თანამშრომლობის ალტერნატიული სქემა

 

1ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება შეთავაზებულ იქნას მეორე, არანაკლებ ეფექტური და სამართლიანი სქემა, ანუ გაერთიანება არა პოლიტიკური პლატფორმების, არამედ ადგილებზე ყველაზე წარმოჩინებული, ჭკვიანი, პატიოსანი, ხალხისათვის მისაღები პიროვნების ირგვლივ, რომელიც თავისი ინტელექტით, საქმისადმი ერთგულებით და სინდის-ნამუსით შეძლებს მინდობილ ტერიტორიულ ერთეულში წინა ხელისუფლებათა უკუღმა ნახელავის წაღმა  დაყენებას. ქვეყნის ერთი პატარა სოფლისა თუ მნიშვნელოვანი ქალაქის ნაბიჯ-ნაბიჯ კრიზისიდან გამოყვანას; კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის „პოტიომკინის სოფლის“ მშენებლობის ხანიდან რეალურ აღმშენებლობის ეტაპზე გადაყვანას.

მესმის, როგორც ყოველი სიახლე, ეს წინადადებაც „ხიშტებზე იქნება წამოგებული“. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი არჩევნებისათვის  გაცილებით ეფექტური, რაც მთავარია, სამართლიანი იქნება, ვიდრე პარტიათა რაიმე ალიანსი.

ყოველ რეგიონში, დაბაში, სოფელში არიან პოლიტიკისაგან შორს მდგომი ადამიანები, რომელთაც დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ადგილებზე. საჭიროა მათი მოძებნა, შერჩევა, პარტიებისაგან თანადგომა, რათა სწორედ ასეთმა ადამიანებმა პოლიტიკაში გათვითცნობიერებულ, სხვადასხვა პარტიის ადგილობრივ ღირსეულ წევრებთან ერთად აიღონ ხელში რეგიონის თუ სოფლის მმართველობის სადავეები.

არ უნდა იყოს სწორი რამდენიმე ასეულ კომლიანი დასახლებული პუნქტის მოსახლეობის დაყოფა, მეტიც, დაპირისპირება პარტიული ნიშნით. რეგიონებს სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც კი არ ანაწევრებენ, აერთიანებენ საზოგადოებას.

სწორედ ასეთი გაერთიანება შეცვლის დღევანდელ ბრძოლას არსებობისათვის – ბრძოლით პიროვნების შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის.

დადგა დრო, ამ გზით საქართველოში დავამკვიდროთ ლიდერთა შერჩევის და არა მხოლოდ არჩევის პოლიტიკური კულტურა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *