სოციალური დემაგოგი

პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის წინააღმდეგ…

ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლება

gerbi1ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის შემქმნელებმა მთავარი ძალისხმევა იმას მოახმარეს, რომ ამერიკაში ხელისუფლების სათავეში ვერ მივიდეს ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული, ანუ ამპარტავანი და ხარბი ხელისუფლება. “ვარდების რევოლუციამ” სწორედ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული ხელისუფლება მოიყვანა და ამ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოში მხოლოდ მისივე მსგავსის, სწორედ ამპარტავანი და ხარბი ხელისუფლების, მოსვლის შესაძლებლობა დააკანონა. ამ განწყობითაა შექმნილი კონსტიტუციის ახალი პროექტი.

ისტორიულად ცნობილია, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. აბსოლუტურმა ძალაუფლებამ ქვეყნის ხელისუფლება აბსოლუტურად გარყვნა, მოკლა პოლიტიკური პროცესი და შექმნა ალტერნატივა: ან გზა ფაშიზმისაკენ , ან ახალი რევოლუცია.

ამ დასკვნას შექმნილი ვითარების ანალიზის საფუძველზე ვაკეთებ. მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სამწუხაროდ, ბევრი ჯერ ამას ვერ ხედავს, თუნდაც იმის გამო, რომ ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს საწყის ეტაპზე აქვს მიმზიდველობა – დაწყებული საჩვენებელი დაჭერებით, ჯარის და პოლიციის გაძლიერებით, ფასადების შეღებვით, შადრევნების კეთებით, გზების დაგებით, ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით და სოციალური დემაგოგიით დამთავრებული.

ეს მსოფლიო გამოცდილებაა.

წარმოუდგენლად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ოქტომბრის რევოლუციას რუსეთში, ფაშიზმს – გერმანიასა, იტალიასა და ესპანეთში. პოლიციურ რეჟიმს – ბელორუსიასა და თურქმენეთში, გზების დაგებას, შადრევნებს, ფასადების შეღებვას – დიქტატორული რეჟიმის თითქმის ყველა ქვეყანაში.

გავიხსენოთ გენიალური რეჟისორის თენგიზ აბულაძის “მონანიება”, თუნდაც ის სურათი, როცა შადრევნების ფონზე ემოციურად მოლაპარაკე ვარლამ არავიძე ამბობს: “ჩვენ შევქმნით სამოთხეს ამ ქალაქში”. ეს სიტყვები რეპრესიების წლებში ითქვა. ხალხი სამოთხის მოლოდინით ტკბებოდა, აქებდა და ადიდებდა ბოლშევიკურ მთავრობას და ამ დროს იგივე მთავრობა ციხეებს ავსებდა მოაზროვნე ადამიანებით.

ეს სხვისი კი არა, სამწუხაროდ, ჩვენი წარსულია.

თუნდაც 70-იან წლებში ედუარდ შევარდნაძისადმი მხარდაჭერა გავიხსენოთ. ისიც ღებავდა, ალამაზებდა თბილისს, გზებს აგებდა, შადრევნებს ხსნიდა, ძველ უბნებს ახალ სიცოცხლეს აძლევდა, თუნდაც იმაში გვარწმუნებდა რომ ებრძოდა კორუფციას, ამყარებდა წესრიგს, ისიც იჭერდა, ქონებას ართმევდა, ციხეებს ავსებდა – “კმაყოფილი” ხალხი ტაშს უკრავდა.

ყოველივე ამაზე ეხლა გვეცინება, – თურმე როგორ ვტყუვდებოდით.

სამწუხაროდ, წარსულის შეცდომებს მხოლოდ მომავალში ვაღიარებთ და ვგმობთ.

დღესაც ასეა: რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული, გაუწონასწორებელი პიროვნება და, როგორც პრეზიდენტი, ქვეყნისთვის საშიში – ამას მომავალში ვიტყვით… ვიტყვით, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდი იყო ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი საქართველოს ისტორიაში. დღეს კი ბევრს აღიზიანებს მის მიმართ ნათქვამი ის სიტყვები, რომლებიც მომავლის მიერ იქნება დადსტურებული. პირადად მე (დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად) – ვთვლი რომ სააკაშვილზე და მის გამონათქვამებზე სერიოზული საუბარი უკვე არასერიოზულობაა. სწორედ არასერიოზულობაა იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც აკეთებს იმაზე გაცილებით უარესს, რის წინააღმდეგ ბრძოლითაც მოვიდა ხელისუფლების სათავეში, აკეთებს საპირისპიროს, რაც ხალხს დაპირდა. ჩვენ კი ყველაფერ ამას მონური მორჩილებითა და უთავმოყვარეოდ ვითმენთ.

გავიხსენოთ მისი გამონათქვამები:
• ვიდრე პირში სული მიდგას, თურქი – მესხები საქართველოში ვერ დაბრუნდებიან;
• ვიდრე პირში სული მიდგას, ელექტრო ენერგიის, გაზის, ტრანსპორტით მგზავრობის ფასი არ მოიმატებს;
• ვიდრე პირში სული მიდგას, პურზე და პირველი მოთხოვნილების საქონელზე ფასები არ გაიზრდება;
• ჩემს ხელისუფლებაში არ იქნებიან ფუფუნებით მცხოვრებნი.
• შემცირდება თანხები პრეზიდენტის დაცვაზე, ვიზიტებზე, პრეზიდენტის ქვეყანაში გადაადგილებაზე…
• სახელმწიფო ბიუჯატი იქნება გამჭვირვალე, ყოველი თეთრის ხარჯვა ეცნობება მოსახლეობას…

ყველაფერ ამას და უამრავ მსგავსს ბატონი სააკაშვილი გაპრეზიდენტებამდე აცხადებდა… სამწუხაროდ გაპრეზიდენტების შემდგომ ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს. ..ხელი მოეწერა თურქი მესხების უპირობო დაბრუნებას… ფასები ელექტროენერგიაზე, გაზზე, კომუნალურ მომსახურეობაზე ევროპულზე მაღალია და გაუტოლდა ამერიკულს… პურის წონა თითქმის ორჯერ შემცირდა და ფასი ამდენჯერვე გაიზარდა… სამი-ოთხჯერ გაიზარდა ფასები ხორცზე, პურის ფქვილზე, რძესა და რძის პროდუქტებზე, ბენზინზე… ასეთი მდიდარი მინისტრები ქვეყანას არასდროს არ ჰყოლია… უხეში გაანგარიშებით პრეზიდენტის რეზიდენციების მშენებლობასა და შენახვაზე, დაცვაზე, პრეზიდენტის ქვეყანაში გადაადგილებაზე და უცხოეთის ქვეყნებში მის ვიზიტებზე ასჯერ მეტი თანხა იხარჯება… ბიუჯეტის თითქმის მესამედს გაუშიფრავი ხარჯები შეადგენს.

დაფიქრებისათვის!

პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი თქვა „ღირსების ულტიმატუმის“ იმ ელემენტარულ მოთხოვნათა შესრულებაზე, რომელთაც მინისტრი სააკაშვილი და თბილისის საკრებულოს თავჯდომარე სააკაშვილი უმწვავესად აყენებდა პრეზიდენტ შევარდნაძის წინაშე … გავიხსენოთ ეს მოთხოვნები:

• გაიხსნას და საჯარო გახდეს სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის: პრეზიდენტისა, პრემიერ- მინისტრისა, მინისტრებისა, გუბერნატორებისა, მერებისა და გამგებლებისა.

• საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმწყობისათვის დაიხარჯა 50 000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

• გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

• გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.

პრეზიდენტი, რომელიც ამ მოთხოვნებს არ ასრულებს, იგი საკუთარ თავს კონსტიტუციის გარეთ აყენებს და ვინც ასეთ პრეზიდენტს უჭერს მხარს – ებრძვის საკუთარ ქვეყანას და აძლიერებს სახელისუფლებო კორუფციას.

სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება იყო პრეზიდენტის რწმუნებულის (გუბერნატორის) ინსტიტუტის გაუქმება, ქალაქების მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნები, ადგილობრივი ხელისუფლების უფლებების გაზრდა, მცირე ბიზნესის მხარდაჭერა.

გაპრეზიდენტების შემდეგ სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილებები მიიღო: მცირე ბიზნესი პრაქტიკულად მოკლა, გააუქმა საკრებულოები სოფლებში, ქალაქების მერების პირდაპირი არჩევნები იქაც კი, სადაც ადრე იყო (ქუთაისი, ფოთი), მოახდინა მთელი ძალაუფლების არნახული ცენტრალიზაცია, სრულიად უუფლებოდ დატოვა ადგილობრივი თვითმართველობა… ნაცვლად დაპირებული გაუქმებისა, დაკანონდა გუბერნატორის ინსტიტუტი და მას მისცა ისეთი უფლებები, რომლის ანალოგი მსოფლიომ არ იცის: ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობა, ხაზს ვუსვამ, ზედამხედველობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, რის გაუქმებასაც დაპირდა არჩევნებამდე – არჩევნების შემდგომ გააძლიერა და რის გაძლიერებასაც – პრაქტიკულად გააუქმა.

ეს არის დიქტატურა და ეს არის ფაშიზმი!

კიდევ ერთი, ჩემი აზრით, მართლაც, პარადოქსული : ყველას გვახსოვს სააკაშვილის უმწვავესი რეაქცია, როცა “თელასი” ამერიკელებმა რუსულ კომპანიას მიყიდეს. რუსულ კაპიტალს უბედურების კაპიტალი უწოდა და ხალხს დაპირდა საქართველოს გაათავისუფლებდა რუსული ფულისაგან. გაპრეზიდენტების შემდგომ ყველა ძირითადი ენერგეტიკული და ბუნებრივ სიმდიდრესთან დაკავშირებული ობიექტების მეპატრონე რუსული სახელმწიფო, ხაზს ვუსვამ, სახელ,წიფო კომპანიები გახდნენ, თბილისში და საქართველოში მიმდინარე მშენებლობის სულ მცირე 80 პროცენტი რუსეთიდან შემოსულ ფულთანაა დაკავშირებული, რუსეთიდან გამოგზავნილი ფული კიდე უფრო მეტად გახდა მოსახლეობის შიმშილისაგან გადარჩენის საშუალება. უფრო მეტიც, სახელმწიფო ყიდის ყველაფერს, პრეზიდენტი ამას ლიბერალურ პოლიტიკას უწოდებს, უცხოეთში გამოსვლებისას ამით თავს იწონებს და ამ დროს საქართველოში ყველაფერს უცხო ქვეყნების (რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, არაბული ქვეყნები) სახელმწიფო კომპანიები, პირდაპირ ვთქვათ, სახელმწიფოები ყიდულობენ. გამოდის, რომ თუ ეროვნულ სიმდიდრეს ქართული სახელმწიფო ფლობს – ცუდია, თუ მას- ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს-უცხო სახელმწიფოები ყიდულობენ-კარგი. გამოდის, რომ რაც ანტიეროვნულად ითვლებოდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, მასზე რამდენჯერმე უარესი ეროვნულად ითვლება საააკაშვილის მიერ.

ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი მაშინ,
• როცა მთელი შეგნებით და არნახული მონდომებით ვუშლიდი ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას იმერეთის ჰესების საფრანგეთის სახელმწიფო კომპანია “ედფ-ზე” მიყიდვის თაობაზე…
• როცა ვიბრძოდი წინა პარლამენტის დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ “ძევრულჰესის” პრივატიზების წინააღმდეგ…
• როცა ქუთაისის საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნების გაყიდვის შემდგომ სასმართლოში სარჩელი შემქონდა პრეზიდენტ შევარდნაძის ბრძანებულების გაუქმების მოთხოვნით…
• როცა ვეწინააღმდეგებოდი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და “ჭიათურ მანგანუმის” რუსეთის კაგებეს გენერალ გენერალოვზე, ნუგზარ შევარდნაძეზე და დეპუტატ დავით ბეჟუაშვილზე მიყიდვას…
• როცა ვიბრძოდი სააკაშვილ-ოქრუაშვილის ტანდემის მიერ ზესტაფონში რამდენიმე ათეულ მილიონად ღირებული სილიკომანგანუმის საყრელის ნაგავსაყრელად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ…
• როცა კატეგორიულად მიუღებლად ვთვლიდი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას თურქული ბიზნესის მხარდაჭერის თაობაზე და ვიბრძოდი თურქეთიდან “ფათოღლი” ფქვილის და ქათმის ხორცის შემოტანის წინააღმდეგ…
• როცა ვეწინააღმდეგებოდი არაბული, საერთოდ არადემოკრატიული და ჩვენგან სრულიად განსხვავებული მენტალიტეტის ქვეყნებიდან ინვესტიციების შემოსვლას…

რომ დადგებოდა დრო, ქვეყანას ეყოლებოდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს საწინააღმდეგოდ გადაწყვეტდა, ამას ხალხი მოითმენდა და დუმილით შეხვდებოდა, მე კი ბევრი რამ სანანებლად გამიხდებოდა.

დღეს, როცა მთელი ინვესტიციები სწორედ არადემოკრატიულად აღიარებული და ძირითადში მუსულმანური ქვეყნებიდან შემოდის, იმ ქვეყნებიდან რომელთა ინვესტიციებს, პრაქტიკულად, უარს ეუბნება დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანა,როცა მოკლა ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა, კვებისა და მსუბუქი მრეწველობა თურქეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან შემოტანილმა პროდუქციამ. . . როცა იგივე ქვეყნების ბიზნესმენები თავიანთივე ქვეყნების ხელისუფალთა ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით ყიდულობენ ქართულ მიწას, მიწაში და მიწის ზევით არსებულ ეროვნულ სიმდიდრეს და ყველაფერ ამაში მათ პარტნიორებად პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული რამდენიმე არაქართული ცნობიერების “ფულის ტომარა” გვევლინება (უპირველესად დავით ბეჟუაშვილი და ისინი, რომელთაც სააკაშვილი ადრე შევარდნაძის “ფულის ტომრებს” ეძახდა). რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ ქართულ ენერგეტიკულ სივრცეში არ არის ევროპის ერთ_ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული კომპანია “ედფ”, თუ მაინც უნდა შემოსულიყო არაბული ქვეყნების, ირანის, ყაზახეთის, თურქეთის სახელმწიფო ინვესტიციები (ხაზს ვუსვამ – სახელმწიფო ინვესტიციები) შემოსულიყო სწორედ მაშინ ფრანგული „ედფ“ – 10-12 წლის წინ. …

ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ქვეყნის ხელისუფლება თურქეთთან საზღვრის გახსნას, თავისუფალ ვაჭრობას, თურექეთისათვის აეროპორტების და სხვა ეროვნული სიმდიდრის გადაცემას ჩათვლიდა მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად.

ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ნუგზარ შევარდნაძისა და მისი ბანდისათვის სასამართლოთი მოგებულ 1,3 მილიონ დოლარს (რომელიც ბაგრატის ტაძარს, იმერეთის განათლებას, კულტურას, მეცნიერებას, მედიცინას, სპორტს, გაჭირვებულთა სახლებს უნდა მოხმარებოდა) – მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სასამართლო წამაგებინებდა, ბაჟის გადასახადს (5000 ლარს) მე დამაკისრებდა და ამის გამო მამა-პაპისეულ სახლში ჭაღს, სამუშაო მაგიდას, წიგნებს, ნახატებს, როიალს (რადგან სხვა არაფერი გამაჩნია) დამიყადაღებდა.

ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, როცა “მხედრიონის” ხელმძღვენელობას, პირადად ჯაბა იოსელიანს ვუპირისპირდებოდი, “მხედრიონის” ბანდებს ვიჭერდით სამტრედიაში, ქუთაისსა და მთელს იმერეთში, როცა მათგან ამოღებულ ნაძარცვ-ნაქურდალს სამეგრელოს, გურიასა და იმერეთში პატრონებს ვურიგებდით, როცა მერიასთან და ქუთაისის ციხესთან ტანკებით მომდგარ “მხედრიონის” ბანდების წინ ვუდგებოდი, მათი მოთხოვნით ციხიდან ხალხს არ ვათავისუფლებდით (მაშინაც კი, როცა რესპუბლიკის პროკურატურის გადაწყვეტილებები ხელში ეჭირათ, როცა მათ წევრებს ძარცვისთვის ვიჭერდით და არნახული ზეწოლის მიუხედავად არ ვათავისუფლებდით – რომ დადგებოდა დრო, 1993 წელს ძარცვისათვის დაპატიმრებული კენჭაძე დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა, პარლამენტართა დაჟინებული მოთხოვნით ჯერ ვადაზე ადრე გამოვიდოდა ციხიდან და ერთ წელიწადში “ნაციონალების” სიით დეპუტატი გახდებოდა, რომ “მხედრიონის” ყველაზე ბინძური ნაწილის წევრები რურუა და მისი მეგობრები ჯაბა იოსელიანზე მეტ თანამდებობებს მიიღებდნენ ხელისუფლებაში და წესიერებაზე დაგვიწყებდნენ მოწოდებებს, დაეპატრონებოდნენ ქვეყნის სიმდიდრის დიდ ნაწილს (იმაზე დიდი დაცინვა რა უნდა იყოს, რომ ერთ-ერთი მთავარი „მხედრიონელი“ თბილისის დიდ ნაწილს ფლობს სასტუმრო „ივერიას“ ჩათვლით და მისი მეთერთმეტე სართულიდან პრეზიდენტზე არანაკლები უფლებებით მართავს ქვეყანას).

ახლა თუ იმასაც გავიხსენებთ, ვის ეძახდა სააკაშვილი ხელისუფლებაში მისვლამდე “ფულის ტომრებს”, ვის დებდა ბრალს პენსიონერთა და მეანაბრეთა ფულის მითვისებაში და დავინახავთ, რომ ისინი დღეს მისი ახლობლები, საყრდენები და მისგან ნებადართული ყაჩაღები არიან. ან კიდევ, თუ იმას გავიხსენებთ როგორ ებრძოდა სააკაშვილი შევარდნაძის ნათესავების ბიზნესში ყოფნას და მერე ვნახავთ, რომ დღეს სქართველოში არ არის ბიზნესი, რომელშიც პირადად მისი ან მაღალი რანგის ხელისუფალთა ოჯახის წევრები არ იყვნენ – კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ ჩვენს თავს, მართლაც, დიდი უბედურება ტრიალებს. მაგრამ ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ხალხი მშვიდად უყურებს ქვეყნის განადგურებას, ქართული ცნობიერების დანაწევრებას, ბრძოლას ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, გრანტებითა და კორუფციული ფულით გათავხედებული ხელისუფლების ძალადობას. სწორედ ეს არის იმის შედეგი, რომ პოლიტიკური პროცესი მოკვდა ქვეყანაში, ხალხი და პოლიტიკოსები გაუუცხოვდნენ ერთმანეთს, ქვეყანა, მართლაც, აბსურდის თეატრს დაემსგავსა.

ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე სააკაშვილის შეფასებაში და ის ხალხი იყოს მართალი, ვინც ჩემ პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ვეჭვობ, რომ მოაზროვნე ადამიანი შეწუხებული არ იყოს შექმნილი მდგომარეობით, არ აწუხებდეს თუნდაც ის, რომ მხარი დაუჭირა არჩევნებში… შეწუხებული არ იყოს თუნდაც იმით, რომ პრეზიდენტმა საკუთარი ტყუილები დაიჯერა და საქართველო აყვავებული და ძლიერი ქვეყანა ჰგონია. რაც შეეხება კერპთაყვანისმცემლებს, მათ აზრი არ შეეცვლებათ და, რაც მეტად აკრიტიკებენ სხვები მიხეილს, მით უფრო მეტად უყვარდებათ იგი. ესეც ფაქტია, მაგრამ მაგრამ ეს ხომ პათოლოგიაა.

დრო დაადასტურებს, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი უშეცდომოდ, არნახული სიზუსტით , შესაშური თანმიმდევრობითა და მოზღვავებული ენერგიით ანგრევს ქვეყანას. მან იცის, რასაც აკეთებს, ვისთვისაც აკეთებს, პატრონიც კმაყოფილია, როგორც აკეთებს… სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, რას ვაკეთებთ და ამით ამ უბედურების თანამონაწილენი ვხდებით.

გამოდის, რომ ჩვენ მართლა ავად ვართ, რომ ვითმენთ იმას, რასაც ვითმენთ – ვითმენთ სააკაშვილს და ვაქებთ მის მხარდამჭერ უცხოელ მეგობრებს!

მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მინდა ვიფიქრო, რომ ეს დრო დგება საქართველოში.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
2010 წლის 25 აგვისტო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *