(საღამოს გაზეთი) რას ეუბნებოდა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით თემურ შაშიაშვილს პატარკაციშვილი და რის გამო ეკამათა ის ოლიგარქს

temiriმკითხველის კითხვებს, ამჯერად, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი პასუხობს: 

 

_ ბატონო თემურ, დიდი ხანია პოლიტიკაში ხართ, საკმაოდ მაღალი თანამდებობებიც გეჭირათ. როგორ ფიქრობთ, ვისი მმართველობის პერიოდი სჯობდა -კომუნისტების, გამსახურდიასი, შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ამჟამინდელი?

_ რაღაც ხელშესახები, ყველა ეპოქას, ყველა პერიოდს ჰქონდა. რა თქმა უნდა, სჯობდა დამოუკიდებლობა რეალურად მიგვეღო. 90-იანი წლების ბოლოს, მთელი საქართველო, ერთ ეროვნულ მუხტად შეიკრა და გაჩნდა განცდა, რომ დამოუკიდებელნი გავმხდარიყავით, თორემ რეალურად, მანამდე ბევრად უკეთ ვცხოვრობდით, ვიდრე დღეს. წესით, თავისუფალ ადამიანს სასწაულის მოხდენა შეუძლია, მაგრამ კატასტროფა მივიღეთ _ გარედან მართვადი გავხდით. თუ საბჭოთა კავშირის დროს კრემლიდან ვიმართებოდით, ახლა თეთრი სახლიდან ვიმართებით. მთელი სერიოზულობით ვამბობ, დღეს ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ხდება. ახლა, უნგრეთში არჩევნები ტარდება. ვინც ევროკავშირის წინააღმდეგ გამოდის და მას უპირისპირდება, არჩევნებსაც ის იგებს. ანუ, რეალურად, ევროპაში, არჩევნებს ის პოლიტიკური პარტიები იგებენ, რომლებიც ევროკავშირს უპირისპირდებიან. მე იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომელთა აზრით, არც კრემლიდან უნდა ვიმართებოდეთ და არც თეთრი სახლიდან. პოლიტიკოსები, რომლებიც მოსკოვს ან ვაშინგტონს ემორჩილებიან, მონები არიან და მეტი არაფერი. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ეპოქა სჯობდა, მოკლედ გეტყვით _ ქართული ეპოქა ჯერ არ დამდგარა, დიდი ეროვნული მუხტი აბსოლუტურ განადგურებამდეა მისული. ძირითადად, ორი პრობლემა გვაქვს _ დამპყრობლებს მეგობრებს ვეძახით და გადარჩენას ბელადში ვეძებთ. და მაინც, რომელი ეპოქა სჯობდა? გიპასუხებთ _ საქართველოში იყო ოქროს ხანა. ვისაც დავით აღმაშენებელი წარსულში ჰგონია, მას პოლიტიკა არ ესმის. დავით აღმაშენებელი მომავალშია. როცა ამერიკელების წინაშე გამოვედი, მათ ვუთხარი _ იმ მეფის შთამომავალი ვარ, რომელმაც მსოფლიოს მომავალი ათეული საუკუნის წინ იწინასწარმეტყევლა-მეთქი. მისი პოლიტიკა ასეთი იყო _ ძლიერს მხარს უჭერდა და სუსტს იცავდა, ანუ, ეს კონვენგენციის თეორი იყო. მას, აღმაშენებელი ”პრარაბობის” გამო კი არ ერქვა, არამედ იმიტომ, რომ ხალხი ყველაზე უკეთ, მის ეპოქაში ცხოვრობდა. ჩვენ წინ, დავით აღმაშენებელისკენ უნდა ვიაროთ.
_ არჩევნებზე მერობის კანდიდატი თუ გყავთ?
_ მერის თანამდებობაზე იმ ადამიანს, რომელმაც მარტო ლაპარაკი იცის და საქმე არ გაუკეთებია, მხარს არ დავუჭერ. რატომ არის ამერიკა ძლიერი? _ იქ უცნობს არ ირჩევენ, საქართველოში კი ნაცნობს არ ირჩევენ. ჩინეთში, თუ კაცს 60 წელი არ შეუსრულდა, სერიოზულ თანამდებობაზე არ ნიშნავენ, ანუ სიბრძნე და გამოცდილებაა საჭირო. ის პიროვნება არ ვარ, რომ სახელისუფლო კანდიდატს ადვილად დავუჭირო მხარი, მაგრამ როგორც აკრიტიკებს მას ოპოზიცია, ეს ჩემთვის მიუღებელია. ამიტომ, ვინც კონკრეტულ საქმეში არ მინახავს, მხარს არასდროს დავუჭერ. ერთხელ, ამერიკაში, კონგრესის არჩევნების დროს მიმიწვიეს. სახელისუფლებო რგოლში მომუშავე პირმა, რომელიც ყურადღებას მაქცევდა, მითხრა _ ორი დღით დაგტოვებთ, რადგან საარჩევნო პროგრამები უნდა წავიკითხო, რათა გავარკვიო მხარი ვის დავუჭიროო. ჩვენთან კიდევ ნათესავს, მეგობარს, ძმაკაცს და ა.შ აძლევენ ხმას. ვინც ხმას იყიდის, იგი ქვეყანას გაყიდის. ვინც ხმას ჰყიდის, იგიც ქვეყანას, მომავალს და წინაპრების საფლავებს ჰყიდის.
_ თქვენ აცხადებდით, რომ 26 მაისს ხალხი გააუპატიურეს. ეს სიმართლეა?
_ 300-400 კაცი მიწაზე ეწვინათ და გაუპატიურებით სახალხოდ ემუქრებოდნენ. წარმოუდგენელი რაღაცები მესმოდა. ციხეში ვინც ჰყავდათ, მათთან ცოლები და შვილები მიჰყავდათ და მათ წინ აუპატიურებდნენ. მსგავსი, ერთი ფაქტიც კი საკმარისი იყო განგაშის ზარები შემოგვეკრა, მაგრამ ჩვენ ისე მოვიქეცით, ვითომც არაფერი მომხდარა. ეს ველური იდეოლოგიაა. სააკაშვილი არაკომპრომეტირებულ ადამიანს ვერ იტანდა, ყველაზე კომპრომატი უნდა ჰქონოდა, რაც სექტად ჩამოყალიბების მთავარი პირობაა. ”ნაცმოძრაობა” სექტად ჩამოყალიბდა _ იქედან ვერავინ გავა, ყველაზე კომპრომატები აქვთ. თქვენ გგონიათ არ უნდათ ”ნაცმოძრაობიდან” წასვლა? მაგრამ ვერც ბოკერია წავა, ვერც მერაბიშვილი იმიტომ, რომ მათზე მაშინვე კომპრომატები დაიდება. ანუ ეს პოლიტიკური სექტა ქვეყნისთვის კატასტროფაა. ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ განათლებული ადამიანების, მეცნიერების ხელისუფლებაში მოყვანით შეიძლება და არა იმ ხალხით ვინც პირველი პირის პირადი ერთგული ან მონაა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმაც მისი პირადი ერთგული ადამიანები მოიყვანა ხელისუფლებაში, რის გამოც, იგი, ქვეყანაში წონას, გავლენას კარგავს, რაზეც გული მწყდება. მოსახლეობას დაპირებები არ შეუსრულდა. სამაგიეროდ, მისი ბანკის წარმომადგენლები, პრაქტიკულად, ყველანი თანამდებობებზე დაინიშნენ.
_ შემდეგი მკითხველი გეკითხებათ, ბატონო თემურ, თავად თქვენ, ასეთი მებრძოლი ადამიანი, რატომ არ ხართ დღეს ხელისუფლებაში არავინ მიგიხმოთ თუ თქვენ არ გინდათ მათთან თანამშრომლობაო?
_ მათ დაინახეს, რომ მე, შევარდნაძის კი არა, ქვეყნის ერთგული ვიყავი. შევარდნაძე მეუბნებოდა, შენსავით არავინ მაკრიტიკებსო. ასევე, დაინახეს, რომ სააკაშვილს შემოთავაზებულ თანამდებობებზე უარი ვუთხარი. ბიძინა ივანიშვილს ერთგული ხალხი სჭირდება, მე, მისი ერთგული ვერ ვიქნები. ვერც დღევანდელი მთავრობის ერთგული ვიქნები, მხოლოდ ქვეყანას შემიძლია ვუერთგულო. სამწუხაროდ, მათ არ აინტერესებთ ქვეყნის ერთგულება. შევარდნაძე დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო, მის მიმართ პირადი ერთგულება რომ გამომეჩინა, შეიძლება, ქვეყანაში, მეორე კაცი გავმხდარიყავი. ამ გზით არ წავედი, თუმცა არაერთი შემოთავაზება მქონდა. ხალხს, საქართველოში ღირსება წაართვეს. დღეს ადამიანი არსებობისთვის ცხოვრობს და არა საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის. ქვეყანა სავსეა ნიჭიერი ადამიანებით, მათ ასპარეზი სჭირდებათ. ბადრი პატარკაციშვილთან თავის დროზე კამათი მომივიდა, იგი ამბობდა დენის, გაზის ფულს გადაგიხდითო. რატომ კაცო, მათხოვარი ვარ? _ მომეცი სამუშაო. დღეს, რეჟისორი კაცი სახლში ზის და ფულს უგზავნიან, ასევე მწერალს. მწერალს, მხატვარს შეიძლება ფული მისცე? _ მისი ნამუშევარი უნდა იყიდო. ივანიშვილს მერაბ ბერძენიშვილმა უთხრა _ ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა, მაგრამ რისთვის მიხდი ფულსო, თუ გინდათ მომეხმაროთ, ჩემი ნამუშევარი დადგით სადმე და ამაში გადამიხადეთ ფულიო. ეს დავით აღმაშენებლის ტოლფასი ნათქვამია. მე, მერაბ ბერძენიშვილების საქართველო მინდა. იცით, რა არის მთავარი პრობლემა, ყველა ხელისუფალი ფიქრობს, რომ წინა დაამარცხა და თვითონაა კარგი. გამსახურდია თავის ყველაზე დიდ წარმატებად კომუნისტური რეჟიმის დამარცხებას თვლიდა, შევარდნაძე _ პროვინციალური ფაშიზმის, სააკაშვილი _ შევარდნაძის დიქტატურის, ივანიშვილი _ სააკაშვილის ფაშიზმის, მაგრამ სისტემა არავის შეუცვლია, იგივე დარჩა. აი, ესაა პრობლემა.
_ რომელ პოლიტიკურ ძალასთან ხართ და რა გეგმები გაქვთ საარჩევნოდ?
_ გამაგებინეთ, რას ნიშნავს ოპოზიციური ერთობა, როგორ შეიძლება ულტრა-მემარცხენე და ულტრა-მემარჯვენე პარტიები ერთ ბლოკში გაერთიანდნენ? ეს ნიშნავს, რომ სკამზე ფიქრობ და არა ქვეყანაზე. თავის დროზე გამსახურდიამ მექანიკური ერთობა შექმნა, რამაც იგი წალეკა, შევარდნაძე შეუთავსებელთა შეთავსების გზით წავიდა, ასევე სააკაშვილიც, ივანიშვილიც. წარმოგიდგენიათ, გერმანიაში `მწვანეები~ რომ ვინმესთან შეერთდნენ? ან `ქრისტიან-დემოკრატები~ არჩევნების წინ ვინმესთან გაერთიანდნენ? _ ეს გამორიცხულია. პარლამენტში რომ შეხვალ, მერე, კი ბატონო. ეს ხომ ხალხის მოტყუებაა, მეცოდება საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც 20 წელია უტიფრად ატყუებენ და თან გვეუბნებიან ოპოზიციის გაერთიანების მოთხოვნა ხალხისგან მოდისო. რა სისულელეა, ეს აზრი ხალხს თავად პოლიტიკოსებმა ჩაუნერგეს. დღეს ხალხის სახელით ხალხს ებრძვიან, ანადგურებენ და ეს ტრაგედიაა. ხელისუფლებამ დღეს, ქართული განწყობის პოლიტიკური ძალები მოკლა. ივანიშვილმა ზოგ პარტიას 1 მილიონი დოლარი მისცა, მე ერთი ლარიც არ მაქვს და არჩევნებს როგორ მოვუგებ? სამწუხაროდ, ქართული ცნობიერების პარტიებს სერიოზულად ებრძვიან.
_ ბატონო თემურ, თქვენ ადრე თქვით, რომ იმ დისკს შემოიტანდით საქართველოში, სადაც ჟვანიას გარდაცვალების მომენტის კადრები და ხმაა აღბეჭდილი. ახლა ხელისუფლება შეიცვალა და სად არის ეს დისკი, რატომ აღარ შემოგაქვთ?
_ ჟვანიას თემაზე საუბარი არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს. ვატყობ, ეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა. ადამიანები, რომლებიც მაშინ ხმას ვერ იღებდნენ, ახლა გამოდიან და ისე საუბრობენ თითქოს ახალი ამერიკა აღმოეჩინოთ. ვიცი 10 ადამიანის გვარი, რომლებმაც ამ საქმეზე რაღაც იცოდნენ, მაგრამ ცოცხლები აღარ არიან. ვინც ცოცხალია, ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭვული. თავიდან ორი კასეტა მოვისმინე ერთი სრულად, მეორე, მხოლოდ მცირე ნაწილი. მეორე კასეტაზე შეიძლება ისეთი ადამიანია აღბეჭდილი, რომლის ინტერესებშიც კასეტის გამოჩენა არ არის. ეს კასეტა ჩემი არაა, მე რომ მქონდეს ყველაფერზე წავიდოდი. პირველი კასეტა არჩევნებს უკავშირდებოდა, მითხრეს ჩვენს გარეშე არ აჩვენოო, მაგრამ ჩემი ინიციატივით საინფორმაციო საშუალებებით გავაჟღერეთ. ამიტომ, 2010 წლის შემდეგ, ამ ხალხთან, არავითარი ურთიერთობა აღარ მაქვს. პირველი კასეტა მამუკა ჯინჭარაძემ ჩაწერა. გენერალი დუმბაძეც აღარაა, აჭარის შსს მინისტრიც გარდაცვლილია. მაშინ, ისინი საქართველოდან გაიქცნენ და რას იტყოდნენ. ვეუბნებოდი, გამოდით და ილაპარაკეთ-მეთქი. პირველი კასეტის ჩვენებას შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია. ცოცხალია ქალბატონი ნათელა მოდებაძე, რომელიც ირლანდიაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ თავად ნახა, როგორ შეიყვანეს მოკლული ზურაბ ჟვანია ბინაში. ეს ქალბატონიც მეუღლესთან ერთად გაიქცა. თავიდან შეშინებული იყო, ხმას არ იღებდა. ამ პიროვნებას მივაგენი, მან დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ აშშ-ს საელჩოდან რომ გამოვიდა (ჟვანიას მკვლელობის თაობაზე ბრიფინგი უნდა ჩაეტარებინა, სააკაშვილზე უნდა ესაუბრა) 100 მეტრში მანქანა დაეტაკა და დაინვალიდდა.
მას რა თქმა უნდა სააკაშვილის თანამონაწილეობაზე უნდა ელაპარაკა. გოგლა ჟვანია აქ იჯდა, როცა ამ ქალის დაქალს ესპანეთში ველაპარაკეთ. მეორე დილით, საქართველოში, ორივეს შვილები დაიბარეს, თქვენი დედების ადგილსამყოფელი გვითხარით და პასპორტის ასლი მოიტანეთო. მათ დაგვირეკეს და გვთხოვეს, თავი დაგვანებეთ, შვილებს დაგვიხოცავენო. ჟვანიას საქმეზე პროკურატურას ჩვენება მეც მივეცი.
_ იყრით თუ არა ქუთაისში მერობის პოსტზე კენჭს?
_ რომ გითხრათ, ეს პირადად ჩემს ინტერესებში შედის-მეთქი, მართალი არ ვიქნები. ქუთაისი მძიმე მდგომარეობაშია. ადრეც ვთქვი, ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს. თუ საქართველოზე ვფიქრობთ, მაშინ მართვის სისტემა უნდა შევცვალოთ. არამგონია, ამ ხელისუფლებისთვის კარგი იყოს, ყველგან ქუთაისში, თბილისში და ა.შ. ერთი პარტიის წარმომადგენლებმა გაიმარჯვონ. თუ ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებს, ქუთაისში კენჭისყრის შემთხვევაში, წესით, არჩევნები არ უნდა წავაგო. თუ გააყალბებენ, ხელისუფლებას აუცილებლად ვამხელ. დღეს ამაზე საუბარი მიჭირს. ერთი რამ ვიცი, ჩემგან ღალატი არ იქნება. ქუთაისში, უბრალოდ მერობისთვის კი არ წავალ, არამედ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს პროგრამას წარვუდგენ და თუ მხარდაჭერა მექნება, ერთად, შეუძლებელს შევძლებთ.
_ ერთ-ერთი მკითხველი გვწერს, რომ ეროვნული მოძრაობის დასაწყისში გითქვამთ საქართველოში ორი კომუნისტიც რომ დარჩეს, მესამე მე ვიქნებიო. დღესაც ასე ფიქრობთ?
_ ძალიან ვწუხვარ, რომ ასე არ მითქვამს იმიტომ, რომ მაგ პერიოდში კომუნისტი იყო ჟიული შარტავაც, მუხრან მაჭავარიანიც, ნიკო ჭავჭავაძეც, აკაკი ბაქრაძეც და ა.შ. მე მათ შეურაცხყოფას არ მივაყენებდი. მე ვამბობდი, რომ ჩემი ოჯახის არცერთი წევრი პარტიაში არ ყოფილა და პარტიის წევრობა ხელს არ შემიშლის ეროვნული საქმე ვაკეთო-მეთქი.
_ თქვენ, 26 მაისს ფიზიკურად გაგისწორდნენ. როგორ ფიქრობთ, იმ დილის დანაშაულისთვის მერაბიშვილის სასჯელი – 4,5წლით თავისუფლების აღკვეთა საკმარისია?
_ საერთოდ, ამისთვის, მარტო ვანო მერაბიშვილი კი არა, სააკაშვილის რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო. მინდა ვიფიქრო, რომ 26 მაისი სიზმარი იყო და სინამდვილეში არ ყოფილა იმიტომ, რომ ამაზე შეურაცხმყოფელი ქართველი კაცისთვის არაფერი მომხდარა. მე ის პიროვნება ვარ, რომელიც ბოლო იდგა მიკროფონთან, მამაო ჩვენოს ვკითხულობდი და ხალხს მივმართავდი არ შეშინებულიყვნენ. მერე თავში რეზინის ტყვია მომხვდა და არც ვიცი როგორ გადმოვვარდი სცენიდან, მერე ფეხებში ბლაგვი ფეხსაცმელები გვირტყეს, რის გამოც დღემდე მძიმე მდგომარეობაში ვარ. ბევრი მათგანის ვინაობა ვიცი ვინც იმ ღამეს სასტიკად გაგვისწორდა, მაგრამ არ მინდა ანგარისსწორების გზით წავიდე, მათ სამაგიეროს ღმერთი გადაუხდის. ვინმეს ნუ ჰგონია რომ ეს დანაშაული უკვალოდ ჩაივლის. ჩვენ არა ეროვნულობით სპეკულაცია, არამედ ეროვნული განწყობა გვჭირდება. დაპირისპირებასა და პოლიტიკურ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო. ამიტომ თუ სიძულვილის კენჭს მესვრიან, სიყვარულის ლოდს დავახვედრებ.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *