თემურ შაშიაშვილი: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ

 

თემურ  შაშიაშვილის განცხადება  საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით

22 მაისს,  ქუთაისში, თემურ შაშიაშვილ,  მამაპაპისეულ სახლში გააკეთა განცხადება  ქუთაისის მერობისათვის

 

საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ

„თეთრების“ ლიდერმა განმარტა,  თუ რატომ  გადაწყვიტა  მონაწილეობა მიიღოს მერის არჩევნებში. მან ასევე განმარტა  საარჩევნო კამპანიის  გვიან დაწყების  მიზეზი და  თუ რატომ  დაიწყო საარჩევნო კამპანია  მამაპაპისეული  სახლიდან.

„საკუთარი სახლიდან ვიწყებ მერობისათვის ბრძოლას იმის გამო, რომ ყველამ იცოდეს, დედამიწის ზურგზე ამის მეტი არაფერი გამაჩნია. მინდა ნახოს ყველამ, რისი მფლობელი ვარ დღეს და თუ ამირჩევენ ქუთაისის მერად,  მერობიდან წავალ ზუსტად იგივეთი. რითაც მოვედი. ვადასტურებ, რომ ჩემი სიმდიდრეა ის, რომ საკუთარი თავით დავდივარ!  ქუთაისს სჭირდება არა ხელისუფლებისაგან დანიშნული და მისი მორჩილი მერი, არამედ ხალხის მიერ არჩეული, ხალხის მსახური და მისი ნების გამომხატველი, ხელისუფლებისადმი მომთხოვნი,  ძლიერი, უშიშარი მერი“  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

საარჩევნო მარათონში გვიან ჩართვასთან დაკავშირებით შაშიაშვილმა განმარტა:“ როგორც დავპირდი ქუთაისს, ველოდებოდი, ვინ შეიტანდა განაცხადს მერობაზე.  ქუთაისისთვის  სასიკეთო პიროვნება ან პროგრამა იქნებოდა,   მხარს დავუჭერდი. გავეცანი წარდგენილი კანდიდატების პროგრამებს.  ყველა საუბრობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას. მე კი ვპირდები ჩემს ქუთაისს,  გავაკეთო ის, რაც ქალაქს შეუძლია!  მე ვიცნობ  ქუთაისის  მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს, ადამიანურ რესურსებს  და ვიცი, შესაძლებლობები, რაც ქალაქს გააჩნია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არა ის, რაც ჩვენ შეგვიძლია,  არამედ სრულად მოვიყვანოთ მოქმედებაში ქუთაისის პოტენციალი – ეს არის ჩემი პროგრამა“.

თუ რატომ გადაწყვიტა  ქუთაისის მერობაზე კენჭისყრა, თემურ შაშიაშვილმა ასე განმარტა: „გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ გავეცანი ქუთაისის დღევანდელ მდგომარეობას, გავაკეთე ანალიზი. პირდაპირ ვიტყვი: არ მეგონა რომ ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იყო ქალაქი. ქუთაისი არასდროს ყოფილა დალხენილი, მაგრამ დღეს ხალხი არის მოტყუებული, გაწბილებული ამდენი დაპირებების შეუსრულებლობის გამო და თავს ღირსებაშელახულად  გრძნობს.”

 

დასრულდება ბიუჯეტის უთავბოლო ფლანგვა.

„ანალიზმა დამარწმუნა, რომ ქალაქში  უმოწყალოდ იხარჯება ხალხის კუთვნილი თანხები. ბიუჯეტი გაცილებით მეტად ემსახურება ხელისუფალთ, მათ ოჯახის წევრებს, მათ მიერ სკამების შენარჩუნებას და ფუფუნებით ცხოვრებას, ვიდრე ქალაქის სასიცოცხლო ინტერესებს. ამ ბიუჯეტით ხუთჯერ მეტის გაკეთება შეიძლებოდა. პირობას ვიძლევი, რომ ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში დასრულდება ბიუჯეტის უთავბოლო ფლანგვა, და ბუტაფორიული პროექტების განხორცლელება“, – აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

თემურ შაშიაშვილის აზრით 4-5 პროექტი, რომელსაც  რესპუბლიკა ახორციელებს ქუთაისთან დაკავშირებით,( შემოვლითი გზა. პარლამენტის საკითხი, დევნილთა დასახლება და სხვ)  ერთი შეხედვით კარგი პროექტებია,  მაგრამ თუ მათი განხორციელება არ მოხდა ქუთაისის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით,  ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

 

მიზანიეროვნული იდეით გაერთიანებული საქართველო

თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ უკანასკნელ წლებში ქუთაისი არის დაკნინებულ მდგომარეობაში:   და ქუთაისის დაკნინება კი  ნიშნავს საქართველოს ეროვნული პოლიტიკის დაკნინებას. „დღეს ქვეყნის გადარჩენის ფორმულაა ეროვნული იდეით გაერთიანებული საქართველო, როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში დასალვეთ საქართველომ,  იმერეთმა, სამეგრელომ და ა.შ ამ იდეით გააერთიანა ქვეყანა, დღეს,  21 -ე საუკუნეშიც იგივე პროცესები უნდა დაიწყოს და აქ დიდია  ქუთაისის როლი“.

ქვეყნისათვის კატასტროფულია ქუთაისის ისტორიული როლის უგულებელყოფა. სამწუხაროდ, ხელისუფალთა უმეტესობა სწორედ ამ გზას ადგა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ქუთაისის ისტორიული როლი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. სწორედ ამაზეა ორიენტირებული ჩვენი მთავარი განაცხადი: ქუთაისი საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი.

შაშიაშვილმა აღნიშნა რომ მას საქმიანი, თბილი და ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა  ჰქონდა მთელს იმერეთში, გურიაში,  აჭარაში და ეს განწყობა ძლიერდება.

 

შეიცვლება მართვის სისტემა

 თავის გამოსვლაში “თეთრების” ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო წლების უბედურებაა ის, რომ ხელისუფლებები იცვლება, მაგრამ არ იცვლება  მართვის სისტემა. მერად გახდომის შემთხვევაში მან პირობა დადო, რომ  თავის საქმიანობას მართვის სისტემის შეცვლით დაიწყებს. „ხელისუფლება კი არ ეუფროსებოდეს, არამედ უნდა ემსახურებოდეს ხალხს.  და ეს მოხდება, თუ მე გავხდები ქალაქის მერი, ვიმეორებ,  ხელისუფლება ხალხის დაქირავებული მსახურია, ხალხი კი მისი უფროსი“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

 

ქუთაისისაუნივერსიტეტო და ინტელექტუალრი ბიზნესის ქალაქი

ქუთაისის პერსპექტივებთან დაკავშირებით, შაშიაშვილმა  აღნიშნა: „მე ქუთაისი წარმომიდგენია როგორც საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი. ადრეც ვამბობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ  პარლამენტის საკითხი  გახდებოდა პოლიტიკური  სპეკულაციის საგანი.  ვადასტურებ, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ცენტრი და ეს არის დედაქალაქი, პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში, ხოლო ქუთაისი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ცენტრი, და ამისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში ქალაქს 500 მილიონი დასჭირდება. ეს იქნება ქალაქი 25-30 ათასი სტუდენტით და მაღალი ტექნოლოგიური პარკებით, სადაც დასაქმდება   10 ათასზე მეტი ადამიანი.  პარლამენტის  შენობა კი უნდა გადაეცეს უნივერსიტეტს, ხოლო  მის ნაწილში განთავსდება  მსოფლიოს უძველეს ქალაქთა ისტორიული მემკვიდრეობის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი და ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ყველა ევროპული სტრუქტურა და ჩემი მერობის პირობებში, ეს რეალობა გახდება“  – აღნიშნა შაშიაშვილმა

 

ვიქნებით ხალხთან და ხალხში

თემურ შაშიაშვილმა განსაკუთრებული ხაზგასმა გააკეთა ხელისუფლების წარმომადგენლების ზღვარგადასულ ფუფუნებაზე მოსახლეობის ტოტალური გაჭირვების ფონზე. მან  აღნიშნა, რომ არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელთათვის  ბიუჯეტიდან გაცემული ყველაზე მაღალი ხელფასი 20-ჯერ აღემატებოდეს მოქალაქის პენსიას. „ბატონ ივანიშვილს ჩვენ ადრეც მივწერეთ ამის შესახებ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა.  სამარცხვინოა, რა ფუფუნებაში ცხოვრობენ ხელისუფლები და მათი ოჯახები ადგილებზე, რა კომფორტში, რა მანქანები ემსახურებათ მათ, დღეს 15-20 ჯერ არის მანქანების რაოდენობა გაზრდილი. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, სახელმწიფო მანქანის მცნება მოიშლება. სახელისუფლებო ვერტიკალს მოემსახურება მხოლოდ 2 მანქანა და ყველა ისარგებლებს  იგივე ტრანსპორტით, რითაც ქალაქის უმრავლესობა. ვიქნებით ხალხთან და ხალხში – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

ბიზნესს გავათავისუფლებთ  ხელისუფალთა კლანჭებისაგან

ხაზი გაუსვა ბიზნესის მნიშვნელობას და პირობა დადო, რომ ბიზნესს გაათავისუფლებს ხელისუფალთა კლანჭებისაგან და ეს იქნება მისთვის პრიორიტეტი. მან განაცხადა,  რომ აქვს ნამდვილ ბიზნესმენთათვის საოცნებო პროგრამა სამომავლოდ და მერად არჩევის შემთხვევაში 3 თვის თავზე, დადებს ანალიზს თუ ვინ,  რომელ ბიზნესს პატრონობს ქუთაისში, ვის რა წილები აქვს და  მისთვის მთავარი პრიორიტეტი იქნება სწორედ  ბიზნესის განთავისუფლება სახელისუფლებო წნეხისაგან.

„მე ვიცი, რას გავაკეთებ და რას არ გავაკეთებ. – განაცხადა თემურ  შაშიაშვილმა –  არ გავაკეთებ იმას, რომ ნიჭის პოლიტიზება  მოვახდინო.  ნიჭიერი ადამიანი, იმის მიუხედავად, თუ როგორ იქნება  ჩემს მიმართ განწყობილი, დაფასებული იქნება,  ხოლო ბიზნესმენებს ვპირდები საუცხოო ბიზნეს -გარემოს.

 

ოთხი ძირითადი საყრდენი,

პატივისცემა უფროს თაობას! ერთ ხელისგულზე გვეყოლება მასწავლებელი, განათლებული და მოაზროვნე ადამიანები, მეორე ხელისგულზე  – მეწარმე და ბიზნესმენი, მუხლმოდრეკილი  ვიქნებით, ბავშვის, მომავლის სამსახურში.

ეს არის ოთხი საყრდენი, რომელზეც აგებულია ჩვენი პროგრამა და რასაც  ჩვენ გავაკეთებთ ქუთაისში.

 

ვიქნებით არა ხელისუფლებისარამედ საქართველოს და ქუთაისის ერთგულები

არჩევის შემთხვევაში, ქუთაისის ინტერესებიდან გამომდინარე, თემურ შაშიაშვილი აპირებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას .

„დაპირისპირება სუსტების მოგონილია და არავისთან ქუთაისში, მით უფრო ხელისუფლებასთან დაპირისპირებას არ ვაპირებ. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჰგონია, რადგან მათი პარტიის წევრი არ ვარ, მათ დავუპირისპირდები. ამის გაფიქრებაც კი სისუსტის მაჩვენებელია“.

„მე არ ვიქნები ხელისუფლების არც მორჩილი და არც ერთგული, მაგრამ არც დავუპირისპირდები მას და მზად ვარ  მასთან თანამშრომლობისათვის.  კატეგორიულად ვემიჯნები პირადი ერთგულების ნიშნით კადრების შერჩევისა და დანიშვნის ნაცებისა და ქართული ოცნების  დამანგრეველ პრაქტიკას. კადრებს შევარჩევ მხოლოდ  პროფესიული ნიშნით, პატიოსნება და ზნეობრივი სახე უპირველესი იქნება.

პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვის გარეშე ვამბობ:  არ ვიქნები არც ივანიშვილის, არც ღარიბაშვილის, არც მარგველაშვილის ერთგული, არამედ ვიქნები ეროვნული იდეის, საქართველოს და ქუთაისის ერთგული, იმ სიტყვის ერთგული, რომელსაც მივცემ ქუთაისს!

ასევე პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვის გარეშე ვამბობ: თუ ხელისუფლებას არ ეშინია მისი პარტიის გარეთ მყოფი ძლიერი პიროვნების, მე მოვდივარ.  თუ ეშინია და ბარიკადებს აღმართავს, მაშინ ასეთ ხელისუფლებას მომავალი არ აქვს საქართველოში.“ –  ასკვნის თემურ შაშიაშვილი.

 

ქუთაისში დავლეწავ პოლიტიკურ საზღვრებს

„ქუთაისში დავლეწავ პოლიტიკურ საზღვრებს და  პარტიულ სამთავროებად დაყოფილ ქუთაისს გავაერთიანებ. ვხედავ ბევრ საინტერესო ადამიანს ქართულ ოცნებაში, ნაცმოძრაობაში, სხვა პარტიებშიც. მაგრამ ყველაზე მეტად იმედებს ვამყარებ უპარტიო ქუთაისზე. პატიოსან, განათლებულ და ღირსეულ ადამიანებზე, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ფიქრობს მის მომავალზე.

მე არავის გეხვეწებიღ მხარდაჭერას. ნუ ფიქრობთ ჩემზე, იფიქრეთ ქუთაისზე. ერთმანეთს ვჭირდებით ქუთაისისთვის, ქუთაისი კი სჭირდება თბილისს და საქართველოს! ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე წარმოუდგენელია ძლიერი საქართველო! ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, ეს პრინციპი განახორციელოს!

ან ახლა ან არასდროს. ან  დღეს ვიღებთ დიდ გადაწყვეტილებას  –  ქუთაისისთვის ვირჩევთ ძლიერ მერს,  ან ქუთაისი მომავალში დაკარგავს თავის ისტორიულ ფუნქციას.

 

ვალდებულებას ვიღებთ არა ერთმანეთის, რამედ ქუთაისის მიმართ

„თეთრების“ ლიდერი შეეხო კოალიცია „ბურჯანაძე- გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ თანამშრომლობას, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგროვდა.

„მსურდა კენჭი მეყარა როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს რათა ვყოფილიყავი არა პარტიის, ან რომელი მეგუნდის, არამედ მთელი ქუთაისის წარმომადგენელი.  სამწუხაროდ პარლამენტმა მომისპო ეს შესაძლებლობა. ამის შემდეგ გადავწყვიტე კენჭი მეყარა ჩემი პარტიის წარდგინებით. ვიქნებოდი მერობის კანდიდატი პარტია „თეთრებიდან“, ხოლო საკრებულოში კანდიდატების წარდგენას არ ვგეგმავდით ისევ იმ პრინციპით, რომ ვყოფილიყავი თქევნი წარმომადგენელი და არა პარტიის . სამწუხაროდ, ეს უფლება საარჩევნო კომისიამ წამართვა.

დიდი მადლობა მსურს გადავუხადო „სახალხო კრებას“. ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, ბატონ რეზო ესაძეს, ბატონ ელიზბარ ჯაველიძეს, ბატონ გია ბურჯანაძეს.  სახალხო კრებაში დიდი ეროვნული განწყობაა, და მიხარია, როგორი დამოკიდებულებაც მათ გამოხატეს ქუთაისისადმი. სწორედ მათ გამომიცხადეს მხარდაჭერა. ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, მთელმა „სახალხო კრებამ“ პრაქტიკულად დამავალა,  რომ  ეს სჭირდებოდა ქუთაისს და ქუთაისის როლიდან გამომდინარე, ჩვენ ყველას – სრულიად საქართველოს.  რომ არ დარღვეულიყო „სახალხო კრების“ ერთიანობის პრინციპი, მით უფრო რომ არჩევნები 26 მაისთან ახლო დღეენში ტარდება, კენჭი მეყარა კოალიციიდან „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“. ვაფასებ ქალბატონი ნინოს და ბლოკის სხვა წარმომადგენლების გადაწყვეტილებას  და ამავე დროს ხაზს ვუსვამ,  ჩვენს შორის არის შეთანხმება, რომ  პასუხისმგებლობას ვიღებთ არა ერთმანეთის წინაშე, არამედ ქუთაისის წინაშე.  ქალბატონი ნინო, ბატონი გიორგი ახვლედიანი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებს წარმოადგენს ბლოკში და მე  – სამივენი დაკავშირებული ვართ ქუთაისთან. ჩვენთვის ეს არის ძალიან ძვირფასი ქალაქი და  ვალდებულებას ვიღებთ სწორედ ქუთაისის წინაშე,. ეს არის ის, რაც უნდა მეთქვა ჩემს ურთიერთობაზე  საარჩევნო ბლოკთან „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიცია“ განაცხადა შაშიაშვილმა.

 

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.

„თეთრების“ ლიდერმა  ხაზი გაუსვა რომ ჰქონდა მეტად გულთბილი შეხვედრები ქუთაისელებთან, ასევე ევროპაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, წარმატებულ ბიზნესმენებთან, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლებთან…  აღნიშნა,რომ მათ გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ უამრავ ძალიან საინტერესო პროექტში და ეს რეალური გახდება მისი მერად არჩევის შემთხვევაში.

„თეთრების“ ლიდერმა დიდი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის  ინტელიგენციის წარმომადგენლებს, კულტურის, სპორტის მოღვაწეებს, საზოგადოების ცნობილ და წარმოჩინებულ  წევრებს

„ ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რაც გამოხატა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, საცხოვრებლად გადმოვიდეს ქუთაისში და გახსნას სტუდია „ჯარისკაცის მამა’. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, ლაშა ნიქაბაძეს, რომელიც იტალიაში მოღვაწეობს. მან გამოთქვა სურვილი საქართველოში ჩამოვიდეს და აქ  გააგრძელოს მოღვაწეობა, ხოლო დღეს ჩემს საარჩევნო შტაბს ჩაუდგა სათავეში. მადლობა მსურს გამოვუცხადო ბატონ ირაკლი კინწურაშვილს, რომელიც არის „ქართული ოცნების“ წევრი, მაგრამ თანამშრომლობს ჩვენს საარჩევნო შტაბთან. ბატონ გია სიხარულიძეს, ქუთაისელს, პატიოსან და ღირსეულ პიროვნებას, რომელმაც კენჭიც კი იცის ქუთაისის და გვერდით დაგვიდგა. ბატონ დავით წიტაიშვილს, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორს, კოალიციის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარეს.

ათასობით ადამიანი დაგვიდგა გვერდში.ყველას მინდა მადლობა გადავუხადო და ვუთხრა: ნუ ფიქრობთ ჩემს გამარჯვებაზე! იფიქრეთ ქუთაისის გამარჯვებაზე,ჩემი გამარჯვება ყველა ქუთაისელის, მთელი ქუთაისის გამარჯვებაა! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! ასეთია ჩემი განაცხადი და ამ განწყობით ვიწყებ ბრძოლას ჩემი საყვარელი ქალაქის მერობისათვის.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *