დეკლარაცია  დავიბრუნოთ საქართველო!

 

საინიციატივო ჯგუფი „დავიბრუნოთ საქართველო – ოქტომბერში ჩააბარეთ ანგარიში ქართველ ხალხს“

პატივცემულო მეგობარო,

გთავაზობთ საინიციატივო ჯგუფის  დეკლარაციას – ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და მომავალ მოქმედებათა შესახებ.

ჩვენ ვუერთდებით მეცნიერთა და სახელმწიფო მოღვაწეთა შეფასებას, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში ყოველგვარი ქართული დარტყმის ქვეშ დადგა და მათ განწყობას, ერთიანი მოქმედებისათვის შეიქმნას „ქართული დარბაზი“  – ჩატარდეს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი.

ჩვენთვის ღირებული იქნება თქვენი მოსაზრებები დეკლარაციასთან და კონგრესის მოწვევასთან დაკავშირებით.

წინასწარ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ამ მამულიშვილურ საქმეში მონაწილეობისათვის.

 საინიციატივო ჯგუფის სახელით:

დავით გველესიანი               ხელოვანი

ლეონ ფირცხალავა                თეოლოგი

კობა არაბული                       მწერალი

კობა კობალაძე                       მეცნიერი

ზაურ სოლომონიძე               ბიზნესმენი

ინეზა იამანიძე                       პედაგოგი

თემურ შაშიაშვილი                პოლიტიკოსი

 

დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა 

 

– ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ვადასტურებთ, რომ მიუხედავად მცდელობისა, ქვეყანა განვითარებულიყო  ცივილიზებულ  სამყაროში მიღებული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ნორმების შესაბამისად – ქვეყანაში სისტემურ კრიზისია. ცალკეული წარმატებები ვერ ძლევენ პერმანენტულად განვითარებულ უარყოფით პროცესებს სახელმწიფოსა და ერის პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერი განვითარების სფეროში.

ჩვენ გაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი, რომელიც ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთადერთი სუზერენია, დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახლმწიფოს საზიანოდ.

ჩვენ ვხედავთ, რომ  ქვეყანას მორიგეობით განაგებენ ძირითადად გარედან თავსმოხვეული, ამისათვის საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები, რომლებიც მიუხედავად დეკლარირებული ურთიერთწინააღმდეგობისა, სინამდვილეში წარმოადგენენ შესაბამისი უცხოური ინსტიტუტების მიერ შერჩეულ და მომზადებულ მათივე ერთგულ კადრებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ქართულ ცნობიერებასთან, ეროვნულ სიამაყესთან, ქრისტიანულ მორალთან, აღმატებული სულიერი გამოცდილებითა  და კდემამოსილებით საქვეყნოდ ცნობილ ქართულ ფენომენთან.

– ჩვენ გვაფიქრებს,  რომ ის, რაც არ გვაკლია, დამანგრევლად ბევრია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები… რაც არნახულად გვაკლია – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების  საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები. პირველთ არნახულად  აფინანსებენ გარედან. მეორენი კი, რომელნიც სასიცოცხლონი არიან საქართველოსათვის, უსახსრობით სულს ღაფავენ.

ჩვენ შეძრულნი ვართ იმ გარემოებით, რომ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოებრიობის  უპირველესი საუნჯე: ქართული ცნობიერება, ქართული აზროვნება, ქართული მორალი დაუნდობლად   ფეხქვეშ ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით. ძლიერდება ნიჰილიზმი, აგდებული დამოკიდებულება ქართველი ხალხის ისტორიული  ღირებულებებისა და მონაპოვარისადმი, უახლოეს წარსულში მიღწეული მსოფლიო მნიშვნელობის წარმატებებისადმი მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტში.

– ჩვენი ერის ტრაგედიად მივიჩნევთ თავაშვებული სექსის, ძალადობის, სადიზმის, გაუკუღმართებული ურთიერთობების დამკვიდრების  არაერთ  მცდელობას ლიტერატურაში,  პრესაში და თავად საკანონმდებლო დონეზეც კი.

ჩვენს თვალწინ ხდება ხელიხელნაგოგმანები ქართული ენის დამახინჯება და შერყვნა. უხვად ბარბარიზმების შემოტანით დაწყებული და არანაკლები სიუხვით ბილწსიტყვაობის მიზანმიმართული დამკვიდრებით სულითბინძურთა მიერ ხელყოფილია მსოფლიო ცივილიზაციისათვის უნიკალური მოვლენა – ენა ქართული.

ჩვენ ერთხელ კიდევ შევახსენებთ დასავლელ მეგობრებს, რომ ის, რაც მათ თავის დროზე წაიღეს ელინთა, რომაელთა და კოლხთა ცივილიზაციიდან – ადამიანისთვის  ღვთითბოძებული, ანუ ბუნებითი უფლება: სიცოცხლის, სიტყვის, საკუთრებისა და კეთილდღეობისაკენ ლტოლვის – აღიარებულ და მხარდაჭერილი იყო ქართველთა მეფეთმეფის მიერ მაშინ, როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო არც არსებობდა, ხოლო ამ პრინციპების ევროპაში შეუქცევადობას საუკუნეების მანძილზე ხმლითა და ჯვრით იცავდა ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლეთის განაპირა გოდოლი – საქართველო.

დანანებით ვამბობთ, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული მსოფლიოსაგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ გარე სამყაროსთან ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს ჩვენივ მარჯვენას, ანუ ფიზიკურ შრომას. მაშინ, როდესაც ჩვენი, როგორც უდიდესი ისტორიისა და პოტენციალის მქონე ერის ურთიერთობანი უნდა ეფუძნებოდეს გონებას, ანუ ინტელექტს.

ინტელექტი და ბიზნესი  – აი ორი საყრდენი, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები და რომელთა წყალობით უნდა მოხდეს საქართველოს სრული რეინტეგრაცია ერთა დიდ ოჯახში.

ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივი მოვლენაა და მასთან ბრძოლა მხოლოდ უვიცთ ხვედრია, მაგრამ ყოველი ჩვენგანი თავს მოვალედ თვლის, იბრძოლოს ამ ჭეშმარიტად გლობალურ პროცესში სწორედ კულტურისა და ტრადიციების დაცვით, სწორედ ინტელექტუალური ბიზნესის აღორძინებით  – ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.

ჩვენ ღრმად გვაფიქრებს ის, რომ უცხოელ პატრონთა მიერ შერჩეული, და  არა ქართველი ხალხისაგან  წარმოჩინებული სხვადასხვა დონის თანამდებობის პირები  – ყალბად მიითვისეს რა ეროვნულის, დემოკრატის, ხალხზე მზრუნველის და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის სახელი, რეალურად აკეთებენ საპირისპიროს – ხალხს წაართვეს ქვეყანა… თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე ღიად, თუ შეფარულად ამკვიდრებენ ელიტურ კორუფციას, ჩინოვნიკების თვითნებობას, სოციალურ დემაგოგიას.  ისე, რომ ყოველივე ამას წარმოაჩენენ როგორც სათნოებას და ხალხზე ზრუნვას.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ მაგალითიც კი არ გვაქვს, რომ ჩინოვნიკზე გამოქვეყნებულ მამხილებელ მასალას რეაქცია მოჰყვა სახელისუფლებო წრეებში. იგნორირება კლავს სიმართლეს, სამართლიან გარემოს რაც ხელისუფლებიდან მოდის. როგორც ეს დიდი ხანია დამკვიდრდა საქართველოში და რასაც, სამწუხაროდ, ჩვენც ვითმენთ. ხელისუფლებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა კარგად აითვისეს რა ხალხის ენაზე ლაპარაკის ტექნოლოგიები, ნაცვლად  იმისა, რომ იყვნენ პროგრესის მატარებელნი და ემსახურებოდნენ ხალხს – გაუნათლებლობით, მაგრამ სწორედ ამ ტექნოლოგიების წყალობით, ხალხი აქციეს თავის მსახურად. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვლილი ოცწლეული – არის ხალხის ენაზე, ხალხის გაჭირვებაზე მზრუნველობით მოლაპარაკე, რეალურად კი, ხალხის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებათა ეპოქა.

ჩვენ ერის განვითარებისათვის  უდიდეს საშიშროებად მივიჩნევთ შექმნილ რეალობას,  როდესაც აბუჩად აგდებულია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა, პატიოსნება, წესიერება,  წინა თაობათა გამოცდილება, ოჯახის ინსტიტუტი. ამის პარალელურად კი ღიად ხდება პროპაგანდა ისეთი ადამიანური სიმახინჯეებისა, როგორიცაა უსირცხვილობა, თავხედობა, ცილისწამება, პროსტიტუცია, ნარკომანია, ურთიერთგაუცხოება, მრავალსახეობა სულიერი გახრწნილებისა.

ჩვენ უკიდურესად გვაშფოთებს, რომ თაობათა შორის სულიერი კავშირის ნაწილობრივი ჩაჩეხვით მიღწეულ იქნა ქართული აზროვნებისათვის  მიუღებელი, მსოფლმხედველობით  – კოსმოპოლიტების და სულით – ჯაშუშების არაფორმალური  წრეების შექმნა. ისინი გარკვეული უცხოური ორგანიზაციების მფარველობით აქტიურად მუშაობენ ქართული სულიერებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

– ჩვენ სრულად ვგრძნობთ, რომ ადამიანები, რომლებიც ხედავენ და ხვდებიან ქვეყანას თავდატეხილ უბედურებას, ჩაყენებულნი არიან არამოდურ მდგომარეობაში, მათ ხშირად ცილს სწამებენ, დასცინიან, ზოგჯერ ნაძირლებად და დამნაშავეებადაც კი აცხადებენ. ერისკაცები გარიყულნი არიან ეროვნული მასშტაბის საქმიანობისაგან.  ზოგადეროვნულ საკითხებს კი სხვათა მარიონეტები ანუ, ქართულად რომ ვთქვათ – ტიკინები წყვეტენ. ორი ათეული წელია, ქვეყანაში კადრის შეფასების მთავარ  კრიტერიუმად მიჩნეულია არა ქვეყნისადმი, არამედ ხელისუფალისადმი პირადი  ერთგულება.  პოლიტიზებულია ნიჭი და ნიჭიერება, ებრძვიან ძლიერს, დაუცველია ადამიანი.

ჩვენ ვაღიარე,რომ ყველაფერ ზემოთქმულში  ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია, განვერიდეთპოლიტიკას და ამით ყველა სხვას მივეცით საშუალება, გაქცეულიყო პოლიტიკაში. ეს გამოკვეთილად ითქვა ჯერ კიდევ 2006 წლის 13 ივნისს დიდ ეროვნულ ფორუმზე

ჩვენი ეს ინიციატივაც ამ ფორუმის განწყობის გაგრძელებაა.

ჩვენ  ვთანხმდებით, რომ ყველას მივესალმებით, ვინც კანონიერების საფუძველზე აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას, ვადიანი თუ ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაშიც, რომ არჩევნებს არ შეიძლება წარმართავდეს ის დაუხვეწავი და ჯერ კიდევ არადემოკრატიულიკანონი, რომელიც დღეს მოქმედებს ქვეყანაში და ფაქტიურად უაზროს ხდის არჩევნებში მონაწილეობას.  ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაშიც, რომ არჩევნებს არ შეიძლება წარმართავდეს ძველი საარჩევნო ადმინისტრაცია, ადმინისტრაციული რესურსების სრული და უსირცხვილო გამოყენებით, ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოებისზღვარგადასული ზეგავლენით.

ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების  განსახორ ციელებლად სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის ადამიანები უნდა შემოვიდნენ, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.

 – ჩვენ გვინდა რომ ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოსსოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. ეს მითუმეტეს საჭიროა დღეს, როდესაც ხელისუფლების მიერ  სამართლიანობის დადგენის უაზროდ გაჭიანურების ფონზე ჯიუტად გრძელდება ერის წინაშე დამნაშევე „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციისა და მასთან კოაბიტაციის რეჟიმი, რაც სულ უფრო ხელშესახებს ქმნის „ნაციონალური მოძრაობის“  მეორე პოლიტიკურ ძალად წარმოჩინებას და ხელისუფლებაში დაბრუნების საშიშროებას.

ჩვენ მოვთხოვთ პასუხს „„ქართულ ოცნებას“ იმისათვის,  რომ მან არათუ არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება დაემთავრებინა „ნაციონალური მოძრაობის“ ზღვარდაუდებელი პოლიტიკური ვნება, არამედ ისიც ვერ მოახერხა, რომ თავისივე გუნდის საშუალო და უმაღლეს ეშელონებში აელაგმა მომხვეჭელობა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ეს განწყობა ბევრშია.

ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან მისვლას.  ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ 2014 წლის ოქტომბერი იქნება თვე, როცა ხელისუფლება მართალ და პატიოსან ანგარიშს ჩააბარებს ხალხს., რეალურ და იმედიან პროგრამას შესთავაზებს.

თუ ეს არ მოხდა, 2014 წლის ნოემბრიდან, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ხალხმა აიღოს ინიციატივა, პასუხი მოეთხოვება „ქართულ ოცნებას“ დაპირებულის შეუსრულებლობისთვის და იმისთვისაც, რომ ასე პარპაშობს ქვეყანაში „ნაცმოძრაობა“, ის ძალა, რომელმაც უკადრებელი აკადრა ხალხს და ქვეყანას, გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს. პასუხი მოეთხოვება იმისათვისაც, რომ სამართლიანობა არ დაადგინა – არც ხალხს, არც ბიზნესმენებს წართმეული არ დაუბრუნა, მაშინ როცა თავისი ყველაფერი დაიბრუნეს. პასუხი მოეთხოვება იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი და მდიდარი კი – უფრო მდიდარი გახდა.

 – ჩვენ  მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ  ყველა, ვინც ამ დეკლარაციას გაიზიარებს, მოითხოვს ხელისუფლებისაგან, ოქტომბერში ანგარიში ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ერს, სახელმწიფოს ბედზე დაფიქრებულ ერისკაცებს.

 – ჩვენ დავნერგავთ პრინციპს: ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს მის მთავარ წყაროს – ხალხს და ამის პირველი მთავარი ნიშანი იქნება საერთო შეთანხმება ხელისუფლებისადმი ნდობის რეფერენდუმის, ან განახლებული დემოკრატიული კანონმდებლობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების  ჩატარების თაობაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ დასაბამი მიეცემა მეცნიერულ და ეროვნულ- სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზროვნების შერწყმას. საქართველოს არ ექნება მომავალი, თუ მასზე ზრუნვას ჩვენ ყველანი არ გავინაწილებთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით მეცნიერთა და სახელმწიფო მოღვაწეთა განწყობას, შეიქმნას „ქართული დარბაზი“ და ჩატარდეს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი.

დავიბრუნოთ საქართველო!

დეკლარაცია ხელმოწერებისათვის ღიაა 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *