა და ქადაგებების გავლენით არის შექმნილი.

თქვენი მხარდაჭერის იმედით, გაწვდით მოკლე ინფორმაციებს ამ პროექტებთან დაკავშირებით.

I . საქართველო დაჭრილი მზეა – საქართველო გაბრწყინდება

ეს სახელწოდება გრიგოლ რობაქიძისაგან ავიღეთ.

მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა ჯგუფი ვფიქრობთ ამ  დიდ ეროვნულ პროექტზე. ჩვენი დიდი სურვილია, შეიქმნას დოკუმენტური ფილმები, რომლებშიც მთელი მსოფლიოს გასაგონად გვინდა ვთქვათ იმის შესახებ,  რა მისცა ქართველმა ერმა მსოფლიო ცივილიზაციას… ვაჩვენოთ ჩვენი მეფეების ცხოვრება და მოღვაწეობა, ქართველ წმინდანებთან დაკავშირებული  სიდიადე…გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები მთაწმინდაზე, დედა-უნივერსიტეტის ეზოში, ოპერის ბაღში, უცხოეთში დაკრძალულ დიდ ქართველ მოღვაწეებზე… გადავიღოთ დოკუმენტური ფილმები  საქართველოს ნამდვილ მეგობრებზე (მარი და მარჯორი უორდროპები, არტურ ლაისტი და სხვები), იმ უცხოელებზე, რომლებმაც დიდი ქართული საქმეები აკეთეს…

ამ ეროვნული პროექტის სრულ კონცეფციას დავასრულებთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა დღეებში და ჩვენი სურვილია ეს პროგრამა წარმოგიდგინოთ თქვენ, რათა სწორედ საპატრიარქოში და თქვენი კურთხევით მოხდეს მისი წარდგენა როგორც ხელისუფლებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის.

ამავე პერიოდისთვის ჩვენ ვასრულებთ „ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევის პროექტს, რომლის პატრონობაც, როგორც ეს უკვე ერთხელ გააკეთეთ გასული საუკუნის 90-იან წლებში, ახლაც გვსურს თქვენ  გთხოვოთ.

 

I I . „ჯარისკაცის მამა“ –  50 წლისაა

მიმდინარე წელს სრულდება 50 წელი გენიალური ფილმის „ჯარისკაცის მამა“ გადაღებიდან.

იუნესკოს გადაწყვეტილი აქვს ფილმის იუბილეს აღნიშვნა. რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის უმაღლეს ხელისუფალთა დონეზე განიხილება ამ ქვეყნებში „ჯარისკაცის მამის“ საიუბილეო ჩვენების პროგრამები. ჩვენი სურვილია, საქართველოში, თქვენი სიტყვით დაიწყოს ამ დიდი თარიღის აღნიშვნა.

როგორც ცნობილია, მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული ეს ფილმი გადაიღო 35 წლის რეზო ჩხეიძემ. ის ამჟამად ამთავრებს ფილმს „ქრისტეს საფლავზე დანთებული სანთელი“, რომლის პირველი ჩვენების შემდეგ თქვენ მას წინასწარმეტყველური ფილმი უწოდეთ.

ჩვენი სურვლია, xx საუკუნის „ჯარისკაცის მამა“  და XXI საუკუნის დასაწყისის „ქრისტეს საფლავზე დანთებული სანთელი“ ერთ დიდ ეროვნულ პროექტად ვაქციოთ. ამ წინადადებებს უახლოეს დღეებში მოგაწვდით.

თქვენო უწმიდესობავ.

ჩვენ მოკლედ წარმოგიდგინეთ ორი ეროვნული პროექტი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ მათი ნათლობა სწორედ ნათლისღება დღეს მოხდეს.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას. დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, რომელსაც ჩვენთვის პატრიარქის ეპოქა ჰქვია. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ  ქვეყანას ჰყავს სულიერი მოძღვარი, რომელმაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ  ყველა ერისა და ეროვნების ადამიანთა ასეთი საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა…  ადამიანი, რომლის მიმართ კეთილი განწყობა აქვს ყველა რელიგიის  მღვდელმთავარს და მსოფლიოს ყველა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს და პოლიტიკურ მოღვაწეებს.

„თავისუფლების სახლისა“ და ტელეკომპანია „ქართულის“ „მეგობართა დარბაზის“ სახელით

ზურაბ წერეთელი, ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ანზორ ერქომაიშვილი, თემურ გუგუშვილი,  გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილი, ომარ მხეიძე,  გია ბურჯანაძე,  არნოლდ გეგეჭკორი,  თათუზა ყურაშვილი, თემურ მამაცაშვილი, რომან რურუა, ალექსანდრე მეტრეველი, ანზორ კავაზაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *