(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: თუ ხელისუფლებას არ ეშინია მისი პარტიის გარეთ მყოფი ძლიერი პიროვნების, მე მოვდივარ ქუთაისის მერად და ხელს ნუ შემიშლიან!

 

132014 წლის 26 მაისს 3 წელი შესრულდა იმ სისხლიანი ბართლომეს ღამიდან, როცა სააკაშვილის რეჟიმმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს ნამდვილი სასაკლაო მოუწყო. ეს იყო საშინელი ნადგურცემა, გავეშებული მანქურთების ბარბაროსული შეტაკება მშვციდობიან ხალხთან. ხელფეხშეკრული და ასფალტზე დაყრილი უმწეო ადამიანების ცემა-წამება, მკვლელობა და ცხედრების მაღაზიის სახურავზე შემოწყობა… ვესაუბრებით 2 წლის წინათ 26 მაისის აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, სახალხო კრების წევრს, პარტია “თეთრების” ლიდერს თემურ  შაშიაშვილს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციდან ქუთაისის მერობაზე იყრის კენჭს.

 – ბატონო თემურ, თქვენ,. როგორც  2011 წლის 26 მაისის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, დაზარალებული, როგორ ფიქრობთ, რამდენად სამრთლიანია, რომ 26 მაისის დანაშაულისთვის მხოლოდ მერაბიშვილია პასუხისგებაში მიცემული?

– 26 მაისის დანაშაულისთვის არა მარტო მერაბიშვილი, არამედ მთლიანად ნაცმოძრაობის რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო  და პირადად სააკაშვილი უნდა ჩამჯდარიყო ციხეში.

დიახ, 26 მაისის დანაშაულისთვის მხოლოდ მერაბიშვილის გასამართლება მთელი საქართველოს შეურაცხყოფაა!

სამწუხაროა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას გარედან აიძულებენ თბილი დამოკიდებულება ჰქონდეს სააკაშვილთან და მისი რეჟიმის ნარჩენებთან! მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ბატონ ივანიშვილს. არ ბატონ ღარიბაშვილს არ უნდათ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდეთ სააკაშვილთან და მის დამქაშებთან, მაგრამ მათ ამის გაკეთებას გარედან აიძულებენ!

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადების დონეზე ძალიან სწორ წერტილოვან დარტყმებს აკეთებს, მაგრამ საუბედუროდ, საქმე განცხადების იქით არ მიდის!

პირდაპირ ვაცხადებ დღეს დასავლეთში ძალიან სერიოზულ ძალებს არ აწყობთ 26 მაისს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს, რადგან ძალიან ბევრი დასავლელი პერსონა 26 მაისის დანაშაულის პირდაპირი მონაწილე გახლავთ!

 – დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ და ვინ გყავთ მხედველობაში?

– 26 მაისს სააკაშვილის ხელისუფლებას მიტინგის დარბევის პირდაპირი სანქცია აშშ-ს მაშინდელმა ელჩმა ჯონ ბასმა მისცა!

დიახ, ამერიკელებმა საქართველოში ხელისუფლებას 26 მაისს სრული კარტბლანში მისცეს – მიდით, საკუთარ ხალხს გადაუარეთ. ესროლეთ და მოკალითო, უკრაინაში კი რადიკალურად სხვა პოზიცია დაიჭირეს – როგორ შეიძლება ხელისუფლება ხალხს ურტყამდეს და ესროდესო… აი,ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ღუპავს საქართველოსაც და ანგრევს დასავლეთის ავტორიტეტსაც საქართველოში!

ვიდრე საქართველოს არ ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც იცხოვრებს საკუთარი ხალხის განწყობით და არა გარედან კარნახით, ვიდრე სქართველოს არ ეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის გარედან ვერავინ მართავს, მანამდე, ვერც 26 მაისი შეფასდება სათანადოდ და ვერც მდგომარეობა შეიცვლება ქვეყანაში!..

– უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს. თუმცა ხელისუფლებაში ერთი გაწამაწია და კინკლაობაა, კონკრეტულად ვინ განახორციელებს ამ ხელმოწერას – პრეზიდენტი, თუ პრემიერ მინისტრი? თქვენი პოზიცია როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

– ნეტავ ბიძინა ივანიშვილი მაინც თუ ხვდება, პრეზიდენტის სახით ვინ მოიყვანა ხელისუფლებაში?! არადა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ვაფრთხილებდი მას, ვინ იყო მარგველაშვილი!

როგორ ჩანს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ქმედებათა კრიტიკულად შეფასების უნარი დაკარგული აქვს! საქართველოს რაიონები შემოვიარე და ვფიქრობ, ივანიშვილს წარმოდგენაც არ აქვს რა მძიმე დამოკიდებულებაა მოსახლეობაში მის მიმართ!

 – რატომ არის მძიმე დამოკიდებულება? 

– იმიტომ,რომ  ხალხი იმედგაცრუებულია და ნიჰილიზმშია ჩავარდნილი! ხალხს აღარ სწამს აღარც არჩევნების, აღარც ვინმეს დაპირებების… ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტს ძალით მიაღებინა “ანტიდისკრიმინაციული კანონი”. ყველა ქვეყანა დაანგრია ამ კანონმა, ევროპაში, სადაც არ უნდა გახვიდე, ამბობენ, რომ არც ერთ კანონს ისე არ დაუნგრევია  ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ცნობიერება, სულიერება, ადამიანებს შორის ურთიერთობა, როგორც ამ “ანტიდისკრიმინაციულმა” კანონმა დაანგრია!..

თქვენ ფიქრობთ. რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენს პარლამენტს ეს კანონი ძალით მიაღებინა?

– მე გეუბნებით იმას, რასაც დეპუტატები ლაპარაკობენ პირად საუბრებში!

 –  – რას ლაპარაკობენ? 

– დეპუტატები პირად საუბრებში ლაპარაკობენ, რომ მათ ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილმა აიძულა! ზოგიერთი დეპუტატი გამოვიდა და თქვა, ამ კანონს მხარს დარ დავუჭერთო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივიდა, მხარი დაუჭირეს! რა, თქვენ უბრძანეთ და ამიტომ დაუჭირეს მხარი?

დღეს ყველა დეპუტატმა იცის, რომ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის წყალობით სხედან და  ივანიშვილის სიტყვა მათთვის კანონია!

მე ბიძინა ივანიშვილს იმაზე მეტ პატივს ვცემ, ვიდრე მას თავად ჰგონია სულ არ მაინტერესებს, მას რა დამოკიდებულება აქვს ჩემდამი. დიახ, მე ვიცი, რა ფასი აქვს ივანიშვილს საქართველოსთვის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა თვითონ არ იცის საკუთარი თავის ფასი და გაანადგურა საკუთარი ავტორიტეტი!

ბიძინა ივანიშვილსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც არაერთხელ აღუნიშნავთ პატრიარქის სიბრძნე, მაგრამ პატრიარქის სიბრძნეს თუ აღიარებ, მის რჩევებს რატომ არ იზიარებთ, ბატონებო?!

 – ბატონო თემურ, ზემოთ გკითხეთ და არ მიპასუხეთ, ასოცირების შეთანხმებას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი თუ პრემიერ-მინისტრმა?

– საფრანგეთში მცხოვრებმა ადამიანებმა მითხრეს, საფრანგეთის პრეზიდენტი ახლახანს თბილისიდან რომ დაბრუნდა თქვა,ეს რა საოცრება ვნახე პრეზიდენტი და პრემიერი ერთად ვერ დავსხიო!

მე თუ მკითხავთ. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იმაზე მკი არ უნდა კინკლაობდნენ, რომელმა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, პირიქით, ერთმანეთს უნდა ეხვეწებოდნენ შენ მოაწერეო!, დიახ, ბედნიერი უნდა იყოს ის ხელისუფალი, რომელიც ამ ხელსეკრულებაზე ხელმოწერას თავიდან აიცილებს,რადგან კაცმა არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები და რა მძიმე პრობლემებს შეუქმნის საქართველოს ეს ხელშეკრულება!..

-ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზუ და სხვა ევროპელი ლიდერები საქართველოში ჩამოდიან 13 ივნისს, ანუ არჩევნებამდე ორი დღით ადრე! საერთოდ არჩევნები 15 რიცხვში, პენსიების დარიგების დღეს რომ დაინიშნა, ეს არის დიდი სირცხვილი!

– პენსიები რა შუაშია?

– პენსია რომ რიგდება, იმ დღეს არჩევნები როგორ უნდა დანიშნო? ეს არის მონური ფსიქოლოგიის დამკვიდრება ქვეყანაში! საცოდავი საქართველო, და საცოდავი ქართველი ხალხი, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში თავისი ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება ვერ მიიღო!

 – თქვენ კენჭს იყრით ქუთაისის მერობაზე…

–  ადრეც მქონდა ნათქვამი დაველოდები, ვინ იქნება მერობის კანდიდატები და რა პროგრამა ექნებათ თუ ვინმეს ექნებოდა ის,პროგრამა,რომელიც ქუთაისს სჭირდება, მე მხარს დავუჭერ , იმის მიუხედავად, რომელი პარტიის კანდიდატი იქნება მეთქი.

დღეს აშკარად დავინახე,რომ რასაც მერობის კანდიდატები საუბრობენ, ეს არის სოციალური დემაგოგია და არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის, ისევ ფულების ტრიალია და ხალხი ამდენი წელი ვერ მიხვდა, რაც მეტი ფული იხარჯება არჩევნებში , მით მეტი კორუფციაა ქვეყანაში. არჩევნებზე ვინც ხმას ყიდულობს, და ვინც ხმას ყიდის, ორივე ქვეყნის გამყიდველია!

 -თქვენ რას სთავაზობთ ქუთაისელებს და რატომ უნდა მოგცენ ხმა?

– ჩემსა და სხვა კანდიდატებს შორის განსხვავება ერთ მარტივ რამეშია – ისინი ქუთაისელებს პირდებიან იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და იმასაც რისი გაკეთება არ შეუძლიათ. მე კი ქუთაისელებს ვპირდები რომ მოქმედებაში მოვიყვან იმას, რისი პოტენციალიც ქუთაისს გააჩნია და ქუთაისის პოტენციალი 20-ჯერ მეტია, ვიდრე ის დაპირებები, რასაც სხვა კანდიდატები იძლევიან.

დიახ, მე ვპირდები ქუთაისს, რომ მთლიანად შევცვლი მართვის სისტემას. ჩემი მერობის შემთხვევაში ხელისუფლება იქნება ხალხის მსახური და არა ბატონი!

ჩემი პრინციპია, რომ მასწავლებლის ხელფასი ერთი ლარით მეტი უნდა იყოს ქალაქის მერის ხელფასზე და თუ ხელს არ შემიშლიან, მე ამას გავაკეთებ. იმიტომ, რომ ერთხელ უკვე მაქვს ეს გაკეთებული, როცა ქუთაისის მერი ვიყავი!

მე ვამბობ, რომ ქუთაისი უნდა გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი, ვიღაცას მიაჩნია,რომ ქუთაისში უნდა იყოს პარლამენტი, მე კი ვამბობ,რომ ეს არის აბსურდი და ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი!

 – პარლამენტის ქუთაისში ყოფნის წინააღმდეგი ეომ ხართ, ქუთაისელებს ეს მოეწონებათ?

– ქვეყანას უნდა გქონდეს ერთი პოლიტიკური ცენტრი და იგი უნდა იყოს თბილისში, როგორც ეს დავით აღმაშენებელმა გააკეთა და ძლიერი ქვეყანა შექმნა,ხოლო ქუთაისი ერთდროულად უნდა იყოს საუნივერსიტეტო, სამეცნიერო, კულტურული ცენტრი და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი!

მერად არჩევის შემთხვევაში მე არ ვაპირებ ცენტრალურ ხელისუფლებას დავუპირისპირდე და თუ “ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ რადგან მათი პარტიის წევრი არ ვარ, მე ვიქნები მათ წინააღმდეგ მებრძოლი მერი, ეს მათი სისუსტის მაჩვენებელია!

დიახ, პირდაპირ ვამბობ, მერდ არჩევის შემთხვევაშიხელისუფლების მორჩილი არ ვიქნები, მაგრამ არცდავუპირისპირდები მას დამზად ვარ  თანამშრომლობისთვის!

კატეგორიულად ვემიჯნები პირადი ერთგულების ნიშნით კადრების შერჩევის ნაცმოძრაობის და ოცნების პრინციპს! კადრებს შევარჩევ პროფესიონალიზმის ნიშნით და პატიოსნება და ზნეობრიობა უპირველესი იქნება!

პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბვის გარეშე ვამბობ:  არ ვიქნები არც ივანიშვილის, არც ღარიბაშვილის, არც მარგველაშვილის, არც უსუფაშვილის ერთგული, არამედ ვიქნები ეროვნული იდეის, საქართველოს და ქუთაისის ერთგული, იმ სიტყვის ერთგული, რომელსაც მივცემ ქუთაისს და ბოლომდე შევასრულებ!

ასევე პირდაპირ ვაცხადებ: თუ ხელისუფლებას არ ეშინია მისი პარტიის გარეთ მყოფი ძლიერი პიროვნების, მე მოვდივარ ქუთაისის მერად და ხელს ნუ შემიშლიან!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *