გონებაწართმეული პოლიტიკა

 

1ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკოსებმა, პოლიტიკური პარტიების  ლიდერებმა პოლიტიკას წავართვით გონება, საქართველო წავართვით ხალხს… ემოციაზე დამყარებულ პოლიტიკურ ფართხალს, პოლიტიკურ ფაფხურს ეწირება საქართველო… შედეგად მივიღეთ სიტუაცია, როცა ორი ათეული წლის მანძილზე ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს მომენტი, გაელვება და არა პროცესი, განვითარების საწყისიდან გაანალიზებული და გაცნობიერებული. იმპულსური აზროვნება და იმპულსური მართვა დაეუფლა სიდინჯით და სიბრძნით მთელს დუნიაზე განთქმულ ივერთ მოდგმას. თითქოს და დასავლეთისაკენ მოცქირალ ხელსიუფლებას თუ ოპოზიციას ორი ათეული წლის მანძლზე ერთხელაც არ უფიქრია მოწინავე ერების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. რა მოხდებოდა, ამ წლების მანძილზე, რომ ამერიკელებივით ნაცნობი, გამოცდილი პოლიტიკოსები აგვერჩია და არა ყველასათვის უცნობი, დაუდუღებელი ჭინკები; როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ უძველესი ჩინელი ხალხის გამოცდილების მსგავსად გვემოქმედა და როგორც იქ ხდება, ახალგაზრდა კადრების მომზადების სისტემა შეგვემუშავებინა, რისი კარგი გამოცდილება ჩვენც გვქონდა გასულ საუკუნეში, ხოლო უმაღლეს თანამდებობებზე 60 წელს მიღწეული თუ გადაბიჯებული, დიდი სამუშაო გამოცდილებითა და აკადამიური განათლებით დატვირთული ბრძენკაცები მოგვეყვანა და არა ისეთები, ტკბილსიტყვა იეთიმ-გურჯიმ რომ ჩაიღიღინა: „ღორს რად უნდა ოქროს ტახტზე აყვანა, ვირს რად უნდა დეპუტატად გაყვანა“

სწორედ ემოციის, მასობრივი ფსიქოზის პროდუქტია სააკაშვილი, რომელსაც კიდევ არაერთი წელი ვახსენებთ როგორც „მაოხარ გზირს“ თავის ქვეყნისას . სწორედ არარაციონალურმა აზროვნებამ მოიყვანა ის და მისი გუნდი – უცხოელთა მსახურად და სამშობლოს დამანგრევლად. სწორედ მან დააქუცმაცა ქვეყანა თავისი უახლოესი გარემოცვის წევრებისადმი დაქვემდებარებულ პარტიულ-პოლიტიკურ სამთავროებად. ეს ამაზრზენი ვითარება ნაწილობრივ დღესაც გრძელდება.

ჩემი სინდისი სუფთაა მასთანაც კი… ვინაიდან 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება პოლიტიკური ეტიკეტის სრული დაცვით პირველმა მე მივულოცე ( და არა ბატონმა დავით ბაქრაძემ, როგორც დღეს ამას ირწმუნება), როგორც ოპონენტმა, ჩემი შტაბიდან ჟურნალისტთა დიდი კორპუსის თანდასწრებით. ყველამ კარგად გაიგონა ჩემი გაფრთხილება მისდამი – რომ ეს იყო დამარცხების ტოლი გამარჯვება.

როდესაც პიროვნება იმარჯვებს ქვეყნის დამარცხების საზღაურად, ეს არის უბედურება, რომლის შედეგების გამოსწორებას ათეული წლები დასჭირდება. ხოლო თუ მისი გუნდი კვლავ რჩება პოლიტიკურ ასპარეზზე – გამოსწორების დაწყებაზეც კი საუბარი სისულელეა.

თუ რაიმედ ღირს დღეს პოლიტიკური პარტიის არსებობა, პოლიტიკოსობა, მხოლოდ იმად, რომ  იბრძოლო ამ დამანგრეველი პროცესების შესაჩერებლად. აშკარაა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ პოლიტიკოსებს არ შეგვიძლია.

ვინ ვაღიარებთ და ვინ არა, ეს ზნეობისა და სინდისის საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს დღევანდელი გაუსაძლისი ყოფა  – ეს პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობის „პოლიტიკური მოღვაწეობის“ შედეგია.

შედეგია პოლიტიკოსთა გაუცხოებისა ჭკვიანი ადამიანების მიმართ. პოლიტიკოსების უმეტესობა დღეს გაურბის მეცნიერებთან, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან, უბრალოდ – ჭკვიან ადამიანებთან აზრთა ჭიდილს. მათ უადვილდებათ ურთიერთობა მონური ფსიქოლოგიის მასასთან, მათ ტყვიასავით ეშინიათ ინტელექტუალი ინდივიდების.

ჩემის აზრით, პარტია უნდა იზომებოდეს ინტელექტისადმი დამოკიდებულებით. იმედია, არავინ ჩათვლის, რომ საუბარი გვაქვს დიპლომებზე, სამეცნიერო ხარისხებზე, მითუმეტეს, ძვირფას ჩარჩოებში კედელზე ჩამოკიდებულ სამ-ხუთ დღიანი კურსების გავლის სერტიფიკატებზე.

ჩვენ ქედს ვიხრით ნიჭიერების წინაშე, ვინც არ უნდა იყოს მისი მატარებელი: მეცნიერი, სპეციალისტი, მუშა, გლეხი, ფერმერი თუ ბიზნესმენი…

ჩვენ გვინდა ხალხმა აირჩიოს ხელისუფლება, როემლიც შეძლებს ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმუმი მოიყვანოს მოქმედებაში და არ შეურიგდეს ხელისუფლებას, რომელიც იმუშავებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმზე.

ჩვენ გვინდა ამ ხალხთან ერთად გამარჯვება, ამ ხალხთან ერთად სამშობლოს მშენებლობა, ამ ხალხთან ერთად სიცოცხლით ტკბობა.

ჩვენ გვინდა გაიმარჯვოს იმ პოლიტიკოსმა, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანს საქართველოს უპირველეს სიმდიდრეს – ქართველი კაცის ინტელექტუალურ პოტენციალს. რამეთუ, როგორც დიდმა იმპერატორმა რომისა მარკუს ავრელიუსმა ჯერ კიდევ 19 საუკუნის წინ ბრძანა „სამყაროს წარმართავს გონება, რომელიც არის ღმერთი“.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *