საინიციატივო ჯგუფის  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა „1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს“  

PICT0004ssssssssssssssssssssss

საინიციატივო ჯგუფის

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„1 ოქტომბერს ჩააბარეთ ანგარიში საქართველოს“

 

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ვადასტურებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერმა განაჩენი გამოუტანა,  „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს და მოსახლეობაში გააჩინა მომავლის დიდი იმედი.

ხალხი რადიკალურ ცვლილებებს ელოდა!

ხელისუფლება თვლის, რომ დანაპირები არათუ სრულდება, არამედ, შეასრულა გადაჭარბებით. ხალხის უდიდეს ნაწილში საპირისპირო განწყობაა: სამართლიანობა არ აღდგა, „ნაცმოძრაობა“, რომელმაც უკადრებელი აკადრა ხალხს და ქვეყანას, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს, ისევ პარპაშობს. უფრო მეტიც, ხშირად განსაზღვრავს კიდეც პოლიტიკურ პროცესებს. კვლავ კატასტროფული რჩება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სოციალური მდგომარეობა, უიმედობამ იმატა შრომით მიგრანტებში, კიდევ მეტი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი და მდიდარი – კიდევ უფრო მდიდარი გახდა.

ხაზგასმით და გამოკვეთილად ვამბობთ: ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა  ისეთია, რომ ხალხი, მიუხედავად ცნობილი ურთიერთდაპირისპირებისა, ხელისუფლებას აღიქვამს როგორც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობას.

ნაციონალების თავგასულობა, ხელისუფლების თვითკმაყოფილება და მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილება  – ეს არის კონფლიქტის გზა.

 ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მდგომარეობის სიღრმისეული ხედვა, „ქართული ოცნების“ 2012 წლის ოქტომბრის საარჩევნო პროგრამის შესრულების ანალიზი,  მხარეების, ქალაქებისა და რაიონების მიხედვით… ანალიზი, რომელიც არც ხელისუფლებას მისცემს მოსახლეობის მოტყუების საშუალებას და არც მოსახლეობას მისცემს იმის საშუალებას, რომ უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ხელისუფლება.

ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ამ რთული პროცესის ცივილიზებული ფორმებითა და მეთოდებით წარმართვისათვის იმ აუცილებელი პირობით, რომ დღეს, რეალურად, ყველა დონეზე ხალხის კონტროლიდან გასული ხელისუფლება სწორად აღიქვამს მოსახლეობის ამ მოთხოვნას და მასთან დამოკიდებულებაში არ გამოიჩენს პოლიტიკურ ამპარტავნებას.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკვე შემუშავებულია დეკლარაცია, რომელშიც დეტალურადაა ჩამოყალიბებული როგორც არსებული პრობლემები, ისე მათი გადაწყვეტის ჩვენეული პროგრამები. მოსამზადებელ პერიოდში აღნიშნული დოკუმენტი შეივსება გამოთქმული მოსაზრებებით და შენიშვნებით.

ჩვენ ვადასტურებთ მადლიერებას და პატივისცემას ყველა იმ პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მოქალაქეთა გაერთიანების  მიმართ, რომელთაც აქვთ ან შემდგომში ექნებათ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. ჩვენ განსაკუთრებულად გვეიმედება მეცნიერთა მონაწილეობა ამ პროცესის მიუკერძოებლად წარმართვაში.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს პროცესი ღიაა ყველა დაინტერესებული პიროვნებისთვის და ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ პროცესს ექნება ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის განსაკუთრებული თანადგომა.

აღნიშნული განცხადებით იწყება მხარეებში, ქალაქებსა და რაიონებში საინიციატივო ჯგუფების შექმნა და მომზადებულ დეკლარაციაზე საყოველთაო ხელმოწერის პროცესი, რომელიც გაგრძელდება 1 ოქტომბრამდე და რომლის დროსაც ყოველ ხელმომწერს საშუალება ეძლევა, გამოხატოს თავისი მოსაზრება, სურვილი, წინადადება.

2014 წლის 1 ოქტომბერი უნდა გახდეს დღე, როდესაც საქართველო გონებით და არა ემოციით მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

საინიციატივო ჯგუფი

08.07.2014წ

 

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *