ავტომობილების შეძენაში გადახდილი 1 903 402 ლარი-რაში ხარჯავს წულუკიანის უწყება ფულს

იუსტიციის სამინისტრომ 2013 წელს ავტომობილების შეძენაში – 1 903 402 ლარი დახარჯა. აღნიშნული ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, სახელმწიფო ტენდერების დოკუმენტაციის მიხედვით, სამინისტრომ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა შეიძინეს.

„მეწარმეთა უფასო დახმარების“ დამფუძნებლის გიორგი ჩახაიას ინფორმაციით, 2013 წელს მათ შორის ყველაზე მეტი – 1 753 448 ლარის ღირებულების ავტომობილები კი, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შეიძინა. ჩახაია გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მანქანების შეძენა მოხდა იმ პირობებში, როდესაც 2012 წლის ნოემბერი-დეკემბერში, უწყებას უკვე შეძენილი ჰყავდათ 435 238 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები. ჩახაიას განცხადებით, გაორმაგდა საწვავისა და ავტომობილების ტექმომსახურებასა და რეცხვაში გადახდილი თანხის ოდენობაც.

„2013 წელს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურმა აპარატმა შეიძინა 82 000 ლარის ღირებულების ავტომობილები მაგრამ, ეს იმ მიზეზის გამო რომ, მათ ახალი ხელისუფლების პირობებში (2012 წლის ნოემბერი-დეკემბერი) უკვე შეძენილი ჰყავდათ 435 238 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის ისეთი ძვირადღირებული ავტომობილები, როგორიცაა 3 ერთეული სედანის ტიპის „ტოიოტა ქემრი“, რომლის საცალო ღირებულება იყო 70 873 ლარი. ეს არ იყო ე.წ. ჯიპის ტიპის ავტომობილი რომ, ერთ ერთეულში 70 873 ლარი გადაეხადათ, თუმცა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, არც ჯიპის ტიპის ავტომობილში არის რეკომენდებული ამ თანხის გადახდა.

რაც შეეხება მთავარი პროკურატურის მიერ შეძენილ 1 753 448 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, აქაც გვხვდება ე.წ. ჯიპის ტიპის ძვირადღირებული ავტომობილები, კერძოდ: ლექსუსი 570 – ერთეულის ღირებულება 174 575 ლარი, ტოიოტა ლენდკრუიზერ 200 – ერთეულის ღირებულება 124 117 ლარი, ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო – ერთეულის ღირებულება 103 594 ლარი. როგორც ხედავთ, ძალიან ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან გვაქვს საქმე. სულ 2013 წელს, იუსტიციის სამინისტროსა და მისი უწყებების მიერ, დაიდო 631 056 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასა და რეცხვაზე, ხოლო 2 883 820 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები საწვავის შეძენაზე. აქვე მინდა დავამატო ჩემი პირადი მოსაზრება რომ, ავტომობილების შესყიდვა დიდი რაოდენობით ერთ კონკრეტულ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო მეორე პრობლემა ის არის რომ, ამ ავტომობილებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით საწვავი და ასევე ხშირი პროფილაქტიკა, რაც შესაბამისად დამატებით, დიდი რაოდენობის ხარჯებთან არის დაკავშირებული,“-აცხადებს „ალისთან“ საუბარში გიორგი ჩახაია.

 

“პირველი რადიო”

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *