თქმა სჯობს უთქმელობას

თემურ შაშიაშვილის პოლიტიკური განცხადება

888888

ხალხი იმედგაცრუებულია. მოლოდინი არ გამართლდა. სამართლიანობის დადგენა  კვდომის პროცესშია. „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება. პოლიტიკოსები ამას სხვადასხვაგვარად ხსნიან.

დომინირებს აზრი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ გარიგდნენ. მე ყოველგვარ გარიგებას გამოვრიცხავ, უფრო მეტიც, ისიც მწამს, რომ ამ ორ პოლიტიკურ ძალას სძულს ერთმანეთი, რაც თავისთავად არამგონია კარგი იყოს.

თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები უარესში. უარესი კი ის არის, რომ ვინც მართავდა „ნაცმოძრაობას“, იგივე  ძალები მართავენ „ქართულ ოცნებას“. ეს ე.წ. მმართველი ცენტრი უცხოეთშია. სწორედ ერთი ცენტრიდან მართვის გამო ემსგავსება „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“.

დღეს ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს, რომ საქართველოს უბედურებაა ქვეყნის გარედან შექმნილი, ფინანსირებადი და მართვადი ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები, ჟურნალისტები.

ცხადზე უცხადესია, რომ საქართველოში არც ერთი საქმე არ მივა ბოლომდე, ეს იქნება კულტურა, განათლება, ეკონომიკა, სოციალური, თუ სამართლებრივი სფერო, რაც არ აწყობს იმ გარე ძალებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ. დავაკვირდეთ, ყველაზე დიდი შეტევა ქართულ ცნობიერებაზეა, ქართულ კულტურაზეა, მართლმადიდებლობაზე და საერთოდ, რელიგიაზეა. აკნინებენ ოდითგან გამორჩეულ ქართულ განათლების სისტემას. უფრო მეტიც, გარედან მართვადმა და ფინანსირებადმა ქართული ცნობიერების წინააღმდეგ მომართულმა საინფორმაციო საშუალებებმა და ჟურნალისტებმა ხალხი დეპრესიაში ჩააგდეს, მომავლის რწმენას უკარგავენ.

დარწმუნებით და გამოკვეთილად ვამბობ: ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი უარს არ ეტყვის იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მორჩილებაში არიან უცხო ძალებთან, ფინანსდებიან პოლიტიკური ფულით,  რომელთათვისაც მთავარია ის, თუ რას ფიქრობენ უცხოეთში და არა ის, რა ხდება და რას ფიქრობენ საქართველოში – სიკეთე არც ქვეყანაში და არც ჩვენს ოჯახებში არ იქნება. კარგად მხოლოდ გარედან მართვადი და დაფინანსებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იცხოვრებენ.

დრომ დაადასტურა, რომ ქვეყანას და საკუთარ მომავალს ჰყიდის ის, ვინც საარჩევნო ხმას ყიდის და ქვეყანას ჰყიდის ისიც, ვინც საარჩევნო ხმებს ყიდულობს. ოც წელზე მეტია, საქართველო საარჩევნო ხმების გამყიდველთა და მყიდველთა მიერ შემნილი მთავრობებით იმართება. ეს ტრაგედიაა. მით უფრო, რომ  ეს ვაჭრობა პოლიტიკური ფულით ხდება.

სწორედ ამ მოზღვავებული პოლიტიკური ფულის და მის მძებნელ პოლიტიკოსთა გამოა საქართველო მუდმივ საარჩევნო პროცესში. სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო იღვრება სისხლი საქართველოში, სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო ცხოვრობს ცრემლში უამრავი საქართველოში და სწორედ ამ პოლიტიკური ფულის გამო, გარედან მართვადი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და არასამთავრობო სექტორის მიერ კვლავ სისხლისღვრისკენ მიექანება საქართველო.

ჩვენ, „თეთრები“ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ შევიდეთ იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებში, რომლებიც უცხოელთა ინიციატივით და უცხოელთა ფინანსებით იქმნება. ჩვენ ვემიჯნებით იმ პოლიტიკურ ალიანსებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ფიქრობენ არჩევნებზე, როგორც სკამების, ანუ თანამდებობების მოპოვების საშუალებაზე და არ ებრძვიან მთავარს – ქვეყნის გარედან მმართველ პოლიტიკურ ცენტრებს.

დავფიქრდეთ: 1992 წლიდან საქართველოში ყველა მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით მოვიდა და კორუფციის გამო წავიდა. 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყველა მთავრობა ხალხის კეთილდღეობის პროგრამით მოდიოდა და ხალხს შიმშილში ტოვებდა. როგორც ჩანს, საქართველოს და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი პრობლემა არის ის, რომ გარე ძალების მხარდაჭერით ქვეყნის სათავეში მოდიან ერთ-ორ პიროვნებას ამოფარებული ბანდიტური ჯგუფები. ამას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც ადასტურებს.

ჩვენ, „თეთრებს“, კარგად გვესმის, რომ არც ურაპატრიოტიზმია ქართული, არც ფსევდოპატრიოტიზმი და არც კოსმოპოლიტიზმი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არც ამერიკული გზაა ქართული, არც რუსული და არც რომელიმე სხვა ქვეყნის წამხედურება. ჩვენ  ისიც კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი მეგობრობა ამერიკასთანაც, ევროპასთანაც, აზიასთანაც, რუსეთთანაც და განსაკუთრებით კავკასიის ხალხებთან.

სწორედ ამიტომ, საქართველოს მომავალი ქართული გზაა, რომელიც ოდითგან ნიჭსა და ზნეობას ეყრდნობა. ჩვენ ვართ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს სხვათა ჩარევის გარეშე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. რომ ხელისუფლებას უნდა მართავდეს, ხაზგასმით ვამბობ – მართავდეს საზოგადოება, ის საზოგადოება, რომლისთვისაც მთავარია ინტელექტი და ზნეობა.

ბევრი ვიფიქრე, მეთქვა თუ არა ყოველივე ეს. მაგრამ მჯერა, რომ უთქმელობას მაინც თქმა სჯობდა. ვთქვი ყველაფერი ეს იმის იმედით, რომ უკვე საქართველოში უამრავი ფიქრობს განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე. ფიქრობს და ოცნებობს ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე. დღეს ყოველი ასეთი ადამიანი ქვეყნის სიმდიდრეა, მომავლის იმედია, გამარჯვებისთვის მებრძოლია.

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

01.02.2014 წ.

პოლიტიკური განცხადება წარედგინა ჟურნალისტებს 2014 წლის 9 მარტს სტუდია “რეპორტიორში” გამართულ პრესკონფერენციაზე

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *