მე არ მჯერა იმ არჩევნების, როცა სიმართლე წაგებაა, ტყუილი კი – მოგება

 

6ვინც მივიდა არჩევნებზე, ძირითადად ჩვენ დაგვიჭირა  მხარი, ვინც მიიყვანეს – მიმყვანებს დაუჭირეს მხარი. მიმყვანების როლში “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა” იყვნენ.

17 – 18 საათამდე ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვქონდა. არჩევნები 18-დან 20  საათამდე წაგვაგებინეს. უფრო სწორად, ქუთაისს წააგებინეს.

მე საქართველოსათვის ბრძოლის განწყობა კიდევ უფრო გამიძლიერა ქუთაისელებთან ურთიერთობამ. ეს იყო ქალაქისა და ქვეყნის მომავალზე დაფიქრებულ ადამიანებთან შეხვედრები და საუბარი.

მე არ მჯერა და ანტიქართულს ვუწოდებ იმ პარტიას:

  • რომელსაც  500- 600 ე.წ. კოორდინატორი ჰყავს, ამდენივე უხილავი და თვითოეულს საარჩევნო  სამ თვეში 2000 ლარს უხდის.
  • რომლის ე.წ. კოორდინატორი ქალბატონები ჯგუფ- ჯუფად დგანან საარჩევნო შტაბებთან  და, როგორც ჩანს,  აღრიცხავენ იმ ამომრჩევლებს, რომლებთანაც  წინასწარი გარიგება აქვთ…და ყველაფერ ამას ამართლებს და კანონიერს უწოდებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე კახი კალაძე.
  • რომელსაც 17 დან 20 საათამდე  მანქანებით მიჰყავს ყველა ის წინაწარ შეთანხმებული ამომრჩეველი, ვინც ამ პერიოდამდე ნებით არ მივიდა საარჩევნო უბანში.
  • ვინც ყიდულობს ამომრჩეველს… ვაჭრობა კი იცოცხლე-თქო იყო. (პენსიონერების და ხიზნების). შერლოკ ჰოლმსი  არ სჭირდება იმის დადგენას, რომ დილით ერთი ხმა 30 ლარი,  საღამოს კი – 20 ლარის ფარგლებში ღირდა და ყველაფერმა ამან დღისგანმავლობაში მასიური ხასიათი მიიღო.

მე არ მჯერა იმ ხელისუფლების, რომელიც ბიზნესმენებზე ყიდის მის კეთილგანწყობას და ტენდერებში გამარჯვებულ ორგანიზაციებს პარტიის ანგარიშზე ფულს არიცხვინებს.

მე არ მჯერა იმ ხელისუფლების, რომელიც წინა ხელისუფლებას პატიობს ხალხის ფულისმ ბიუჯეტის ძარცვას და მის დანიშნულ ხელისუფლებას იგივეს უფლებას აძლევს. რომელიც ითმენს იმას, რომ უკვე წლებია, ქუთაისის ბიუჯეტში ყოველწლიურად 40 მლნ ლარი ხელისუფლების, მათი ოჯახების და მეგობრების გამდიდრებისათვის იხარჯება.

მე არ მჯერა იმ ხელისუფლების, რომელიც რყვნის ახალგაზრდებს – უნივერსიტეტში 1,7 მლნ ლარი უნივერსიტეტის, ხოლო  მთელი ქალაქის ბიუჯეტიდან  დამატებით 2 მლნ ლარამდე დახარჯულია სტუდენტთა და სხვა  ახალგაზრდული ჯგუფების მიერ. ეჭვი მეპარება, ამ მოცულობით თანხის ხარჯვის თაობაზე იცოდნენ სტუდენტებმა უნივერსიტეტში და ახალგაზრდებმა ქალაქში.

მე არ მჯერა იმ არჩევნების, როცა სიმართლე წაგებაა, ტყუილი  კი – მოგება.

კატეგორიულად მაფრთხილებდნენ ახლობლები და მეგობრულად მირჩევდნენ:

არ მეთქვა,  რომ ხელისუფლება მცხედრიონის როლშია. რომ რაიონებში და კერძოდ ქუთაისში სახელისუფლებო ბანდიტიზმი დამკვიდრდა.  არ მეთქვა, რომ ხელისუფლების შენახვაზე 10 მლნ იხარჯება მაშინ, როცა  ქალაქში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის გამოყოფილია  მხოლოდ 5 მლნ ლარი….არ მეთქვა, რომ ხელისუფლებაზე 10 მლნ იხარჯება და ხოლო უდიდესი კულტურული და სპორტული ტრადიციების ქალაქში კულტურაზე, ხელოვნებაზე მეცნიერებაზე, სპორტზე – მხოლოდ 6 მლნ ლარი.  არ მეთქვა, რომ მარტო 4 თვეში  600 ათასი აქვთ  მიღებული პრემიის სახით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს… არ მეთქვა რომ ხიზნებისთვის აბსოლუტურად უვარგისი 40-45კვ/მ ოროთახიანი ბინის მხოლოდ შეკეთება 30 ათასი ლარი ჯდებოდა, მაშინ როცა ამ ფასად ქუთაისში 2- 3 ოთახიანი კარგი სტანდარტული ბინის შეძენა შეიძლება

– .არ მეთქვა, რომ სამი თვის განმავლობაში წარმოვადგენდი სრულ კორუფციულ სქემას რომელიც მოქმედებს ქურაისში და რომლის უკანაც უშიშროების მიერ რეკომენდირებული და კონტროლირებადი საკრებულოს 7-8  თავმჯდომარე და მერიის ყოფილი ხელმძღვანელები დგანან.

–  არ მესაუბრა,  პარლამენტის თბილისში დაბრუნენაზე. ვაფასებ გულწრფელობას რომელიც “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატებმა გამოხატეს  მეგატივის ეთერში  ნანა თვალაბეიშვილის საავტორო გადაცემის სარეკლამო პაუზის დროს, როცა მითხრეს რომ მათაც ამ საკითხზე იგივე აზრი აქვთ მაგრამ იქვე დასძინეს, ეს ამომრჩეველს დაგვაკარგვინებსო.

მე გულწრფელი ვიყავი და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გულწრფელად ვამბობდი ამას და არ  ვნანობ. რადგან ხალხი სიმართლის და მართლის მთქმელის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს და არა სიცრუისა და მატყუარების ირგვლივ.

ორ მაგალითს მოვიყვანმ ერთი “ქართულ ოცნებას” ეხება, მეორე – “ნაცმოძრაობას”

პირველი:  „ქართული ოცნება“ ხალხს შეხვედრებზე პირდაპირ ეუბნებოდა: შაშიაშვილი  კარგი პიროვნება და სერიოზული კანდიდატია, მაგრამ ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია და მისი არჩევის შემთხვევაში ყველა პროგრამა შეჩერდებაო.

ჯერ ერთი – მე კი არ ვარ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული, არამედ ხელისუფლებაა ხალხთან დაპირისპირებული და ამას თავად ვერ გრძნობს. ვერ გრძნობს იმ დონემდე, რომ თავისი სუსტი ურჩევნია , ხალხისთვის მეტის გამკეთებელ სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს. თავისთავად ტყუილია ისიც, რომ ჩემი არჩევის  შემთხვევაში პროგრამები შეჩერდებოდა. უფრო მეტიც, ევროპა განსაკუთებულად ეხმარება სწორედ იმ  ქალაქებს და რაიონებს, სადაც ხალხი ირჩევს არა ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მეორე  მაგალითი “ნაცმოძრაობის” მზაკვრული ტყუილის: ხალხს ეუბნებოდნენ, ხომ გაიხსენეთ, შაშიაშვილის დროს ქალაქში უშუქობა იყო  ჩვენ კი შუქი მოგეცითო.

მართლაც როგორ უნდა გძულდეს საკუთარი  ხალხი, რომ ასეთ ტყუილს ეუბნებოდე და მალავდე მთავარს, რაც ამ ტყუილის  უკან დგას, რის გამოც უკვე ხუთი წელია ვითხოვ “ნაცმოძრაობის” გასამართლებას. “ქართული ოცნების” გამარჯვებამდე მინდოდა რომ ეს გაკეთებულიყო სატელევიზიო პროექტით ‘ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ ხოლო ქართული ოცნების გამარჯვების შემდგომ პირველივე წერილი რომელიც გავუგზავნე ივანიშვილს სწორედ ამ განწყობას გამოხატავდა. კერძოდ, ვადასტურებდი და ვადასტურებ რომ ხელოვნური იყო ხალხისთვის ელექტროენერგიის მიუწოდებლობა, უშუქობა და მიზნად ისახავდა პოლიტიკურ ჭრილში – რევოლუციას, ხოლო ფინანსურ და ბიზნეს ჭრილში – ქვეყნის მთავარი სიმდიდრის, .მთავარი სტრატეგიული ობიექტების – ჰესების ნაცმოძრაობისათვის მისაღები უცხოელებისთვის მიყიდვას.

ორთავე შეძლეს – რევოლუციაც მოაწყვეს 2003 წელს და ჰესებიც სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერი უცხოელი ბიზნესმენების ხელშია. უფრო მეტიც, ეს საქართველოს მოსახლეობის გენოციდის ტოლფასია.

დავფიქრდეთ, ქართველი ენერგეტიკოსები („ვარციხის“ დირექტორი, გოდერძი კუპრავა „რიონჰესის“ დირექტორი  – ოყრეშიზე ) ერთ თეთრს ითხოვდნენ 1 კვ/სთ  ელექტროენერგიაში და გვპირდებოდნენ რომ ევროპული დონის ჰესები გვექნებოდა  უმაღლესი ხელფასებით კვალიფიციურ პერსონალზე.

„მოქკავშირის“ ზეობის პერიოდში ერთი თეთრი არ მისცეს ქართველ ენეტგეტიკოსებს, რაც მოსახლეობისათვის გადასახდელ 7-8 თეთრს  ნიშნავდა. ე.წ“ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 1 კვ/სთ -ში 7-8 თეთრზე მეტს უცხოელები იღებენ და   მდიდრდებიან ქართული სიმდიდრის ხარჯზე, მოსახლეობას კი ყვლეფენ, ანგრევენ ქართულ ბიზნესს – ერთი  კვ/სთ ელექტროენერგია დღეს  18 თეთრია .

ამას ეძახიან რეფორმას და ამ ტყუილებით   მიპირისპირდებოდნენ მე ქუთაისში, პიროვნებას, რომელიც იბრძოდა, რათა  ქართული სიმდიდრე ქართველების ხელში ყოფილიყო. პიროვნებას, რომელიც ვებრძოდი “მოქკავშირსა” და მის ე.წ. რეფორმატორულ ჯგუფს, რომელიც განზრახ აქცევდა წყალს ჰესებიდან რათა მოსახლეობას შუქი არ ჰქონოდა.

გავიხსენოთ,  2003 წელს როგორ გამორთეს მთელი დასავლეთ საქართველო, რათა იქ რევოლუციური მუხტი აემაღლებინათ და ჰესები ხელში ჩაეგდოთ. ვამაყობ იმით, რომ ამ ნაცბანდიტებს მთელი შემართებით ვებრძოდი, ამის ერთი დადასტურება თუნდაც ისაა, რომ მათ მიერ გამორთული დასავლეთ საქართველო თვითნებურად ჩავრთე, რის გამოც აშშ ელჩმა მაილსმა სასამართლოშიც კი მიჩივლა, მაგრამ მიხვდა, რომ პოლიტიკურადაც კი წააგებდა და ბოლოს სარჩელზე უარი თქვა.

სამწუხაროა, რომ არჩევნები დიდი თანხისა და მათი მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებების ძალით ისე წარმართეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაცმოძრაობამ“, რომ ქართული სიმართლე არჩევნებში წამგებიანი აღმოჩნდა, ხოლო მზაკვრულმა   ტყუილმა ხმები მოაპოვებინა „ქართულ ოცნებასა“ და “ნაციონალებს” და გამოყენებული იქნა ჩემს წინააღმდეგ.

ეს იყო არა დემოკრატიული არჩევნები, არამედ  სოროსული  და „თავისუფლების ინსტიტუტის“  ანტიქართული, ანტიდემოკრატიული  იდეოლოგიის აღზევება საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის  წინააღმდეგ. დრო ამას დაადასტურებს.

დრო იმასაც დაადასტურებს, რომგამოსავალი მხოლოდ ქვეყნის ქართული  ოდეით გაერთიანებაშია.

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მოძრაობა შემოდგომაზე მძლავრად აზვირთდება  და ამ დიდი ქართული განწყობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ ქუთაისი და ქუთაისელები იქნებიან.

 

თემურ შაშიაშვილი

17.06.2014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *