პოლიტიკური ვასალიზმი

1„საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე“ – ეს იყო მთავარი საყრდენი იმ პოლიტიკური განცხადებისა, რომელიც ჩვენ პარტიის შექმნის დღეს – 2009 წლის 7 აპრილს გავაკეთეთ. ვაღიაროთ, რომ გასულმა ხუთმა წელმა არათუ შეასუსტა პოლიტიკური ვასალიზმი, არამედ საქართველო კიდევ უფრო მეტად გახადა გარედან მართვადი.

დარწმუნებით და გამოკვეთილად ვამბობ: ვიდრე საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი უარს არ ეტყვის იმ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ემორჩილებიან საზღვარგარეთელ პატრონებს, ფინანსდებიან პოლიტიკური ფულით, რომელთათვისაც მთავარია ის, თუ რას ფიქრობენ უცხოეთში და არა ის, რა ხდება და რას ფიქრობენ საქართველოში – სიკეთე არც ქვეყანაში და არც ჩვენს ოჯახებში არ იქნება. აქედან გამომდინარე, კარგად მხოლოდ გარედან მართვადი და დაფინანსებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იცხოვრებენ, ქვეყანა კი ჩარჩება პოლიტიკური ნეოკოლონიალიზმის ჭაობში.

დარწმუნებით და გამოკვეთილად ვამბობ იმასაც, რომ ქვეყანა დაღუპეს რუსეთიდან მართვადმა პოლიტიკურმა ძალებმა. დღეს ქვეყანას გაცილებით წარმატებით ღუპავენ დასავლეთიდან მართვადი პოლიტიკური ძალები. სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალებმა დაგვაპირისპირეს რუსეთთან, გაანადგურეს საქართველოში ამერიკის, საერთოდ დასავლეთის ავტორიტეტი, რეალური დამოუკიდებლობა დაუკარგეს ქვეყანას, გენოციდი მოუწყეს საკუთარ ხალხს, თავაშვებული და ცივილური სამყაროსათვის უცნობი ლიბერალობით დარტყმის ქვეშ დააყენეს ქართული ცნობიერება, ეკლესიური განწყობა, მართლმადიდებლობა, სწორედ ისინი ხდიან შეუძლებელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

როდესაც აგრერიგად ხშირად ვსაუბრობთ ეროვნულ სულზე, ახალი ეროვნული მოძრაობის აუცილებლობაზე, ერთი წუთითაც არ გვაქვს მხედველობაში კარჩაკეტილობა, მითუმეტეს, თვითიზოლაცია. პირიქით, გლობალური პროცესების ეპოქაში, ყოველმა ერმა ფართოდ უნდა გაუღოს კარი მეცნიერების, კულტურის, მეწარმეობის მსოფლიო გამოცდილებას, მიიღოს და გაითავისოს ყოველივე საუკეთესო, თუ სურს თავი დაიმკვიდროს ერთა თანამეგობრობაში. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ფსევდოლიბერტალიანური შემოტევებისაგან ეროვნულ ფასეულობათა შენარჩუნებასა და დაცვაზე, როგორც სახელმწიფო, ისე საერთო-სახალხო მზრუნველობის პირობებში; პლანეტარული აზროვნებისა და ეროვნული სიამაყის უფაქიზესი შეთანასწორების და უმკაცრესი დაცვის გზით.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *